fbpx
გააზიარე სტატია

Hammock Hennessy-ის ტურში

Hammock-ის კეთებას როდესაც ვიწყებდი, ერთ-ერთ მთავარ მიზნად მაღალი ხარისხი დავისახე. ვფიქრობდი, ჟურნალი უნდა იყოს საინტერესო, გემოვნებიანი, ახალი სულის მატარებელი და რაც მთავარია – მაღალი ხარისხის. ხარისხი ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ გადავწყვიტე მხარდამჭერები და კომერციული პროექტებიც ამ ნიშნით შეგვერჩია. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო, როდესაც Hammock-ის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი ლეგენდარული ბრენდი Hennessy გახდა, კომპანია 250-წლიანი ისტორიითა და მსოფლიოში კონიაკის წარმოების ყველაზე მაღალი ხარისხით.

Hammock-ისა და Hennessy-ის პირველივე თანამშრომლობა საინტერესო და მასშტაბური აღმოჩნდა. ჩვენი პირველი კოლაბორაცია ბარმენების კონკურსი – Hennessy Bartenders Competition 2018 გახლდათ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში მოღვაწე ბარმენებს Hennessy VS-ის გამოყენებით უნდა შეექმნათ ახალი და უნიკალური კოქტეილი. Hammock ფინალისტი ბარმენებისა და მათ მიერ კონკურსისთვის შექმნილი კოქტეილების შესახებ ვიდეოებს იღებდა. გადაღებები პატარა თავბრუდამხვევი მოგზაურობა იყო კოქტეილების სამყაროში. როზმარინით, სანთლის ფიჭით, მოცვის სიროფითა და სხვა საინტერესო ინგრედიენტებით შეზავებული Hennessy V.S-ის დაგემოვნება, ერთი დიდი სიამოვნება გახლდათ. კონკურსის მთავარი გამარჯვებული გაემგზავრებოდა საფრანგეთში, ქალაქ კონიაკში Hennessy-ის ტურში. დაუვიწყარ ტურში ქალაქ კონიაკსა და Chateau de Bagnloet-ში გამარჯვებულთან და სხვა სტუმრებთან ერთად Hennessy-იმ Hammock-იც მიიწვია.

ყველაფერი ულამაზეს, ღვინის კულტურით განთქმულ ქალაქ ბორდოდან დაიწყო. თბილისიდან ჩვენი თვითმფრინავი სწორედ ბორდოს აეროპორტში დაეშვა, პირველი საღამოც ამ ქალაქში გავატარეთ. ველოსიპედებით, ტრამვაის ხაზებითა და დახვეწილი დიზაინის მქონე მაღაზიებით სავსე ქალაქი მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ქალაქი მართლაც გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი, ეკო-ტრანსპორტი, მდინარის პირა ბულვარი, ჭადრების ხეივნები, ბაღები და ბოტანიკური ბაღი ბორდოს სტუმრებს იდილიურ მოცემულობას უქმნის ქალაქის დასათვალიერებლად და გასაცნობად. ბორდოში კი მართლაც რომ ბევრი რამ არის სანახავი. გარდა პარიზის მსგავსი, თუმცა შედარებით მცირე მასშტაბის კლასიცისტური სტილის შენობებისა, რომლებიც თვალს გჭრის თავისი კოხტა, გამწვანებული აივნებით, ქალაქში ბევრი თანამედროვე ღირსშესანიშნაობაა. მაგალითად, სულ ახალხან გახსნილი ღვინის ცივილიზაციის ცენტრი – Cite des Civilisations Du Vin, სადაც გასულ წელს პირველი მოწვეული ქვეყანა საქართველო გახლდათ და გაიმართა გამოფენა სახელწოდებით “საქართველო – მეღვინეობის აკვანი”. აგრეთვე იუნესკოს World Heritage Site-ში შესული Mirror d’Eau, ცნობილი ესპანელი არტისტის, ჯაუმ პლენსას სკულპტურა Sanaa, გამორჩეული თანამედროვე არქიტექტორების – ჟაკ ჰერცოგისა და პიერ დე მერონის დაპროექტებული Nouveau stade de Bordeaux და სხვ. ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისა და ქუჩებში ველოსიპედით სეირნობის შემდეგ, საღამოს, ჩვენი ტურის პირველ ვახშამზე, სასტუმრო Interconctinental Bordeaux Le Grand Hotel ტერასაზე შევიკრიბეთ. გამორჩეული არქიტექტურის მქონე სასტუმრო ქალაქის ცენტრში, ბორდოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ უბანში მდებარეობს, ჩვენი ტერასა პირდაპირ უყურებდა უმშვენიერის Grand Theatre de Bordeaux-ს. ვახშამი ერთგვარ გაცნობით ხასიათსაც ატარებდა. სუფრასთან მართლაც რომ სასიამოვნო საზოგადოება გახლდათ შეკრებილი, საქართველოში Moet-Hennessy-ის კავკასიის მენეჯერი, Hennessy & Glenmorangie-ის ბრენდ-მენეჯერი, G.D. Alco-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი, ჟურნალ “ამარტას” რედაქტორი, ივენთებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზატორები, კომპანია Tricolor Studio-ს დამფუძნებლები და, რა თქმა უნდა, Hammock-ისა და Hennessy-ის კონკურსში გამარჯვებული ბარმენი. თავბრუდამხვევი ჰენესის კოქტეილები, ბორდოს მარნებში დაყენებული ღვინო, უგემრიელესი ფრანგული სამზარეულო და ძალზედ სასიამოვნო საზოგადოება – ეს საღამო ჩვენი ტურის შესანიშნავი დასაწყისი გამოდგა, როგორც ფრანგები იტყვიან, Un excellent depart…

