fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x Gulf – მოიარე საქართველო, თბილისი

თბილისი რომ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ხშირად იწვევდა უცხოელი სტუმრების დიდ ინტერესს, ეს ცნობილი მკვლევრებისა და მოგზაურების  საუკუნეების წინანდელი ჩანაწერებიდანაც დასტურდება, სხვადასხვა დროს ევროპული და აზიური კულტურის გავლენით ჩამოყალიბებული თბილისის სიჭრელე უცხოელი სტუმრებისთვის დღემდე მიმზიდველი და შთამბეჭდავი სანახაობაა. ამ სიჭრელეს ყველაზე უკეთ საუკუნეების განმავლობაში ეპოქის შესაბამისი არქიტექტურა და დროის შესაბამისი დომინანტი კულტურისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა ქმნიდა, ისე რომ დღეს თბილისის სხვადასხვა, ერთმანეთისგან არცთუ შორს მდებარე უბნებში სეირნობისას აქ ჩამოსულ ტურისტს საშუალება ეძლევა ერთდროულად ჭრელ აზიურ, დახვეწილ ევროპულ და მკაცრ საბჭოთა ეპოქაში იმოგზაუროს და ამავე დროს  საკუთარი თვალით დააკვირდეს ჯერ კიდევ განვითარების პროცესში მყოფ თანამედროვე თბილისის ცხოვრების წესს – თანამედროვე არქიტექტურით, ამ ქალაქისთვის აქამდე უჩვეულო კონცეფციის მატარებელი სივრცეებით და რაც მთავარია – მსოფლიოს მასშტაბით უკვე აღიარებული თანამედროვე საკლუბო სცენით.

ჟურნალი Hammock “გალფთან” ერთად მხარს უჭერს საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარებას და ამასთან დაკავშირებით საქართველოს ქალაქებსა და მხარეებზე გრაფიკული ვიდეოების ციკლს გთავაზობთ, რომელთაგან პირველი სწორედ თბილისს ეხება.

ძველი თბილისი

ირანული არქიტექტურული სტილით აშენებული გუმბათიანი ცხელი წყლის აბანოები  დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის – აბანოთუბანის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.  წითელი აგურით მიპირკეთებულმა აბანოებმა ამჟამინდელი სახე მე-18 საუკუნეში მიიღო, თუმცა გოგირდოვანი აბანოების და ცხელი მინერალური წყლის ამ ადგილზე არსებობა მანამდე ბევრად ადრე, შუა საუკუნეების ისტორიკოსებისა და გეოგრაფების ჩანაწერებშიც მტკიცდება. აბანოები არა მხოლოდ სამკურნალო ან ჰიგიენურ, არამედ იმ პერიოდის ტფილისში საზოგადოებრივ დანიშნულებასაც ატარებდა, სადაც ადამიანები ხშირად თავისუფალი დროის გასატარებლად იკრიბებოდნენ.  რადგანაც სხვა გასართობი და თავშეყრის ადგილი იმ ეპოქის დედაქალაქში არ იყო, როგორც ერთ-ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ – სწორედ „ეს იყო მათი კლუბიც და თეატრიც“. დღეს უკვე ამ მიზნით აბანოებს ალბათ არავინ ესტუმრება, რადგან მსგავსი თავშეყრის ადგილი ამ ტერიტორიაზეც კი თავისთავად ძალიან ბევრია, მათ შორის ერთ-ერთი აბანოს ქუჩაზე მდებარე რესტორანი “კულინარიუმ-ხაშერიაა”, სადაც განსაკუთრებული და  მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნება და  თავისუფალი დროის სასიამოვნო ატმოსფეროში გატარებაა შესაძლებელი. თუმცა, აბანოთუბანში ყველაზე გამორჩეული  და დასამახსოვრებელი ადგილი მაინც ე.წ. ჭრელი აბანოს შენობაა, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მთლიანად აღმოსავლურ ყაიდაზე გადაკეთდა.  მინარეთული კოშკებით აშენებულმა აბანომ ეს სახელი სწორედ აღმოსავლური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ჭრელი ფილების გამო მიიღო. ისევე როგორც საუკუნეების წინ, ჭრელი აბანო დღესაც ფუნქციურია და იქ მისულ ნებისმიერ სტუმარს ტრადიციულთან ერთად თანამედროვე სპა და გამაჯანსაღებელი პროცედურებითაც შეუძლია ისარგებლოს. ჭრელი აბანოს უკან, იქ, სადაც მდინარე წავკისისწყალი ბოტანიკური ბაღიდან ჩანჩქერად მოედინება, თბილისის კიდევ ერთი უძველესი ადგილი – ლეღვთახევი მდებარეობს. დიდი ხნის განმავლობაში ეს ადგილი მთლიანად ბეტონით იყო დაფარული, თუმცა 2012 წლიდან, მისი რეკონსტრუქციის შემდეგ, ულამაზესი ჩანჩქერით, მდინარით და განსაკუთრებული კლიმატური პირობებით გამორჩეული ლეღვთახევი   ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ სასეირნო და დასასვენებელ ადგილად იქცა. ლეღვთახევში პატარა და მყუდრო კაფე “ლეღვიც” მდებარეობს, სადაც სტუმარს ტრადიციული მეთოდით დამზადებული მურაბების, კომპოტების, ქართული ყველისა და ღვინის დაგემოვნებაც შეუძლია.

