fbpx
გააზიარე სტატია

“სანამ სიცარიელეში გადავა და გაქრება” – ინტერვიუ ანა ჩადუნელთან

20 დეკემბერს, 19 საათზე სახელოვნებო ორგანიზაცია Propaganda.network, TBC Status – თიბისი სტატუსი და Stamba Hotel წარმოგიდგენთ ანა ჩადუნელის გამოფენა-გაყიდვას – სახელწოდებით “სანამ სიცარიელეში გადავა და გაქრება“.

გამოფენა ხელოვანის მიერ სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა სერიისთვის შექმნილ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს აერთიანებს, მათ შორისაა თამარ ჩადუნელთან კოლაბორაციით შექმნილი ვიდეონამუშევარიც.

ანა ჩადუნელი 1990 წელს საქართველოში, რუსთავში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არქიტექტურის მიმართულებით,  ასევე გაიარა არაფორმალური სამაგისტრო პროგრამის კურსი თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA, 2012-2013 წწ). მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენებში საქართველოსა  და მის ფარგლებს გარეთ: ვილა არსონი (2013), კიევის ბიენალე (2015), სტამბოლის ბიენალეს პარალელური პროგრამა (2015); გამოფენა – “სპონტანური არქიტექტურა”, Kunstfverein Leipzig (გერმანია, 2015); გამოფენა – “თავიდან”, გოხის მუზეუმი (გერმანია, 2017). ანა ასევე  მონაწილეობდა სამხატვრო რეზიდენციებში შვეიცარიასა და ნორვეგიაში. 2014 წელს გახდა წინანდლის პრემიის ლაურეატი სახვითი ხელოვნების მიმართულებით. ამჟამად სწავლობს School of Arts Ghent-ის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრატურაზე. 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის ფარგლებში, სადაც წელს საქარველო იყო ფოკუსში, გამოფენაზე ” ლარა მიცავს მე” წარმოდგენილი იყო ანა და თამარ ჩადუნელის თანამშრომლობით შექმნილი ნამუშევარი.

გამოფენაზე შეძენილი ნამუშევრები ანას School of Arts Ghent-ის სახვითი ხელოვნების მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებაში დაეხმარება.

Hammock ახალგაზრდა ხელოვანის უკეთ გასაცნობად წარმოგიდგენთ ინტერვიუს ანა ჩადუნელთან.

 

რა ასაკიდან დაიწყე ხატვა?

ყველაზე ადრეული ფრაგმენტების მიხედვით,  რომელიც მეხსიერებაში მაქვს შემორჩენილი,  დაახლოებით ალბათ 3 წლიდან.  მკაფიოდ მახსოვს ხატვის პროცესი,  იმასაც კი ვიხსენებ, რაზე ვფიქრობდი კონკრეტული ნახატის ხატვისას. 6-7 წლის ასაკში უკვე  ანიმაციით და ვიდეოთამაშებით ვიყავით გატაცებული მე და ჩემი და, და ვოცნებობდით, რომ საკუთარი ანიმაციები გაგვეკეთებინა. ჩვენი მშობლები სკეჩებსაც გვიხატავდნენ, რომ აეხსნათ, როგორი სქემით   მოძრაობს ნახატი. მახსოვს, რომ ყველა ნახატს ჰქონდა ძალიან დიდი ისტორია თავისი პერსონაჟებით.

სწავლობდი  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა  და CCA-ში – თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. რა გავლენია მოახდინეს  შენზე, როგორც ხელოვანის ჩამოყალიბებაზე ამ ინსტიტუციებმა?

მგონია, ყველა სივრცე და ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანი და ინსპირაციულია.  სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მაგრამ ნელ-ნელა, სწავლის პროცესში გავაანალიზე, რომ უფრო მეტად მხატვრობა მაინტერესებდა, თუმცა არქიტექტურა ხშირადაა ჩემი ნამუშევრების ინსპირაციის ნაწილი.

