fbpx
გააზიარე სტატია

Gummo – “ამერიკული ოცნება”

ჰარმონი კორინი – დამოუკიდებელი ამერიკული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი – მხოლოდ 19 წლის იყო, როდესაც პირველი სცენარი დაწერა ლარი კლარკის 1995 წლის ფილმისთვის “ბავშვები”. მაყურებელმა ამ კონტროვერსიული და სენსაციური ფილმით გაიცნო მომავალი რეჟისორი, რომელსაც მცირე წარმატების მიღწევის შემდეგ, შესაძლებლობა მიეცა უკვე თვითონ გამხდარიყო ფილმის ავტორი.

“გუმო” მისი 1997 წელს გამოსული სადებიუტო და ახლა უკვე საკულტო ფილმია, რომელიც მან 23 წლის ასაკში გადაიღო.
ფილმში მოქმედება ვითარდება აშშ-ში, ოჰაიოს შტატის პატარა ქალაქ ზინიაში 1974 წლის ძლიერი ტორნადოდან რამდენიმე წლის შემდეგ, რომელმაც ქალაქის დიდი ნაწილი გაანადგურა. “გუმო” ეხება დანგრეულ სამხრეთულ ქალაქში მიტოვებულ ახალგაზრდებს, რომლებიც მოწყენილობასა და უიმედობას სხვადასხვა გზით ებრძვიან. ფილმი გამოირჩევა განსაკუთრებული ვიზუალური სტილითა და არასტანდარტული ნარატივით, რომელშიც საზარელი, ამასთან ერთად კომიკური, ლამაზი, ზიზღის მომგვრელი და ხშირ შემთხვევაში რთულად აღსაქმელი რეალობაა აღბეჭდილი.

ფილმის სახელწოდება აღებულია გუმო მარქსისგან, რომელიც სახელგანთქმული ამერიკული კომიკოსების ოჯახის, ძმები მარქსების ნაკლებად ცნობილი წევრი იყო. სურათი თემატურად მათთან არ არის დაკავშირებული, თუმცა ვოდევილისა და კინოს ამ ვარსკვლავებს დიდი გავლენა ჰქონდათ ჰარმონი კორინის შემოქმედებაზე. ვოდევილის სიყვარულის გამო მან ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს ტამლერი (ნიკ სატონი) დაარქვა, რომელიც დაბალი კატეგორიის კომიკოსს აღნიშნავდა.
გადაღებები ქალაქ ნეშვილში მიმდინარეობდა, იქ, სადაც რეჟისორი გაიზარდა. ფილმი კი ძირითადად არაპროფესიონალი მსახიობებითაა დაკომპლექტებული. ადგილობრივი მოსახლეობით, რეჟისორის ნაცნობებითა და სკოლის ძველი მეგობრებით, რაც სურათს უფრო მეტად რეალურსა და გულწრფელს ხდის.

“გუმოში” ასევე მონაწილეობს თავად ჰარმონი კორინი და იმ დროისთვის მისი პარტნიორი ქლოე სევინი, რომელიც ამავდროულად ფილმის კოსტიუმების მხატვარიცაა. „ყოველთვის ვგრძნობდი ინტერესს შუაგული ამერიკის მიმართ. ნებისმიერ დროს, როცა ვინმე იღებს ფილმს ამერიკის შესახებ, ყოველთვის გამოდის მისი რომანტიზებული ვერსია, რომელიც უბრალოდ ყალბია, ეს ამაზრზენია. მე ნეშვილში გავიზარდე, ამიტომ ამ ადამიანებთან ერთად მსურდა ფილმის გადაღება. “მინდოდა გადამეღო პირველი დიდებული ამერიკული ფილმი“, – ამბობს რეჟისორი.

მიუხედავად იმისა, რომ “გუმო” დიდწილად იმპროვიზაციასა და ექსპერიმენტზეა დამყარებული, ჰარმონი კორინს ჰქონდა მკვეთრად ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორი იქნებოდა ფილმი. „ვიცოდი, რომ მინდოდა ისეთი სცენებისა და სიტუაციების შექმნა, რომელსაც რაღაც მხრივ ვერ წარმოიდგენდი, სანამ არ მოხდებოდა“. შედეგად, გარკვეული სცენები დოკუმენტური სტილისაა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში პირიქით, მხატვრულ სახეს იძენს. სტილისტური თავისუფლებისა და გამოსახულების თავისებურებების გამო კადრები დოგმა 95-ს გვახსენებს, რომელიც ლარს ფონ ტრიერმა და ტომას ვინტერბერგმა 1995 წელს დააფუძნეს. კინომოძრაობის იდეა მდგომარეობდა სიუჟეტის, მსახიობებისა და თემების მნიშვნელობის გაზრდაში, ხოლო ტექნოლოგიებისა და სპეციალური ეფექტების სრულ უარყოფაში.

