fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x Gulf – კახეთი

Hammock-ისა და Gulf-ის მოგზაურობა  შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოს აღმოსავლეთში, კერძოდ კი კახეთში გრძელდება. მათ, ვისაც ნამდვილი კახეთის აღმოჩენა ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციების, კულტურისა და კულინარიის მიღმა სურს, ოქტომბერი, როცა კახეთში რთველი მიმდინარეობს, ამისთვის საუკეთესო პერიოდია.

იმას, რომ საქართველო და განსაკუთრებით კახეთი ვაზის სამშობლოა, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი და  ძვ.წ. VI საუკუნით დათარიღებული ყურძნის წიპწების ნიმუშებიც ამტკიცებს. არქეოლოგიური გათხრებისას აქ ასევე აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის ნაკეთობები, უძველესი საწნახელი, მარანი და თიხის სასმისები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიოში გავრცელებული  ვაზის 2000 ჯიშიდან 500 ქართულია, მათგან კი ყველაზე გამორჩეული ჯიშები სწორედ კახეთში ხარობს. ხეთის ადგილობრივ და კულტივირებულ ჯიშებს შორის აღსანიშნავია: რქაწითელი, საფერავი, მწვანე კახური, ქისი, ხიხვი, ბუდეშური წითელი, კახური მცვივანი, საფენა, კუმსი ყვითელი და  კაბერნე სოვინიონი იმ ჯიშების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ამ მხარეში შეხვდებით, იქ, სადაც ღვინის მომზადების ტექნოლოგიას მსოფლიოს არც ერთ სხვა კუთხეში ანალოგი არ მოეძებნება, საწნახელში დაწურვისა და ტრადიციულ ქვევრში დაყენების ტექნოლოგია სწორედ ისაა, რაც კახურ ღვინოს განსაკუთრებულსა და გემოვნურად გამორჩეულს ხდის.

კახეთში მოგზაურობა კი გირჩევთ, რომ  საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქიდან, სიღნაღიდან დაიწყოთ, რომელსაც მეორენაირად სიყვარულის ქალაქსაც უწოდებენ. სიღნაღი, რომელიც განსაკუთრებით ლამაზი არქიტექტურული იერსახითა და ფერადი ქუჩებით გამოირჩევა, ბუნებრივად მაღალბორცვიან ადგილას არის განლაგებული და ალაზნის ველსა და კავკასიონის ქედს გადაჰყურებს. მისი მდებარეობის წყალობით ისტორიულად ის ხელოსანთა და ვაჭართა ქალაქად ჩამოყალიბდა, იქ, სადაც ძველად საქარავნო და სავაჭრო გზები გადიოდა. დღეს კი სიღნაღი ქართველ და უცხოელ სტუმრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ზონაა. 

სიღნაღში სტუმრობისას ეწვიეთ ქართული კულტურითა  და განსაკუთრებით კახური ღვინით მოხიბლული, ამერიკელი ჯონ ვუდერმანის მიერ დაარსებულ რესტორან “ხოხბის ცრემლებს”,  სადაც ტრადიციულ ქართულ მრავალფეროვან სამზარეულოსა და საუკეთესო კახური ღვინის დაგემოვნებას შეძლებთ. და თუკი ამ ქალაქში კიდევ რამდენიმე დღით დარჩენას გადაწყვეტთ, გირჩევთ სასტუმრო “კაბადონში” დაბინავდეთ,  რომელიც თავისი განსაკუთრებული ადგილმდებარეობით გამოირჩევა. ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო ერთდროულად სიღნაღის უძველეს და ულამაზეს უბანს, მის გარშემო არსებულ ვენახებსა და ალაზნის ველს გადაჰყურებს.

მათ, ვისაც კახეთის აღმოჩენა კიდევ უფრო მეტად აინტერესებს,  მოგზაურობის გაგრძელებას წინანდალში ვურჩევთ. თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე ეს ლამაზი სოფელი, თავისი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე განსაკუთრებულია. აქ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და XIX საუკუნის უნიკალური მარანი მდებარეობს. 

წინანდალის სასახლემ სახეცვლილება მრავალჯერ განიცადა. გარდა ჭავჭავაძეებისა, მისი მფლობელები სხვადასხვა დროს რომანოვები და საბჭოთა მუშებიც იყვნენ. მიუხედავად ამისა, სასახლეც და მისი მამულიც ყოველთვის ჭავჭავაძეების სახელს ატარებდა, რომელთაც ის 1680 წლიდან ეკუთვნოდათ. ჭავჭავაძეების ოჯახმა ამ მხარეში ევროპული კულტურის დანერგვას შუწყო ხელი,  უნიკალური ბაღს, როიალს, ევროპულ კლასიკური მუსიკასა და, რა თქმა უნდა, ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ ბოთლში ჩამოსხმულ ადგილობრივ ღვინოს ძალიან ბევრი სტუმარი აღფრთოვანებაში მოჰყავდა, თუმცა 1854 წელს, მაშინ როცა ამ მხარეს შამილის მთიელთა რაზმები შემოესია, წინანდლის სასახლე და მის გარშემო ბაღები განადგურდა. 

