fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x Gulf – საქართველოს ზღვისპირეთი

ჟურნალ Hammock-ისა და Gulf-ის თანამშრომლობა აგვისტოს დადგომასთან ერთად საქართველოს ზღვისპირეთში მოგზაურობით გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში  წარმოგიდგენთ ბათუმისა და საქართველოს ზღვისპირეთის გზამკვლვევს, რომელიც დაუვიწყარ საზაფხულო მოგზაურობაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ძველი ბერძენი გეოგრაფების  ჩანაწერებში მოხსენიებული Bathys – იგივე ბათუმი, რაც ქართულად „ღრმას“ ნიშნავს –  თავისი ხელსაყრელი სავაჭრო და სტრატეგიული მდებარეობის გამო უცხოელი სტუმრების დიდ ყურადღებას იქცევდა. ქალაქი, სადაც ანტიკურ პერიოდში რომის სამხედრო ბანაკები მდებარეობდა, სხვადახვა დროს ოსმალეთის, რუსეთის და ბრიტანეთის მფლობელობაშიც კი ყოფილა. ისტორიულმა მულტიკულტურულობამ ამ ქალაქს ბევრი თვალსაზრისით საკუთარი კვალი დაატყო, თუმცა ყველაზე დიდ ისტორიას ალბათ მაინც ქალაქის არქიტექტურა ინახავს, სადაც ერთდროულად ევროპული და აზიური  ტიპის შენობა–ნაგებობები ერთმანეთის გვერდით მრავლადაა თავმოყრილი. ქალაქის ევროპული მემკვიდრეობა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, მაშინ როცა ბათუმი პორტო-ფრანკოდ იწოდებოდა, ევროპელი არქიტექტორების მიერ შექმნილ არაერთ შთამბეჭდავ პროექტს აერთიანებს. არსებობს 1930-იანი წლების დოკუმენტური ვიდეოკადრებიც, რითაც ბათუმის სანაპიროზე ნუდისტური პლაჟის არსებობა და ამ ქალაქის „ევროპული“ ბუნებაც კიდევ ერთხელ მტკიცდება.

მე-19 – მე-20 საუკუნეების ძველი ბათუმის არქიტექტურა  ძირითადად ორ და სამსართულიანი შენობებით გამოირჩეოდა, სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის ბათუმში კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახლი ატლანტებით. ფასადი შენობისა, რომელიც რენესანსისა და ბაროკოს სტილს აერთიანებს, ატლანტებით არის გაფორმებული, რომლის დიზაინიც იმ პერიოდში პარიზიდან საქართველოში ახალჩამოსულ მხატვარ-მოქანდაკე სერაფიმე პოლოლიკაშვილს ეკუთვნის. სწორედ სერაფიმე პოლოლიკაშვილი მონაწილეობდა ფსევდოგოთიკურ არქიტექტურულ სტილში აგებული ბათუმის კათოლიკური ეკლესიის დიზაინის შექმნაშიც. მე-19 საუკუნეში, მაშინ როცა ქალაქის მრავალეთნიკური მოსახლეობის რიცხვი სწრაფად იზრდებოდა, ბათუმში ერთმანეთის გვერდით მართლმადიდებლური ტაძრები, მუსლიმური მეჩეთები და სომხური ეკლესია მოქმედებდა. სწორედ ეს მულტიკულტურულობაა ის, რაც აჭარის დედაქალაქს საქართველოს ბევრი სხვა ქალაქისგან დღემდე გამოარჩევს. თუმცა მაშინ ევროპელი კათოლიკეებისთვის, რომლებიც ამ ქალაქში მრავლად იყვნენ,  სალოცავი ადგილი არ მოიძებნებოდა, სწორედ ამიტომაც მოსახლეობის ამ ნაწილმა ხელისუფლებას თხოვნით მიმართა. შედეგად კი ცნობილი რუსი არქიტექტორის, მიხაილ ზაგორსკის პროექტით და ძმები ზუბალაშვილების თაოსნობით ქალაქში 1902 წელს კათოლიკური ეკლესია აშენდა. შენობის ინტერიერი, რისთვისაც საგანგებოდ ჩამოიყვანეს ევროპელი დიზაინერები, მარმარილოს მოზაიკით არის გაფორმებული. გარდა ამისა, ფრესკებზე გამოსახულია ძველი და ახალი აღთქმის სცენები, ჯვარცმა, გარდამოხსნა, აგრეთვე რამდენიმე კათოლიკე წმინდანი და რომის პაპები.  კათოლიკე მრევლის მსგავსად, იმავე თხოვნით მე-19 საუკუნის ბოლოს რუსეთის იმპერატორს ბათუმში მცხოვრებმა ებრაელებმაც მიმართეს. ამ შემთხვევაში არქიტექტორ სემიონ ვულკოვიჩის ხელმძღვანელობით 1904 წელს  ამსტერდამისა და ჰააგის სინაგოგების ანალოგი ბათუმის სინაგოგა აშენდა. საინტერესო არქიტექტურული ნიმუში საბჭოთა პერიოდში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა, თუმცა 1933 წელს სინაგოგა კვლავ ებრაელ მრევლს დაუბრუნდა.   

