გააზიარე სტატია

Hammock x TBC Insurance – ნინო კირთაძის პარიზის გზამკვლევი

Hammock  თიბისი დაზღვევა-სთან ერთად წარმოგიდგენთ მოგზაურობის ახალ რუბრიკას. ვისგან გაიცნობდით ქალაქს, რომელში მოხვედრაც თქვენი დიდი სურვილი ან სულაც ოცნებაა? ალბათ ადამიანისგან, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობს და მისი ყოველი კუთხე-კუნჭული კარგად იცის; ვინც გირჩევდათ ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებს, საუკეთესო სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფე-ბარებს, მუზეუმებს, გალერეებსა თუ Concept store-ებს, საინტერესო ისტორიის, კონცეფციისა თუ ადგილმდებარეობის ნიშურ ადგილებს.

თან, თუ ეს ადამიანი  გამოჩენილია თავის პროფესიაში, მისი პროფესია კი ძალზედ საინტერესო,  გზამკვლევი, რომელსაც ის შემოგთავაზებთ თქვენთვის ჯადოსნური ქალაქის კარის ერთგვარი გასაღები გახდება. ქალაქის, რომელიც ყველა თავის დაფარულ, უჩვეულო, საინტერესო და უმშვენიერეს საიდუმლოს გაგიზიარებთ.

რუბრიკის პირველი სტუმარი და ჩვენი მასპინძელია რეჟისორი ნინო კირთაძე, რომელიც  წლებია ცხოვრობს, ხელოვნების, მოდის და სიყვარულის ქალაქში, პარიზში.

 

ტიულერის ბაღი & Musée de l’Orangerie

პარიზის ბაღებს  თავიანთი საიდუმლოებები აქვთ, ზამთარში ისინი კიდევ უფრო ჯადოსნურები ხდებიან. ამიტომ ჩვენს მოგზაურობას პარიზში ტიულერის ბაღიდან დავიწყებდი. ეს ბაღი განსაკუთრებით მომაჯადოებელია ნისლიან დღეს – ფორთოხლის ხეები და ირგვლივ ჩამოწოლილი ნისლი. აქვეა  Musée de l’Orangerie, სადაც კლოდ მონეს შესანიშნავი პერმანენტული გამოფენის – Les Nymphéas de Claude Monet-ის ნახვაა შესაძლებელი. ტიულერის ბაღიდან შესანიშნავი პანორამა იშლება შანზელიზეს ავენიუზე, რომელიც დეფანსამდე, პარიზის ახალ, ცათამბჯენებით სავსე უბნამდე მიდის. ეს ადგილი კარგია ფიქრისა და შეგრძნებებისთვის.

 

Café Marly & ლუვრის პირამიდა

ტიულერის ბაღიდან იქვე, ორიოდე ნაბიჯში მდებარე თაღებიან კაფე Marly-ში გადასვლას და ფინჯანი ყავის დალევას შემოგთავაზებდით. Marly პირდაპირ ლუვრის პირამიდას უყურებს. სწორედ ეს არის პარიზი, ძველი ტრადიციების შენარჩუნებისა და ახალი მონაპოვრის სინთეზი. ეს გახლავთ ამ ქალაქის შარმი, როგორ ახამებენ ახალს ძველთან. ეს ადგილი უკვე წარმოუდგენელია ამ პირამიდის გარეშე, პირამიდის, რომელიც ცნობილი ჩინური წარმომავლობის ამერიკელი არქიტექტორის, იუჰ მინ პეის დაპროექტებულია.

