fbpx
გააზიარე სტატია

უილიამ ეგლსტონი – ფერადი ფოტოგრაფიის დასაწყისი

უილიამ ეგლსტონი (უილიამ ჯოზეფ ეგლსტონ უმცროსი) მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფოტოგრაფია. მან არა მხოლოდ საკულტო ნამუშევრები შექმნა, არამედ შეცვალა ადამიანების ხედვა სამყაროს მიმართ. ჯერ კიდევ იმ გარემოში, რომელსაც ფოტოგრაფები შავ-თეთრად ხედავდნენ, მან აღმოაჩინა შუქჩრდილებსა და დეტალებზე ორიენტირებული ფერადი რეალობა. სწორედ ამიტომ უილიამ ეგლსტონს ფერადი ფოტოგრაფიის ნათლიადაც მოიხსენიებენ.

უილიამ ეგლსტონი დაიბადა 1939 წლის 27 ივლისს მემფისში, ტენესის შტატში. ვენდერბილტის უნივერსიტეტში სწავლისას შეიძინა პირველი კამერა – Canon Rangefinder, ხოლო ერთი წლის შემდეგ – Leica. სწავლის დასრულებისა და მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ დაიწყო ფერადი ფოტოების გადაღება ექსპერიმენტის სახით, თუმცა ფერად ფოტოგრაფიამდე შავ-თეთრი ვიზუალებით იყო გატაცებული. 2010 წელს Steidl Verlag-მა გამოსცა წიგნი Before Color, სადაც თავმოყრილია უილიამ ეგლსტონის სწორედ ეს ადრეული ნამუშევრები.

ფერადი ფოტოგრაფია უილიამ ეგლსტონისთვის თვითგამოხატვის საშუალებად იქცა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი საკმაოდ ერთფეროვანი და მახინჯი იყო უილიამისთვის, სწორედ ამიტომ მან ომიდან შემორჩენილი ყოველდღიურობა გააფერადა. იღებდა ბენზინგასამართ სადგურებს, სუპერმარკეტებს, სასადილოებსა და ა.შ.

მშობლიური გარემოს აღწერის შემდეგ, 1967 წელს უილიამ ეგლსტონმა  ნიუ-იორკში გააგრძელა საქმიანობა, სადაც ქუჩის, ურბანული გარემოსა და უმცირესობების თემაზე მომუშავე ფოტოგრაფებს  – Lee Friedlander-ს, Garry Winogrand-სა და Diane Arbus-ს შეხვდა. მოგვიანებით, მან ნიუ-იორკის თანამედროვე მუზეუმის კურატორს,  John Szarkowski-ს წარუდგინა თავისი ნამუშევრები, რაც საბოლოოდ უილიამ ეგლსტონის სოლო გამოფენით დასრულდა, თუმცა მანამდე იყო მისი პირველი პორტფოლიო „14 სურათი“, რომელიც გამოაქვეყნა არტ დილერისა და კურატორის, Harry Lunn-ის დახმარებით. ამ პორტფოლიოში შესულია ფოტოგრაფის ნამუშევრები, რომლებიც შესრულებულია საღებავის გადატანის ტექნიკით (dye-transfer process).

პირველივე პორტფოლიოს შემდეგ, 1974 წელს პირველი პრესტიჟული დაფინანსება – გუგენჰაიმის პრემია (Guggenheim Fellowship) მიიღო. ამ ფონდის სტიპენდიანტებს შორის არიან ნობელის ლაურეატები და პულიცერის პრემიის მფლობელები. ორი წლის შემდეგ სოლო გამოფენა გამართა ნიუ-იორკის თანამედროვე მუზეუმში, უილიამ ეგლსტონის მონოგრაფიის მიხედვით. მონოგრაფიის შესავალში  John Szarkowski წერს: „ერთხელ გავიგე, როგორ ამბობდა უილიამ ეგლსტონი, რომ მისი ნამუშევრები მხოლოდ ფერადი ფოტოგრაფიის შექმნის მცდელობა იყო  და სხვა არაფერი, მაგრამ მე მისი არ მჯერა. მე შემიძლია დავიჯერო მხოლოდ ის, რომ ასე ფიქრი, ან თავის მოჩვენება, რომ ასე ფიქრობს, მისი დადებითი მხარეა. მე მგონია, რომ აქ წარმოდგენილი ფოტოები აღწერს ფოტოგრაფის სახლს, მის ადგილს, ორივე სიტყვის სრული მნიშვნელობით. ყველაფერი ეს მისი ვინაობის შესახებ მოგვითხრობს.“

1977 წელს გამოიცა უილიამ ეგლსტონის წიგნი სახელწოდებით „არჩევნების წინ“ (Election Eve). ამ წიგნში მოცემულია ფოტოები, რომელიც 1976 წელს გადაიღო ფოტოგრაფმა ჯორჯიის შტატის პატარა ქალაქ ფლაინსში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ცხოვრობდა. იგი 1976 წელს შტატების 39-ე პრეზიდენტი გახდა. წიგნში მოცემულია ფოტოები, რომელიც გადაღებულია როგორც ფლაინსში, ასევე მემფისი-ფლაინსის გზაზეც.  შესავალში Lloyd Fonvielle,  ამერიკელი რეჟისორი წერს, რომ წიგნში ნაჩვენებია ქალაქი, რომელიც ვეღარასდროს იქნება ძველებური და მის ასეთ სახეს მხოლოდ ფოტოგრაფის ნამუშევრები ინახავს. წიგნში არის 100 პრინტი, რომელიც ორ ნაწილად არის დაყოფილი და ორივე მათგანი ერთ მუყაოს ყუთშია მოთავსებული. ეს წიგნი მხოლოდ ხუთ ეგზემპლარად გამოიცა და მას შემდეგ ფოტოგრაფის ყველაზე იშვიათ საკოლექციო წიგნად ითვლება.