წინანდლის მამულის ისტორიისთვის ახალი ეტაპი მხოლოდ 1886 წლიდან დაიწყო, მაშინ როცა მთელი ეს კომპლექსი რომანოვების საკუთრებაში გადავიდა.  სასახლემ არქიტექტურული თვალსაზრისით ბევრი ცვლილება განიცადა – არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვის ხელმძღვანელობით ის თავიდან ბოლომდე გადაკეთდა. მისი ამჟამინდელი იერსახეც სწორედ ალექსანდრე ოზეროვის სახელს უკავშირდება. გასაბჭოების შემდეგ ჭავჭავაძეების მამული  მშრომელი საბჭოთა მუშების საკუთრებად გამოცხადდა, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში კი აქ საბჭოთა ღვინის მეურნეობის სასტუმრო იყო განთავსებული.

2007 წლიდან წინანდლის მამულის მართვის უფლება “სილკ როუდ ჯგუფმა” გადაიბარა, 2008 წელს კი, ერთწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ, წინანდალი დამთვალიერებლისთვის კვლავ გაიხსნა. დღეს აქ  პრემიუმ კლასის სასტუმრო Radisson Collection ფუნქციონირებს, ეს მაღალი სტანდარტის კეთილმოწყობილი და კომფორტული სასტუმრო, რომელიც წინანდლის მამულში მდებარეობს, აქ მისულ სტუმარს არაერთ მათზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს. 

წელს პირველად წინანდალში კლასიკური მუსიკის ფესტივალი “წინანდლის ფესტივალიც” ჩატარდა, სადაც  საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული მუსიკოსები წარდგნენ, მათ შორის იყო ჯანანდრეა ნოზედა. კულტურული მნიშვნელობით კახეთი არა მხოლოდ დღეს, წარსულშიც არანაკლებ საინტერესო იყო. სწორედ სიღნაღში ინახება უდიდესი ქართველი თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის უნიკალური ფერწერული კოლექციაც. კახეთის ერთ-ერთ სოფელ მირზაანში დაბადებული მხატვრისთვის ეს კუთხე ბევრჯერ ყოფილა შთამაგონებელი და თავის მხრივ ფიროსმანიც არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა ქართველი თუ უცხოელი ხელოვანის ინსპირაციის წყარო. ცნობილია, რომ  ჯერ კიდევ 1989 წელს Comme des Garcon-ის დამაარსებელი რეი კავაკუბო და ფოტოგრაფი ბრაიან გრიფინი სწორედ ფიროსმანის სიყვარულმა ჩამოიყვანა კახეთში.

ვიდეოკადრები, რომელშიც ასახულია, თუ როგორ იღებს ფოტოგრაფი ბრაიან გრიფინი ადგილობრივ  მოსახლეობას, შავ და მისთვის დამახასიათებელ უცნაურ ტანისამოსში გამოწყობილი რეი კავაკუბოც თავის ასისტენტებთან ერთად ჩანს. გადაღება, რომელიც Six Magazine-სთვის მოეწყო, კახეთში ადგილობრივი მცხოვრებლების მონაწილეობით ჩატარდა და მისი მთავარი იდეა რეი კავაკუბოს კოლექციისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩაცმის სტილის სინთეზის ასახვა იყო. 

ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც კახეთი ტურიზმის თვალსაზრისით კიდევ უფრო განვითარდა და უცხოელი მოგზაურების მხრიდან ყურადღების ცენტრში მოექცა, აქ სასტუმროების რიცხვმა კიდევ უფრო იმატა. ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმრო, რომელიც თავისი ბუნებრივი მდებარეობით განსაკუთრებულია, “ლოპოტა სპა რეზორთსია”. კავკასიონის ქედებით გარშემორტყმული ეს ხეობა საუკეთესო გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც დროის გატარება სიმშვიდეში, გამწვანებულ და კომფორტულ გარემოში უყვარს, აქ ფუნქციონირებს შატო “ბუერაც”, სადაც ნებისმიერ სტუმარს საშუალება აქვს ღვინის დამზადების პროცესს საკუთარი თვალით დააკვირდეს და უნიკალური ჯიშის ადგილობრივი ღვინოც დააგემოვნოს.

კახეთი არა მხოლოდ თავისი კულტურული მნიშვნელობით, არამედ მრავალფეროვანი ბუნებრივი გარემოთიც გამოირჩევა. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი, რომელსაც კახეთში სტუმრობისას შეგიძლიათ ეწვიოთ ლაგოდეხია. მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლებთან ერთად აქ თქვენ ამ კუთხის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას – ლაგოდეხის ნაკრძალსაც იხილავთ, რომელიც ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

ჩანჩქერებით, ფოთლოვანი ტყეებით თუ ალპური მდელოებით მდიდარი ლაგოდეხის ნაკრძალი საუკეთესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც დროის სასიამოვნოდ გატარება ლაშქრობაში ურჩევნია. პოპულარული სალაშქრო ადგილები აქ ნინოსხევისა და როჭოს ჩანჩქერები და ულამაზესი შავი კლდეების ტბაა. ამ სალაშქრო ბილიკებზე  თქვენ გოგირდის მინერალურ წყლებსაც იხილავთ, რომლითაც ეს მხარე განსაკუთრებით მდიდარია. კიდევ ერთი უნიკალური დაცული ტერიტორია, რომელიც კახეთში შეგხვდებათ, ვაშლოვანია. აქ თქვენ უნიკალური ჯიშის ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვან სახეობებთან ერთად ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლს, არწივის ულამაზეს ხეობას და ტახტი-ტეფას ტალახის ვულკანებსაც იხილავთ. 


ავტორი : გვანცა ჩანადირი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.