ის, რომ  ბათუმი თავისი კულტურული მნიშვნელობიდან გამომდინარე მრავალფეროვან ეკლექტურ ხასიათს ატარებდა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამ ქალაქში მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული ორთა ჯამეს მეჩეთიც. მას ეს სახელი ქალაქში არსებული მდებარეობის გამო ეწოდა, რადგან აზიზიესა და ახმედ-ფაშას ჯამეებს შორის იყო მოქცეული. როგორც სხვა სარწმუნოების კერებმა, ორთა ჯამემაც გასული საუკუნის 30-იან წლებში ფუნქციონირება შეწყვიტა, თუმცა 90-იან წლებში კვლავ აღდგა და მას შემდეგ აქ მუსულმანური მსახურება აღესრულება. ბათუმის ამ პერიოდის კიდევ ერთი საინტერესო და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი არქიტექტურული ნიმუშია თოჯინების თეატრი. მემედ აბაშიძის 49 ნომერში მდებარე შენობა, რომელსაც კიდევ ერთი სართული და საზაფხულო სივრცე მიემატა, დღეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსით სარგებლობს. ამავე ქუჩაზე მდებარეობს მე-20 საუკუნეში არტ ნუვოს სტილში აგებული კინოთეატრი “აპოლოც”, რომლის აფიშებიც ამ ქალაქში ჯერ კიდევ 1911 წელს გამოჩნდა. ძველი აფიშებიდან ირკვევა, რომ აქ კინოსეანსები ყოველდღე გადიოდა და მაშინ  ისეთ ფილმებს უჩვენებდნენ, როგორებიცაა – „მაცდური სინათლე“ და „ტრაგედია ხუთ ნაწილად“. დღეს კი საშუალება გაქვთ მოქმედ კინოთეატრს კვლავაც ეწვიოთ და უახლესი კინოსურათები იხილოთ.