მეორე დღეს, ბორდოდან საფრანგეთის სამხრეთ დასავლეთით, ქალაქ კონიაკის მახლობლად, Hennessy-ის ლეგენდარულ შატო Chateau de Bagnloet-ში გავემგზავრეთ. თუმცა, სანამ შატოს ვესტუმრებოდით, წინ სხვადასხვა დანიშნულების ადგილები გვქონდა. გზად, ულამაზეს პატარა ფრანგულ რესტორანში შევჩერდით, სადაც Hennessy-ის ელჩი გიომ დე გიტო დაგვხვდა. სწორედ გიომი იქნებოდა ჩვენი მასპინძელი შატოსა და ქალაქ კონიაკში, Hennessy-ის მარანში, საგამოფენო ცენტრსა და სათავო ოფისში. უგემრიელეს Hennessy-ის კოქტეილებს, ასევე უგემრიელესი სტარტერი, მთავარი კერძი და დესერტი მოჰყვა. ბოლოს ლეგენდარული Hennessy X.O.- ს დაგემოვნების დროც დადგა.

Hennessy X.O. მართლაც ლეგენდარულია, ის XIX საუკუნის 70-იან წლებში კომპანიის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ხელმძღვანელმა მორის ჰენესიმ ოჯახში დაცული უძველესი სპირტების გამოყენებით შექმნა, შედეგად კი კონიაკის სრულიად ახალი სახეობა გაჩნდა. შემდეგი დანიშნულების ადგილი Hennessy-ის ვენახები გახლდათ, თვალუწვდენელ ტერიტორიაზე გადაშლილი ვაზის რიგები, რომლებიც მათემატიკური სიზუსტით იყო გაკრეჭილი, ნამდვილად შთამბეჭდავი სანახავი გახლდათ. როგორც ჩვენმა მასპინძელმა გვიამბო, კონიაკის რეგიონი მევენახეობისა და კონიაკის წარმოებისთვის იდეალური ადგილია. განსაკუთრებული ნიადაგი და კლიმატური პირობები, შესანიშნავი გემოს მქონე კონიაკის შექმნის წინაპირობაა. Hennessy ფრანგული კომპანიაა, მაგრამ მისი დამაარსებელი წარმოშობით ირლანდიელი რიჩარდ ჰენესი გახლდათ. ის საფრანგეთში მეფე ლუდოვიკო XV-ის არმიაში დაქირავებულ ჯარისკაცად მსახურობდა, თუმცა 1765 წელს დაშავდა და კუნძულ რენეზე მდებარე ჰოსპიტალში მოათავსეს. მკურნალობის პერიოდში რიჩარდმა მოინახულა ახლომდებარე ქალაქი კონიაკი, რომელიც განთქმული იყო ალკოჰოლური სასმელებით. გამოჯანმრთელებულმა რიჩარდმა კონიაკში თავისი კომპანია ჩამოაყალიბა. თავდაპირველად მთავარ ექსპორტის ქვეყანას ბრიტანეთი წარმოადგენდა, საუკუნის მიწურულს Hennessy გასცდა ევროპის კონტინეტს და ექსპორტი ამერიკაში დაიწყო, ხოლო მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, როდესაც კომპანიას უკვე რიჩარდის შვილი – ჯეიმს ჰენესი მართავდა, Hennessy აზიის ქვეყნებშიც შევიდა. Hennessy მიჩნეული იყო როგორც მაღალი საზოგადოების სასმელი, მისი დიდი მოყვარული გახლდათ ბრიტანეთის მეფე გეორგ IV. ვენახებიდან Hennessy-ის ფაბრიკაში გადავინაცვლეთ, სადაც დესტილაცია ხდება, გარშემო ახალდაწურული ყურძნის და ალკოჰოლის მომაჯადოებული სურნელი იდგა, სურნელი, რომელიც თითქოს წინასწარ მოასწავებდა Hennessy-ის განუმეორებელი კონიაკის გემოს. შემდეგ მარანიც მოვინახულეთ, სადაც კასრებში უძველესი კონიაკი ინახებოდა. თავდაპირველად Hennessy-ის კონიაკის ჩამოსხმა სწორედ კასრებში ხდებოდა. ბოთლებში ჩამოსხმა 1864 წელს დაიწყო, როდესაც მორის ჰენესიმ პირველი სერიული წარმოების ქარხანა გახსნა. მარანში შევნიშნეთ დედა დედოფლის ფოტოც, რომელიც აქაურობის საპატიო სტუმარი ყოფილა.

