fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x Gulf – საქართველოს ჩრდილოეთი

Hammock-ისა და Gulf-ის მოგზაურობა ამჯერად საქართველოს ჩრდილოეთით მდებარე მაღალმთიან მხარეებში გრძელდება. თუშეთი, ხევსურეთი, ყაზბეგი და გუდაური ის კუთხეებია, სადაც სტუმარს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები, ულამაზესი ტბები, ჩანჩქერები, მყინვარები და თვალუწვდენელი მთები დახვდება. 

გირჩევთ ჩრდილოეთის მიმართულებით სვლა პირველ რიგში თუშეთით დაიწყოთ, ეს ისტორიული მხარე, რომელიც ზღვის დონიდან 900-4800 მ-ზე მდებარეობს, თავისი უნიკალურობიდან გამომდინარე, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი. ოთხ თემად დაყოფილ თუშეთში 10 სოფელი და 40-მდე ნასოფლარია. აქ მდებარეობს სოფელი ბოჭორნა, ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალ წერტილში დასახლებული პუნქტი. თუშეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური  ნიმუშები ამტკიცებს, რომ ამ მხარეში ადამიანი ჯერ კიდევ ადრებრინჯაოს ხანაში დასახლებულა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ისტორიულ წყაროებში თუშეთის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება, ეს მხარე ქართული კულტურის და ისტორიის შესახებ ბევრ თვალსაჩინო მემკვიდრეობას ინახავს, რომელთა შორისაც თავისი არქიტექტურული მნიშვნელობით თუშური კოშკები – ქვის თავდაცვითი ნაგებობია გამორჩეული. ამ კოშკებს თუში ხალხი მეზობელი ტომების, ჩეჩნებისა და დაღესტნელებისგან თავდასაცავად იყენებდა. მათ ასევე კრიტიკულ სიტუაციაში თავშესაფარი და სათვალთვალო დანიშნულებაც ჰქონდათ. სწორედ მეზობელი ტომებისგან თავდასაცავად თუშური სოფლების განაშენიანება ჯგუფებად დასახლებას და ბუნებრივი ციხე-სოფლების არსებობას გულისხმობს. ამ მხარეში ასეთი ციხე-სოფლების რიცხვს უძველესი დიკლო, ჰეღო, წარო და ინდურთა განეკუთვნება.

დღეს ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებასთან ერთად ამ მხარეში ქართველი და უცხოელი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. იზრდება საოჯახო სასტუმროების რიცხვიც, თუმცა ამ კუთხის მთავარ ეკონომიკურ შესაძლებლობად  თუშეთში ჯერ კიდევ საუკუნეების წინ დაწყებული მეცხვარეობის კულტურა რჩება. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მიკვლეულ, XVII საუკუნით დათარიღებულ ქვაზე დაწერილი გუჯრიდან ირკვევა, რომ თუშებს თავიანთი ფარებისთვის შირაქის ზამთრის საძოვრები ჰქონიათ ათვისებული. მეცხვარეობა  ამ მხარეში დღემდე ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფუნქციას ასრულებს.

კიდევ ერთი მაღალმთიანი და ულამაზესი ბუნებით გამორჩეული კუთხე, რომელიც საქართველოს მთიანეთში თქვენს მოგზაურობას მრავალფეროვანს გახდის, ხევსურეთია. ულამაზესი არაგვის ხეობა და არქიტექტურული თვალსაზრისით გამორჩეული შატილისა და მუცოს კლდეებზე შეფენილი სოფლები, ის ღირსშესანიშნავი სანახაობაა, რაც ხევსურეთში სტუმრობისას დაგხვდებათ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ხევსურეთში მოგზაურობისას გზად აუცილებლად შეიარეთ სოფელ კორშაში მდებარე ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც ამ მხარეში აღმოჩენილი უძველესი იარაღებით თუ საოჯახო ნივთებით  ტრადიციული ხევსურული კულტურისა და ცხოვრების სტილის შესახებ წარმოდგენა შეგექმნებათ, ეწვიეთ სასტუმრო Korsha Guesthouse-საც, სადაც მხატვარ შოთა არაბულის ოჯახი ულამაზეს გარემოში ხევსურული ცხოვრების სტილის შესაბამისად გიმასპინძლებთ და სასტუმროს ეზოში მდებარე სახელოსნო Arabuli Arthouse-ში ტრადიციულ ადგილობრივ ხელსაქმესაც გაგაცნობთ.