კიდევ ერთი ადგილი, რომელსაც ბათუმში სტუმრობისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ, ბათუმის ბოტანიკური ბაღია, რომელსაც უკვე ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ბაღი, რომელიც მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით გამოირჩევა, თავდაპირველად ბოტანიკოსი პავლე ტატარინოვის მიერ 1892 წელს 10 ჰექტარზე ე.წ. საკლიმატიზაციო ბაღის სახელით შეიქმნა. ეს ბოტანიკური ბაღის ის ნაწილია, რომელიც დღეს „ზედა პარკის“ სახელითაა ცნობილი. ბოტანიკური ბაღი ასევე მოიცავს „ქვედა პარკსა“ და გიორგი გაბრიჩიძის სახელობის ზღვისპირა პარკს, რომელთა საერთო ფლორისტული სიმდიდრე 9 ფიტო-გეოგრაფიულ განყოფილებაშია მოქცეული. აქ თქვენ შეხვდებით აღმოსავლეთ აზიის, ჰიმალაის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, მექსიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ხმელთაშუა ზღვისა და ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების განყოფილებებს. მცენარეთა კოლექციებში კი გაერთიანებულია როგორც ვარდის, ისე კამელიების, ციტრუსოვანი, ხეხილ-კენკროვანი და ჰერბარიუმის ფონდი, სადაც ამ დასახელების  უამრავი სხვადასხვა ჯიშის მცენარეს შეხვდებით. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მისულ სტუმრებს გარდა უნიკალური ფლორისტული ნიმუშების ნახვისა, საშუალება აქვთ ბაღის ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში დაბანაკდნენ და პიკნიკი მოაწყონ, ასევე ისარგებლონ ელექტრომობილით და ექსკურსიამძღოლის მომსახურებით. კიდევ ერთი ადგილი, რომელსაც ბათუმში სტუმრობისას გვერდს ვერ აუვლით, ბულვარია, რომელსაც უკვე საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. მისი მშენებლობა 1881 წელს დაიწყო. თავდაპირველად ბულვარის გაშენება პრუსიელ მებაღეს, რესლერს დაევალა, მოგვიანებით კი ის საქართველოში მოწვეულმა ფრანგმა თავადმა, მებაღე-დეკორატორმა მიხეილ დალფონსმა დაასრულა, რომელსაც ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებენ, როგორც  „ბათუმის სანაპიროს კეთილ გენიას“. ბულვარის განვითარებაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ ი. გორდეზიანსაც, რომელიც 1917 წელს ქალაქის პარკისა და ბულვარის მმართველად დაინიშნა. დღეს ბათუმის ბულვარი 7-კილომეტრიან ზოლს მოიცავს, რომელსაც ველობილიკები მთელ სიგრძეზე მიუყვება და მათ, ვინც ტრანსპორტის ამ საშუალებას ანიჭებს უპირატესობას,  ბათუმი უსაფრთხო და კეთილმოწყობილ ველოტრასებს სთავაზობს. ბულვარმა ამჟამინდელი სახე 2009 წელს მიიღო, მაშინ როცა მისი ტერიტორია 1.5 კმ-ით გაიზარდა. ამ ტერიტორიაზე დღეს მრავლადაა რესტორნები, კაფე-ბარები, საბავშვო გასართობი ატრაქციონები, მოცეკვავე ფერადი შადრევნები და ძალიან საინტერესო სკულპტურული და არქიტექტურული ნიმუშები. წელს პირველად ბათუმის ბულვარში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული პლაჟიც გაიხსნა, სადაც მოეწყო ადაპტირებული  ბილიკი, საშხაპე- გამოსაცვლელი და საზოგადოებრივი საპირფარეშო. ნებისმიერ მსურველს გარდა ამ მომსახურებებისა, ასევე საშუალება აქვს საცურაო ტივტივა ეტლითაც ისარგებლოს. 

ბულვარის მთლიანი ტერიტორია, სადაც თანამედროვე არქიტექტურული ნიმუშები და ქანდაკებებია გაერთიანებული, საოცრებათა პარკის სახელითაა ცნობილი, აქ მდებარეობს ბათუმის ბიზნესცენტრის შენობა, ანბანის კოშკი, ბათუმის შუქურა, ასევე თანამედროვე ქართველი ხელოვანის, თამარ კვესიტაძის ქანდაკება ალი და ნინო, რომელიც მარადიული სიყვარულისა და ერებს შორის ურთიერთგაგების, ევროპისა და აზიის გადაკვეთის იდეის მატარებელია. 8-მეტრიანი ქალისა და მამაკაცის მოძრავი სკულპტურები ცნობილი მწერლის, ყურბან საიდის რომანის სახელს ატარებს, რომელიც მწერალმა აზერბაიჯანელი ალი შირვანშირისა და ქართველი ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორიას მიუძღვნა.  თამარ კვესიტაძის კიდევ ერთი სკულპტურული ნამუშევრის ხილვა შეგიძლიათ იუსტიციის სახლის წინ, სადაც მისი „როტაცია“ მდებარეობს. ადამიანის სახის მოძრავი ქანდაკება, რომელიც სხვადასხვა ემოციას გამოხატავს, შუშისა და ლითონის მასალებისგანაა შექმნილი, ის აგრეთვე ადამიანის სხეულსაც წარმოადგენს და გამოხატავს დროს და მის შეუჩერებელ დინებას. კიდევ ერთი ქანდაკება, რომელიც ბათუმის ბულვარში შეგიძლიათ იხილოთ, წარწერა Liberte-ია რომლის იდეაც თავისუფლებას გამოხატავს, აქვეა გელა წულაძის ქანდაკება “ყირამალა ბიჭი“ ხელში გულით და ფრანგი არტისტის, ჟან დუპოის სკულტურა Where.

