fbpx
გააზიარე სტატია

Hennessy-ის ეტიკეტები, რომელსაც არტისტები ქმნიან

ერთ-ერთი ძველი და ლეგენდარული კონიაკის სახლი Hennessy, რომელიც 1765 წელს საფრანგეთში მცხოვრებმა ირლანდიელმა ოფიცერმა რიჩარდ ჰენესიმ დააარსა, დღეს პრემიუმ ხარისხის სასმელთან, პრივილეგიასთან, პრესტიჟსა და განსაკუთრებულობასთან ასოცირდება. ასწლეულების მანძილზე კომპანიის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, გარდა იმისა, რომ Hennessy დღემდე აწარმოებს სასმელს, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს.

Hennessy-ის პროდუქციის განსაკუთრებულობას ერთი მხრივ, მისი წარმოების პროცესი განაპირობებს, მეორე მხრივ კი – ის ექსპერიმენტული მიდგომა, რომელიც კომპანიის მხრიდან პროდუქტის ორიგინალური გზებით მომხმარებლამდე მიტანისა და სიახლეების ძიების უსასრულო პროცესს გულისხმობს.

მაშინ, როცა რიჩარდ ჰენესი საფრანგეთის პატარა ქალაქ კონიაკში მომაჯადოებელი სასმელის წარმოებას იწყებდა, და უფრო მერეც, ეს სასმელი ასწლოვან მუხის კასრებში ინახებოდა და აქედანვე იყიდებოდა “ჩამოსასხმელი” სახით.

ბოთლებში კონიაკმა მოგვიანებით, XIX საუკუნის II ნახევარში გადაინაცვლა. 1864 წელს საზეიმოდ გაიხსნა მასობრივი წარმოების პირველი ქარხანა და დაიწყო კონიაკის ბოთლებში ჩამოსხმა. კომპანიაში ამ დროს უკვე იცოდნენ, რომ სანამ ადამიანი სასმელს გასინჯავს, მანამდე ბოთლმა უნდა მიიპყროს მისი ყურადღება და განსაკუთრებით ფაქიზად ეპყრობოდნენ ბოთლებისა და ეტიკეტების დიზაინს. იცოდნენ ისიც, რომ მნიშვნელოვანია პროდუქტის “სწორ ადამიანებამდე” მიტანა და ამ მიზნით ელიტარულ თავყრილობებს მართავდნენ, რომლის მთავარი მასპინძელიც Hennessy-ის კონიაკი იყო.

ასე იწყებოდა Hennessy-ის, როგორც ერთგვარი სტანდარტის ჩამოყალიბება სტილის ეტალონად და გემოვნების ნიშნად. ამ ნიშის შესანარჩუნებლად, სხვა მრავალ გზასთან ერთად, ერთ-ერთი, რასაც კომპანია იყენებს, ხელოვანებთან კოლაბორაციაა.
სხვადასხვა მედიუმში მომუშავე, განსხვავებული ეროვნების, გემოვნების, სტილისა და ინტერესების მქონე არტისტებს Hennessy ლიმიტირებული წარმოებისთვის განკუთვნილი ბოთლების დიზაინის შესაქმნელად იწვევს და ამტკიცებს, რომ ხელოვნება და კარგი სასმელი ერთმანეთთან მტკიცედ არის დაკავშირებული.

გთავაზობთ სხვადასხვა წლებში კოლაბორაციის შედეგად შექმნილ ბოთლებს და მათ ავტორ არტისტებს.

2018 წელს Hennessy-ისთვის მუშაობდა პორტუგალიელი ქუჩის არტისტი ალექსანდრე მანუელ დიას ფარტო, არტისტული სახელით Vhils, რომელიც ცნობილი ხელოვანის, ბენქსის მეგობარი და თანამზრახველია. ის ცნობილია კედლებზე, ბოლბორდებსა და გარე ფასადებზე შესრულებული მასშტაბური პორტრეტებით, რომელთა შექმნაშიც კედლების ავთენტურ ნაწილებსაც იყენებს.

2011 წელს Hennessy ამერიკელ ქუჩის ხელოვანთან, KAWS-სთან თანამშრომლობდა, რომელიც ამავდროულად სკულპტორი, ილუსტრატორი, პროდუქტების დიზაინერი და სათამაშოების მწარმოებელიც კია. KAWS-სთან თანამშრომლობით შექმნილი ბოთლი სულ 420 000 ცალი გამოვიდა და ყოველ მათგანს ინდივიდუალური ნომერი და ავტორის ხელმოწერა ჰქონდა..

