fbpx
გააზიარე სტატია

Idée fixe – ქართული მინიმალისტური დიზაინის ფეხსაცმელი

Idée fixe – სამი ახალგაზრდა ქართველი გოგონას  მიერ დაფუძნებული ფეხსაცმლის დახვეწილი და ამავდროულად, მინიმალისტური დიზაინის  მქონე ბრენდია, რომლის პროდუქციის შეძენაც წინასწარი შეკვეთით შეგიძლიათ ინსტაგრამსა თუ Idée fixe-ის ოფიციალურ საიტზე.

ფეხსაცმლის კონცეფცია მარტივია და იაპონური შიბუის ცნებას ეფუძნება, რაც საკუთარ თავში  7 კომპონენტს მოიცავს: სიმარტივე, ნატურალიზმი, ყოველდღიურობა, არასრულყოფილება, მოკრძალებულობა, სიჩუმე და უსიტყვო შეთანხმება.

ბრენდის ყველა ფეხსაცმელი საქართველოშია დამზადებული და ნატურალური ტყავით იკერება.

Hammock Magazine  წარმოგიდგენთ ინტერვიუს ბრენდის დამფუძნებლებთან და გაგაცნობთ  Idée fixe-ის ისტორიას.

Idée fixe – სამი ახალგაზრდა გოგოს მიერ ჩამოყალიბებული ფეხსაცმლის  ბრენდია, მოგვიყევით თქვენს შესახებ?

ბრენდის დამფუძნებლები მეგობრები ვართ, გამოცდილებით აბსოლუტურად სხვადასხვა სფეროებიდან: მარკეტინგი, ფინანსები, მედია. პარალელურად ჩვენ-ჩვენი საქმით ვართ დაკავებული, თუმცა ჩვენი ხედვა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს პროდუქტი, საერთოა.

ჩვენთვის მთავარი კომუნიკაციის არხი ინსტაგრამია, რომელსაც თავად ვაწყობთ. გარდა ამისა, ვგეგმავთ გადაღებებს, ვმართავთ ვებგვერდს, ვაკონტროლებთ შეკვეთებს, ვაკეთებთ ფინანსურ ანალიზს და ა.შ. ამ ყველაფრისთვის შაბათ-კვირა და სამუშაო კვირის საღამოები გვაქვს გამოყოფილი და სამომავლოდ გვინდა Idée fixe ჩვენი ერთადერთი საქმე გახდეს.

რამ განაპირობა ბრენდის ჩამოყალიბება?

ბევრი დიზაინერებს გვეძახის, თუმცა ასე არ არის: ბრენდის  ძირითადი იდეა ისეთი ფეხსაცმლის შექმნა იყო, რომელსაც თავად ჩავიცმევდით და რომელიც ბაზარზე არსებულ ნიშას შეავსებდა. ბიზნესგეგმა, მიზნები და კონკრეტული გათვლები არ გვქონია.

საბოლოოდ, იმან გვიბიძგა, რომ ამ ყველაფერში პოტენციალი დავინახეთ. იმ პერიოდში რატომღაც ყველაზე მეტად ფეხსაცმლის თემა გვაინტერესებდა, დავფიქრდით და მივხვდით, რომ ქართულ ბაზარზე ასეთი პროდუქტი არ იყო.

რა არის ბრენდის მთავარი კონცეფცია?

ბრენდის მთავარი კონცეფციაა სიმარტივე. ყველა მოდელი იმის მიხედვით იქმნება, იმ მომენტში როგორი ფეხსაცმელიც გვინდა.

როგორ დაახასიათებდით თქვენს მომხმარებელს? როგორი გოგონები ატარებენ   Idée fixe-ის ფეხსაცმელს?

თავიდან გვეგონა, რომ ჩვენი პროდუქტი მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის იქნებოდა, რომლებიც  ჩვენს ასაკთან და გემოვნებასთან ახლოს იქნებოდნენ, საბოლოოდ კი უფრო უნივერსალური აღმოჩნდა, ვიდრე ვვარაუდობდით. ჩვენი მომხმარებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ასაკის და სტილის ადამიანი.

გვესაუბრეთ  პროდუქციაზე მუშაობის ეტაპებზე… რა ეტაპს გადის ფეხსაცმელი სკეჩიდან  მის რეალიზებამდე?

