fbpx
გააზიარე სტატია

GOLF WANG, ანუ Tyler The Creator-ის სიტყვა მოდის სამყაროში

Tyler The Creator – ეს სახელი ჰიპ-ჰოპ სამყაროში ყველაზე ხშირად ისმის. ტაილერი 28 წლის მუსიკოსი, ჰიპ-ჰოპ კოლექტივის, ODD FUTURE-ის ლიდერი და დიზაინერია. ყველაფერი, რაც ამ კრეატიულმა, ჭკვიანმა და ოდნავ გამაღიზიანებელმა ადამიანმა შექმნა, მისი კალეიდოსკოპური და ექსცენტრიკული პიროვნების გამოძახილია.

ტაილერმა მუსიკოსობა 2008 წელს დაიწყო, მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები კი ალბომები – Cherry Bomb და Flower Boy-ია. ეს უკანასკნელი ტაილერმა 2017 წელს გამოუშვა და მან გამოშვებისთანავე დიდ წარმატებას მიაღწია. იგი აგრეთვე ნომინირებული იყო საუკეთესო რეპ ალბომად მე-60 ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე.

Flower Boy ტაილერის წინა ნამუშევრებისგან, რომლებიც ბრუტალური სახისაა და ხშირად მათი ლირიკა აგრესიითა განმსჭვალული, დიდად განსხვავდება. ლამაზი ფერებით, ტკბილი მოგონებებითა და ყოველდღიური ოცნებებით სავსე ეს ალბომი ტაილერის გზაა საკუთარი პიროვნების აღმოჩენისა და განვითარებისკენ. რაც შეეხება მუსიკალურ ნაწილს, იგი სავსეა ორკესტრალური მელოდიებით და სასიამოვნოდ შეზავებული ტკბილი ხმებით, რაც მას ნაკლებად ქაოსურ და მეტად ესთეტიკურ, ტკბილ ალბომად გვისახავს. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ Flower Boy-დან ვიგებთ ტაილერის ბისექსუალობის შესახებ.

GOLF WANG ტაილერის მოდის ხაზია, რომელიც 2011 წლიდან იწყებს არსებობას და იქედანვე დიდ ნაბიჯებს დგამს მოდის ინდუსტრიაში.

GOLF WANG ჰიპ-ჰოპ და სკეიტ სტილის მოშვებული სამოსისა და 90-იანების კოლეჯის ფორმების სასიამოვნო სინთეზია. საკულტო კეპები, ზოლიანი პოლოები და ძველებური შარვლები, რომლებიც ფეთქდება პირველადი, მკვეთრი ფერებითა და GOLF WANG-ის განმეორებადი ლოგოთი, მიგვანიშნებს ტაილერის სიყვარულზე 90-ანებისადმი. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ქუჩის სტილმა დაიწყო ჩამოყალიბება. ეს თითქოს მინიმალისტური სამოსი ყველაზე ხმამაღალი ნივთები იქნება თქვენს გარდერობში.

თუმცა ეს ტანსაცმელი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ესთეტიკა. ისინი პირველ რიგში კომუნიკატორებად მუშაობენ. ყვავილის ბიჭუნას ბავშვობიდან უყვარდა ვარდისფერი, არ ეხამუშებოდა სპორტი (განსაკუთრებით სძულს გოლფი) და ამიტომ არ ჰქონია შესაშური ბავშვობა, იყო გარიყული თანატოლებისგან. ამ ყველაფერმა და მისმა ორიენტაციის საბოლოო გაცხადებამ, ხალხის დამოკიდებულებამ და გარემომ, რომელშიც ის იზრდებოდა, დიდი ზემოქმედება იქონია ტანსაცმლის ხაზზე. ტაილერის თითოეული ნამუშევარი მესიჯია სამყაროსადმი, ისინი ამსხვრევენ სტერეოტიპებს და ანადგურებენ ტოქსიკური მამაკაცურობის ცნებებს. ტაილერი აგრეთვე ანადგურებს იმ დოგმას, თუ რა ფერი უნდა ეცვას “ნამდვილ მამაკაცს” – ეს ყველაფერი კი ფერად, ყვავილებიან და ხმამაღალ ტანსაცმელში გამოიხატება.

GOLF WANG-ის ყველა ტანსაცმელი გამორჩეულია, რაც მცირე, მაგრამ მაინც ადვილად შესამჩნევ დეტალებში გამოიხატება. “ჩემსა და სხვებს შორის განსხვავება არის ის, რომ მე ვაკეთებ იმას, რაც მომწონს”, – ამბობს ტაილერი.