ლეღვთახევს მისივე ტერიტორიაზე მე-19 საუკუნეში გაშენებული საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი გადმოჰყურებს, სადაც 3500-მდე მცენარის სახეობაა წარმოდგენილი.  აქ გარდა იშვიათი ადგილობრივი და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეებისა,  სხვადასხვა ჯიშის მსოფლიოში გავრცელებულ სახეობებსაც შეხვდებით, ბოტანიკურ ბაღში ასევე გაშენებულია ე.წ. იაპონური ბაღი, რომელიც იაპონური კულტურის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. დღეს ბოტანიკურ ბაღში 6 სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება ფუნქციონირებს, აქვეა წარმოდგენილი ტროპიკულ მცენართა ულამაზესი ორანჟერეაც.   ბოტანიკურ ბაღსა და აბანოებს შორის თბილისის უძველესი ციხესიმაგრე ნარიყალა მდებარეობს, საიდანაც დედაქალაქის ყველაზე ლამაზი ხედი იშლება.  ციხესიმაგრე, რომელიც მდინარე მტკვარს გადაჰყურებს, ისტორიულ წყაროებში მეოთხე საუკუნით თარიღდება და თავდაცვითი ნაგებობის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ნიმუშს წარმოადგენს. ნარიყალა, საიდანაც განსაკუთრებით ღამით არაჩვეულებრივი ხედი იშლება, დღეს საბაგიროს საშუალებით რიყის პარკს უკავშირდება. თუკი ციხემდე მისასვლელ ბილიკს დასავლეთით ბოლომდე გაუყვებით, თბილისის მთავარ სიმბოლოსთან, სოლოლაკის გორაზე მდებარე ქართლის დედის ქანდაკებასთან აღმოჩნდებით.

გასული საუკუნის თბილისის ნამდვილი ხიბლი რომ უბრალო დეტალებში, აივნების ორნამენტებში, ხვეულ კიბეებში, მოჩუქურთმებულ ფასადებში და ჭრელად მოხატულ სადარბაზოებშია, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს დედაქალაქი არა მხოლოდ აზიურ, არამედ ევროპულ  კულტურულ და მათ შორის არქიტექტურულ გავლენას განიცდიდა. მეცხრამეტე საუკუნის ევროპაში გავრცელებული ახალი კულტურული მიმდინარეობა Art Nouveau, რომელიც განსაკუთრებული სისადავითა და ჰარმონიულობით გამოირჩევა, თბილისურ სახლებზე, ბანკების, კინო-თეატრების შენობებზე და  ყველა სხვა მნიშვნელოვან არქიტექტურულ ძეგლზე მალევე აისახა. თუმცა ქართულ არტ-ნუვო არქიტექტურას თავისებური, ევროპულთან შერწყმული და არა მისგან კოპირებული, თვითმყოფადი ეროვნული მოტივები ახასიათებდა. ამგვარად მოჩუქურთმებული აივნებისთვის, კიბეებისა და ზოგადად მიმდინარეობისთვის დამახასიათებელ ესთეტიკურ დეტალებს ყველაზე ხშირად სოლოლაკის ვიწრო ქუჩებში შეხვდებით. სწორედ აქ, მაჩაბლის 13 ნომერში მდებარეობს მეოცე საუკუნის დასაწყისში დავით სარაჯიშვილის მიერ აშენებული ისტორიული მწერალთა სახლის შენობა  და მის ეზოში მდებარე კაფე “ლიტერა”. დავით სარაჯიშვილის სასახლე, რომელიც საუკუნეების ყველაზე მნიშვნელოვან და ზოგჯერ ტრაგიკულ ისტორიებსაც ინახავს, დღეს უკვე თავის ბაღში ქართულ-ევროპული კერძებით და მშვიდი, სასიამოვნო ატმოსფეროთი გიმასპინძლებთ. გარდა სოლოლაკისა,  არტ-ნუვოსთვის დამახასიათებელ არქიტექტურას შეხვდებით წარსულში პლეხანოვის, დღეს კი – აღმაშენებლის პროსპექტზეც. მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიმუშები ყოფილი ცენტრალური უნივერმაღის, დღეს უკვე TBC ბანკის სათავო ოფისისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის შენობებია. აქ მისულები აუცილებლად ეწვიეთ  თეატრთან მდებარე კაფე “მარჯანიშვილი–8-საც”, სადაც  ახლებური ფორმით წარმოდგენილი უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები დაგხვდებათ.

