fbpx
გააზიარე სტატია

ჰუსეინ ჩალაიანი – მოდისა და ტექნოლოგიების მინიმალისტური სინთეზი

თანამედროვე მოდაში იშვიათია შექმნა ისეთი ხელწერა, რომელიც ხელოვნებასა და კომერციას შორის ბალანს დაიცავს, თუმცა ჰუსეინ ჩალაიანმა ნამდვილად მოახერხა ტექსტილისა და ტექნოლოგიების სინთეზით საკუთარი გამორჩეული, მძაფრად გამოხატული ხელწერა შეექმნა.

თურქული წარმოშობის დიზაინერი 1970 წელს კვიპროსში დაიბადა, 8 წლის შემდეგ კი ოჯახთან ერთად ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად.  მოდით ბუნებრივად დაინტერესდა: „ჩემი მოდისადმი სიყვარული, ინსტინქტური აღმოჩნდა და მოდიოდა ჩემი ინტერესიდან ფემინური სხეულის და ფორმის მიმართ, რომელიც ჩემთვის დღემდე სიძლიერისა და მაგიის სიმბოლოა“

ჩალაიანი შემოქმედთა იმ რიცხვს განეკუთვნება, რომლებმაც შეძლეს მოდაში დადგენილი საზღვრები შეეცვალათ.  ჩალაიანი, ალექსანდრ მაკქვინთან და სტელა მაკარტნისთან ერთად ლონდონის Central Saint Martin-ის კურსდამთავრებულთა იმ ტალღას მიეკუთვნება, რომლებზეც შეიძლება ითქვას, რომ მოდის ინდუსტრიაში ახალი ერა წამოიწყეს, წინ წამოსწიეს ლონდონი – როგორც მოდის ერთ-ერთი საინტერესო, ინოვიაციური და ავანგარდული სცენა.

ჩალაიანს  უმნიშვნელოვანესი როლი აქვს მოდაში, რადგან ის არასდროს ყოფილა კომერციული მოდის მიმდევარი, მის შემოქმედებაში ყოველთვის არტისტის ხედვა იდგა პირველ ადგილას, ხოლო უკვე შემდეგ კომერცია. ჩალაიანი არასდროს იკეტება მხოლოდ ერთ მედიუმში, ყოველ ჩვენებაზე ატარებს ექსპერიმენტებს და ვითარდება,  დიზაინერმა ტექნოლოგიებთან მუშაობა ნაადრევად დაიწყო და მოდისა და დიზაინის მომავალი განსაზღვრა, როგორც ტექნოლოგიებთან და ინოვაციებთან სინთეზში მყოფი დარგი.

“მხოლოდ ტექნოლოგიებით შეგიძლია რამე ახალი შექმნა მოდაში, დანარჩენი ყველაფერი უკვე გაკეთებულია“.

თურქული წარმოშობის ჩალაიანი 2000 წელს ჟურნალმა Time-მა 21-ე საუკუნის 100 ყველაზე გავლენიან ინოვატორს შორის დაასახელა. ის  ერთადერთი მოდის დიზაინერია, რომელიც ამ სიაში მოხვდა.

მოდის ინდუსტრიის მიმართ ყოველთვის კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა, ყოველთვის დამოუკიდებლობისკენ ისწრაფოდა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეს ფინანსურად ძალიან ძვირად უჯდებოდა, მაინც არ თანხმდებოდა და ეგუებოდა ისეთ ინვესტორებს, რომლებსაც მის კრეატიულ თავისუფლებაში ჩარევა შეეძლოთ. მეამბოხეობა მოდის, როგორც ბიზნესის მიმართ, დიზაინერს ხშირად რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აყენებდა. 2011 წელს ფინანსური პრობლემების გამო კოლექცია  პოდიუმის გარეშე აჩვენა.

ვფიქრობ, მოდის ინდუსტრია სისულელეა. ის ზედმეტად ორგანიზებულია, ზედმეტად სწრაფი, კორპორაციული, ნეპოტისტური. ინსტაგრამმა და სოციალურმა მედიამ კისასოწარკვეთილმდგომარეობაში ჩაგვაგდო.”

ჩალაიანის პირველი სადებიუტო კოლექცია  Central Saint Martin-ის სადიპლომო ჩვენებაზე შედგა, რომელზეც არტისტმა 1993 წელს The Tangent Flows წარადგინა. კოლექცია მისი მეგობრის ეზოში რამდენიმე თვის განმავლობაში  დასაჟანგად დატოვებული სამოსისგან შედგებოდა. გამოსაშვები კოლექცია მთლიანად მაღაზია Browns-მა იყიდა, რომელმაც ხელოვანის რეპრეზენტაცია თავის თავზე აიღო, მაღაზიის სახელს უკავშირდება ასევე დიზაინერების – ჯონ გალიანოს, ალექსანდრ მაკქვინის, სტელა მაკკარტნის კარიერის დასაწყისი.