მას შემდეგ, რაც ბათუმს ინფრასტრუქტურული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ქალაქის ტურისტული შესაძლებლობა საგრძნობლად გაიზარდა. თბილისის მსგავსად, ბათუმშიც მოდერნისტული არქიტექტურის გვერდით თანამედროვე გამჭვირვალე მინის არქიტექტურასაც ჩაეყარა საფუძველი. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ამ ქალაქში მდებარე მრავალსართულიანი, კომფორტული და საერთაშორისოდ აღიარებული სასტუმროებია, რომლებიც იქ მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი დასვენების შესაძლებლობას სთავაზობს. ერთ-ერთი მათგანია იტალიერლი არქოტექტორის მიკელე დე ლუკის დაპროექტებული “რედისონ ბლუ”. ზღვასთან ახლოს მდებარე, საინტერესო არქიტექტურითა და ინტერიერით გამორჩეული “რედისონი”, ვიზიტორებს მრავალი სახის მომსახურებას, მათ შორის კაფე-ბარს, რესტორანს, გამაჯანსაღებელ ფიტნეს-ცენტრსა და შიდა და გარე აუზების სერვისებს სთავაზობს. კიდევ ერთი ფეშენებელური სასტუმრო ბათუმში,  შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე პირველი ხუთვარსკვლავიანი “შერატონია”. აქაც შეგიძლიათ დროის სასიამოვნოდ გატარება სპა  და ფიტნესცენტრებში, ულამაზეს აუზებში და სასტუმროს რესტორანში. კომფორტული გარემო და დახვეწილი ინტერიერი დაგხვდებათ სასტუმრო “ჰილტონშიც”. მსოფლიო მასშტაბით აღიარებული 5-ვარსკვლავიანი ბრენდის სასტუმროში მრავალი სახის მომსახურების მიღება და დროის სასიამოვნოდ გატარებაა შესაძლებელი, გირჩევთ აუცილებლად ესტუმროთ “ჰილტონის” ბოლო სართულზე მდებარე Sky Bar-ს, საიდანაც ბათუმის ულამაზესი  ხედები იშლება, რომელიც განსაკუთრებით ლამაზია მზის ჩასვლისას და ღამით. აქ განათებული ბათუმის ხედის გარდა, მრავალფეროვანი მენიუ და სასიამოვნო  ატმოსფეროც დაგხვდებათ. ქალაქის ძველ უბანში მდებარეობს სასტუმრო „ლე პორტი“. ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს ვიზიტორებს საშუალება აქვთ სხვადასხვა კატეგორიის ნომრებით ისარგებლონ, რომელთა შორისაა როგორც სტუდიოს, ისე პენტჰაუსის ტიპის ბინები.  თანამედროვე მინიმალისტური ინტერიერითა და მდებარეობით გამორჩეული სასტუმრო სწორედ ის ადგილია, სადაც თავს ისე იგრძნობთ, როგორც სახლში. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმი სასტუმროების ნაკლებობას არ უჩივის, ტურიზმის განვითარებასთან ერთად,  მოთხოვნა კვლავაც იზრდება და ამის გამო ყოველწლიურად ქალაქში ახალ-ახალი სასტუმროები იხსნება, სულ მალე ამ ქალაქში სასტუმრო “რუმსიც” გაიხსნება, რომელიც თბილისსა და ყაზბეგში უკვე წლებია, წარმატებით ფუნქციონირებს.

