fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x Gulf – სვანეთი

მითებისა და ლეგენდების სამყარო, სადაც ოქროსთმიანი ქალღმერთი დალი ჯადოსნურ არსებებთან ერთად  მიუვალ კლდეებში ბინადრობს – ეს სვანეთია ფანტასმაგორიული ისტორიების, მზის საგალობელი ფოლკლორისა და ათასი კოშკის მხარე, რომელშიც უძველესი მითოსური კულტურა და  ქრისტიანული წეს-ჩვეულებები ერთმანეთის გვერდიგვერდ არსებობს. სვანეთის შესახებ ყველაზე ადრეული ცნობები ჯერ კიდევ ბერძენ ისტორიკოსთან, სტრაბონთან გვხვდება, რომელიც „დიოსკურიის მთიანეთში მცხოვრებ ტომს“ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეომრებად მოიხსენიებდა. სვანი ხალხის მეომრული ბუნებიდან გამომდინარე, 1833 წლამდე, მანამ სანამ მასზე რუსეთი არ მოიპოვებდა კონტროლს,  სვანეთი ყოველთვის დამოუკიდებელ მხარეს წარმოადგენდა, სვანურ სოფლებში აღმართული უძველესი კოშკები კი ამ დამოუკიდებლობის მუდმივი გარანტი იყო. თავდაპირველად თავდაცვითი ფუნქციის მქონე რიყის ქვით აგებული კოშკები სვანებისთვის ბრძოლისა თუ სტიქიური უბედურების დროს მთავარ თავშესაფარს წარმოადგენდა. დღეს კი ეს ნაგებობები, რომლებიც საუკუნეების ისტორიებს ინახავს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშიცაა შესული, აქ ჩასული ადამიანებისთვის სტუმრობის მთავარ მიზეზსაც წარმოადგენს და მისი შთამბეჭდავობიდან გამომდინარე, მრავალი ცნობილი ხელოვანის შთაგონების წყაროცაა, მათ შორისაა რეჟისორი ჰაიაო მიაძაკი, რომელმაც თავის ანიმეში  სვანური კოშკების ანალოგი გამოიყენა.

დღეს მესტიაში მრავალსაუკუნოვანი კოშკების ფონზე აუცილებლად შენიშნავთ თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებსაც –  მათ შორის თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტის შენობას, რომელიც გერმანელ არქიტექტორ იურგენ მაიერ-ჰერმანს ეკუთვნის. სვანური კოშკების ინსპირაციით შექმნილი მისივე თანამედროვე ანალოგი მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზი აეროპორტის სიაშიც მოხვდა.

იურგენ მაიერს ეკუთვნის მესტიაში მდებარე თანამედროვე იუსტიციის სახლისა და პოლიციის შენობებიც, რომლებიც მსგავსად აეროპორტისა, სვანური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სტილით გამოირჩევა.   მესტიაში ტურიზმის განვითარებასთან ერთად ბოლო წლებში  ახალაშენებული სასტუმროებიც მატულობს. ესტუმრეთ თანამედროვე დიზანით გამორჩეულ სასტუმრო „ფოსტას“, რომელიც  გარდა მესტიის ულამაზესი ხედებისა, კომფორტულ ნომრებს და მრავალი სახის მომსახურებასაც გთავაზობთ; დარჩით სასტუმრო „თეთნულდშიც“, რომელიც მყუდრო ინტერიერით, ადგილმდებარეობით და მესტიის ულამაზესი პანორამული ხედებით გამოირჩევა.  თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სვანეთში ახალი და მაღალი სტანდარტების სასტუმროების რიცხვი მატულობს, აქ უფრო მეტად მაინც საოჯახო სასტუმროებია განვითარებული, სადაც ადგილობრივი ოჯახის გვერდით ყველაზე უკეთ შეიცნობთ ნამდვილ სვანურ კულტურასა და ცხოვრების წესს.