 

Place Vendôme &  Hôtel Ritz Paris

შემდეგ გირჩევდით Place Vendôme-ის მონახულებას, სადაც გარშემო სულ მესაათების, ოქრომჭედლებისა და ცნობილი ბრენდების მაღაზიებია. Place Vendôme-ზე მდებარეობს ისტორიული სასტუმრო Hôtel Ritz Paris. ეს გახლავთ ძველი ტრადიციების მქონე, ყველაზე პრესტიჟული სასტუმრო პარიზში. პრინცესა დაიანა სწორედ ამ სასტუმროდან გამოვიდა თავის უკანასკნელ დღეს, ტრაგედიაც აქვე, ახლომდებარე ალმას ხიდთან მოხდა. მახსოვს, პარიზში რომ ჩამოვედი,  ტრაგედიის ადგილას სულ ყვავილები ეწყო.

 

Jardin du palais-royal & Les Deux Plateaux

Place Vendôme-იდან  ახლომდებარე ულამაზესი ბაღის, Jardin Du Palais-royal მონახულებას გირჩევდით. აქვეა დანიელ ბიურენის ცნობილი ინსტალაცია – Les Deux Plateaux, რომელიც აგრეთვე კარგი მაგალითია ძველისა და ახლის ჰარმონიული სინთეზისა. ზოგადად, ამ უბანში ბევრი საინტერესო და გემოვნებიანი გალერეაა.

Le Marais

შემდეგ შეგვიძლია გზა პარიზის უძველესი უბნის – მარესკენ გავაგრძელოთ. ვფიქრობ, აქ ფეხით სეირნობა ძალიან სასიამოვნოა, თქვენ შეხვდებით ქუჩების ისეთ ძველ, შემორჩენილ სახელწოდებებს, როგორებიცაა – ცუდი ბიჭების ქუჩა, ვერცხლის გამყიდველების ქუჩა და ა.შ.

 

მეექვსე უბანი

მარედან შეგვიძლია გეზი მეექვსე უბნისკენ ავიღოთ, აქ არის კაფე Les Deux Magots, რომელიც სენ ჟერმენის პერიოდში მწერლებისა და ლიტერატორების შეკრების ადგილი გახლდათ. კაფეს სტუმრებს შორის იყვნენ სიმონ დე ბოვუარი, ჟან პოლ სარტრი, ახალგაზრდა ერნესტ ჰემინგუეი, ასევე ალბერტ კამიუ, ჯეიმს ჯოისი, ბერტოლდ ბრეხდი და ა.შ. აქ არის მაგიდები, რომლებზეც მათი და კაფეს სხვა გამოჩენილი სტუმრების სახელებია დაწერილი. აქვეა კლასიკური არტ-დეკოს დიზაინის Café De Flore, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ყავის სახლია პარიზში. ხოლო Les Deux Magots-ის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს Brasserie Lipp, სადაც  კინოსა და შოუბიზნესის ბევრი წარმომადგენელი დადის. აქ მაგიდები პრაქტიკულად მიტყუპებულია, რაც ხელს უწყობს ადამიანების ურთიერთობას. შემდეგ იქვე, Rue Jacob-ის, Rue de Saine-ის, Rue de busi-ის ქუჩებზე გავისეირნებდი, ეს არის მონმარტრისგან განსხვავებული პარიზი. აქ შეხვდა პარიზში ცხოვრების პერიოდში ცვეტაევა პასტერნაკს. რა თქმა უნდა, ეს ქუჩები აღარ არის ის, რაც საუკუნის წინ იყო, მაგრამ მაინც საინტერესოა, ბევრ ცნობილ ადამიანს შეხვდები, Rue Jacob-ზე ჯეინ ბირკინი ჩაივლის… ამ უბანში შეხვდები ძალიან მდიდრებსაც და ძალიან ღარიბებსაც, ვინც საუკუნეა აქ ცხოვრობს. ვფიქრობ, ადამიანების სახეებია აქ ძალიან საინტერესო. აუცილებლად წავიდოდი ახლომდებარე ლუქსემბურგის ბაღში, მოვინახულებდი Musée du Luxembourg-ს, სადაც ძალიინ კარგი გამოფენები იმართება. ამ უბანში უამრავი კინოდარბაზია, დაუსრულებელი რეტროსპექტივებით. იქვეა ნოტრდამი, რომელიც ვფიქრობ, პარიზში ჩასულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს. ლუქსემბურის ბაღიდან ნოტრ დამამდე ფეხით შეგიძლიათ გაისეირნოთ. ნორტ დამის უკან არის ბევრი კაფე, აგრეთვე არის ცნობილი ინგლისურენოვანი წიგნების მაღაზია Shakespeare and Company. მე ვიცნობ მაღაზიის მეპატრონის ქალიშვილს, რომელმაც მიამბო, რომ მაღაზიის თავზე მდებარე სართულზე ხშირად რჩებოდნენ მწერლები, ბევრმა ერთმანეთი გაიცნო და იქორწინა კიდეც. აქვეა Musée d’Orsay, რომელიც ადრე რკინიგზის სადგური იყო, ახლა კი აქ ძალიან ლამაზი მუზეუმია. შთამბეჭდავია ტრანსფორმაცია, როგორ შეიძლება რკინიგზის სადგური მუზეუმად გადაიქცეს.