აკადემიამ იმის შეგრძნება მომცა, რომ არ ვიყო მოცემულობით კმაყოფილი, და უფრო მეტი ძიებისა  და ექსპერიმენტების სურვილი გამიჩინა, რამდენადაც წინააღმდეგობაში მოდიოდა თვითონ ინსტიტუციასთან. შემდეგ ვსწავლობდი  თანამედროვე ხელოვნების ცენტრში და ეს იყო აბსოლუტურად განსხვავებული, უტოპიურიც კი, გარემოსთან მიმართებაში, პატარა ჯადოსნური სივრცე, სადაც ყველა მხატვარი როგორღაც იკვეთებოდა ერთმანეთთან, და ამ კომუნიკაციით თუ ინდივიდუალური იდეებით, განსხვავებული ენერგიის შემოტანა შეგვეძლო ქალაქში.  

მახსოვს, პირველად რომ მოვხვდი ფილმების ფესტივალზე, სამხატვრო აკადემიიდან მოვდიოდი და მეგობარი შემხვდა, მირჩია, წავსულიყავი; ძალიან  დიდი შთაბეჭდილება მოახდინა – პირველი თეთრი კუბის სივრცე, უამრავი ექსპერიმენტული ფილმის პროექციით, აბსოლუტურად გაკარგვინებდა იმის შეგრძნებას, რა გარემოში იმყოფებოდი.

მუშაობ არაერთ სახელოვნებო მედიუმში, თუმც  თითქმის ყველგან აშკარაა შენი მკაფიო ხელწერა,  რომელ მედიუმში მუშაობისას გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?

შემოქმედებაში ხშირად ვიყენებ სხვადასხვა მედიებს, ზოგადად მიყვარს კონტრასტი მასალასა  და ტექნიკაში, საბოლოოდ მაინც ერთ მთლიანობად აღვიქვამ ნამუშევარს, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ნამუშევრებს დიალოგი ჰქონდეთ სივრცესთან მიმართებაში, რომ ამ ურთიერთობით შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც მნახველი ამავე სივრცის ნაწილად იგრძნობს თავს, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში აქცენტი ნახატებზე გადმოვიტანე, ნახატი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია შემოქმედებითი პროცესის, მაგრამ საბოლოოდ საჯაროდ არასდროს ვფენდი ხოლმე. უფრო მეტად კი ინსტალაციებს ვქმნიდი. მაგრამ ახლა უფრო ნახატი გახდა დომინანტური.

გვესაუბრე  სამუშაო პროცესზე…

ყველაზე მნიშვნელოვანია შრომისმოყვარეობა. მგონია, რომ  პატარ-პატარა სამყაროები და ემოციები უნდა ჰქონდეს ნამუშევრებს. უფრო მეტად ჩემი ნახატები ექსპერიმენტულია, არასდროს წინასწარ არ მაქვს განსაზღვრული, რას ვხატავ. ყოველდღიურად ვახერხებ ჩემს პროექტზე და ნახატებზე მუშაობას.

ზოგადად ყველაზე პროდუქტიული და შემოქმედებით სამუშაო პროცესი  ჩემთვის საღამოს იწყება – შემიძლია გათენებამდე ვხატო.

არაერთ გამოფენაზე მუშაობის გამოცდილება გაქვს საზღვარგარეთ,  არის რომელიმე პროექტი, რომელსაც გამოარჩევდი?

ყველა გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრ ახალ რაღაცას სწავლობ. უზარმაზარ ენერგიას დებ მასში, პლუს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა მნახველთან მიგაქვს ნამუშევარი, რომელიც აქამდე ძალიან პრივატული იყო, და გამოფენით უკვე დიალოგს წარმართავ  საჯარო სივრცესთან. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ნიცაში, ვილლა არსონში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრის სტუდენტების ჯგუფური გამოფენა. ეს იყო ყველაზე პირველი და უდიდესი პასუხისმგებლობით გაკეთებული გამოფენა. ახლანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ საკმაოდ თამამად ვიმუშავეთ და არ შეგვეშინდა უზარმაზარი სივრცის.  ასევე ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა კიევის ბიენალეში მონაწილეობა იყო.

2014 წელს გახდი წინანდლის პრემიის გამარჯვებული, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ჯილდო შენთვის?