ბათუმიდან დაბრუნება ადგილობრივი სამზარეულოსა და ბათუმის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათის – ცხელ ქვიშაზე მომზადებული ბათუმური ყავის გარეშე წარმოუდგენელია. აუცილებლად უნდა გასინჯოთ აჭარული ხაჭაპური და ზღვის პროდუქტები, რომლის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანსაც  ვინტაჟურ სტილში გადაწყვეტილი, მყუდრო და კომფორტული რესტორანი “ფანფანი” გთავაზობთ. ნინოშვილის 27 ნომერში მდებარე კაფე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია მათთვის, ვისაც სურს, რომ ზღვისპირა ქალაქი თავისი უნიკალური სამზარეულოთი აღმოაჩინოს. კიდევ ერთი რესტორანი, რომელსაც ბათუმში ვიზიტისას აუცილებლად გირჩევთ “უოლია”. მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კომფორტულ, თანამედროვე ინტერიერით გამორჩეულ “უოლში” დღის ნებისმიერ მონაკვეთში მრავალფეროვანი მენიუ, ღვინის დიდი არჩევანი, ულამაზესი ტროპიკული მცენარეები და საღამოს ცოცხალი მუსიკა დაგხვდებათ. გირჩევთ ეწვიოთ „ბალაგანსაც“ – უგემრიელესი კერძებით გამორჩეულ რესტორანს, რომელიც თევზის ბაზართან მდებარეობს. თევზის ბაზარი ის ადგილია, სადაც თავადაც შეგიძლიათ თევზისა და ზღვის პროდუქტების  მრავალფეროვანი არჩევანიდან სასურველი შეარჩიოთ. ბალაგანშიც სწორედ ამ ბაზარში ნაყიდი ზღვის პროდუქტების მრავალფეროვანი მენიუ დაგხვდებათ. მათ, ვისაც დროის გატარება ღამით მეგობრების გარემოცვაში და ალკოჰოლის თანხლებით უყვარს, ვურჩევთ ეწვიოს Chacha Time-ს, სადაც უამრავი სახეობის ჭაჭის არაყის, უგემრიელესი ბურგერებისა და ჭაჭის არაყზე მომზადებული სხვადასხვა სახის კოქტეილების დაგემოვნება შეუძლია. საინტერესო, მრავალფეროვანი მენიუს გარდა ცოცხალი მუსიკის საღამოებს გთავაზობთ ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაფე-ბარი “ვინილიც”. აქ მისულ სტუმრებს ვინილებით გაფორმებულ ინტერიერში სასიამოვნო და მეგობრული ატმოსფერო დაგხვდებათ. გირჩევთ ეწვოთ K2-საც, ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ფერად კაფეს ბათუმში, სადაც  ახალი ვარიაციებით შექმნილი ევროპული და ქართული კერძები დაგხვდებათ. ესტუმრეთ ბათუმის მაკდონალდსაც. თუკი მაკდონალდსის მიერ შემოთავაზებული სწრაფი კვების მენიუ არ გიყვართ, მას გამორჩეული დიზაინისა და ფუტურისტული არქიტექტურის გამო მაინც უნდა ეწვიოთ. შენობის დიზაინი არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის, რომელმაც მრავალ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსზე სწორედ ამ ნიმუშის გამო დიდი წარმატება მოიპოვა; გარდა ამისა, ბათუმის მაკდონალდსი 2015 წელს TED გალერეის მომავლის 10 შენობას შორისაც მოხვდა.

