fbpx
გააზიარე სტატია

Hammock-ის გზამკვლევი – რომი

მარადიული ქალაქი – რომი

რომში ბევრი წლის წინ ვიყავი, თანაც, არცთუ ისე დიდი ხნით. მახსოვს, აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი: ვფიქრობდი, რომ ის ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქია, სადაც იქამდე ვყოფილვარ ან მომავალში მოვხვდებოდი. მას მერე ბევრ ადგილას ვიმოგზაურე, ბევრი სხვა ქალაქი შემიყვარდა, მაგრამ რომი არასოდეს მავიწყდება.

სეირნობ რომის ქუჩებში და თავი წარმოუდგენლად პატარა გგონია: დედამიწაზე 21-ე საუკუნე დგას, იქ კი, ქალაქ-მუზეუმში, ყოველ მეორე კუთხეში, ანტიკური ხანის ნანგრევები ისე უბრალოდ ერწყმის თანამედროვე ინფრასტრუქტურას, უცნაური, შიშნარევი აღფრთოვანება გიპყრობს: მარადიული ქალაქის ნანგრევებს შორის ძალიან მძაფრად იგრძნობა დრო.

ვფიქრობ, ძალიან გაუმართლათ აქ მცხოვრებ ადამიანებს. ყოველდღიური რუტინული საქმიანობის ფონზე, ისინი ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ირგვლივ, საუკუნეების უდიდესი ხელოვანების ქმნილებები ან მათი ნანგრევები ჩვეულებრივი მოცემულობაა. გემოვნებაც თავისთავად გიყალიბდება, როცა ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იცი, რა არის ლამაზი.

თუ უახლოეს მომავალში გაგიმართლებთ და რომში მოხვდებით, აუცილებლად დაიწყეთ ვენეციის მოედნიდან (piazza venezia). მოედნის სიმბოლო გაერთიანებული იტალიის პირველი მეფის, ვიტორიანო II-ის ძეგლია. ღია ტერასადან მოჩანს ვატიკანი, ცენტრალური პროსპექტები, საიმპერიო ფორუმები და რაც მთავარია, ვენეციის მოედანი ძალიან ლამაზია.

აქედან არცთუ ისე შორს არის კოლოსეუმი (Colloseum). ყველასათვის ცნობილი ეს გიგანტური ამფითეატრი პირველ საუკუნეში აშენდა და მისი არენა გლადიატორების ბრძოლის სანახაობებს ეთმობოდა. რომის კოლოსეუმი (სიგრძე 190 მ, სიგანე 156 მ) ყველაზე დიდი ძველრომაული ამფითეატრია მსოფლიოში.

სამუშაო საათები: ყოველდღე – 8:30-19:00, ბილეთის ღირებულება: 12 ევრო

კოლოსეუმის შემდეგ გზა რომაული ფორუმისკენ მიდის (Roman Forum). ანტიკური პერიოდის ეს ნანგრევები ძველი რომის ისტორიას გვიყვება. მისი სახელმწიფო რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ აქ იყო სენატი, სასამართლო, ტაძრები, ტრიბუნები. მოკლედ, აუცილებლად სანახავი ადგილია.

ერთიანი ბილეთი საშუალებას იძლევა ეწვიოთ ფორუმსაც და პალატინსაც.

აუცილებლად ნახეთ ტრევის შადრევანი (Trevi Fountain) დღისითაც და ღამითაც. მეტი შთაბეჭდილებისთვის გირჩევთ პირველად ღამით ესტუმროთ (ასე 11-12 საათისთვის, როცა შედარებით ნაკლები ხალხია). ბაროკოს სტილის ეს შადრევანი, რომელიც მთელ მოედანს იკავებს, 1732-1762 წლებში არქიტექტორმა ნიკოლო სალვიმ ააგო.

აქედან შორს არ არის რომის პანთეონი (pantheon), ჩვ.წ.აღ-მდე II საუკუნეში აშენებული წარმართული ტაძარი, რომელიც VII საუკუნეში ქრისტიანულ ბაზილიკად გადაკეთდა. პანთეონს არ აქვს ფანჯარა და სინათლე მხოლოდ უზარმაზარ გუმბათში გაკეთებული ჭრილიდან აღწევს. მომაჯადოებელი ადგილია.

შესვლა უფასოა, მაქსიმუმ 5 წთ. იდგეთ ცოცხალ რიგში. ორშაბათი-შაბათი: 9:00-19:30, კვირა – 9:00-18:00

პანთეონიდან გზა ნავონას (piazza Navona) მოედნისაკენ განაგრძეთ. რომის ამ ულამაზესი მოედნიდან მარტივად შეიძლება ვატიკანში გადასვლა, თუმცა მანამდე ესპანურ მოედანზე შეჩერდით და ფეხით აიარეთ ცნობილი კიბეები (spanish steps), რომელიც მოედნისა და ეკლესიის – ტრინიტა დეი მონტის დასაკავშირებლად შეიქმნა. კიბის ქვემოთ არის პიეტრო ბერნინის მიერ შექმნილი შადრევანი უშნო გემი (Fontana della Barcaccia). ჩამოჯექით, დაისვენეთ და გზას Vila Borghese gardens-სკენ გაუყევით. პარკიდან მთელ რომზე ულამაზესი ხედი იშლება. ვილის მუზეუმებში კი ვან გოგის, მონეს, რუბენსისა და სხვა ცნობილი მხატვრების შედევრები დაგხვდებათ.

