გააზიარე სტატია

ინტერვიუ მუსიკოს გაჩა ბაქრაძესთან

გაჩა ბაქრაძე მუსიკოსი და ელექტრონული მუსიკის პროდიუსერია, მუსიკის ინტერესი ადრეულ ასაკში გაუჩნდა და გიტარაზე დაკვრა დაიწყო, მოგვიანებით  ჯგუფ Me and My Monkey-ის ერთ-ერთი წევრი იყო, შემდგომ კი დამოუკიდებლად დაიწყო ელექტრონული მუსიკის შექმნა. თანამშრომლობდა R&S Records-თან.

2014 წელს მეგობრებთან ერთად დააარსა ლეიბლი სახელწოდებით Trasfigured Time.

2015 წელს ბრიტანულ ლეიბლზე – Apollo Records –  გამოიცა მუსიკოსის პირველი ალბომი სახელწოდებით Send Two Sunsets,  სადაც ტუსია ბერიძესთან ერთად შექმნილი ტრეკებიც შევიდა.

ახლახან გაჩას ალბომი World Color – დღესდღეობით ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა მუსიკალურმა პლატფორმა  Pitchfork-მა 2018 წლის საუკეთესო ელექტრონული მუსიკის სიაში ლეგენდარული არტისტების გვერდით გამოაქვეყნა. 19 დეკემბერს გაჩას ალბომი ასევე მოხვდა XLR8R- ის 2018 წლის საუკეთესო ალბომების სიაში.

 

პირველად როდის დაიწყე მუსიკის შექმნა?

მუსიკა ბავშვობიდან მიყვარდა, შესაბამისად გამიჩნდა ინტერესი ინსტრუმენტების მიმართ. დავიწყე გიტარაზე დაკვრის სწავლა. ვუკრავდი ბენდებში, შემდეგ ბენდიდან წამოვედი და მარტო დავიწყე მუსიკის წერა. აღმოვაჩინე, რომ ეს პროცესი ჯგუფურ მუშაობასთან შედარებით უფრო მეტად მსიამოვნებდა, რადგან კომპრომისებზე წასვლა არავისთან აღარ მიწევდა.

გვესაუბრე შენს პირველ ტრეკებზე

2012 წელს გამოვეცი პირველი სინგლი Remember,  რომელიც შედგება 2 ტრეკისგან – Remember და Bow.  იმ პერიოდში ბევრ დემოებს ვტვირთავდი საუნდქლაუდზე, მეგობრის რჩევით ავტვირთე ეს ტრეკებიც და R&S დამფუძნებელი მალევე დამიკავშირდა. მახსოვს, ცოტა ხელი შევავლე და თითქოს უფრო სრულყოფილი  მუსიკა შევქმენი, თუმცა ბოლოს მაინც პირველი ვერსია გამოვეცით.

როგორია შენი  მუსიკა  დღეს?

დროსთან ერთად უფრო მეტი სიმშვიდე მოვიპოვე, აღარ ვჩქარობ. ვცდილობ, წერის პროცესი და მიდგომები ხშირად შევცვალო. ჩემ თავს შეზღუდვებს ვუწესებ, ან – პირიქით. როდესაც მუსიკას კომპიუტერში წერ, ულევი შესაძლებლობები ხშირად ზედმეტია ხოლმე. მუსიკაში, რომელსაც ახლა ვქმნი – უფრო მეტ  ყურადღებას ვუთმობ პატარა დეტალებს. ვეძებ ახალ ტერიტორიებს და ვცდილობ, არ გავიმეორო საკუთარი თავი.

ხარ ლეიბლის –  Transfigured Time-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. გვესაუბრე ლეიბლსა  და მის კონცეფციაზე

ლეიბლის კონცეფცია ძალიან მარტივია – გამოვცემთ იმას, რაც მოგვწონს. არანაირი ჟანრობრივი შეზღუდვები არ გვაქვს.  

 

როგორ დაახასიათებდი ქართულ მუსიკალურ სცენას?

ვიტყოდი, რომ საკლუბო სცენის განვითარებამ ხელი შეუწყო მუსიკალური სცენის პროგრესსაც, უფრო შეკრა საერთო იდეების მქონე ადამიანები. თუმცა, ამასთან ერთად, მუსიკალურ სცენას აუცილებელია ჰქონდეს მეტი საკლუბო სცენისგან გამოყოფილი სივრცე, უშუალოდ მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისათვის. ხშირად ეს საკლუბო სივრცეში ხდება, რაც, ვფიქრობ, ოდნავ შეუთავსებელს ხდის მუსიკის სივრცესთან მიმართების შესაბამის აკუსტიკურ შესაძლებლობას, რადგან კლუბების ხმის სისტემა ძირითადად მორგებულია საცეკვაო მუსიკისთვის დამახასიათებელ ჟღერადობაზე. აქედან გამომდინარე ცოცხლად შესრულებული ნაწარმოები ნაკლებად შთამბეჭდავი ხდება.

ასევე კარგი იქნება, თუ ხელმისაწვდომი გახდება სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტები, პედლები,  აპარატურა.

ჩვენს ეკონომიკურ პირობებში აპარატურის შეძენა საზღვარგარეთ, შემდეგ მისი ტრანსპორტირება და განბაჟება –  ასეთი წვრილმანები ძალიან არაჯანსაღად მოქმედებს შემოქმედ ადამიანზე.