 

მონმარტრი და 18 უბანი

გეზი შეგვიძლია მონმარტრისკენ ავიღოთ. Place du tertre ძალიან ტურისტული ადგილია, ეს ის მონმარტრი აღარ არის, სადაც იმპრესიონისტები დადიოდნენ, მაგრამ აქ შემორჩენილია ძველი კერძო სახლები და ვენახები. ერთ-ერთ ასეთ სახლში კლოდ ლელუში ცხოვრობს. პარიზი ძალიან საინტერესო გახლავთ იმით, რომ ერთ ქუჩის მიღმა სიტუაცია შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. მაგალითად, მე-18 უბანი, რომელიც მონმარტრს ესაზღვრება. ამ უბანში ძირითადად ცხოვრობს ხალხი, რომლებსაც არ აქვთ ფული, დიდია მიგრანტების რაოდენობა, ნახავთ ხანშიშესულ სექსმუშაკებს, რომლებიც ღირსეულად დგანან ქუჩის პირას. ერთხელ რეზო გაბრიაძესთან ვმუშაობდი, მას ძალიან მოსწონს ეს ადგილი და მახსოვს, იძახდა, პარიზის ნამდვილი გული აქ არისო. აქვეა  პიტერ ბრუკის თეატრი, წარმოუდგენელი სილამაზის, რომლის მხოლოდ დათვალიერებაც კი დიდი სიამოვნებაა, აღარაფერს ვამბობ სპექტაკლზე დასწრებას.

 

არტ ნუვო & ჰექტორ გიმარი

არქიტექტურით დაინტერესებულ ადამიანებს ვურჩევდი არტ ნუვოს მამის – ჰექტორ გიმარის შენობების, ასევე მისი დაპროექტებული მეტროს შესასვლელების ნახვას, რომლებიც მთელ ქალაქშია მიმოფანტული.

პარიზზე წერა დაუსრულებლად შეიძლება, ვფიქრობ, დასაწყისისთვის ამ ქალაქზე ჩემი შერჩეული ადგილები ლამაზ, საინტერესო და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.

 

შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ანო ნიკოლაიშვილი
პროექტის კოორდინატორი: გიორგი მაისურაძე
მონტაჟი & 3D: დათო მრელაშვილი
კომპოზიტორი: რეზო ღლონტი


რეკომენდებული სტატიები
ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"
ბერლინი სუპერ ხელმისაწვდომი, სუპერ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ბერგჰაინის სამშობლოა; არტისტების, დიზაინერების, ხელოვანების ბუდეა და არცაა გასაკვირი, რომ ღამის ცხოვრების ბუმთან ერთად ის მოდური და კონცეპტუალური მაღაზიების ეპიცენტრადაც იქცა.
Chateau Marmont

Chateau Marmont

Chateau Marmont
ძველი ჰოლივუდის გლამური, ბევრი ცნობილი ისტორია, რამდენიმე გახმაურებული სიკვდილი და ერთი საკულტო სასტუმრო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.