ეს ჯილდო  უდიდესი მნიშვნელობისაა, უპირველესად  ახალგაზდა ხელოვანებისა და მეცნიერების წასახალისებლად.  უდიდესი სტიმულია ახალგაზრდა მხატვარმა იგრძნოს, რომ იმ გარემოში,  სადაც ცხოვრობს, სწავლობს, მუშაობს – ეს არის ერთგვარი პასუხი მის შემოქმედებაზე.

რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვანისთვის რეზიდენციებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება?

რეზიდენციაში ყოფნა ყველაზე საინტერესო პროცესია, ამ დროს ინდივიდუალურად ახალ გარემოში ცდილობ რეფლექსიას, სწავლის პროცესში უფრო მეტად კომუნიკაციაზე და ხშირად ჯგუფურ დიალოგზეა დამყარებული ცოდნის გაცვლა, რეზიდენცია უფრო განვითარების პროცესია, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ მხატვარი არ უნდა გაერიყოს სოციალურ გარემოს, მგონია, რომ უფრო მეტად გარემოს ნაწილი უნდა იყოს, რომ რეალობაში უფრო მეტი მიღმიერი სამყაროც ეძებოს.

 

როგორ დაახასიათებდი შენს ნამუშევრებს?

ჩემი ნახატები უფრო მეტად არაცნობიერია – თითქოს  ფურცელზე თამაშივითაა… ყოველ ობიექტს ახალი მოჰყვება წინასწარ, დაუგეგმავად, კონკრეტულ ხაზს რაღაც სხვა გარემოსთან კავშირი შემოაქვს, ეს არის სივრცეები პერსონაჟების გარეშე, სადაც უფრო მეტი სივრცე რჩება მაყურებლისთვის,  ფერები ძალიან მნიშვნელოვანია.

ამჟამად  Ghent-ის ხელოვნების სკოლის სახვითი ხელოვნების მაგისტრატურის კურსზე სწავლობ და გარკვეული თანხის მოპოვების შემთხვევაში, მოიპოვებ  სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას, როგორ გეხმარება გარემო თვითგანვითარებასა და ნამუშევრების შექმნაში? გვესაუბრე შენს ამჟამინდელ სასწავლო პროცესზე, რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა?

ამ სკოლაში რატომღაც სპონტანურად გადავწყვიტე  ჩემი პორტფოლიოს გაგზავნა, ვიცოდი, რომ ძალიან კარგი სკოლაა და ვთვლი, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გავაკეთე. აქ ჩამოსვლამდე არ ვიცოდი, რომ ასე დაკავშირებული იყო სხვადასხვა მიმართულებები  ერთმანეთთან. აბსოლუტურად განსხვავებული ფაკულტეტის – მოდის, არქიტექტურის, კონსერვატორიის, კინოს, პერფორმანსის, დრამის და სახვითი ხელოვნების  სტუდენტებს თითქმის ყველას საერთო სემინარები გვაქვს. ვთვლი, რომ ყველაზე სწორი მეთოდია სწავლისთვის, იმიტომ რომ დღეს ვიზუალურ ხელოვნებაში უდიდესი თავისუფლებაა, და ასევე ზღვარი თითქმის წაშლილია მედიებში, მთავარია,  ამ ნამუშევრით რომელ მედიაში გრძნობ ვიზუალიზაციას. ზოგადად, კინო და დოკუმენტური კინო ყოველთვის მაინტერესებდა, ამჟამად სკოლა მაძლევს საშუალებას, რომ ყველა იმ სემინარში მივიღო მონაწილეობა, რომელი მედიაც მაინტერესებს. ვთვლი,  რომ მაგისტრატურაზე სწავლა ყველაზე საინტერესოა, გაქვს უდიდესი თავისუფლება შემოქმედებით პროცესზე, და ამავდროულად შეიძლება რადიკალური ცვლილებები შეიტანო შენივე სტილში. ასე რომ, დიდი ინსპირაციაა ჩემთვის განსხვავებული ბეგრაუნდის მქონე სტუდენტებთან ურთიერთობა, და აბსოლუტურად მრავალფეროვანი გარემო.

ავტორი: ნინა პატარიძე


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.