 

ხშირად უკრავ საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომელი ქვეყნის სცენამ მოახდინა შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

სამწუხაროდ, ფრენისგან გამოწვეული დისკომფორტის გამო, ისე ხშირად აღარ დავფრინავ, როგორც ადრე. ბოლოს,  ივლისში, ვიყავი კორსიკაზე, Calvi on the Rock – ის ფესტივალზე , სადაც დავუკარი. სცენა ფაქტობრივად ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე იყო და ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება იქ დაკვრა.

 

შენი აზრით, როგორია მსმენელი დღეს?

ალბათ უფრო გახსნილი, ვიდრე ოდესმე.

 

არის რაიმე “რიტუალი”,  რომელსაც დაკვრის წინ ასრულებ?

ვსვამ. კიდევ, ვცდილობ დაკვრის წინ დავისვენო და კარგად გამოვიძინო.

 

გარდა მუსიკისა, საკმაოდ კარგად ერკვევი კინემატოგრაფიაში, არის რომელიმე ფილმი, რომლის მუსიკაც გამორჩეულია შენთვის?  რატომ?

კინო, ისევე როგორც მხატვრობა და ლიტერატურა, დიდ შთაგონებას იწვევს. ფილმის ყურების შემდეგ პირდაპირ სტუდიაში წავსულვარ და ტრეკი ჩამიწერია.  კინო სხვადასხვა გარემოში ყოფნის შესაძლებლობაა, ემოციების და მოგონებების დამაკავშირებელი მედიუმი, რომელიც თავის თავში აერთიანებს მუსიკას და ნებისმიერ შემოქმედებით აქტს.   

ფილმებში ძალიან მიყვარს მისტიკური მუსიკალური ჟღერადობა, რომელიც იცვლება რომანტიკულით, რაც უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას და ორგანულად ერწყმის სივრცეს.  ამის კარგი მაგალითია რომან პოლანსკის ადრეული ფილმები – rosemary’s baby, Chinatown…

 

რა რჩევას მისცემდი დამწებ მუსიკოსებს?

იმას, რომ იყონ გულწრფელი საკუთარ თავთან. იყო მუსიკოსი, ეს ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. უნდა შეძლონ იმის გააზრება, ამავდროულად, რამდენად სტრესული შეიძლება იყოს ეს და ის, რაც ამ პროცესს თან ახლავს. თუმცა ესეც პროცესის ნაწილია და ისაა, რაც მუსიკის კეთებას ხდის ამაღელვებელს.

ასევე აუცილებელია თვითდისციპლინა და აქტიური მუშაობა. ხშირად მუსიკისგან დასვენებაც.

როცა პირველად დავიწყე მუსიკის წერა, ეს იყო მხიარული და ამავე დროს ყველაზე სასიამოვნო პროცესი. ეს იყო თითქმის მედიტაციური მდგომარეობა. მაგრამ სამწუხაროდ მივედი დასკვნამდე, რომ მუსიკის კეთება ძალიან რთული, უსიამოვნო, დამღლელი და შრომატევადი პროცესიც შეიძლება იყოს. მაგრამ მაინც ყველაზე ძალიან მიყვარს. ამის გააზრება და გახსენება აუცილებელად გეხმარება წერის პროცესში.

რა თქმა უნდა, პროცესი გასართობიც არის. მაგალითად, სინთეზატორთან ხმებით თამაში ან ჯემ-სესია – შემიძლია მარტივად გავატარო მთელი ღამე ამის კეთებაში. მაგრამ ეს სასიამოვნო მხარე თითქმის მთლიანად დაფარულია იმ ფაქტით, რომ სინამდვილეში მუშაობა ძალიან რთულია.  ცხადია, რომ მუსიკის კეთება დიდ ფსიქიკურ და ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს; არ არის მხიარული და ალბათ არასიჯანსაღის მომენტიც თან ახლავს. ჩემი, თუ შეიძლება ითქვას, რჩევაა: ბევრი შესვენება, საოჯახო საქმეებში ჩართვა, მაღაზიებში გასვლა, საკვები და ა.შ. ასევე, მივხვდი, რომ დაბალ ხმაზე მუსიკის ყურადღებით მოსმენა უფრო სასიამოვნოა.

 

დაგვიტოვე ბოლო დროს ამოჩემებული ტრეკი

მუსიკის ამოჩემება არ მახასიათებდა არასდროს. ვცდილობ, ერთი და იგივე ნაწარმოებს დღის განმავლობაში ხშირად არ მოვუსმინო.

პასუხების გაცემის დროს ვუსმენდი ამას:

 

გვესაუბრე სამომავლო გეგმებზე

მარტში გამოვა ჩემი ახალი მინი ალბომი. სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით ჯერჯერობით.

 

ავტორი: ნინა პატარიძე


რეკომენდებული სტატიები
SLEEPERS POETS SCIENTISTS

SLEEPERS POETS SCIENTISTS

SLEEPERS POETS SCIENTISTS
ქართულმა დამოუკიდებელმა ლეიბლმა CES Records-მა პირველი ფირფიტა გამოუშვა სახელწოდებით SLEEPERS POETS SCIENTISTS
Hear Her | Newa

Hear Her | Newa

Hear Her | Newa
ინტერვიუ 2017 წლის პირველ ქალ ელექტრონავტთან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.