როდესაც GOLF WANG-ზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მათი საკულტო შოუები. ტაილერი ახერხებს შექმნას გარემო, რომელსაც მაგიურ სამყაროში გადავყავართ. ამ სამყაროში არაფერზე გვექნება სანერვიულო და მზით განათებულ ყვავილებიან მდელოში ჩაფლულები დავიძინებთ, რა თქმა უნდა, გემოვნებიანად ჩაცმულები. შოუები გაფორმებულია ცისფერი ცით, უზარმაზარი მზესუმზირების დეკორითა და ალაგ-ალაგ ხელოვნური, მწვანე ბალახით. შოუში მონაწილეობენ განსხვავებული ასაკის, რასისა და სხეულის ტიპის მოდელები, რომლებიც აქეთ-იქით სრიალებენ სკეიტბორდებით ან მინი ველოსიპედებით.

იხილეთ GOLF WANG-ის 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის შოუ:

მნიშვნელოვანია ტაილერის კოლაბორაცია Converse-თან და მისი ფეხსაცმლის ბრენდი Golf Le Fleur. “გადავწყვიტე ჩემი საკუთარი ფეხსაცმლის კომპანია შემექმნა”, – ამბობს ტაილერი, – ეს არის Golf Le Fleur ფრანგულად და ნიშნავს “ყვავილების ბიჭს”,  მომწონს ყვავილები.”

კედები 70-ანების სტილის One Star კონვერსებია, რომელსაც ტაილერმა სრულიად ახალი სიცოცხლე შთაბერა. კონვერსმა One Star პირველად 1974-ში შემოგვთავაზა, ცნობილ Chuck Taylor-თან ერთად. მართალია, One Star ისეთი ცნობილი არ არის, როგორც საკულტო Chuck Taylor, მაგრამ ორივეს თანაბრად საინტერესო ისტორია აქვს. ამ მოდელს უპირატესობას ანიჭებდნენ U.K. პანკ როკერები, 80-ანების ჩრდილო-დასავლელი გრანჟ როკერები, (საინტერესო ფაქტი: კურტკ კობეინს გარდაცვალებისას მწვანე One Star-ები ეცვა) და NYC სკეიტერები 90-იანებში.

ეს ფეხსაცმელი არა მხოლოდ თინეიჯერებს მოეწონებათ. მართალია, იგი ფერადი და ბავშვურია, მაგრამ განსაკუთრებული ქსოვილი და დეტალები მას ზრდასრულობის ელფერს აძლევს და მკვეთრ ფერებსა და ყვავილების დიზაინს აბალანსებს. ეს კედები თამამი გადაწყვეტილება იქნება თქვენთვის, რომელიც ნებისმიერ ჩაცმულობას ახალგაზრდულ ენერგიას მისცემს.

ფეხსაცმელზე შევხვდებით ტაილერის გამოსარჩევ დეტალებს, როგორიცაა ამოქარგული ყვავილი One Star ლოგოს გარშემო.

ტაილერს უყვარს ვარდისფერი და ყვავილები, მის ფანებს კი – ტაილერი. იმის მიუხედავად, რომ ისინი შინაგანად ერთნაირები არ არიან, ასე თუ ისე ერთნაირად გამოიყურებიან, რაც გაზიარებული სიამაყე და ახალი სტილის საწყისია. სტილის, რომელსაც ისტორია და მოტივები აქვს. ამ ექსცენტრიკულმა ადამიანმა შეძლო, შეექმნა ისეთი ტანის სამოსი, რომელსაც უყურადღებოდ ვერ დატოვებ და თავისი სიტყვა თქვა მოდაში. სწორედ ამიტომაა, რომ GOLF WANG-ის პოპულარობა ყოველ წლიურად იზრდება.

ტაილერის უახლესი ქმნილებები კი ეს კედები და კომბინეზონია, რომლის ჩაცმა ავტომატურად ზრდის თავდაჯერებულობას.

ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია, მოუთმენლად ველოდოთ, რას შემოგვთავაზებს ტაილერი შემდეგში.

ავტორი: ანანო ნეფარიძე


რეკომენდებული სტატიები
ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"
ბერლინი სუპერ ხელმისაწვდომი, სუპერ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ბერგჰაინის სამშობლოა; არტისტების, დიზაინერების, ხელოვანების ბუდეა და არცაა გასაკვირი, რომ ღამის ცხოვრების ბუმთან ერთად ის მოდური და კონცეპტუალური მაღაზიების ეპიცენტრადაც იქცა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.