ფოტოგრაფი ძველ მეგობარ  Caldecot Chubb-თან ერთად კენიისა და იამაიკის სტუმრობის შემდეგ, თავის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და ამჯერად ელვის პრესლის ცნობილი სახლი – Graceland მოხვდა მის ობიექტივში.

1986 წელს დევიდ ბირნმა, მომავალში ოსკაროსანმა კომპოზიტორმა და იმ დროისთვის True Stories რეჟისორმა, უილიამ ეგლსტონი მიიწვია ფილმის გადაღების პროცესის აღსაბეჭდად.

1992 წელს დაარსდა Eggleston Artistic Trust, რომელიც პასუხისმგებელია ფოტოგრაფის ნამუშევრებზე – როგორც მათ პრეზენტაციაზე, ასევე მათ დაცვაზეც. მომდევნო წლებში გადაღებული ყველა ნამუშევარი წარმოდგენილია ამ ფონდის მიერ. კარიერის ყველაზე დატვირთულ და მნიშვნელოვან წლებში ფოტოგრაფმა ითანამშრომლა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: კოკა-კოლა, Paramount Pictures, Cartier Foundation. მის ობიექტივში მოხვდა პეკინი, კიოტო, ტოსკანა, სანკტ-პეტერბურგი და ნიაგარას ჩანჩქერი.

2005 წელს გამოვიდა პირველი დოკუმენტური ფილმი „უილიამ ეგლსტონი რეალურ სამყაროში“, რომლის რეჟისორიც  Michael Almereyda იყო. რეჟისორი ფოტოგრაფს თან გაჰყვა კენტუკში, ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში, მაგრამ ფილმის მთავარი ხაზი მაინც მემფისია, ფოტოგრაფის მშობლიური ქალაქი. ფილმმა 2005 წელს გოტემის პრემია აიღო საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში.

2015 წელს გამოსცეს წიგნი სახელწოდებით  The Democratic Forest, სადაც  ფოტოგრაფის თითქმის ყველა ნამუშევარია თავმოყრილი. კრიტიკოსთა აზრით, ეს წიგნი ყველაზე ამბიციური პროექტია, რომელშიც უილიამ ეგლსტონის 1000-ზე მეტი ნამუშევარია შესული. 2016 წელს გამოიცა ფოტოგრაფის ჯერჯერობით ბოლო წიგნის,  The Democratic Forest-ის ნამუშევრების გადარჩეული ვერსია. უილიამ ეგლსტონმა ახალ ერას – ფერად ფოტოგრაფიას ჩაუყარა საფუძველი და მომავალი თაობის ფოტოგრაფებს შესაძლებლობების ფერადი პალიტრა გადაუშალა. დღეს ფოტოგრაფი მემფისში, ტენისის შტატში აგრძელებს ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

ავტორი: ქეთო შურღაია


რეკომენდებული სტატიები
იაპონური კონცეპტუალური ფოტოგრაფია

იაპონური კონცეპტუალური ფოტოგრაფია

იაპონური კონცეპტუალური ფოტოგრაფია
პერსონალური ფოტოგრაფია, რომელშიც დოკუმენტური სინამდვილისა და ფალსიფიკაციის ურთიერთმონაცვლეობაა ასახული, თანამედროვე იაპონურ ფოტოგრაფიას ყველა დანარჩენისგან გამოარჩევს
Guy Bourdin - რადიკალური ხედვა მოდის ფოტოგრაფიაში

Guy Bourdin - რადიკალური ხედვა მოდის ფოტოგრაფიაში

Guy Bourdin - რადიკალური ხედვა მოდის ფოტოგრაფიაში
გი ბურდენი ფრანგი ფოტოგრაფია, რომელმაც პირველმა შექმნა მოდის ფოტოგრაფიაში შინაარსობრივი ნამუშევრები. მისი ფოტოების გმირები სექსუალურები, ბუნებრივები და ხშირ შემთხვევაში დრამატულები არიან
ვოლფგანგ ტილმანსი - ცხოვრების სტილის ფოტოგრაფია

ვოლფგანგ ტილმანსი - ცხოვრების სტილის ფოტოგრაფია

ვოლფგანგ ტილმანსი - ცხოვრების სტილის ფოტოგრაფია
ვოლფგანგ ტილმანსი – ერთადერთი არაბრიტანელი არტისტი, რომელმაც არაფრით გამორჩეული, ყოფითი სანახაობისგან შთამბეჭდავი ფოტოების შექმნისთვის ტერნერის პრემია დაიმსახურა
ვივიან საზენის ხელოვნებად ქცეული კომერციული ფოტოგრაფია

ვივიან საზენის ხელოვნებად ქცეული კომერციული ფოტოგრაფია

ვივიან საზენის ხელოვნებად ქცეული კომერციული ფოტოგრაფია
ვივიან საზენი – ფოტოგრაფი, რომელმაც კომერციული ფოტოგრაფია ხელოვნების ნიმუშებად აქცია და ფოტო–წიგნებში გააერთიანა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.