fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x Gulf – სამცხე-ჯავახეთი

ქართული კულტურის აკვანი, იქ, სადაც უძველესი ცივილიზაციების კვალი ამ მხარეში მდებარე ციხესიმაგრეების გალავნებში დღემდეა შემორჩენილი. ეს სამცხე-ჯავახეთია, ისტორიული ადგილი, რომელიც თავისი უნიკალური ვულკანური რელიეფით, კლიმატური პირობებითა თუ კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სამცხე-ჯავახეთში ჩასულ სტუმარს საშუალება აქვს უამრავი კულტურული, მათ შორის ქრისტიანული და ქრისტიანობამდელი პერიოდის არქიტექტურული ნიმუშები, სამკურნალო თუ დასასვენებელი კურორტები და ამ კურორტებზე არსებული ბუნებისა თუ კულტურის ძეგლები დაათვალიეროს.

სამცხე-ჯავახეთის საკურორტო ზონაში მოგზაურობა კი, რა თქმა უნდა, ამ მხარეში მდებარე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიდან იწყება. უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული პარკი ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში, აქ შეგიძლიათ იხილოთ წითელ წიგნში შესული ისეთი მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, როგორებიცაა: ქართული მუხა, წაბლი, მურა დათვი, თეთრკუდა არწივი, კავკასიური ციყვი და სხვა. ეროვნული პარკი განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკოტურიზმის განვითარებაშიც, აქ მისულ სტუმარს საშუალება აქვს ერთი ან მრავალდღიანი ლაშქრობები მოიწყოს, რისთვისაც პარკში თორმეტი კეთილმოწყობილი საბილიკე გზა, ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე თუ საკემპინგე ადგილები ფუნქციონირებს. გარდა ამისა, სტუმრებს შანსი ეძლევათ საცხენოსნო და კულტურულ-საგანმანათლებლო ტურებითაც ისარგებლონ.

ეროვნული პარკიდან შეგიძლიათ ბორჯომში გადაინაცვლოთ, ეს ადგილი წლის ნებისმიერ სეზონზე საუკეთესო დასასვენებელი კურორტია, მწვანეში ჩაფლული გარემო, სადაც საშუალება გაქვთ მრავალი კულტურული ძეგლი დაათვალიეროთ და პირადად გაეცნოთ ბორჯომის მინერალური წყლის მოპოვების ისტორიასა თუ მის გემოვნურ თვისებებს. ამ მისიით ჩასულ სტუმრებს ბორჯომი მინერალური წყლების პარკში უმასპინძლებს, რომელიც 30 ჰექტარზე გაშენებულ მწვანეში ჩაფლულ დასასვენებელ ადგილსა და ე.წ “ბიუვეტს” აერთიანებს, სადაც ბორჯომის სამკურნალო მინერალური წყლის დაგემოვნება შეგიძლიათ. ესტუმრეთ ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსაც, რომელიც რომანოვების კანცელარიის შენობაში მდებარეობს, აქ თქვენ რომანოვების პირად ნივთებთან ერთად ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებულ უნიკალურ ბრინჯაოს ნამუშევრებსა და სამკაულებს იხილავთ.

კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი ძეგლი, რომლის ნახვაც ბორჯომში შეგიძლიათ, ისტორიული შენობა “ფირუზაა”. ბორჯომის პარკის შესასვლელში მდებარე ეს ძეგლი ირანული, ქართული და ევროპული არქიტექტურული ნიმუშის ნაზავს წარმოადგენს და დღეს უკვე სასტუმრო-სანატორიუმის სახით ფუნქციონირებს.

“ფირუზას” გარდა, ბორჯომში ღამის გათევა სასტუმრო “ქროუნ პლაზაშიც” შეგიძლიათ, კეთილმოწყობილ, მდინარის პირას მდებარე სასტუმროში მრავალი სახის სერვისით და მხოლოდ ამ ადგილისთვის დამახასიათებელი ბორჯომის მინერალური წყლის აბაზანითა და სპა მომსახურებითაც ისარგებლოთ.

კიდევ ერთი კომფორტული და კეთილმოწყობილი სასტუმრო, რომელსაც შეგიძლიათ ბორჯომში ეწვიოთ, “ბორჯომი ლიკანია”. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო თავისი ადგილმდებარეობით, მის ტერიტორიაზე არსებული ფლორითა და ფაუნით, გამაჯანსაღებელი და სამკურნალო პროცედურებით ლიკანის ცნობილი მეოთხე სანატორიუმის ისტორიას აგრძელებს.

ბორჯომიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოგზაურობა სპეციალური “კუკუშკით” ბაკურიანში გააგრძელეთ, სადაც ბუნების სიმწვანეში დასვენებას როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის სეზონზე შეძლებთ. თუმცა, თუ ბაკურიანში სტუმრობას მაინც ზამთარში გადაწყვეტთ, ამ სეზონზე დროის სასიამოვნოდ გატარებას, გართობას და დასვენებას ცნობილ დიდველის სათხილამურო ტრასებზე შეძლებთ.

ბაკურიანიდან სიმშვიდის და სიმყუდროვის მოყვარულ ტურისტს საშუალება აქვს კურორტ კოხტა მიტარბიზე გადაინაცვლოს, კოხტაგორას სიახლოვეში მდებარე ახალ საკურორტო ზონაში სულ მალე სასტუმრო Rooms-ის ახალი, ოთხსეზონიანი, საერთაშორისო სტანდარტის სასტუმროებისა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასრულდება.

სამცხე-ჯავახეთში მოგზაურობა უნიკალური ჰავისა და კლიმატის მქონე მარადმწვანე საკურორტო ზონებით არ მთავრდება, ამ მხარეში ისტორიისა და კულტურის წიაღში მოგზაურობა კლდეში ნაკვეთ ვარძიის სამონასტრო კომპლექსში გრძელდება. XII-XIII საუკუნეებში ნაგები ისტორიული ძეგლი ჯავახეთში, ასპინძის რაიონში მდებარეობს, აქ თქვენ კლდეში გამოკვეთილი თხუთმეტი ეკლესიისა და მათ კედლებზე არსებული უნიკალური ფრესკების, მათ შორის თამარისა და გიორგი III-ის სახეთა ხილვას შეძლებს. ამ რეგიონში გარდა ვარძიის სამონასტრო კომპლექსისა, კიდევ უფრო ძველი გამოქვაბულთა კომპლექსი – ვანის ქვაბები მდებარეობს. ეს უძველესი ქვაბთა ჯგუფი არაუგვიანეს მერვე საუკუნით თარიღდება და 200-მდე გამოქვაბულს თექვსმეტ სართულზე აერთიანებს. კომპლექსის შემადგენლობაშია ასევე კლდეში ნაკვეთი სადგომები, საძვალეები, გვირაბები და ექვსი მონასტერი.

ჯავახეთში სანახავი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების სიაში შეიტანეთ ხერთვისის, ზანავისა და თმოგვის ციხეები. ხერთვისის შუა საუკუნეების ციხე სოფელ ხერთვისში, მდინარეების ფარავნისა და მტკვრის შესართავთან მდებარეობს, ეს ციხე ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან ერთად 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი. რაც შეეხება ზანავისა და თმოგვის ციხეებს, ჯავახეთის ეს სიმაგრეები ისტორიული წყაროების მიხედვით, შუა საუკუნეების ეპოქას მიეკუთვნება, თმოგვის ციხე გამორჩეულია თავისი არქიტექტურითა და ბუნებრივი რელიეფური მდებარეობით, კლდეზე აშენებული ციხე საიდუმლო გვირაბით უკავშირდება მის ზემოთ მდებარე ციტადელს და მდინარე მტკვარს, გუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევებში კი შემორჩენილია მეცამეტე საუკუნის კედლის მხატვრობა.

ჯავახეთი არა მხოლოდ ისტორიული და კულტურული ძეგლების სიმრავლით, არამედ მისი მრავალფეროვანი ლანდშაფტითა და ამ გარემოში არსებული ძალიან ბევრი დიდი და მცირე ზომის ბუნებრივი წარმოშობის ტბებით გამოირჩევა. ჯავახეთში მდებარეობს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვულკანურ-ტექტონიკური წარმოშობის ფარავნის ტბა, რომელიც თევზის მრავალფეროვანი სახეობებით ძალიან მდიდარია. ტბის ირგვლივ გაშენებულია ფოკის, ვლადიმიროვკის, როდიონოვკის და ასფარას სოფლები, სადაც ისტორიულად საქართველოში ჩამოსახლებული ეთნიკური ტომები სახლობდნენ. ჯავახეთში მდებარეობს საღამოსა და კარწახის, ასევე ხანჩალისა და მადათაფის ტბები, რომლებიც განსაკუთრებით შემოდგომასა და ზაფხულში მათ ირგვლივ არსებულ ულამაზეს მდელოებს ირეკლავს.