აუცილებლად ეწვიეთ ვატიკანის მუზეუმს და ნახეთ სიქსტეს კაპელა (sistine Chapel), რომელიც მოციქულეობრივ სასახლეში მდებარობს და რომის პაპის ოფიციალური რეზიდენციაა.

მოინახულეთ წმინდა პეტრეს ბაზილიკაც (St. Peter’s Basilica). ტაძარში ხელოვნების მრავალი შედევრი ინახება, მათ შორის მიქელანჯელოს „პიეტა“.

გრძელ რიგში დგომის თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად შეიძინეთ ბილეთები წინასწარ. ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ მოქმედ ტაძარებში შორტებით, მინი-კაბებითა და დაუფარავი მხრებით შესვლა აკრძალულია.

ვატიკანიდან სამხრეთით მდებარეობს ტრასტევერეს (Trasstevere) ძველი რაიონი. მას ადგილობრივები რომის გულს ეძახიან. ვიწრო ქუჩებით, კაფეებით, იტალიური კერძების არომატით და ქუჩის მუსიკოსებით ტრასტევერე ხმაურიანი, ცოცხალი და ძალიან სახასიათო ადგილია.

 

გალერეები / მუზეუმები

GALLERIA DORIA PAMPHILJ

GALLERIA DORIA PAMPHILJ – დორია პამფილის ცნობილ სასახლეში, რომელიც მე-15 საუკუნეში აშენდა, შეგიძლიათ ნახოთ კარავაჯოს, ველასკესის და ტიციანის ნამუშევრები. ეს გახლავთ ბურჟუაზიული გალერეა, რომელიც რომის არისტოკრატულ ცხოვრებაზე გვიყვება. სასახლის ამჟამინდელი მფლობელები მას ჯერ კიდევ იყენებენ საცხოვრებლად.
Via del Corso, 305 / სამუშაო საათები: ყოველდღე – 9:00-19:00. ფასი 12 ევრო

 

The Maxxi

The Maxxi: Italy’s first National Museum of Architecture პირველი ნაციონალური ინსტიტუტია, რომელიც თანამედროვე შემოქმედებას ეძღვნება. The Maxxi თავის სივრცეში აერთიანებს ლაბორატორიას კულტურული ექსპერიმენტებისა და ინოვაციებისთვის.

The Maxxi ორი მუზეუმისგან შედგება. ეს გახლავთ MAXXI Architettura, რომელიც იტალიური არქიტექტურის პირველი ეროვნული მუზეუმია და MAXXI Arte, რომლის ძირითადი ფოკუსი თანამედროვე ხელოვნებაა და კოლექცია 400-მდე ნამუშევარს აერთიანებს.

შენობის დიზაინი ეკუთვნის ცნობილ არქიტექტორ ზაჰა ჰადიდს.
Via Guido Reni, 4/a / სამუშაო საათები: სამშაბათი-კვირა – 9:00-19:00

 

Contemporary Art Gallery

Contemporary Art Gallery – რომის თანამედროვე ხელოვნების გალერეა მუნიციპალური დაწესებულებაა. საგამოფენო სივრცეში მოთავსებულია მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში შექმნილი 3000-მდე ნამუშევარი. ძირითადად ფერწერული ნამუშევრები და ქანდაკებები: სიმბოლიზმის, რეალიზმის, ექსპრესიონიზმის მიმდინარეობების თვალსაჩინო ნიმუშები.
Via Francesco Crispi 24 / სამუშაო საათები: სამშაბათი-კვირა – 9:00-19:00

 

რესტორნები

Roscioli

Roscioli – ეს ცნობილი საოჯახო რესტორანი გასტრონომიულ მაღაზიას უფრო ჰგავს მაგიდებით და სკამებით, ვიდრე ნამდვილ რესტორანს, თუმცა Roscioli გურმანების და ტოპ შეფმზარეულების ერთ-ერთი ტოპ არჩევანია რომში. Roscioli რომის ისტორიულ ცენტრში, კამპო დე ფიორისთან მდებარეობს და აქ გემრიელი კერძების გარდა, საუკეთესო ღვინოების არჩევანი დაგხვდებათ. აუცილებლად გირჩევთ ამ ადგილას ვახშმობას.
Via dei Giubbonari, 21

 

Piperno

Piperno – ტრატორია ებრაულ უბანში ტრადიციული სერვისით. გირჩევთ პროშუტოსა და მოცარელას სტარტერისა და ზღვის პროდუქტების კერძების გასინჯვას. იდეალური ადგილია ლანჩისთვის.
Monte dei Cenci 9, Rome