2012 წელს Hennessy-ისთვის ლეგენდარულმა ამერიკელმა ქუჩის ხელოვანმა ლეონარდ ჰილტომ მაკგურიმ იმუშავა, არტისტული სახელით Futura. 63 წლის ხელოვანმა ხატვა ნიუ-იორკის მეტროს სადგურებზე გასული საუკუნის ადრეულ 70-იან წლებში დაიწყო. 1981 წელს ბრიტანული პანკ ტოკ ბენდ The Clash-ის ევროპულ ტურნეზე სცენის გაფორმებაზე მუშაობდა, შემდეგ საფრანგეთში, ბონდის ურბანულ მოძრაობაში ჩაერთო. 90-იან წლებში ძალები მოდაში მოსინჯა: ჯერ სხვადასხვა ბრენდებთან თანამშრომლობდა, მოგვიანებით კი ტანსაცმლის საკუთარი ლეიბლი Futura Laboratories  შექმნა იაპონიაში, ფუკუოკაში ლოკალიზებული მაღაზიით.

 

2013 წელს ბრაზილიელ ტყუპი ძმებს, ოტავიოსა და გუსტავო პანდოლფოსებს მიანდეს ბოთლის დიზაინზე მუშაობა. OSGEMEOS ძმების არტისტული სახელია და პორტუგალიურად “ტყუპებს” ნიშნავს. სან პაულოში დაბადებულმა ძმებმა საკომუნიკაციო ენად საჯარო სივრცეებში ხატვა ადრეული ასაკიდან აირჩიეს და დროთა განმავლობაში სახელი გაითქვეს მურალებით.

2014 წელს ამერიკელ მხატვარზე, დიზაინერსა და აქტივისტ ფრენკ შეპარდ ფერიზე გააკეთეს არჩევანი Hennessy-ში, რომელიც ფართო მასებისთვის 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას პოსტერით გახდა ცნობილი. ბოსტონის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტის დახასიათებით, ის თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქუჩის არტისტია. შეპარდ ფერის საკუთარი ტანსაცმლის ბრენდიც აქვს, რომელსაც აქტივიზმისთვის იყენებს: ეწინააღმდეგება კორპორაციების პოლიტიკას და სოციალურ თემებზე შექმნილ პროვოკაციულ ტანსაცმელს აწარმოებს.

2015 წელს ამერიკელმა Ryan McGinness-მა იმუშავა Hennessy-ისთვის, რომელიც თავისი ფსიქოდელიური სტილის ნამუშევრებით, ფერებთან თამაშით და საინტერესო ექსპერიმენტებით არის ცნობილი და ყველაფერს, რასაც ქმნის, იქნება ეს სკულპტურა, ნახატი თუ რომელიმე კომპანიის ლოგო, ყველაფერში შეიგრძნობა მისი სტილი, რომლის ჩამოყალიბებაშიც თავის მხრივ “სკეიტბორდის კულტურამ” ითამაშა დიდი როლი.

2016 წელს Hennessy-ისთან სათანამშრომლოდ ნიუ-იორკის ერთ-ერთი გამორჩეული ტატუ არტისტი სკოტ კემპბელი მოიწვიეს, რომელსაც ამ დროისთვის უკვე ჰქონდა მარკ ჯაკობსთან წარმატებული თანამშრომლობის პრეცედენტი ლუი ვიტონის 2011 წლის კოლექციის ჩანთების შექმნისას. 

2017 წელს საფრანგეთში მცხოვრებმა ამერიკელმა ხელოვანმა  JonOne-მ იმუშავა, რომელიც ცნობილია თავისი ინოვაციური ხელწერით, რაც გამოარჩევს გრაფიტში მომუშავე სხვა უამრავი არტისტისგან. მისი “თავისუფალი სტილი” გულისხმობს მთელი სივრცის მთლიანად ათვისებას და არც ერთი ცარიელი ან თეთრი ადგილის დატოვებას. სიმეტრიისა და ასიმეტრიის, გამეორებისა და უნიკალურობის, მარტივი და რთული ფორმების ზღვარზე მოსიარულე მხატვარმა Hennessy-ისთვის ყველაზე ფერადი და მხატვრული ბოთლი შექმნა.

 

 


რეკომენდებული სტატიები
Hammock Hennessy-ის ტურში

Hammock Hennessy-ის ტურში

Hammock Hennessy-ის ტურში
ზღაპრული ქალაქები, ჯადოსნური შატო, სასიამოვნო საზოგადოება, Haute cuisine სამზარეულოს კერძები, უგემრიელესი Hennessy და Hennessy-ის კოქტეილები, ძველი მარნები და ახალი საგამოფენო ცენტრები მსოფლიოს წამყვანი ხელოვანების ნამუშევრებით - Hennessy-ის ტური ნამდვილად იქცა ჩემს დაუვიწყარ ფრანგულ მოგონებად.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.