2000 წელს ჩალაიანმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შოუ წარადგინა, რომელზეც ავეჯი გარდაქმნა სამოსად, თუმცა ჩალაიანის შოუს მხოლოდ ვიზუალური დატვირთვა არ ჰქონია, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ისტორიის თხრობა. შოუ იძულებით გადაადგილებული პირების ამბებით იყო ინსპირირებული, იმ ადამიანებით, რომლებსაც ომის გამო ყველაფრის დატოვება მოუწიათ და იძულებულნი გახდნენ, მშობლიური ქვეყანა დაეტოვებინათ. შეიძლება ითქვას, რომ ჩალაიანისთვის შოუ პერსონალური ხასიათის გამომხატველი იყო, როცა 60-იანებში და 70-იანებში განვითარებული კონფლიქტის გამო დიზაინერის ოჯახს კვიპროსის დატოვება მოუწია.  დიზაინერი ჩვენებას განსაკუთრებული სენსიტიურობით მიუდგა, რაც კოლექციის ყველა დეტალში იყო გამოხატული, მათ შორის ჩვენების მუსიკალურ გაფორმებაში, სადაც თურქული მოტივები იგრძნობოდა.

ჩალაიანისთვის შემოქმედებითი პროცესი რიტუალად იქცა, მისთვის ყოველი შოუ ისტორიას ჰყვება, მის შექმნილ ყოველ დეტალს თავისი ნარატივი გააჩნია. შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი სხეულს უკავია და ყოველთვის შეიმჩნევა სექსუალური კონტექსტი, მის კოლექციებში ფეტიშის იდეებსაც შეხვდებით, იგრძნობა დომინაცია და თავშეკავებულობა.

2008 წელს პუმას კრეატიული დირექტორის პოსტი დაიკავა, ბრენდის, რომელიც კერინგს ეკუთვნის (კერინგს ეკუთვნის ისეთი ცნობილი მოდის სახლები, როგორებიცაა: Gucci, Saint Laurent, Balenciaga, Alexander Mcqueeen..) კონგლომერატებთან თანამშრომლობის გამოცდილებაც სწორედ ბრენდისთვის მუშაობისას შეიძინა.

ჩალაიანი არასდროს ითვალისწინებს გაბატონებულ ტრენდებსა თუ მოლოდინს, რაც მის წინაშე დგას, მისთვის მთავარი მისივე შეხედულებების გადმოცემაა, კოლექციით ისტორიის მოყოლა, ნარატივის შექმნა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კომერციაზე გათვლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩალაიანის ბიუჯეტი მის კონკურენტებზე საგრძნობლად დაბალია, ის მაინც ახერხებს კოლექციებით ისტორიების მოყოლას.

დიზაინერმა 2011 წლის გაზაფხულის/ზაფხულის კოლექცია 12-წუთიანი ვიდეოფილმით აჩვენა, ეს იყო ღრმა, მაგრამ მინიმალისტური შინაარსით გაჯერებული კოლექცია, რომელიც ინსპირაციას მეცხრამეტე საუკუნის იზოლირებული იაპონიის ინდივიდუალისტური ესთეტიკისგან იღებდა. გადმოცემის ამ ფორმით ჩალაიანმა საკუთარ კოლექციას ღრმა შინაარსი შესძინა.

2015 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ჰუსეინმა პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ინოვატორული დიზაინერია მოდის სფეროში – როცა პოდიუმზე ორი თეთრ ფერში ჩაცმული მოდელი გამოჩნდა და  ორივეს მინიმალისტური თეთრი მოსაცმელი, წყლით ჭავლით კაბად გარდაიქმნა. ეს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჩვენებად ითვლება ხელოვანის კარიერაში.

ჩალაიანის ერთ-ერთი გამორჩეული შოუ იყო სამგანზომილებიანი ტანსაცმელი, რომელიც წყალთან შეხებით იშლება, გაზაფხული-ზაფხულის 2016 წლის კოლექციაში დიზაინერმა წარადგინა ორი მოდელი, რომელთა სამოსი პოდიუმზე წყლის შეხებით იშლებოდა, ჩალაიანის ეს ჩვენება პერფორმანსულ ხელოვნებასა და ჩვენების შორის იყო.