დღის ბოლოს მთავარი დანიშნულების ადგილისკენ, Chateau de Bagnloet-სკენ გავემგზავრეთ. მდინარე შარანის პირას, ულამაზეს ბაღში მდგარი თეთრი, დახვეწილი არქიტექტურის მქონე შენობა მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. დიახ, ჩვენ ღამეს ამ ზღაპრულ შატოში გავათევდით. შატოში, რომელიც 1841 წელს ოგიუსტ ჰენესიმ მეუღლის, ირენ ჰენესის თხოვნით შეიძინა და მას შემდეგ Chateau de Bagnloet ჰენესების ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს. ძველებური ინტერიერი, ანტიკვარული ავეჯით, ნივთებით, დეკორაციებითა და ნახატებით. ყველაფერი დახვეწილი და ესთეტიკური, არაფერი გადამეტებული. პირველ სართულზე გახლდათ მისაღები, სადაც ჰენესის საოჯახო ფოტოების ნახვაა შესაძლებელი, აქვე მდებარეობს ვახშმისთვის განკუთვნილი ულამაზესი ოთახები. შატოს მომსახურე პერსონალი სტუმრებს თბილად მოგვესალმა და მეორე სართულზე, სტუმრებისთვის განკუთვნილი საძინებლებისკენ გაგვიძღვა. ოთახებსაც შენარჩუნებული ჰქონდა ავთენტური სტილი, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ასევე ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო, როდესაც ოთახში შესულს, ბუხრის თავზე ჩემს სახელზე დაწერილი წერილი და საჩუქარი Hennessy X.O. დამხვდა. წერილში სახლის მასპინძელი გვწერდა, რომ მოხარული იყო ჩვენი Chateau de Bagnloet-ში სტუმრობით და სასიამოვნო დროის გატარებას გვპირდებოდა სახლში, რომელიც დღეს ჩვენი სახლიც იყო. მსგავსი თბილი დახვედრა, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის ძალზედ სასიამოვნო გახლდათ. ჩემი ოთახის ტერასა ბაღს გადაჰყურებდა, გადავწყვიტე ვახშმამდე ბაღში გამესეირნა. უმშვენიერესი შატო, ძალზედ თბილი დახვედრა… არ მეგონა, თუ კიდევ რამე გამაკვირვებდა… და უეცრად ბაღში ირმები შევნიშნე. ეს იყო ჯადოსნური მომენტი, როდესაც ვიფიქრე, რომ ნამდვილ ზღაპარში ვიყავი. უკვე ბნელდებოდა და ვახშმის დროც ახლოვდებოდა. შატოს ვახშამიც განსაკუთრებული აღმოჩნდა, ფრანგული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი პიკანტური, რამდენიმე სართულიანი გემოებით და Hennessy-ის სასიამოვნოდ გამაბრუებელი კოქტეილები ყველაფერს კიდევ უფრო ზღაპრულს ხდიდა. მქონდა განცდა, რომ ვიყავი დედამიწიდან ძალიან ძალიან შორს, უშორეს ვარსკვლავზე…