შეიძლება ისიც ითქვას, რომ მიმდინარეობის პირველი ფილმის გამოსვლამდე, მხოლოდ ჰარმონი კორინიმ მოახერხა მისი წესების დიდი ნაწილის დაყრდნობით შეექმნა წარმატებული ფილმი, რომელსაც მოჰყვა რეჟისორის შემდეგი ნამუშევარი Julien Donkey-Boy (1999), რითაც ის მოძრაობას ოფიციალურად შეუერთდა, როგორც დოგმა 95-ის მანიფესტის მიხედვით გადაღებული პირველი არაევროპული ფილმი. „სცენარი მკვდარია, მაგრამ მსახიობები და პერსონაჟები ცოცხლები არიან“. ფილმში წარმოდგენილი მარგინალიზებული პერსონაჟები, რომლებსაც თავიანთ მდგომარეობაზე ხშირ შემთხვევაში ახირებული და ექსცენტრული ქმედებები ახასიათებთ, ამერიკული რეალობის ანარეკლები არიან. გუმოს ამერიკა არის ის, რაც მეინსტრიმულ მედიას არასდროს უჩვენებია. ახალგაზრდა ჰარმონი კორინი ამ ყველაფერს შელამაზების გარეშე წარმოგვიდგენს.
“გუმომ” კინორეჟისორების დიდი მოწონება დაიმსახურა, მათ შორის იყვნენ გას ვან სენტი და ვერნერ ჰერცოგი. ისინი ჰარმონი კორინს მიიჩნევდნენ, როგორც გულწრფელ და ამავდროულად პროვოკაციულ ნოვატორ რეჟისორად, რომელმაც დროს გაუსწრო.

“ფილმში ტორნადოს იყენებ თხრობითი ფორმის დასარღვევად. არა მარტო “გუმო”, არამედ ყველა შენი სცენარი განიცდის მსგავსი მოდელის უქონლობას. აქ არ არსებობს სიუჟეტური ხაზი, პერსონაჟების განვითარება. ჰოლივუდში ყველა დაუყოვნებლივ გკითხავდა, “სად არის განვითარება? სად არიან კარგი და ცუდი ბიჭები?” ამ ყველაფრის მიმართ შენ შეუპოვარი ხარ”, – განაცხადა ვერნერ ჰერცოგმა მასთან ინტერვიუში. მიუხედავად ასეთი კომენტარებისა, კრიტიკოსებისგან ძირითადად უარყოფითი შეფასებები ისმოდა. მას ახასიათებდნენ როგორც გარყვნილს, საშინელს, უგემოვნოს და მოსაწყენსაც კი. “ნიუ-იორკ თაიმსმა” წლის ყველაზე ცუდ ფილმადაც კი დაასახელა. “ასეთი შეფასებები უფრო ახალგაზრდობაში ახდენდნენ გავლენას, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, როცა უფრო ემოციური ხარ. გულახდილობა, რომელიც საშუალებას გაძლევს იყო არტისტი, ასევე მოწყვლადს გხდის. როდესაც დავრწმუნდი, რომ ეს გზა აუცილებლად გასავლელი იყო, უფრო მეტად ვიწამე საკუთარი თავის, ამიტომ აღარ მაინტერესებდა მათი აზრი. ვერაფერი შემაჩერებდა”.

მრავალფეროვანია ფილმის საუნდტრეკები, რომელიც ძირითადად შედგება ბლექ და ექსტრემალური მეტალისგან, ისეთი ჯგუფებისგან, როგორებიცაა Bathory, Burzum, Bethlehem, Brujería და სხვა. „ჩემთვის ეს მუსიკა იყო ზედმეტად ექსტრემალური. ეს იყო ყველაზე არაკომერციული მუსიკა, რაც ადამიანს შეეძლო შეექმნა. ასეთი მუსიკა რადიოში არასდროს მოხვდებოდა. ეს იყო საინტერესო და საშიში“, – ამბობს ჰარმონი კორინი. რეჟისორს ამ ჟანრის მუსიკა შემთხვევით არ შეურჩევია, მძიმე მეტალის თანხლებით, უფრო მძაფრად ხდება აღქმა იმ ღარიბი, დეპრესიული და ბინძური გარემოსი, რომელსაც “გუმო” წარმოგვიდგენს. ფილმში სხვა საუნდტრეკებთან ერთად ასევე გამოყენებულია Madonna-ს – Like a Prayer, რომელიც მთავარი გმირის, სოლომონის სარკესთან ვარჯიშისას ირთვება, Buddy Holly-ს – Everyday და საოცარი ფინალური სცენა Roy Orbison-თან ერთად.

“გუმო” თავისი გაბედულებითა და მოურიდებლობით იპყრობს მაყურებლის ყურადღებას, რომელიც 22 წლის შემდეგაც კი გვაოცებს მისი განსაკუთრებული ვიზუალური თხრობით, ისტორიებითა და პერსონაჟებით.

ავტორი: ტატო პაპიაშვილი


რეკომენდებული სტატიები
ვეს ანდერსონი - წარსული თანამედროვეობაში

ვეს ანდერსონი - წარსული თანამედროვეობაში

ვეს ანდერსონი - წარსული თანამედროვეობაში
„ვეს ანდერსონი... მას განსაკუთრებული ნიჭი აქვს, შეუძლია გადმოსცეს უბრალო სიხარული და ადამიანების ურთიერთობა იდეალური სიმდიდრით. ასეთი განცდა ფილმებში იშვიათია" - მარტინ სკორსეზე
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.