fbpx
გააზიარე სტატია

Locals Only: თანამედროვე სკეიტბორდინგის დაბადება

1975 წლის ზაფხულს, მზიან კალიფორნიაში, გვალვებისას, თითქმის ყველა საცურაო აუზები ამოშრა. კალიფორნიელმა თინეიჯერებმა, განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც სერფინგით იყვნენ გატაცებული და გვალვებში ტალღებზე სრიალს ვერ ახერხებდნენ, ცარიელ საცურაო აუზებს ახალი დანიშნულება მოუძებნეს და ისინი ფლეიგრაუნდებად აქციეს, სადაც მთელი ზაფხული გაატარეს.

ისტორიულად სწორედ ამ დროს დაიბადა ის სკეიტბორდინგი, როგორსაც ახლა ვიცნობთ. ამ პერიოდში ახალგაზრდა ფოტოგრაფმა ჰიუ ჰოლანდმა რუჯიანი, გრძელთმიანი სკეიტერები მანქანიდან LA-ის Laurel Canyon Boulevard-ზე შენიშნა და მათი გარეგნობით და თვალისმომჭრელი აურით მოხიბლულმა, შემდეგი სამი წელი მოზარდების ფოტოების გადაღებას მიუძღვნა. ჰოლანდი ზუსტ დროს ზუსტ ადგილას აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში ვერც ჰოლანდი და ვერც სკეიტერები ამას ვერ იაზრებდნენ, ისინი სწორედ იმ სუბკულტურას ქმნიდნენ, რაც შემდეგი ათწლეულების განმავლობაში პოპ-კულტურის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პერიოდად ითვლება.

შემდეგი სამი წლის განმავლობაში ჰოლანდი სკეიტერებს და მათ მეგობრებს 35 მმ-იანი კამერით იღებდა. 70-იან წლებში 32 წლის ჰოლანდს კამერამ ის cool-factor მიანიჭა, რამაც მას ამ სუბკულტურის ეპიცენტრში მოხვედრა გაუადვილა და მისი ფოტოებიც მომენტებში რომანტიზებულ, მაგრამ მაინც გაუფილტრავ სინამდვილეს აჩვენებს. კალიფორნიული suburb-ების საცურაო აუზებიდან სუბკულტურა LA-ის ქუჩებში გადავიდა, სადაც სპორტის ამ სახეობამ დაიწყო განვითარება. ამ რუჯიან, ქერა, vans-ებიან ახალგაზრდებს ახლა ისე ვიცნობთ, როგორც ლეგენდარული Dogtown-ის და Z-boys-ის წევრებს, რომელთა ჯგუფური სახელიც სანტა მონიკაში არსებული Zephyr surfboard Shop-იდან მოდის. თავდაპირველად ისინი სერფინგის გუნდის წევრები იყვნენ, რომლებიც ეგრეთწოდებულ Dogtown-ში სრიალებდნენ. ფოტოებში მოხვედრილი არიან ლეგენდარული სკეიტერები, მათ შორის – სტეისი პერალტა და ჯეი ადამსი, რომლებიც სკეიტბორდინგის სულის მთავარ გამომხატველებად ითვლება.

1978 წლისთვის დანარჩენმა მსოფლიომაც შეამჩნია სკეიტერები, ზოგადად, ეს სპორტი და მათი ჩაცმულობის და ცხოვრების სტილის კომერციულად გამოყენებაც დაიწყო. მათი პოპულარობის გამო სკეიტერების ცხოვრებაც შეიცვალა და მან ის ჯადოსნურობა დაკარგა, რომელმაც თავდაპირველად ჰოლანდის ყურადღება მიიპყრო, შესაბამისად ფოტოგრაფმაც დაასრულა ამ თემაზე მუშაობა.
ფოტოების არსებობის შესახებ თითქმის არავინ იცოდა 2006 წლამდე, იქამდე, ვიდრე ჰოლანდი ერთ-ერთ ფოტოს გალერეაში გამოფენდა, რომელიც შემდეგ ნიუ-იორკში მცხოვრებმა კოლექციონერმა იყიდა.

ჰოლანდი ამ ფოტოებმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფოტოგრაფად დაამკვიდრა თანამედროვე ამერიკულ ფოტოგრაფიაში. შემდეგ დაიბეჭდა წიგნი Locals Only, სადაც არა მხოლოდ თანამედროვე სკეიტბორდინგის დაბადებაა ასახული, არამედ ის მზიანი კალიფორნია, რომელიც ახლა მხოლოდ ოცნებებში არსებობს.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
შუაღამის მოდერნი  -  ბლეჩფორდის ფოტოგრაფია

შუაღამის მოდერნი - ბლეჩფორდის ფოტოგრაფია

შუაღამის მოდერნი  -  ბლეჩფორდის ფოტოგრაფია
შუაღამის მოდერნის ფოკუსია პალმ სფრინგსის განთქმული მოდერნისტული არქიტექტურა, რომელიც ამ სერიის სურათებზე სრულიად ახლებურადაა აღბეჭდილი - მხოლოდ სავსე მთვარის შუქზე
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.