გააზიარე სტატია

უხილავთა ხმა

Hammock Magazine და Erti Gallery წარმოგიდგენთ ინტერვიუების ციკლს. გაეცნობით ხელოვანებს, რომელთა ნამუშევრების ნახვაც გალერეა ერთის საგამოფენო სივრცეშია შესაძლებელი. 

Hammock-ის პირველი სტუმარია ფოტო დოკუმენტალისტი დარო სულაკაური.

დარო სულაკაურმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინემატოგრაფიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, სწავლა ნიუ-იორკის საერთაშორისო ფოტოგრაფიის ცენტრში (ICP-ში) განაგრძო დოკუმენტური ფოტოგრაფიისა და ფოტოჟურნალისტიკის მიმართულებით.

საქართველოში დაბრუნების მერე კი ინტენსიურად შეუდგა სოციალური პრობლემატიკის ფოტორეპორტაჟებში ასახვას.

2009 წელს პანკისში ჩეჩნებზე გადაღებული სერიისთვის  მაგნუმის ფონდის კავკასიის ახალგაზრდა ფოტოგრაფების კონკურსში მეორე პრიზი აიღო.

მიღებული აქვს Lensculture-ის და ევრო კავშირის ჟურნალისტიკის ჯილდო სერიისთვის “დაკარგული სიყმაწვილე”, რომელიც საქართველოში ნაადრევი ქორწინების პრობლემატიკას ასახავს.

2011 წელს მოხვდა PDN-ის (Photo District News) 30 ახალგაზრდა ფოტოგრაფის სიაში.

2008 წელს კი ქენონის ოფიციალური ამბასადორი. 

მისი ფოტოები გამოქვეყნებულია ისეთ მნიშვნელოვან ონლაინ გამოცემებში, როგორიცაა: National Geographic, New York Times Lens, Philosophy Magazine, Forbes Magazine და სხვა.

26 ივნისს ERTI Gallery – ში დაროს პირველი სოლო გამოფენა – “ლეჩაქი” გაიხსნა, გამოფენისათვის გალერეამ კურატორად გამომცემლობა Distanz – ის დამაარსებელი და რედაქტორი უტა გროსენიქი მოიწვია. გამოფენაზე წარმოდგენილია ქალების ფოტოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ხაზი ესმება მათ ცხოვრების სტილს და სოციალურ პრობლემებს.

რით არის მნიშვნელოვანი შენთვის ეს პროექტი?

ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთის ეს პირველი პერსონალური გამოფენაა. გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა მთელი ცხოვრების განმავლობაში შექმნილი სერიებიდან ნამუშევრები, ამისათის კი სერიოზული კურატორული შრომა იყო საჭირო. გალერეამ კურატორად უტა გროსენიქი მოიწვია, ფოტოების არჩევა დავიწყეთ, კონცეფცია კი შრომის პროცესში ჩამოყალიბდა. გადავწყვიტეთ აქცენტი საქართველოს ქალებზე გაგვეკეთებინა, საკმაოდ კარგი მასალა მქონდა დაგროვილი სხვადასხვა პერიოდის სერიებიდან, რომელიც განსხვავებულ სოციალურ პრობლემებს ეხება.

ტექნიკური მხარის მხრივ კი, პირველად დაიბეჭდა ჩემი ფოტოები დიდ ფორმატში, აქამდე არასოდეს მინახავს საკუთარი ნამუშევრები ამ ზომაში, საქართველოში სამწუხაროდ ეს ტექნიკურად შეუძლებელია, ამიტომაც მთლიანი ექსპოზიცია საზღვარგარეთ დაიბეჭდა.

პირველად როდის დაინტერესდი ფოტოგრაფიით?

ადრეული ასაკიდან დავიწყე ფოტოების გადაღება და ქვეცნობიერად და ეტაპობრივად ავითვისე ფოტოგრაფობა.

 

ნამუშევრები რაც გამოფენაზეა წარმოდგენილი – ნაადრევი ქორწინება, ჭიათურის მაღარო, პანკისის ხეობა და სხვ. მათზე მუშაობა დაიწყე მას შემდეგ რაც ამერიკიდან ჩამოხვედი საცხოვრებლად საქართველოში. რამ განაპირობა შენი  ეროვნული და საკმაოდ სენსიტიური პრობლემატიკით დაინტერესება?

