fbpx
გააზიარე სტატია

New Age | თეკლა კიღურაძე – (ႧႤႨႩႠ) / Gold Dragon

Hammock Magazine რუბრიკაში New Age წარმოგიდგენთ ინტერვიუს ახალგაზრდა არტისტ თეკლა კიღურაძესთან – (ႧႤႨႩႠ) / Gold Dragon

რა უნდა ვიცოდეთ შენს შესახებ?

ერთი შეხედვით ძალიან მშვიდი ცხოვრება მაქვს, ზოგიერთებისთვის შეიძლება მოსაწყენიც. დღეში 7-8 საათს ვატარებ სახელოსნოში, დანარჩენ დროს კი ვუთმობ ოლის, ჩემს ძაღლს.

დილის 7 საათიდან ერთად დავსეირნობთ თბილისის ქუჩებში.
მუსიკის ფონზე ჩემს პატარა სივრცესა და ნახატების გარემოცვაში ვვითარდები. მხატვრობის სამყაროში მქვია თეიკა, რომელიც გამოისახება ასომთავრულად – ႧႤႨႩႠ – მეორენაირად გოლდრაგონიც, ეს სახელები სიმბოლური მნიშვნელობისაა, რომლებიც თავისით “მოვიდნენ” ჩემთან. ვარ 18 წლის თვითნასწავლი არტისტი.

როდის დაიწყე ხატვა?

ხელოვნება ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი. ადრე აღმოვაჩინე ბაბუაჩემის ფირიანი აპარატებით სავსე დიდი ყუთი, მას შემდეგ დავინტერესდი ფოტოგრაფიით. შემდეგ დავიწყე ძიება, ექსპერიმენტები, ვაკეთებდი კოლაჟებს და საბოლოოდ, 15 წლის ასაკში, მივაღწიე ხატვამდე, სადაც თავი ყველაზე კომფორტულად ვიგრძენი, მხატვრობა უსასრულო და ამოუხსნელი ამოცანასავითაა.

როგორია ილუსტრაციაზე/ფერწერაზე მუშაობის პროცესი?

როცა მზე ჩადის და ცა დაბნელებას იწყებს, მაშინ ვიწყებ ხატვას.
ტვინი აქტიურდება, მეტად მშვიდად და სწრაფად ვმუშაობ. ფერებს უმთავრეს მნიშვნელობას ვანიჭებ. ჩემს თავდაპირველ ნამუშევრებს ეტყობა ფერებთან სიფრთხილე და შიში. ვიყენებდი მხოლოდ პასტელურ, მკრთალ და ნეიტრალურ ფერებს. შემდეგ გადავწყვიტე მათთან ბრძოლა და შემოვიტანე სიჭრელე.
ფერებით თამაში ძალიან საინტერესოა, თავად გკარნახობენ, რომელია შემდეგი ფერი.
მიყვარს ზეთის საღებავებით ტილოზე მუშაობა, ძალიან რბილი და სასიამოვნო პროცესია, თუმცა მომწონს მრავალფეროვნებაც და ხატვისას ვიყენებ ყველაფერს, რითაც შეიძლება ხატო.
მივიღე გამოცდილება კედლის მხატვრობაშიც, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ არის ის, რის კეთებაც მომავალში მენდომება.

დღეში დაახლოებით 15 სკეჩს ვხატავ, რომელსაც შემდეგ ვხვეწ, დეტალებს ვუმატებ და საბოლოო იერსახის მიღების შემდეგ დიდ ფორმატზე გადამაქვს, რაც ძალიან სასიამოვნოა. არ მიყვარს ერთ ნახატზე დიდხანს მუშაობა, რადგან ემოცია და ხასიათი ძალიან სწრაფად მეცვლება.
ხშირად ვმუშაობ სერიებზე, მაგალითად, ერთ-ერთია ႡႠႬႭႥႠႬႬႨ ბანოვანნი, სადაც ასახულნი არიან ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ქართველი ქალები თანამედროვე დროში.

როგორ დაახასიათებდი შენს ნამუშევრებს?

