fbpx
გააზიარე სტატია

Guy Bourdin – რადიკალური ხედვა მოდის ფოტოგრაფიაში

მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ხელოვნება, კონკრეტულად კი ფოტოგრაფია, მიდრეკილი იყო რეალობის შელამაზებისა და მისთვის სიცოცხლისუნარიანობის მინიჭებისკენ. თუმცა, ასპარეზზე გამოჩნდნენ მოდის ფოტოგრაფები, რომლებმაც ექსპერიმენტის სახით სცადეს ახალი ხედვის დანერგვა კომერციული ფოტოგრაფიის ინდუსტრიაში.

გი ბურდენი ამ ფოტოგრაფებს შორის იყო, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს ექსპერიმენტი და მოდის ფოტოგრაფიის ტენდენციები რადიკალურად შეცვალეს. ბურდენის –  მხატვრისა და თვითნასწავლი ფოტოგრაფის თვალით დანახული სამყარო აბსურდისა და რეალობის ნაზავი აღმოჩნდა. ფოტოგრაფის სამყარო გაორებულ შეგრძნებებს იწვევს, შეგძრავს თავისი შიშველი სიმართლით და ამავდროულად, მიგიზიდავს, რადგან გი ბურდენის ეროტიკული ნარატივები მისტიკურია. მოდის ინდუსტრიაში პირველი ფოტოგრაფი იყო, ვინც გამოსახულების შინაარსობრივი ასპექტი წამოსწია წინა პლანზე და კადრებით მინი სპექტაკლი გაათამაშა.

გი ბურდენი დაიბადა 1928 წელს პარიზში. 50-იან წლებში შეხვდა მენ რეის და მისი პროტეჟე გახდა. მენ რეი გამორჩეული და უჩვეულო ხედვის ამერიკელი ვიზუალური არტისტი იყო, რომლის ნამუშევრებიც დადაიზმისა და სურეალიზმის ნიმუშებს წარმოადგენდა. დადაიზმისთვის დამახასიათებელი წესრიგის მიმართ პროტესტი და სურეალიზმის სურვილი, შეექმნა წარმოსახვითი სამყარო მისი რადიკალურობით, გი ბურდენის ნამუშევრების მთავარი თემაა. ფოტოგრაფის მიერ გამოყენებული მუქი და ჭრელი ფერების კომბინაცია და თამამი სცენების აღბეჭდვა სწორედ ამის გამოძახილია.

ფრანგი ფოტოგრაფის შთაგონება ინგლისელი კინორეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკიც იყო, რომლის ფილმებშიც ვხვდებით გმირებს ცნობისმოყვარეობის ყველაზე მაღალი გამოვლინებით, სურვილით – იცოდნენ სიმართლე და ნებისმიერ ფასად მოიპოვონ ის. გი ბურდენის ნამუშევრები მაყურებელში ცნობისმოყვარეობას აღძრავს და კადრის მიღმა დამალულ ისტორიაზე აფიქრებინებს.

50-იან წლებში მოდის ფოტოგრაფია მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა. ყველა ფოტო ერთმანეთს ჰგავდა – მოდელები ერთსა და იმავე პოზებში, ერთი და იგივე ფონებზე. გი ბურდენის სითამამემ და გამბედაობამ – შეეცვალა ხედვა მოდვის ინდუსტრიაში, საფუძველი ჩაუყარა ახალ ერას, რომელმაც შთააგონა თანამედროვე მოდის ფოტოგრაფიის კაშკაშა ვასკვლავები ვივიეს საზენი, ნიკ ნაითი და ტიმ ვოლკერი. ფრანგი ფოტოგრაფის სითამამე იქცა მიზეზად, რატომაც ვოგის იმდროინდელი მთავარი რედაქტორი Francine Crescent დაუფიქრებლად ბეჭდავდა მის ფოტოებს. გი ბურდენის ფოტოები იმდენად პროვოკაციული იყო საზოგადოებისთვის, რომ ფრანგული ვოგის რედაქტორის ღიაობა ასეთი სტილის მიმართ გასაკვირი და დასაფასებელი აღმოჩნდა კრიტიკოსების მხრიდან. მან სიკვდილი და სექსი გააჩინა ვოგის ფურცლებზე. ფოტოგრაფი ორმოცწლიანი კარიერის მანძილზე თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან და მოდის გამოცემებთან, როგორებიცაა შანელი, უნგარო, ქლოე, ისეი მიაკე, პენტაქსი, ჩარლზ ჯორდანი, ჰარპერს ბაზარი, ლოევეი, ვერსაჩე, ბლუმინგდეილსი, ვოგი და სხვა.