მას შემდეგ, რაც ბათუმის ყველა ღირსშესანიშნაობას ამოწურავთ, აუცილებლად ესტუმრეთ მის სიახლოვეს მდებარე სხვა ზღვისპირა კურორტებსაც, მოინახულეთ ციხისძირში მდებარე სასტუმრო “კასტელო მარე”, რომელიც განსაკუთრებულად ლამაზი მდებარეობით გამოირჩევა. ესტუმრეთ შეკვეთილსაც, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ახალი  მსოფლიო დონის სასტუმრო “პარაგრაფი” გაიხსნა. სასტუმროში აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას   იშვიათი, მრავალფეროვანი სახეობების ზღვის ბინადართა აკვარიუმი. იქ მისულ სტუმრებს, გარდა მრავალი სახის მომსახურებისა, ზღვის წყლის აუზს და სპა-ცენტრში მაგნიტური ქვიშების მასაჟს შემოგთავაზებენ. “პარაგრაფის” სიახლოვეს მდებარეობს ახლახან გახსნილი ბლექ სი არენაც, სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა გამართეს კონცერტები. შეკვეთილში ესტუმრეთ მინიატიურების პარკსაც,  რომელიც  განსაკუთრებით საინტერესო იქნება უცხოელი ტურისტებისთვის – სადაც საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი  კულტურული ძეგლების მინიატიურულ მოდელებს ერთ სივრცეში გაეცნობიან. პარკში დამთვალიერებელს საშუალება აქვს თბილისის, მცხეთის, ვარძიის, უშგულის და სხვა კუთხეების  ორმოცდაათამდე მინიატიურული ძეგლი ერთდროულად, ძალიან მცირე დროში დაათვალიეროს. ზღვისპირა მოგზაურობა კი აუცილებლად მწვანეში ჩაფლული კვარიათის სანაპიროზე და ამ სანაპიროზე მდებარე საინტერესო ინტერიერით, მძივებით, ნიჟარებით, ყვავილებითა და ფოტოებით გაფორმებულ კაფე “რაკუშკებში” დაასრულეთ, რომელიც  შავიზღვისპირა ფერადი მოგზაურობის ნამდვილად საუკეთესო  წერტილი იქნება.

მოდერნისტული სტილის არქიტექტურა, რომელიც აზიური კულტურის გვერდით არსებობს –  ვიწრო, ორსართულიანი სახლებით დამშვენებული ბათუმის ქუჩები, სადაც არომატული ბათუმური ყავის სურნელი გაგიძღვებათ, უნიკალური ბოტანიკური ბაღი, მრავალფეროვანი სამზარეულო, ადგილობრივი ზღვის პროდუქტებით და დღევანდელი ბათუმი, როგორც თანამედროვე არქიტექტურისა და კულტურის გამაერთიანებელი ცენტრი, სადაც ყოველწლიურად არაერთი კულტურული ღონისძიება, მათ შორის ამ ქალაქის უკვე სავიზიტო ბარათი – შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი იმართება, ალბათ საკმარისი მიზეზებია საიმისოდ,  რომ ამ ქალაქს და ზოგადად, შავიზღვისპირეთს ესტუმროთ. თუმცა, იცოდეთ, რომ ბათუმი არც მხოლოდ შავიზღვისპირა ქალაქია და არც მხოლოდ შენობები, რომელიც შავ ზღვას უყურებს… უბრალოდ, დანარჩენი თქვენ თვითონ უნდა აღმოაჩინოთ…

ავტორი გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
Hammock x Gulf - მოიარე საქართველო, თბილისი

Hammock x Gulf - მოიარე საქართველო, თბილისი

Hammock x Gulf - მოიარე საქართველო, თბილისი
მოხარულები ვართ გაცნობოთ ახალი თანამშრომლობის შესახებ, ჟურნალი Hammock “გალფთან” ერთად მხარს უჭერს საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარებას და ამასთან დაკავშირებით საქართველოს ქალაქებსა და მხარეებზე გრაფიკული ვიდეოების ციკლს გთავაზობთ, რომელთაგან პირველი თბილისს ეხება #მოიარესაქართველო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.