ამ კულტურას კიდევ უფრო ღრმად გაგაცნობთ 1936 წელს დაარსებული სვანეთის მუზეუმი. ქართველმა მეცნიერებმა და ადგილობრივმა მოღვაწეებმა სვანეთის სხვადასხვა კუთხეში გაბნეული უნიკალური ნიმუშები ერთ სივრცეში გააერთიანეს და სამუდამოდ შემოუნახეს ისტორიას. მუზეუმის კოლექცია სვანეთის სოფლებში აღმოჩენილ არქეოლოგიურ ნიმუშებს მოიცავს, რაც ამ მხარეში ჯერ კიდევ მესამე ათასწლეულში აქტიურ კულტურულ ცხოვრებას ადასტურებს. აქ ასევე ინახება კერამიკის, სამკაულების, ნუმიზმატიკის კოლექციები, დაწყებული ძვ. წ. მეხუთე საუკუნეში მოჭრილი კოლხური თეთრით, დამთავრებული მეოცე საუკუნის საბჭოთა მონეტებით. მათგან ყველაზე გამორჩეულია ალექსანდრე მაკედონელის ოქროს სტატერი, ბიზანტიური, ირანული, სელჩუკური, მონღოლური, დავით აღმაშენებლის, გიორგი III-ის, თამარის, გიორგი IV-ისა და  რუსუდანის მონეტები. გარდა ამისა სვანეთის მუზეუმში ინახება IX საუკუნით დათარიღებული უნიკალური ფერწერული ხატები, საბრძოლო იარაღები, საყოფაცხოვრებო ნივთები და რაც მთავარია, მეცხრე საუკუნეში შატბერდში გადაწერილი ადიშის, მესტიის, ლაბსყალდისა და იენაშის უნიკალური ოთხთავები. მუზეუმში ფუნქციონირებს მედიათეკა და საგამოფენო სივრცეც, სადაც ხშირად ეწყობა თანამედროვე ქართველი ხელოვანების გამოფენებიც. სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი არ არის ერთადერთი მუზეუმი, რომელსაც შეგიძლიათ მესტიაში ეწვიოთ. აქ ასევე ფუნქციონირებს მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმიც, სადაც გარდა ლეგენდარული მთამსვლელის ცხოვრებისა, ფოტოებზე შემონახულ ქართული ალპინიზმის ისტორიასაც გაეცნობით, რისი მთავარი კერაც ათწლეულების განმავლობაში დღემდე სწორედ სვანეთის თოვლიანი მწვერვალებია.

აქ მდებარეობს საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა, ასევე უშბა და თეთნულდი, რომლებიც რთული რელიეფის გამო პროფესიონალი ალპინისტების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დანიშნულების ადგილებია. თუმცა, გარდა კარგად გამოცდილი პროფესიონალებისა, სვანეთის მწვერვალებს ხშირად სტუმრობენ მოყვარული მოთხილამურეებიც, მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარე სათხილამურო კურორტი  ჰაწვალი დღეს ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილია,  სრიალის შესაძლებლობა იქ მისულ სტუმარს წელიწადის ყველა სეზონზე ეძლევა, ჰაწვალზე ფუნქციონირებს ამავე სახელწოდების სასტუმრო და კაფე „ზურულდი“, რომლის ტერასაც სვანეთის ყველაზე ლამაზი და განსაკუთრებული ხედებით გამოირჩევა. ექსტრემალური სრიალის მოყვარულები კი შეგიძლიათ ჰაწვალიდან სულ რაღაც 15 კილომეტრით დაშორებულ თეთნულდს ეწვიოთ, სადაც კიდევ უფრო გრძელი და გაუკვალავი სათხილამურო ტრასები დაგხვდებათ. აქ სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება, თუმცა თეთნულდი დამსვენებელს გარდა თოვლში სრიალისა, პარაპლანით ფრენისა და საცხენოსნო ტურების შესაძლებლობასაც სთავაზობს.

აუცილებლად ეწვიეთ მესტიაში მდებარე ჭალაათის მყინვარსაც, სადაც სამ  ულამაზეს ყინულჩანჩქერს ნახავთ, ეწვიეთ უშბის ძირში, სოფელ მაზერში მდებარე შდუგრას ჩანჩქერსაც, რომელიც საქართველოში ყველაზე უფრო წყალუხვობით და ექსტრემალური ადგილმდებარეობით გამოირჩევა. მესტიაში მოგზაურობა აუცილებლად ქორულდის ტბებზე დაასრულეთ – ზღვის დონიდან 2850 მეტრზე მდებარე ტბებში კავკასიონის მწვერვალები და მყინვარები ირეკლება,  ქორულდის პანორამულ ხედზე კი შხარას, თეთნულდის და უშბას ხედებსაც იხილავთ. თუმცა არ გეგონოთ, რომ სვანეთში მოგზაურობა მესტიით მთავრდება,  მესტიიდან აუცილებლად გაჰყევით მთავარ გზას, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სოფელ უშგულში მიგიყვანთ.