მესამე დღეს ზღაპრული შატოდან ზღაპრული ქალაქისკენ – კონიაკისკენ გავწიეთ. მშვიდი, პატარა ქალაქი, ლამაზი ქუჩებითა და სახლებით. სწორედ ამ ზღაპრულ პატარა ქალაქში მდებარეობს ჰენესის სათავო ოფისი, ქარხანა და საგამოფენო ცენტრი. თავდაპირველად ვეწვიეთ სივრცეს, სადაც გაგვაცნეს ჰენესის ისტორია და კონიაკის დამზადების ტექნოლოგია. შემდეგ გადავინაცვლეთ სადეგუსტაციო ოთახში, სადაც სხვადასხვა სიძველისა და დასახელების ჰენესის კონიაკი დავაგემოვნეთ. დეგუსტაციას ჰენესის უგემრიელესი კოქტეილების აპერეტივი, ხოლო აპერეტივს დაუვიწყარი სადილი მოჰყვა. სადილის შემდეგ ჰენესის საგამოფენო სივრცე დავათვალიერეთ. 1988 წელს Hennessy Louis Vuitton-ის ჰოლდინგში – დღეს უკვე LVMH-ად წოდებულ ჰოლდინგში შევიდა. ბრენდის მარკეტინგმაც მოდერნიზაცია დაიწყო. უკვე რამდენიმე წელია Hennessy მსოფლიოს წამყვან არტისტებთან თანამშრომლობს. პირველ სართულზე ცნობილი ფრანგი არტისტის, ხავიერ ვეილანის სკულპტურა და ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ფოტოგრაფის, ანტონ კორბინის ფოტოები იყო გამოფენილი, რომელიც Hennessy-იმ პირველ სართულზე ცნობილი ფრანგი არტისტის, ხავიერ ვეილანის სკულპტურა და ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ფოტოგრაფის, ანტონ კორბინის ფოტოები იყო გამოფენილი, რომელიც Hennessy-იმ 250 წლისადმი მიძღვნილი გამოფენისათვის თანამშრომლების გადასაღებად მიიწვია. ყოველ წელს Hennessy, Hennessy V.S.-ის შეფუთვას მოწვეულ არტისტს უკვეთავს. გასულ წელს V.S.-ის დიზაინზე ცნობილმა ამერიკელმა გრაფიტ არტისტმა Jonone-მა იმუშავა, ხოლო წელს პორტუგალიელმა გრაფიტი/სთრით არტისმა Vhils-მა, იგივე ალექსანდრე ფარტომ. სწორედ Vhils-ის ნამუშევრები გახლდათ საგამოფენო სივრცის მეორე სართულზე გამოფენილი. საგამოფენო სივრცემ და იქ წარმოდგენილმა არტისტებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს და დავფიქრდი, რამდენად ხარისხიანი და წარმატებული შეიძლება იყოს კომერციული კომპანიისა და არტისტის კოლაბორაცია. სწორედ ამ საგამოფენო სივრცეში მივხვდი, რომ Hennessy არის არა მარტო დიდი ისტორიისა და ტრადიციების კომპანია, არამედ ბრენდი, რომელიც იდეალურად უწყობს თანამედროვეობას ფეხს და კონიაკის წარმოება მეცნიერებისა და ხელოვნების სიმაღლეზე აჰყავს.

ზღაპრული ქალაქები, ჯადოსნური შატო, სასიამოვნო საზოგადოება, Haute cuisine სამზარეულოს კერძები, უგემრიელესი Hennessy და Hennessy-ის კოქტეილები, ძველი მარნები და ახალი საგამოფენო ცენტრები მსოფლიოს წამყვანი ხელოვანების ნამუშევრებით – Hennessy-ის ტური ნამდვილად იქცა ჩემს დაუვიწყარ ფრანგულ მოგონებად.

ავტორი: გიორგი მაისურაძე


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.