საბჭოთა თბილისი

1921 წელს საქართველოს გასაბჭოებამ და ზოგადმა პოლიტიკურმა განწყობამ ბუნებრივად  იქონია გავლენა იმ პერიოდის კულტურულ განვითარებაზეც, რაც მაშინდელი თბილისის ურბანულ სივრცეში ძირითადად ტიპური  საბინაო პროექტებით გამოიხატა. იქ, სადაც ადამიანებს ტანსაცმლიდან დაწყებული ყველაფერი ერთნაირი ჰქონდათ, არქიტექტურაც უმეტესწილად ასეთივე – ერთმანეთისგან არაფრით განსხვავებული იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეპოქისთვის დამახასიათებელი რამდენიმე გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობა მაინც შეიქმნა, რომელთაგანაც ზოგიერთი დღეს ისევ ფუნქციური, ზოგი კი მიტოვებული და განადგურების პირასაა.

რიტუალების სასახლე  

1984 წელს ვიქტორ ჯორბენაძის მიერ აშენებული რიტუალების სასახლე ამ პერიოდის არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ნაგებობა არქიტექტურული თვალსაზრისით გამორჩეულია –  ის ერთდროულად 1920-იანი წლების ექსპრესიონიზმსა და შუა საუკუნეების ქართული ტაძრის არქიტექტურის ერთგვარ ნაზავს, საბჭოთა პერიოდის არქიტექტურისთვის განსხვავებულ და გამორჩეულ ნაგებობას წარმოადგენდა. რიტუალების სასახლე დღესაც ფუნქციურია და ის სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, უფრო მეტად კი საქორწინო ცერემონიებს მასპინძლობს.

საავტომობილო გზების სამინისტრო  

„დასავლეთისთვის მოულოდნელი აღმოჩენა…“  – ასე შეაფასა დასავლურმა პრესამ 1975 წელს აშენებული საბჭოთა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა, რომლის გეომეტრიული, ე.წ. ხიდის სერიის ფორმები  ერთდროულად საბჭოთა კონსტრუქტივიზმისა და იაპონური მეტაბოლიზმის ტენდენციებს აერთიანებს. 18-სართულიანი ნაგებობა, რომელიც არაერთხელ მოხვედრილა ყველაზე შთამბეჭდავი საბჭოთა შენობების სიაში, განსაკუთრებულია იმითაც, რომ ზუსტად არის მორგებული იმ ბუნებრივ ლანდშაფტს, რომელზეც მდებარეობს.

სპორტის სასახლე

თბილისის სპორტის სასახლე, რომელიც სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებებისთვის დახურულ არენას წარმოადგენს, ხშირად კულტურულ ღონისძიებებსაც მასპინძლობს. 1961 წელს აშენებული სპორტის სასახლე გამოირჩეოდა იმით, რომ იმ პერიოდში კალათბურთისთვის შექმნილ  ყველაზე დიდ სპორტულ არენას წარმოადგენდა.

არქეოლოგიის მუზეუმი

ქართველი არქიტექტორების მიერ 1988 წელს აშენებული არქეოლოგიის მუზეუმი სიმეტრიული კონსტრუქციის ნიმუშს წარმოადგენს, რომლის ბარელიეფზეც დატანილია ოთხკუთხედი ფორმის სკულპტურა წარწერით – არქეოლოგია. აქ ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს საგამოფენო დარბაზებს ესტუმროს, სადაც  თბილისის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალებია დაცული. თავად მუზეუმიც დიღომში, თრელიგორების ნასახლარის ერთ-ერთ ბორცვზე მდებარეობს.