პირველი ფოტოისტორია გავაკეთე პანკისის ხეობაში, ჩეჩნებზე, რომლებიც გამოექცნენ ომს ჩეჩნეთიდან და თავი შეაფარეს საქართველოს. ამ ისტორიაში მოვყევი ჩეჩნების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, მინდოდა დამერღვია იმ დროს  მათზე შექმნილი სტერეოტიპი, რომ ყველანი  ტერორისტები იყვნენ. ფოტოროექტით მინდოდა მეთქვა, რომ  ისინი არაფრით  განსხვავდებოდნენ ჩვენგან. ფოტოები დაიბეჭდა რამდენიმე გამოცემაში  და გავრცელდა კიდეც. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან  ადამიანები მწერდნენ და მადლობას მიხდიდნენ, რომ ეს ისტორია მოვყევი.

ამის შემდეგ უფრო კარგად გავაანალიზე, რომ შესაძლებელია  შეცვალო ადამიანების დამოკიდებულება, აზროვნების მიმართულება და წამოიწყო დიალოგი ისეთ თემებზე, რომლებზეც ხალხი არ საუბრობს.

ყველა ისტორია, რაც კი გადამიღია,  ჩემთვის ძალიან პერსონალური და  მტკივნეულია, განსაკუთრებით, როცა ის ხდება ჩემს ქვეყანაში. ფოტოისტორიებით სულ ვცდილობ, რომ საზოგადოება ავალაპარაკო და დიალოგი დაიწყოს, რადგან მჯერა, დიალოგს მოაქვს ცვლილება. ფოტოს დიდი ძალა აქვს და შეუძლია ადამიანი გამოაფხიზლოს. საერთაშორისო მედიაში როცა იბეჭდება, დიდი ყურადღება ექცევა არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. არტშიც ნამუშევარი მაშინ ითვლება ძლიერად, როდესაც ის აბსოლიტურ კონტექსტშია გადმოცემული თანამედროვე ცნობიერებასა და პრობლემატიკასთან. 

რით გამოირჩევა შენთვის ფოტოგრაფია  სხვა სახელოვნებო მედიუმებისაგან, რა თვისებების მატარებელია ის პირადად შენთვის

ფოტოგრაფიას აქვს დანიშნულება და მიზანი, ასეთი გამონათქვამია:  “it gives voice to the voiceless”. ჩემი ნამუშევრები ნამდვილ ადამიანებზეა და მათ ცხოვრებაზეა აგებული. 

მუშაობის პროცესში დიდ დროს ატარებ იმ ადამიანებთან, ვისაც იღებ, რაც საკმაოდ მძაფრ ემოციურ გამოცდილებასთან არის დაკავშირებული, რამდენად რთულია ფოტორეპორტაჟის დასრულების შემდეგ  ემოციური კავშირებისგან დისტანცირება, რასაც გადაღების პროცესში განიცდი, როგორც რიგითი ადამიანი და შემდგომ, როგორც ფოტოდოკუმენტალისტი?

ეს ემოციები ყოველთვის რჩება, არასოდეს  ვცდილობ დისტანცირებას იმსგან, რასაც განვიცდი. მე ბევრად სხვანაირად ვუყურებ ჩემს ცხოვრებას, და ეს არის იმ ხალხის დამსახურება, ვისაც მე წლების განმავლობაში ვიღებ.

ჩემი ახალი ინიციატივა, არტისტული კვლევა, რომელიც ERTI Gallery – სთან ერთად წამოვიწყე სწორედ ამ ემოციას ეხება. კვირაში ერთხელ ვატარებთ ინტერაქტიულ პერფორმანსს, სკაიპით ვუკავშრდებით სხვადასხვა პერსონაჟებს, რომლებიც ჩემს ფოტოებზე არიან აღბეჭდილნი. მნახველს საშვალება ეძლევა გაესაუბროს ქალებს და მათ ოჯახებს საქართველოს რეგიონებიდან, დაუსვას მათ კითხვები და გაეცნონ მათ სოციალურ პრობლემებს, ასევე რეგიონებიდან ქალებიც ეცნობიან მნახველებს. ყველაფერი იწერება, შემდეგ კი სხვა დღეებში ამ ჩანაწერებს ვუყურებთ.

შეგიძლია გვესაუბრო შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელ გადაღებასა თუ პერსონაჟზე

ამას ძალიან ხშირად მეკითხებიან და  ყოველთვის ერთნაირად  ვპასუხობ:  ყველა გადაღება ჩემთვის დასამახსოვრებელია და ასევე ყველა ადამიანი, ვისაც ვიღებ, რადგან ნებისმიერი ფოტოპროექტი  მნიშვნელოვანი ხდება ჩემთვის და  ცხოვრების ნაწილად რჩება.