სანამ შატილს ესტუმრებით, გზად აბუდელაურის  ფერადი ტბები მოინახულეთ. გაითვალისწინეთ რომ მწვანე, ლურჯი და თეთრი ტბები განსაკუთრებით ლამაზი ზაფხულშია, როცა წყლის დონე მაღალი, გარშემო მინდვრები  კი გრძელი და ცივი ზამთრის შემდეგ უკვე კარგად გამწვანებული და გამოღვიძებულია. კიდევ ერთი ძალიან ლამაზი ტბა, რომელიც ასევე ხევსურეთშია, ტანიეს ტბაა. ორ უზარმაზარ მთას შორის მოქცეული გულის ფორმის ტბა არხოტში მდებარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ტანიეს სალაშქრო გზა აბუდელაურის ტბებზე უფრო რთული გადასალახია, აქ სტუმრობა ამ სანახაობისთვის ნამდვილად ღირს. ხევსურეთში საბოლოო დანიშნულების წერტილი შატილისა და მუცოს მონახულებაა. შატილი, რომელიც ქართული არქიტექტურული ხელოვნების უნიკალური ძეგლია, 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი. კალოიანი სახლები, ქვითკირის ციხე-სახლები, კოშკური საცხოვრებლები, საფიხვნო, სამრევლო და საბძლური ის ნაგებობებია, რომლის ხილვაც შატილის ციხე-ქალაქში  შეგიძლიათ. შატილთან ახლოს, დაახლოებით 15 კილომეტრში, მდებარეობს მუცოს ნასოფლარიც, რომელიც შატილის მსგავსად, თავდაცვითი ნაგებობების სისტემას წარმოადგენდა. გასულ წელს მუცოს რამდენიმეწლიანი სარეაბილიტაციო პროცესი დამთავრდა, 2019 წელს კი აღნიშნულმა პროექტმა პარიზში ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო “საზოგადოების რჩეულის” პრიზი დაიმსახურა.

კიდევ ერთი ადგილი, რომელიც საქართველოს მთაში აუცილებლად უნდა მოინახულოთ, ყაზბეგია. გზად შეხვედრილი წითელი ვულკანური კლდეები, მინერალური წყლები, უზარმაზარი მთები, ულამაზესი ჩანჩქერები, ალპური ტბები და უამრავი კულტურული ძეგლი, მათ შორის გერგეტის სამების ტაძარი, რომლის ხედსაც მყინვარწვერის მთა განსაკუთრებით ლამაზს ხდის, ის ადგილებია, რომლებიც ყაზბეგში სტუმრობისას არ უნდა გამოგრჩეთ. ესტუმრეთ გველეთის და არშის ჩანჩქერებს, ყელიწადის ტბას, თრუსოს ხეობას, დარიალის სამონასტრო კომპლექსს და მწვანეში ჩაფლულ ზაქაგორის ნასოფლარსაც. და თუ აქ დარჩენას რამდენიმე დღით გეგმავთ, დასაბინავებლად საუკეთესო არჩევანი სასტუმრო Rooms-ია, რომლის ტერასიდანაც გერგეტის სამებისა და მყინვარწვერის ულამაზესი ხედი იშლება.

თუკი ყაზბეგის მიმართულებით მოგზაურობას ზამთრის სეზონზე აპირებთ და თანაც სათხილამურო სპორტი გიზიდავთ,  გზად აუცილებლად გუდაურში შეჩერდით, რომელიც ამ სეზონზე მოგზაურებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილია. გუდაურის სასრიალო ტრასები ყველა დონის მოთხილამურისთვის არის განკუთვნილი, 70-კილომეტრიანი სასრიალო გზა, საერთო ჯამში 20 ტრასას და 14 საბაგირო გზას მოიცავს. დედაქალაქთან სიახლოვისა და განვითარებული ინფრასტრუქტურის პირობებში, რომელთა შორისაც არქიტექტურული თვალსაზრისით სასტუმრო “კვადრუმს” და “მარკო პოლოს” გამოვარჩევდით, გუდაურს ზამთრის სეზონზე ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი სათხილამურო სპორტის მოყვარული მოგზაური სტუმრობს. 


ავტორი : გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
Hammock x Gulf - კახეთი

Hammock x Gulf - კახეთი

Hammock x Gulf - კახეთი
Hammock-ისა და Gulf-ის მოგზაურობა აღმოსავლეთ საქართველოში კერძოდ კი კახეთში გრძელდება, იქ სადაც შემოდგომა სტუმრობისთვის ყველაზე კარგი დროა
Hammock x Gulf - მოიარე საქართველო, თბილისი

Hammock x Gulf - მოიარე საქართველო, თბილისი

Hammock x Gulf - მოიარე საქართველო, თბილისი
მოხარულები ვართ გაცნობოთ ახალი თანამშრომლობის შესახებ, ჟურნალი Hammock “გალფთან” ერთად მხარს უჭერს საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარებას და ამასთან დაკავშირებით საქართველოს ქალაქებსა და მხარეებზე გრაფიკული ვიდეოების ციკლს გთავაზობთ, რომელთაგან პირველი თბილისს ეხება #მოიარესაქართველო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.