გააზიარე სტატია

ინტერვიუ არქიტექტორ დავით გიორგაძესთან

როგორ დაინტერესდი არქიტექტურით?

სწავლის პროცესში, გარდა იმისა, რომ აუცილებელ დისციპლინებს ვითვისებდი,  შენობების და სივრცეების არსის გაგებამ და მათი ურთიერთდამოკიდებულების სიღრმისეულმა კავშირმა დამაინტერესა. ეს ალბათ ხანგრძლივი ძიების პროცესია და სწორედ ესაა ჩემთვის გამოწვევა.

 

რა არის შენი დიზაინის ფილოსოფია?

შენობის მოცემულობის ანუ ფუნქციის სიღრმისეული გააზრება და სივრცის დრამატურგიული განვითარებით მეტყველი ესთეტიკური სახის მიცემა, რაც ადამიანზე არის მორგებული.

 

მოგვიყევი ყვარელში არსებულ მოტივტივე პირსზე, რომელიც  რამდენიმე ფუნქციას ასრულებს.

ეს ობიექტი – პირსი წყლის თხილამურებისთვის – გარდა იმისა, რომ  თავის პირველად ფუნქციას ასრულებს, ასევე არის Lookout Point. მისი თვისება, ტივტივი, იძლევა იმის საშუალებას, რომ  გადაადგილდეს წყლის ზედაპირზე და ცვალოს გარემოს აღქმის წერტილები. მისი სადა, მარტივი გეომეტრიული ფორმა ფრთხილად ეწერება გარემოში.

ეს ობიექტი 2016 წელს ნომინირებული იყო მის ვან დერ როეს პრიზზე. ესაა კონკურსი, რომელიც ევროპის მასშტაბით ორ წელიწადში ერთხელ იმართება.  მასში საქართველოდან კიდევ ხუთი არქიტექტურული ოფისი მონაწილეობდა.

გამოარჩევდით თუ არა თქვენი პროექტებიდან რომელიმეს და რატომ?

გამოვარჩევდი მიმდინარე პროექტს – დარბაზს ქორეოგრაფ თეა დარჩიას საცეკვაო სტუდიისთვის. მას  თავისი მარტივი გეომეტრიული ფორმით ერთგვარი წესრიგი და მასშტაბი შემოაქვს არსებულ ქაოსურ ურბანულ გარემოში. შენობა ბრტყელი სახურავით ქმნის ჰორიზონტალურ ღია სივრცეს, რაც მანამდე ტერიტორიას არ გააჩნდა. მისი ფუნქციური დინამიკა ღია სივრციდან ქვედა დახურული დონისკენ ვითარდება, რომლის 60% მიწაშია მოქცეული, დანარჩენი კი ფერდზეა გადმოკიდებული, რაც მას ტექტონური დახურული მდგომარეობიდან ღია სივრცის მიმართულებით ანვითარებს.

ეს ობიექტი ასევე ითავსებს ღია და დახურულ აუდიტორულ ფუნქციას, რომელის გამოყენება სხვადასხვა ღონისძიებისთვის შეიძლება. შენობა მშენებლობის დასრულების პროცესშია.

არქიტექტურული პრაქტიკის გარდა, ასევე მუშაობ ინსტალაციებზე. როგორ გეხმარება არქიტექტურული განათლება და ხედვა სხვა ტიპის კრეატიულ სამუშაოზე? და პირიქით, როგორ ავსებენ სხვა დარგები შენს არქიტექტურულ ხედვას?

მასშტაბიდან  და ფუნქციდან გამომდინარე ინსტალაციაზე მუშაობის პროცესი ექსპერიმენტის კეთების საშუალებაა. ჩემთვის არქიტექტურულ დისციპლინასა და ინსტალაციაზე მუშაობას აერთიანებს მათი  დიალოგი ადამიანთან.

გვესაუბრე ინსტალაცია Unfinished Razor Cut-ზე, რომელიც Oxygen-ის ნაწილი იყო. ინსტალაცია განათების და ხმის საშუალებით თამაშობდა მაყურებლის სენსორულ შეგრძნებებზე.

გამოფენა Oxygen, რომელიც Propaganda-ს მიერ იყო მოწყობილი, თავისი შინაარსით პასუხობს მიმდინარე პრობლემებს, მათ შორის – ეკოლოგიურს. ნამუშევარი Unfinished Razor Cut არის ერთგვარი რეზონანსი ამ გამოფენის შინაარსისა, რომელიც ალტერნატიული სივრცის გავლით უწყვეტად ვითარდება. ინსტალაციის შემადგენელი ელემენტებია ცოცხალი ხეები, გვირაბი (ქალაქის ქვეშ არსებული გვირაბების სისტემა, რომელიც აკავშირებს სტრატეგიულ შენობებს და სივრცეებს), განათება და ხმა, რომელიც ვიბრირებს გვირაბის შიდა სივრცეზე. ხეების რიგთან ერთად გარე სივრციდან გვირაბის სიღრმეში სვლის დროს ეს ელემენტები, როგორც მეტაფორები მნახველში გარკვეულ კითხვებს ბადებს.

რა არის დღეს არქიტექტორისთვის მთავარი გამოწვევა საქართველოში?

საქართველოში ბევრი გამოწვევა არსებობს. მეოცე საუკუნის ბოლოდან დღემდე გარკვეულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებში ქალაქებმა მუტაცია განიცადეს. თბილისის შემთხვევაში  გაუთვალისწინებელია მისი ძირითადი მახასიათებლები – რელიეფურობა, მასშტაბი, განიავება. ძირითადი გამოწვევაა არსებულ პირობებში ჯანსაღი განვითარების გზების ძიება. ქართული არქიტექტურის განვითარებისათვის არსებობს მემკვიდრეობით გადმოცემული ღრმა კულტურული ცოდნა და გამოცდილება, რაც კვლევას, სწორად გააზრებას და გამოყენებას საჭიროებს. აუცილებელია გარე სამყაროსთან და იქ მიმდინარე პროცესებთან კავშირი. იგულისხმება განვითარებულ ქვეყნებთან მეტი კონტაქტი და მათი გამოცდილების გაზიარება –  დრო რომ არ დავკარგოთ ბორბლის თავიდან გამოგონებაში.

Instagram: https://www.instagram.com/davidgiorgadze_/

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.