ეთნიკური უმცირესობების ამ მხარეში არსებობა ბუნებრივი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე სამცხე-ჯავახეთის ისტორიის განუყოფელი ნაწილი იყო. თუმცა მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნაწილიდან ჯავახეთში კომპაქტურად სახლდებოდა თურქეთიდან დევნილი სომხური მოსახლეობა და რუსეთის იმპერიიდან გადმოსახლებული დუხობორები – რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები, რომლებიც ჯავახეთში დღემდე სოფელ გორელოვკაში სახლობენ და თავიანთი უნიკალური არქიტექტურული, კულტურული თუ რელიგიური წეს-ჩვეულებებითა და ტრადიციებით გამოირჩევიან. აღსანიშნავია მათი საცხოვრებელი სახლების არქიტექტურა, რომელიც მინდვრით გადახურვის წესით ხასიათდება. რაც მთავარია ყველაზე თვალშისაცემია მათი ჭრელი და ყოველთვის ხალისიან ფერებში გადაწყვეტილი ეროვნული ტანისამოსი.

თუკი სამცხე-ჯავახეთში თქვენი მოგზაურობა ბორჯომის ეროვნული პარკიდან დაიწყება და მხარის ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულებაში გზად შემთხვევით დაგიღამდებათ, ხელიდან არ გაუშვათ საქართველოში არსებული ყველაზე ბნელი ცის ნახვის შესაძლებლობა, რომლის მოკაშკაშე ვარსკვლავების ხილვა ყველაზე კარგად მხოლოდ აბასთუმნის ობსერვატორიიდანაა შესაძლებელი.

ავტორი : გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
Hammock x Gulf - მოიარე საქართველო, თბილისი
Play Video

Hammock x Gulf - მოიარე საქართველო, თბილისი

Hammock x Gulf - მოიარე საქართველო, თბილისი
მოხარულები ვართ გაცნობოთ ახალი თანამშრომლობის შესახებ, ჟურნალი Hammock “გალფთან” ერთად მხარს უჭერს საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარებას და ამასთან დაკავშირებით საქართველოს ქალაქებსა და მხარეებზე გრაფიკული ვიდეოების ციკლს გთავაზობთ, რომელთაგან პირველი თბილისს ეხება #მოიარესაქართველო
Hammock x Gulf - მოიარე საქართველო, თბილისი

Hammock x Gulf - მოიარე საქართველო, თბილისი

Hammock x Gulf - მოიარე საქართველო, თბილისი
მოხარულები ვართ გაცნობოთ ახალი თანამშრომლობის შესახებ, ჟურნალი Hammock “გალფთან” ერთად მხარს უჭერს საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარებას და ამასთან დაკავშირებით საქართველოს ქალაქებსა და მხარეებზე გრაფიკული ვიდეოების ციკლს გთავაზობთ, რომელთაგან პირველი თბილისს ეხება #მოიარესაქართველო
Hammock x Gulf - საქართველოს ზღვისპირეთი
Play Video

Hammock x Gulf - საქართველოს ზღვისპირეთი

Hammock x Gulf - საქართველოს ზღვისპირეთი
Hammock-ისა და Gulf-ის თანამშრომლობა აგვისტოს დადგომასთან ერთად საქართველოს ზღვისპირეთში მოგზაურობით გრძელდება #მოიარესაქართველო #GforceGreenBooster #HammockxGulf
Hammock x Gulf – სვანეთი
Play Video

Hammock x Gulf – სვანეთი

Hammock x Gulf – სვანეთი
ჟურნალ Hammock-ისა და Gulf-ის მოგზაურობა ამჯერად საქართველოს მთიანეთში, კერძოდ კი სვანეთში გრძელდება, სადაც სტუმარი უნიკალურ შთამბეჭდავ ბუნებასთან ერთად მრავალფეროვან კულტურას და ამ კულტურით ნაკარნახევ ძალიან საინტერესო წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს გაეცნობა
Hammock x Gulf – სვანეთი

Hammock x Gulf – სვანეთი

Hammock x Gulf – სვანეთი
ჟურნალ Hammock-ისა და Gulf-ის მოგზაურობა ამჯერად საქართველოს მთიანეთში, კერძოდ კი სვანეთში გრძელდება, სადაც სტუმარი უნიკალურ შთამბეჭდავ ბუნებასთან ერთად მრავალფეროვან კულტურას და ამ კულტურით ნაკარნახევ ძალიან საინტერესო წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს გაეცნობა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.