სერიაშიდაკარგული სიყმაწვილე” აღბეჭდე ნაადრევად დაქორწინებული გოგონები და მათი გარემოცვა, ამავდროულად, ხშირად ეხები თემებს, რომლებიც ქალთა პრობლემატიკას ასახავს, როგორი იყო ამ სერიაზე მუშაობის პროცესი? რა ძირითადი სოციალური ტენდენციები გამოიკვეთა შენი დაკვირვებებით?

ეს თემები,  როცა გადაღება დავიწყე, საკმაოდ მიჩქმალული იყო საზოგადოებისგან,  ტაბუქონდა დადებული და მათზე ბევრი არ საუბრობდა,  ზოგმა კი არც იცოდა ამ პრობლემების არსებობის შესახებ. ჩვენთან უფრო სხვა ვითარებაა – ადრეული ქორწინება ფაქტობრივად  ტრადიციის და ზეწოლის, ასევე ქალების უფლებების დაუცველობისა და გაუნათლებლობის შედეგია.

ეს პროექტი დაიბეჭდა ამერიკის National Geographic-ში და  ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით ქართულ საზოგადოებაში, ვისაც არ უნდოდა ამ პრობლემის არსებობის აღიარება.

ჩვენ ახლა გვაქვს კანონი, რომ  18 წლამდე დაქორწინება არ შეიძლება, თუმცა რეალურად ეს პრობლემა ჯერ კიდევ ვერ მოგვარდა.  ყველაზე მეტად  გამოიკვეთა ის ფაქტი, თუ რამდენად ნაკლებია განათლება, განსაკუთრებით რეგიონებში. განათლებაზე არც ერთი სახელმწიფო არ  ზრუნავს და სწორედ ამიტომ გვექმნება ამდენი პრობლემა. ჩვენ ვთხოვთ ადამიანებს, პასუხი აგონ ისეთ ქმედებებზე, რაზეც პასუხი არ მოეთხოვებათ, რადგან არ ჰქონდათ სწავლის, ცოდნის მიღების შესაძლებლობა, ჩვენ კი მუდმივად პასუხს ვთხოვთ მათ.

რა რჩევას მისცემდი დამწყებ ფოტოჟურნალისტებს?

იცხოვრონ ემოციებით სავსე ცხოვრებით, ბევრი იმოგზაურონ და იყვნენ ისეთ ხალხის გარემოცვაში, ვინც აძლევს ინსპირაციას, წაიკითხონ ბევრი, ნახონ კარგი ფილმები, ფერწერული ნამუშევრებიეს ყველაფერი შემდგომში  დადებითად იმოქმედებს მათ ფოტოგრაფიაზე.

ფოტოჟურნალისტიკაში მთავარია იპოვო საკუთარი  ხმა და ხედვა,  გაარკვიო, რისთვის იღებ, და იყო გულწრფელი შენ საქმეში.

გვესაუბრე ფოტოგრაფებზე, რომლებმაც გარდამტეხი  გავლენა მოახდინეს შენი შემოქმედების განვითარებაში

ჩემს შემოქმედებაზე ფოტოგრაფებს არ ჰქონიათ გავლენა,  ყველაზე დიდი გავლენა  ჩემზე მოახდინა სეზანმა, ჯაკომეტიმ, ასევე დოსტოევსკიმ, და 9 წლის ასაკში აია სოფიას ნახვამ. მაგრამ  სულ ვცდილობ, რომ  განვვითარდე, ეს მუდმივი პროცესია.

გვესაუბრე სამომავლო გეგმებზე

ამჟამად ვმუშაობ როიტერსის გრანტზე, რომელიც მალე უნდა დავასრულო და ეხება საქართველოს ოკუპირებულ მხარეებს, ასევე ახლახან გავხდი ოფიციალური კენონის ამბასადორი, რაც ჩემთვის დიდი სიახლეა და ველოდები, რომ მომავალ წელს სხვა ქვეყნებში გავემგზავრები გადასაღებად.  საქართველოში ვგეგმავ მუშაობას ახალ პროექტზე New York Times-თან კოლაბორაციით, რომელზედაც იქამდე ვერ ვისაუბრებ, სანამ არ დავასრულებ.

დარო სულაკაურის ნამუშევრები იხილეთ ვრცლად: http://www.darosulakauri.com/

Instagram: https://www.instagram.com/darosulakauri/

გაეცანით Ertigallery-ს ვებგვერდს: http://ertigallery.com/

 

ავტორი: ნინა პატარიძე 

 


რეკომენდებული სტატიები
Forget about Gravity

Forget about Gravity

Forget about Gravity
ახალგაზრდობა, სკეიტ კულტურა და თავისუფალი ვარდნა ფოტოგრაფ დავით მესხის შემოქმედებაში
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.