ექსპო ჯორჯია

1961-71 წლებში აშენებული ექსპო ჯორჯია 11 პავილიონს, აუზსა და პარკს აერთიანებს. პავილიონები, სადაც დღეს სხვადასხვა სახის ღონისძიებები ტარდება, თავდაპირველად აგრარული და ინდუსტრიული მიღწევების გამოფენებისთვის გამოიყენებოდა. წერეთლის გამზირზე მდებარე ექსპო ჯორჯიას პარკში დღემდეა წარმოდგენილი ძველი საბჭოთა პერიოდის სკულპტურები და ბარელიეფები.

ყოფილი სამეცნიერო ბიბლიოთეკა

70-იანი და 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოდერნისტული ნაგებობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში მყოფი ბიბლიოთეკის შენობაა. 1968 წელს შენობა მექანიკისა და მათემატიკის ფაკულტეტისთვის შეიქმნა, თავდაპირველად პროექტში გათვალისწინებული იყო სამეცნიერო ბიბლიოთეკა 5 მლნ წიგნით, მუზეუმითა და 1300-ადგილიანი სააქტო დარბაზით, რაც საბოლოოდ გეგმის მიხედვით ვერ განხორციელდა, თუმცა საბჭოთა არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობა დღესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში მყოფი ფუნქციური შენობაა.

ლაღიძის წყლები

წარმოუდგენელია თბილისი ლაღიძის წყლების გარეშე. მეცენატ მიტროფანე ლაღიძის მიერ 1887 წელს შექმნილი ლიმონათის უნიკალური რეცეპტი მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივ ნატურალურ ინგრედიენტებზე იყო დაფუძნებული. ბრენდის შექმნიდან სამი წლის შემდეგ ლაღიძის დავალებით მხატვარმა გიგო ზაზიაშვილმა სასაქონლო ნიშანი და ეტიკეტი შექმნა, თავად ლაღიძემ კი დამოუკიდებლად ააშენა ლიმონათის ქარხანა, რითაც იმდროინდელ საქართველოში  გაითქვა სახელი. ქარხნის აშენებიდან მალევე მიტროფანე ლაღიძემ ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის დახმარებით ამჟამინდელი რუსთაველის გამზირზე ქალაქის სავიზიტო ბარათად წოდებული ლაღიძის წლების საფირმო მაღაზია გახსნა, რომელიც 2007 წლამდე ამავე მისამართზე წარმატებით ფუნქციონირებდა. 2013 წელს ლაღიძის წყლებს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ამჟამად კი კაფეს, რომელსაც მიტროფანე ლაღიძის შთამომავლები უძღვებიან, შეგიძლიათ სამების ეკლესიის ეზოში ესტუმროთ.

თბილისი დღეს

თანამედროვე, დამოუკიდებელ საქართველოში მე-20 საუკუნის მკაცრი საბჭოთა არქიტექტურა, რომელიც ძირითადად ერთნაირ ფორმებს იმეორებდა და რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არაფრით გამოირჩეოდა, ოცდამეერთე საუკუნეში ნელ-ნელა ახალმა კონსტრუქციებმა და გამჭვირვალე მინის არქიტექტურამ ჩაანაცვლა. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანა მრავალი, მათ შორის კულტურული და ტურისტული  მიმართულებით განვითარდა. გაიხსნა ახალი, განსხვავებული და აქამდე თბილისისთვის უჩვეულო კონცეფციის სასტუმროები, რესტორნები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, გალერეები, კლუბები და სხვა ალტერნატიული სივრცეები, რომელთაგან რამდენიმემ არა მხოლოდ ადგილობრივ სივრცეში, არამედ საერთაშოროსო დონეზეც მოიპოვა აღიარება. მათ შორის ერთ-ერთი კოსტავას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “სტამბაა”, რომელმაც გასულ წელს AHEAD Awards Europe-ის  პრესტიჟული ჯილდო წლის საუკეთესო ახალი კონცეფციის ნომინაციაში მიიღო. სასტუმროში, რომელიც ორიგინალური ინტერიერით გამოირჩევა, ამასთანავე „კაფე სტამბას“ და მასში შემავალ შოკოლატერიასაც აერთიანებს.