იმისათვის, რომ გი ბურდენს ჩანაფიქრი განეხორციელებინა და სურეალისტური სამყარო შეექმნა, შეცვალა არა მოდელები, რომლებიც ერთი და იგივე პოზაში გადაღებას იყვნენ მიჩვეულები, არამედ შეცვალა ფონები. 1954 წელს ვოგისთვის საღამოს კაბებში გამოწყობილი მოდელები დიდი ვუალებით გადაიღო არა ეიფელის კოშკთან, ან რომელიმე სხვა პოპულარულ ადგილას, არამედ ყასბის დახლთან, თავმოკვეთილი ღორების ფონზე.

გი ბურდენი პერფექციონისტი იყო, ამიტომ ხშირ შემთხვევაში თავად უკეთებდა მოდელებს თმის ვარცხნილობებს თუ მაკიაჟს. ხშირად კონკრეტულ ფოტოპროექტზე მუშაობისას, სასურველი შედეგის მისაღწევად, ერთნაირი ზოდიაქოს ნიშნის მოდელებიც კი აჰყავდა გადაღებებზე. გი ბუდენი საქმეში ყველა დეტალს კურირებდა, როგორც გადაღებისას, ისე ჟურნალის ბეჭდვის პროცესში. მოდელებთან უშუალო დამოკიდებულების მიუხედავად, მის შემოქმედებაში მრავლად არსებობს სადავო ნამუშევრები. გი ბურდენის ფოტოებში შევხვდებით ქალებს, რომლებიც მკვდარ სხეულებს განასახიარებენ. Pentax Calendar-ისთვის 1980 წელს გადაღებული ფოტო, სადაც ქალი იატაკზე წევს უსულო სხეულივით, რომლის გარშემოც სისხლია, ქალებზე ძალადობის პროვოკაციად მიიჩნიეს.

გი ბურდენის ყველაზე ცნობილი და ხანგრძლივი პროექტი ჩარლზ ჯორდანის ფეხსაცმელებისთვის გადაღებული კომერციული ფოტოებია მისთვის დამახასიათებელი მომაჯადოებლობით, ეგზოტიკურობით, პროვოკაციულობითა და შეგრძნებებით. ფოტოგრაფის ყველა უცნაური ხედვაა თავმოყრილი სხვადასხვა წლის კამპანიებში: მანეკენის ფეხები, სადაც მოდის ფოტოგრაფიის ისტორიაში პირველად გი ბურდენმა აქცენტი არა დიზაინერის პროდუქციაზე, არამედ იმაზე გადაიტანა, თუ რას და როგორ ისტორიას გვიყვებიან ისინი მნახველებს. ამ კამპანიაში ასევე არიან მოდელები, რომელთაც სახეები არ უჩანთ,  პოლაროიდები და ა.შ. გი ბურდენმა ფოტოშოპის დღევანდელი შესაძლებლობები 70-იანი წლების საფრანგეთში რეალურ სამყაროში გადაიტანა და კომერციული ფოტოები ხელოვნების ნიმუშებად აქცია.

გი ბურდენმა თავდაყირა დააყენა წარმოდგენა ქალის თეთრეულის კომერციულ ფოტოებზე. ფრანგ ფოტოგრაფამდე ყველა ერთნაირად ხედავადა ამას – გოგოები ნამზეურით, ლამაზი ფორმებით, არაფრის მთქმელი გამომეტყველებებითა და ერთფეროვანი ფონებით. ეს წარმოდგენა გლობალური მასშტაბით შეიცვალა, როცა ნიუ-იორკის ბლუმინგდეილმა პარიზელი ფოტოგრაფი გი ბურდენი დაიქირავა ქალის თეთრეულის კატალოგის გადასაღებად.

ფოტოებში ქალები თავიანთ ისტორიას ჰყვებიან სახის გამომეტყველებითა და სხეულით, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა კომპოზიციაში იდეალურად ერწყმიან ერთმანეთს.გი ბურდენმა მოდის ფოტოგრაფია ეროტიკული, იდუმალი, სურეალისტური, ფეტიშისტური და ამავდროულად, რეალური გახადა. ვოგის ფურცლებზე გაჩნდა მუქი ფერები, სექსი და სიკვდილი, რომელმაც ვოგი Francine Crescent-ის ხელმძღვანელობის ქვეშ ყველაზე საკულტოდ აქცია. ფრანგი ხელოვანის ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ლუიზ ალექსანდერის გალერეაში, სადაც განთავსებულია ფოტოგრაფის სხვადასხვა დროის ნამუშევრები. გალერეა მდებარეობს იტალიაში, სარდინიის კუნძულზე.

 

ავტორი: ქეთო შურღაია


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.