მთავარ ყურადღებას ვამახვილებ ფერებსა და დეტალებზე, მათ მოფიქრებასა და სწორი ადგილის შერჩევაზე დიდ დროსა და ენერგიას ვხარჯავ.
ბალანსი ყოველთვის უნდა დაიცვა, ერთი ზედმეტი დეტალიც კი ტვირთავს ნამუშევარს.
ყველა პერსონაჟს თავისი ისტორია აქვს, მე მათ ვიგონებ, წარმოვიდგენ და ვაცოცხლებ. ბევრი ნახატი მგავს, ჩემს თმაში შემჩნეული ჭაღარები გახდა ინსპირაცია იმისა, რომ დამეხატა თეთრთმიანი სახეები, მათ დიდი სამყარო აქვთ, სადაც დაფრინავენ დრაკონები და კოის თევზები, სავსეა ტბები ლოტუსებით, გარემოში ბევრი სხვადასხვა ყვავილი და მცენარეა. ჩემს პერსონაჟებს აქვთ ფემინისტური შეხედულებები. ჭრელ, ესთეტიკურ და სუფთა გარემოში მყოფი მათი უმეტესობა ძლიერი, დამოუკიდებელი, გაუტეხავი ხასიათის და ოდნავ სევდიანები არიან. ჩემს ნამუშევრებში ყველა ფერი, დეტალი და სიმბოლო გარკვეულ ენერგიას და მნიშვნელობას ატარებს.

შეგიძლია გვესაუბრო შენს საყვარელ არტისტებსა თუ ესთეტიკაზე?

იაპონურმა კულტურამ უდიდესი გავლენა და ცვლილებები მოახდინა ჩემს აზროვნებასა და გემოვნებაზე. მიაძაკი, ტაიო მატსუმოტო, ტოშიო საეკი და სხვა მრავალი. იაპონური მხატვრობა ძალიან კონკრეტული, დამახასიათებელი და სიმბოლურია, განსაკუთრებული ტექნიკით, სიზუსტით, დახვეწილობითა და სისუფთავით გამოირჩევა. ასევე ადრეული მე-20 საუკუნე ავსტრიაში – შილე კოკოშკა, კლიმტი. მომწონს როგორ ხატავენ სხეულის რეალურ ფორმებს უმარტივესი დინამიკური ხაზებით, ნამუშევრები სიცოცხლით, ემოციებით და უამრავი ენერგიით აღსავსეა.

სად სწავლობ ამჟამად? გვესაუბრე სამომავლო გეგმებზე

სექტემბერში ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ ჩემთვის საინტერესო გარემო არ აღმოჩნდა, ამ ეტაპზე ინტერნეტი, წიგნები და ყოველდღიური მუშაობა სახელოსნოში მეტ ცოდნასა თუ გამოცდილებას მძენს. გაზაფხულისთვის ვგეგმავ გამოფენას და მუშაობის პროცესში ვარ, ვეძებ შესაბამის საგამოფენო სივრცეს.
ამჟამად ვმუშაობ ოდნავ განსხვავებულ ნამუშევრებზე, დროთა განმავლობაში ჩემს პერსონაჟებს ეცვლებათ ფერი, სტილი და ხასიათი.

ავტორი: ნინა პატარიძე


რეკომენდებული სტატიები
New Age | ნატალია კალანდაძე

New Age | ნატალია კალანდაძე

New Age | ნატალია კალანდაძე
რუბრიკაში New Age გაეცნობით ახალ თაობას, მათ ინტერესებსა და შეხედულებებს ქალაქზე, ცხოვრების სტილსა და  სამომავლო გეგმებზე.
იზაბელ ფელიუს ილუსტრაციები

იზაბელ ფელიუს ილუსტრაციები

იზაბელ ფელიუს ილუსტრაციები
“მე მიყვარს ქალების ასახვა წარმოსახვით, სიზმრის მსგავს სამყაროში, შთაგონებას კი ძირითადად ჩემი განწყობებიდან, სიზმრებიდან და მოგზაურობებიდან ვიღებ”
ელიზა გოსეს მხატვრობა - ავსტრალიის და ამერიკის გარეუბნები

ელიზა გოსეს მხატვრობა - ავსტრალიის და ამერიკის გარეუბნები

ელიზა გოსეს მხატვრობა - ავსტრალიის და ამერიკის გარეუბნები
არტისტის ნამუშევრებისთვის სახასიათოა წმინდა გეომეტრიული ფორმები და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შექმნილი არქიტექტურის ნოსტალგიური ნიმუშები
“სანამ სიცარიელეში გადავა და გაქრება” -  ინტერვიუ ანა ჩადუნელთან

“სანამ სიცარიელეში გადავა და გაქრება” - ინტერვიუ ანა ჩადუნელთან

“სანამ სიცარიელეში გადავა და გაქრება” -  ინტერვიუ ანა ჩადუნელთან
20 დეკემბერს, 19 საათზე სახელოვნებო ორგანიზაცია Propaganda.network, TBC Status - თიბისი სტატუსი და Stamba Hotel წარმოგიდგენთ ანა ჩადუნელის გამოფენა-გაყიდვას - სახელწოდებით “სანამ სიცარიელეში გადავა და გაქრება“
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.