 

Virginiae

Virginiae – რესტორანი ძველი რომის ცენტრში, საინტერესო ინტერიერით და ძალიან კარგი სერვისით.
Via di Parione, 41

 

Faro

Faro არატიპური იტალიური ბარია. ეს გახლავთ თანამედროვე სივრცე, პირველი coffee shop რომში სპეციალიზებული ყავით. აუცილებლად გასინჯეთ.
Via Piave, 55

 

Santi Sebastiano e Valentini

Santi Sebastiano e Valentini – ადგილი ფუნთუშეულის მოყვარულებისთვის – მსუბუქი საუზმე + უგემრიელესი ყავა.
Via Tirso, 107

 

Caffé Rosati

Caffé Rosati – დელ პოპოლოს მოედანზე 1922 წელს დაარსებული ეს რესტორანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული ადგილია. ის საუკუნეზე მეტია სტუმრებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, ელეგანტურ ინტერიერსა და რა თქმა უნდა, ცნობილი შეფმზარეულების მიერ მომზადებულ უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.
Via Sabotino, 33/35/37

 

სასტუმროები:

G-Rough

G-Rough რამდენიმე წლის წინ გაიხსნა მე-17 საუკუნის დროინდელ შენობაში და მხოლოდ 10 ნომერს აერთიანებს. თითოეული სართულის დიზაინი მე-20 საუკუნის დასაწყისის ცნობილი იტალიელი დიზაინერების და ბრენდების შთაგონებით არის შექმნილი.
Piazza di Pasquino, 69 / *ფასები 467 ევროდან

 

J.K. Place Roma

J.K. Place Roma  სასტუმროს დიზაინი აქიტექტორ მიშელ ბონანის ეკუთვნის. ეს გახლავთ ეკლექტური დიზაინი, რომელშიც ანტიკვარულს იდეალურად ერწყმის თანამედროვე: დამსვენებელს La Dolce Vita-ს ეპოქას ახსენებს და თან უმაღლესი დონის მომსახურებას სთავაზობს. ამ ძვირად ღირებული ბუტიკ-სასტუმროს კიდევ ერთი პლუსი მისი მდებარეობაა: JK Roma ძველი რომის ცენტრში, ესპანურ კიბეებთან (spanish steps) რამდენიმე წუთის სავალ გზაში არის განთავსებული.
Via di Monte d’Oro, 30 / *ფასები 500 ევროდან

 

Generator

Generator და-ძმის მიერ 1995 წელს დაარსებული ჰოსტელების ბრენდია. დღეს ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია, რომელსაც კონტინენტის მასშტაბით არაერთი ცენტრალური უბანი უკავია. affordable luxury – ეს არის პროექტის კონცეფცია, რის საფუძველზეც ჰოსტელის დიზაინი შეიქმნა და რომელიც თავის სივრცეში აერთიანებს კაფეებს, ბარებს, საგამოფენო დარბაზებს და ა.შ. ერთი სიტყვით, თუ ხელმისაწვდომ, მაგრამ თანამედროვე ინტერიერსა და საინტერესო გამოცდილებას ეძებთ, ეს ადგილი თქვენთვისაა.
Via Principe Amedeo, 257 / *ფასები 40 ევროდან

 

Tips

ყოველ ეკლესიასა თუ ბაზილიკაში მოულოდნელად შეიძლება მიქელანჯელოს, კარავაჯოს და სხვა დიდი მხატვრების ფრესკებს წააწყდეთ. საოცრად შთამბეჭდავია, შეძლებისდაგვარად შედით ყველგან.

გირჩევთ, ყველგან გასინჯოთ ღვინო, როგორც ბოთლის, ასევე სახლის.

ავტორი: ნინუცა ივარდავა


რეკომენდებული სტატიები
Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი
ძნელია პირველივე ნახვით არ შეგიყვარდეს ეს თანამედროვე, ურბანული ქალაქი ტრადიციული ისტორიული სულით, მზით გაჟღენთილი, ტერაკოტას ფერის სახურავებით, ყვითელი სახლებით, სიცოცხლით სავსე ბაირო ალტოთი, თბილი კლიმატით და უსასრულო ლურჯი ცით.
Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი

Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი

Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი
დუბროვნიკი ხორვატიაში, ადრიატიკის ზღვის დალმაციის სანაპიროზე მდებარეობს. ეს გამორჩეული ქალაქი სავსეა აღმოსაჩენი ადგილებით. დალმაციის სანაპიროზე მცხოვრებნი ზაფხულის სასიამოვნო სიზარმაცეს fijaka-ს ეძახიან
ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"
ბერლინი სუპერ ხელმისაწვდომი, სუპერ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ბერგჰაინის სამშობლოა; არტისტების, დიზაინერების, ხელოვანების ბუდეა და არცაა გასაკვირი, რომ ღამის ცხოვრების ბუმთან ერთად ის მოდური და კონცეპტუალური მაღაზიების ეპიცენტრადაც იქცა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.