რადგან დიზაინერი არც ერთი არ ვართ, ჩვენი მუშაობის პროცესი განსხვავებულია. პირველ რიგში ფერებზე ვიწყებთ ფიქრს, მასალებზე. ეს გვაძლევს ორიენტირის აღების საშუალებას. შემდეგ ვიწყებთ ფიქრს, როგორი ფეხსაცმელი გვაკლია ან გვინდა, რომ გვქონდეს. რაში ვიგრძნობთ კომფორტულად თავს. ბევრს ვლაპარაკობთ, ვაწყობთ ეგრეთ წოდებულ Moodboard-ს. საბოლოოდ, ვცდილობთ, ეს ყველაფერი ფურცელზე მოდელიორის დახმარებით გადავიტანოთ. შემდგომ კეთდება კალაპოტი და პირველი ნიმუში, რომელშიც შეგვაქვს ცვლილებები. ასე იქმნება პირველი წყვილი გადაღებებისთვის.

მარაგი არ გვაქვს. ყველა მოდელი შეკვეთის შემდეგ მზადდება. იმის მიუხედავად, რომ ეს გარკვეულ პრობლემებს გვიქმნის, დადებითი მხარეც აქვს: არ ვკერავთ იმაზე მეტს, ვიდრე ამის მოთხოვნაა. მასობრივი წარმოება არ გვხიბლავს.

ახლად შექმნილი ბრენდი საქართველოში  შეიძლება ბევრ საწარმოო თუ სხვა პრობლემას წააწყდეს, რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა Idée fixe-ის ჩამოყალიბებისას?

ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ონლაინ მაღაზიის შექმნა იყო. მასზე მუშაობის პროცესში ბევრი პრობლემური დეტალი გამოჩნდა, რომლის მოგვარებამაც საკმაოდ დიდი დრო წაიღო.

ასევე, ბევრი მაღაზია დაინტერესდა ჩვენი პროდუქტის გაყიდვით, მაგრამ იმის გამო რომ ჩვენი საფასო პოლიტიკა განსხვავებულია, არ გამოვიდა თანამშრომლობა. ამიტომ, ახლა სწორედ ამ გამოწვევის წინაშე ვართ და ვცდილობთ სამომავლოდ  რაღაცეები შევცვალოთ.

ისე კი, ამ პროექტზე მუშაობისას ვცდილობთ, ერთმანეთს შევუქმნათ სასიამოვნო გარემო, ბოლომდე ვენდოთ ინსტინქტებს. ბევრი პატარ-პატარა პრობლემის მიუხედავად, Idée fixe სამივესთვის სტრესისგან გათავისუფლების საშუალება უფროა, ვიდრე დამღლელი სამსახური, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობთ.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დრო არ გასულა იქედან, რაც ბრენდი შექმენით, უკვე საკმაოდ პოპულარულები ხართ და არამხოლოდ ლოკალურ  ბაზარზე, ხომ არ გეგმავთ მაღაზიის გახსნასაც?

როცა აღმოჩნდება ხოლმე, რომ ჩვენი სამეგობრო წრის გარეთ, უცნობმა ადამიანმა იცის ჩვენს შესახებ,  გვიკვირს და ძალიან გვიხარია. იმის მიუხედავად, რომ ვაცნობიერებთ, ინსტაგრამზე ბევრი მოგვყვება,  როცა ვხედავთ, რეალურ ცხოვრებაში უცხო ადამიანებს აცვიათ Idée fixe, აბსოლუტურად სხვა შეგრძნებაა.

ვგეგმავთ შოურუმის ტიპის მაღაზიის გახსნას, რომელიც იმედია ჩვენი სამუშაო სივრცის ფუნქციასაც შეასრულებს.

გვესაუბრეთ მომავალ კოლექციაზე

შემდეგი სეზონის მოდელებზე ახლა ვმუშაობთ და ვგეგმავთ, რომ ფეხსაცმლის გარდა, სხვა რაღაცებიც დავამატოთ, თუმცა ჯერ შემუშავების პროცესში ვართ და ვნახოთ რა გამოვა.

 

იხილეთ  Idée fixe-ის ინსტაგრამის გვერდი:    

 ესტუმრეთ Idée fixe-ის ოფიციალურ ვებგვერდს : https://ideefixe.ge/

ავტორი : ნინა პატარიძე

ფოტო: იკა ხარგელია

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.