ამავე ქუჩაზე მდებარეობს  კიდევ ერთი გამორჩეული დიზაინის სასტუმრო Rooms, რომელიც ერთდროულად ტრადიციული და ამასთანავე ახალი, ინოვაციური კულტურული თუ  არქიტექტრული იდეებით ფეხს უწყობს თანამედროვე თბილისის ცხოვრების სტილს. სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს კაფე “ლოლიტა”, რომლის კონცეფციაც ერთდროულად ძველებურ და თანამედროვე სტილს აერთიანებს, და “რუმსის” მსგავსად ყველაზე კარგად გამოხატავს დღევანდელი თბილისის ცხოვრების წესს, გარდა მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნებისა, აქ მეგობრებთან ერთად  საღამოს სასიამოვნოდ და ხალისიანად გატარებაა შესაძლებელი.

“ლოლიტას” გვერდით მდებარეობს კიდევ ერთი თანამედროვე ინტერიერითა და მრავალფეროვანი მენიუთი გამორჩეული კაფე “მანუც”, ჭოველიძის ქუჩაზე  არსებული კაფე საუკეთესო შესაძლებლობაა იმისა, რომ ევროპულთან ერთად, ახალი, განსხვავებული ფორმით შემოთავაზებული ქართული კერძებიც დააგემოვნოთ.

ჭოველიძის ქუჩაზეა თბილისის კიდევ ერთი გამორჩეული რესტორანი “ზალაც”, რომელიც მხატვარ მაია სუმბაძის მიერ შექმნილ ულამაზეს ინტერიერში ქართული კერძების თანამედროვე ინტერპრეტაციებს სთავაზობს სტუმრებს.

ამ ქუჩაზე სტუმრობისას არც “ქეთის ბისტროს” აუაროთ გვერდი, ღია სამზარეულო, ტერასა და მრავალფეროვანი უგემრიელესი მენიუ, როგორც მისი მფლობელი ქეთი ბაქრაძე ამბობს, მიზნის შესაბამისად ყველას და ყველაფრის თავშეყრის ადგილია.

Rooms-ისა და Stamba-ს სიახლოვეს, რუსთაველის გამზირზე მდებარეობს კიდევ ერთი გამორჩეული, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson Blu Iveria, რომელიც სასტუმროს გარდა კაფეს, გალერეას და კაზინოსაც აერთიანებს. დედაქალაქის ცენტრში მდებარე კომფორტული და გამორჩეული დიზაინის სასტუმროს ბოლო სართულებიდან თბილისის რამდენიმე განსხვავებული და არაჩვეულებრივი ხედი იშლება.

ახალ სასტუმროებთან და რესტორნებთან ერთად თბილისისთვის აქამდე  უჩვეულო მულტიფუნქციური ურბანული სივრცე – ფაბრიკაც გაიხსნა, სადაც ერთ სივრცეში – ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის ტერიტორიაზე – გაერთიანებულია კაფეები, ჰოსტელი, მაღაზიები, სახელოსნოები, საერთო სამუშაო და საგანმანათლებლო სივრცე. Fabrika Hostel რეგიონში ყველაზე დიდ ჰოსტელს წარმოადგენს, სადაც საშუალება გეძლევათ როგორც ინდივიდუალური, ასევე საერთო კომფორტული და კეთილმოწყობილი ოთახები დაიქირაოთ  და ხშირად თქვენთვის ხელსაყრელი სხვადასხვა შეთავაზებით ისარგებლოთ. გარდა სასტუმროსი, ფაბრიკას ტერიტორიაზე წარმოდგენილია სხვადასხვა კონცეფციის მაღაზიები, მათ შორის Black Dog Shop, რომელიც იშვიათ და უნიკალურ წიგნებს, ალბომებს, ხელნაკეთ ფოტო–წიგნებს, ქართული ლიტერატურის თარგმანებს, ვინტაჟურ პლაკატებს და სხვადასხვა საკანცელარიო ნივთებს გვთავაზობს.  კიდევ ერთი მაღაზია, სადაც საინტერესო, ორიგინალური და რაც მთავარია უნიკალური ნივთის შეძენა შეგიძლიათ, Ceramic Studio 1300-ია. მაღაზიაში საშუალება გაქვთ ფერადი ფინჯნები, კერამიკული ფილები, ვაზები და არტ-ობიექტები შეიძინოთ. ფაბრიკაში ფუნქციონირებს კიდევ ერთი საინტერესო და ყველასთვის ხელმისაწვდომი ავეჯის და სუვენირების მაღაზია Funduki-ც, სადაც სახლის ნივთებთან ერთად თქვენთვის ორიგინალური პრინტებით შექმნილი ნაჭრის ჩანთები, ჰუდები და მაისურები შეგიძლიათ შეიძინოთ. სახლისთვის ან ეზოსთვის ასევე შეძლებთ უამრავი სახეობის მცენარის, სუკულენტების, ბონსაის ხეებისა და მათთვის განკუთვნილი დეკორატიული, ხელით მოხატული ქოთნებისთვის Plant Shop-ს ესტუმროთ, სადაც სასურველი მცენარის შერჩევისას კონსულტანტები მისი მოვლის ინსტრუქციასაც გაგაცნობენ.