დიზაინერი ყოველთვის ცდილობს ღია იყოს ექსპერიმენტებისთვის,  ახერხებს საკუთარი შემოქმედების შეცვლას და არასდროს არის სტატიკური, სწორედ ამიტომ მისი ქსოვილები ყოველთვის მაღალტექნოლოგიურადაა დამუშავებული.

ჩალაიანთან ბევრი ისეთი ცნობილი ვარსკვლავი თანამშრომლობს, როგორებიცაა ლედი გაგა, ბიორკი,  თუმცა მისი ბიორკთან თანამშრომლობა მაინც გამორჩეულია. ჩალაიანი ბიორკის სასცენო სამოსის დიზაინერი და სტილისტია, გამორჩეულია ასევე დიზაინი  ლედი გაგასათვის, რომელიც არტისტმა გრემის ცერემონიალისთვის შექმნა.

ბოლო დეკადის განმავლობაში ჩალაიანმა გვაჩვენა ნამუშევრები, რომლებმაც ფორმა სამუდამოდ შეიცვალეს, მიკროჩიპები და ანიმატრონიკა, 15 000 ლედნათურიანი კაბები, რომლებიც დაპიქსელებული ეკრანის შესახედაობას ქმნიდნენ, მოსაცმელები, რომლებიც კაბებად იშლებოდა წყალთან შეხებისას.

2017 წელს მისმა ჩვენებამ Room Tone,კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ტექნოლოგიებისა და ხელოვნების სინთეზი ჩალაიანის მსგავსად არავის შეუძლია. Intel-თან კოლაბორაციით დიზაინერმა შექმნა Intel-ის მიკროჩიპები, რომლებსაც ინფორმაციის გადამუშავება შეუძლია. ისინი ჩალაიანის ქამარსა და სათვალეებში იყო ინტეგრირებული, შედეგად, ხუთი მოდელის სტრესის ანალიზის მიხედვით, თითოეულზე ცალკეულ პროექციას უშვებდა.  ჩვენება კლიმატის ცვლილებას ეხებოდა, თუ როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება გარემოზე და რა გავლენას ახდენს ადამიანის სხეულზე.

ჩალაიანს ორჯერ აქვს მიღებული წლის ბრიტანელი დიზაინერის პრიზი, მისი ნამუშევრები დღემდე მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში იფინება.

ჩალაიანი არასდროს იზღუდავს თავს ერთ ტრადიციულ მედიუმში ჩაკეტვით და თამამად მიმართავს ექსპერიმენტებს – ყოფილა ფილმის რეჟისორი, არქიტექტორი, უმუშავია თეატრშიც.  მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმების დებიუტი შემდგა ვენეციის ბიენალეზე. მისი ექსპერიმენტული ობიექტები შოუებისთვის – დაწყებული ყავის მაგიდის ტრანსფორმაციიდან კაბამდე, დამთავრებული ლედი გაგას ფუტურისტული კოსტიუმით გალაზე, 2011 წელს, ყოველთვის მოდისა და სახელოვნებო ნიმუშის მიქსია. 2000 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩალაიანის შოუ მოდელებისა და ობიექტების ურთიერთობას ასახავდა პოდიუმზე.

2018 წელს ჩალაიანის მოდის სახლმა 25 წლის იუბილე აღნიშნა და ამ თარიღისთვის მიძღვნილი ლიმიტირებული ეკომეგობრული ჩანთები გამოუშვა, სადაც დიზაინერისთვის მნიშვნელოვანი 25 შოუ იყო ქრონოლოგიურად ჩამოთვლილი. 1994 წლიდან, როცა პირველი შოუ აჩვენა,  ყოველთვის ახერხებდა მოდის კვირეული საინტერესო გაეხადა, ახერხებდა ყოფილიყო არაკომპრომისული საკუთარ პერსპექტივასთან, კრეატიულობასა, შინაგან ენერგიასა და ნამუშევრების სიძლიერესთან მიმართებაში. 

 

ავტორი: სოფო ბუჯიაშვილი


რეკომენდებული სტატიები
ვივიენ ვესტვუდი - No Man’s Land

ვივიენ ვესტვუდი - No Man’s Land

ვივიენ ვესტვუდი - No Man’s Land
რამდენიმე დღის წინ დიზაინერმა ვივიენ ვესტვუდმა 2020 წლის გაზაფხულის კოლექცია და ახალი კამპანიის ვიდეორგოლი - No Man’s Land გამოაქვეყნა, რომლის მეშვეობითაც კლიმატის ცვლილების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.