ულამაზესი მთებითა და უმაღლესი მწვერვალ შხარათი გარშემორტყმული უშგული ოთხი სოფლისგან შედგება, რომელთაგან ერთ-ერთი – ჩაჟაში – თავისი უნიკალურობის გამო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.  უშგულში იხილავთ ლამარიის უძველეს ეკლესიას, არქეოლოგიის მუზეუმსა და რაც მთავარია – 30-მდე კოშკს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ამ მხარეში თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა. უშგულში, მდინარე ენგურის სათავეებთან, შეგიძლიათ თავად “მოიპოვოთ”  და დააგემოვნოთ ბუნებრივი მინერალური წყალი.

გარდა მჟავე წყლებისა, სვანეთში სტუმრობისას აუცილებლად უნდა გაეცნოთ ადგილობრივ კულინარიას, რომელიც განსაკუთრებულად მრავალფეროვანი გემოებით გამოირჩევა. გასინჯეთ სვანური კუბდარი, ყველითა და კარტოფილით მომზადებული თაშმჯაბი, სვანური ფეტვიანი ხაჭაპური, ჭვიშტარი, ჭინჭრის შეჭამანდი და სვანური ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც აქ „რახს“ ეძახიან.  ამ კერძების დაგემოვნება მესტიასა და უშგულში მდებარე კაფებსა და რესტორნებში შეგიძლიათ, გირჩევთ ეწვიოთ მესტიის ცენტრში მდებარე კაფე-ბარ „ლაილას“, Sun Set-Café Mestia-ს და კაფე-ბარ “პატარა სვანეთს”, რომლებშიც გარდა უგემრიელესი სვანური კერძებისა, განსაკუთრებულად ლამაზი და მყუდრო ატმოსფერო დაგხვდებათ.

სვანეთი  ის ადგილია, სადაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა მოხვდე. შეუძლებელია საქართველოს სხვა რომელიმე კუთხეში შეხვდე ადამიანებს, რომლებიც ერთნაირი სიყვარულით საუბრობენ წარმართული მითოლოგიური ამბებისა და ქრისტიანული წეს-ჩვეულებების შესახებ, რომელსაც ამ მხარის კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.  სვანეთის მთავარი საგანძურიც არა მხოლოდ ენგურის სათავეებში მოპოვებული ოქრო, მესტიის მუზეუმში დაცული ძვირფასი ნივთები ან საუკუნოვანი სვანური კოშკებია, არამედ ჩვეულებრივი უბრალო ადამიანები, რომელთა სამყაროს მიმართ ხედვა და უშუალობა, როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, ყველაზე უკეთ მათ მიერ შექმნილ ძალიან გულწრფელ და სახასიათო ფრესკებში, ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებსა და ზღაპრულ ისტორიებშია შემონახული.

ავტორი: გვანცა ჩანადირი

 


რეკომენდებული სტატიები
Hammock x Gulf - საქართველოს ზღვისპირეთი
Play Video

Hammock x Gulf - საქართველოს ზღვისპირეთი

Hammock x Gulf - საქართველოს ზღვისპირეთი
Hammock-ისა და Gulf-ის თანამშრომლობა აგვისტოს დადგომასთან ერთად საქართველოს ზღვისპირეთში მოგზაურობით გრძელდება #მოიარესაქართველო #GforceGreenBooster #HammockxGulf
Hammock x Gulf - მოიარე საქართველო, თბილისი

Hammock x Gulf - მოიარე საქართველო, თბილისი

Hammock x Gulf - მოიარე საქართველო, თბილისი
მოხარულები ვართ გაცნობოთ ახალი თანამშრომლობის შესახებ, ჟურნალი Hammock “გალფთან” ერთად მხარს უჭერს საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარებას და ამასთან დაკავშირებით საქართველოს ქალაქებსა და მხარეებზე გრაფიკული ვიდეოების ციკლს გთავაზობთ, რომელთაგან პირველი თბილისს ეხება #მოიარესაქართველო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.