ფაბრიკაში დროს არა მხოლოდ ხალისიანად, არამედ გემრიელადაც გაატარებთ – აქ რესტორან “თონეში” შესანიშნავი კერძების, მათ შორის ქართული თონის პურის დაგემოვნების და თავადვე მომზადების შესაძლებლობაც გეძლევათ, ხოლო მათ, ვისაც აზიური და განსაკუთრებით იაპონური სამზარეულო გიზიდავთ, შქვენთვის რესტორან “შიო რამენის” კარია ღია.

თბილისის თანამედროვე საკლუბო სცენა

თბილისის თანამედროვე საკლუბო სცენა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულ ღამის კლუბებს აერთიანებს. დღეს წამყვან გამოცემებში კლუბ Bassiani-ს ხშირად ბერლინის ყველაზე ცნობილ კლუბ Berghain-საც ადარებენ. 2014 წელს დაარსებული კლუბი, რომელიც  გარდა იმისა, რომ უკვე წლებია გემოვნებიან და ხარისხიან მუსიკას გვთავაზობს, ხშირად პოლიტიკური აქტივიზმითაც გამოირჩევა, მუდმივად  მხარს უჭერს უმცირესობებს, იბრძვის რეპრესიული ნარკოპოლიტიკისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ. Mtkvarze – კიდევ ერთი კლუბი, რომელიც ელექტრონული, ჰაუს და ტექნო მუსიკის ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს ხშირად მასპინძლობს, 2012 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს. ”ბასიანთან” და “მტკვართან” შედარებით Khidi შედარებით ახალი კლუბია, ის 2016 წელს დაარსდა, თუმცა ელექტრონული მუსიკის მოყვარულებში პოპულარობა მალევე მოიპოვა,  ვახუშტი ბაგრატიონის ხიდთან მდებარე კლუბს ეს სახელი სწორედ ადგილმდებარეობის გამო ეწოდა.

ავტორი: გვანცა ჩანადირი

 


რეკომენდებული სტატიები
Hammock x TBC Insurance – მონტე-კარლოს გზამკვლევი

Hammock x TBC Insurance – მონტე-კარლოს გზამკვლევი

Hammock x TBC Insurance – მონტე-კარლოს გზამკვლევი
მონაკოში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფრანგული სანაპიროთი გამორჩეული მონტე-კარლო საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც ზაფხულის გატარებას ზღვის სანაპიროზე გეგმავს. მდიდრული, დახვეწილი დიზაინის გლამურული სასტუმროები, რესტორნები და კაზინოები ამ ქალაქის სავიზიტო ბარათია
Hammock x TBC Insurance – მადრიდის გზამკვლევი

Hammock x TBC Insurance – მადრიდის გზამკვლევი

Hammock x TBC Insurance – მადრიდის გზამკვლევი
Hammock თიბისი დაზღვევასთან ერთად წარმოგიდგენთ მადრიდს, ჯადოსნურ ქალაქს, სადაც ყოველ კუთხეში ისტორიის სული იგრძნობა, ცნობილს მუზეუმებით, ელეგანტური პარკებითა და დახვეწილი არქიტექტურით
Hammock x TBC Insurance – ნინო კირთაძის პარიზის გზამკვლევი
Play Video

Hammock x TBC Insurance – ნინო კირთაძის პარიზის გზამკვლევი

Hammock x TBC Insurance – ნინო კირთაძის პარიზის გზამკვლევი
Hammock თიბისი-დაზღვევასთან ერთად წარმოგიდგენთ მოგზაურობის ახალ რუბრიკას. რუბრიკის პირველი სტუმარია რეჟისორი ნინო კირთაძე
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.