გააზიარე სტატია

ინტერვიუ გიორგი ჩხეიძესთან

გიორგი ჩხეიძემ (1983) სამედიცინო პრაქტიკისა და მედია გამოცდილების შემდეგ სახელოვნებო სფეროში განაგრძო მუშაობა.
2008 წელს ესწრებოდა ფოტოგრაფიის კურსს პრაღაში, აგრეთვე ლონდონის უნივერსიტეტში, 2010-2012 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემიის ვიზუალური ხელოვნების სამაგისტრო კურსი. 2010-2017 წელს მუშაობდა სხვადასხვა მედიუმში, განსხვავებული მასალებით.

გიორგი ჩხეიძის სხვადასხვა დროს სხვადასხვა სფეროში მიღებულმა გამოცდილებამ გარკვეულწილად განაპირობა მისი ვიზუალური სახელოვნებო ენის ჩამოყალიბება, რაც მის პერსონალურ ტექნიკაშიც გამოვლინდა, სადაც ხელოვანი შემთხვევით ვიტალურ, გეომეტრიულ ფორმებს იყენებს და მინიმალისტურ კომპოზიციებზე მუშაობს.

2007 წლიდან გიორგი ჩხეიძე მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში: 2017 წელს – “ისე, როგორც არის” – გალერეა “ერთის” მიერ წარმოდგენილი მულტიმედიური გამოფენა “არტარეაში”, 2015 წელს – “წარმოსახვითი პეიზაჟი” – სოლო გამოფენა, გალერეა “ვანდა”, თბილისი; 2013 წელს – “თანამედროვე პორტრეტები” – ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი; “90-იანი წლების საქართველოში”, ყოფილი გამომცემლობის შენობა, თბილისი და სხვა.
27-დან 30 სექტემბრამდე გალერეა “ერთი” გიორგის ნამუშევრებს ვენის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობაზე წარადგენს, ამ ღონისძიებას აღმოსავლეთ ევროპის სახელოვნებო სივრცეში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

მუშაობდით აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროებში, გაქვთ სამედიცინო განათლება და ჟურნალისტის გამოცდილება, ამასთან იყავით დაინტერესებული ფოტოგრაფიით, როგორ მოხდა თქვენი ხელოვნებაში ინტეგრირება?

მედიცინა ადრეული ასაკის ყველაზე დიდი გამოცდილებაა. ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანი და სკოლის დამთავრების შემდეგ მეგონა, რომ ეს საუკეთესო გზა იქნებოდა ჩემი ინტერესის დასაკმაყოფილებლად. თუმცა მალე მივხვდი, რომ ექიმობა ჩემი საქმე არ იყო. სამი კურსის შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტი დავტოვე და სწავლა სოციალურ-პოლიტიკურ ფაკულტეტზე გავაგრძელე. პარალელურად ვმუშაობდი მედია სივრცეში, თუმცა ჟურნალისტი არასდროს ვყოფილვარ. რაც შეეხება ხელოვნებაში ინტეგრირებას, ეს ნამდვილად განსაკუთრებული პროცესი იყო. ხელოვნება აღმოჩნდა ის, რაც ყოველთვის არსებობდა ჩემში და ჩემთან ერთად ცხოვრების რა ეტაპზეც უნდა ვყოფილიყავი. ამ პერიოდში განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე ლიტერატურამ და ვიზუალურმა ხელოვნებამ. იყო პერიოდი, როცა მწერლობაზე ვოცნებობდი.
სულიერი და პიროვნული გამოცდილების მატებასთან ერთად იზრდებოდა ჩემი გამბედაობა და სურვილი, რომ ყოველი წუთი ხელოვნებისთვის დამეთმო. ერთ დღესაც უბრალოდ ყველაფერს თავი დავანებე და დავიწყე იმის კეთება, რაშიც უკვე აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი. წარმოუდგენლად მიმაჩნია, შენში არსებობდეს ხელოვნებისადმი ლტოლვა, გაიაზრო რა დიდი რამაა ის და მას მთელი ცხოვრება არ მიუძღვნა. ეს არ იყო ადვილი პროცესი, თან ისეთი სტერეოტიპებით სავსე სოციუმში, როგორიც საქართველოშია. თუმცა საინტერესოც აღმოჩნდა და ამასთან სწავლისთვის საუკეთესო გარემოშიც მოვხვდი, რისთვისაც სამყაროს მიმართ მადლიერი ვარ. ბოლო ათი წელია ვაკეთებ იმას, რისთვისაც დავიბადე.

როგორ ფიქრობთ, იქონია გავლენა თქვენმა მრავალმხრივმა პროფესიულმა გამოცდილებამ თქვენივე ნამუშევრებზე?

ცხადია, იქონია. ოღონდ არა ნამუშევრებზე ან ჩემი ხელოვნების ტექნიკურ მხარეზე – ამ გამოცდილებამ მთლიანად შეცვალა ჩემი წარმოდგენა ადამიანზე, სიცოცხლეზე, სულიერებაზე და ზოგადად სამყაროზე. მე მქონდა საშუალება მენახა მომაკვდავი, უგონოდ მყოფი ადამიანები, როდესაც პრაქტიკებს გავდიოდი რეანიმაციულ განყოფილებაში და სასწრაფო დახმარების სამსახურში, ან მენახა ადამიანი, რომელიც გამოჯანმრთელდა და ბედნიერი ტოვებდა საავადმყოფოს პალატას.
მედია სივრცეში მუშაობის დროს ვხვდებოდი ადამიანებს, რომლებიც არიან წარმატებულები ან აქვთ უამრავი სოციალური პრობლემა. პირველი წყაროდან ვიგებდი ამბებს სიკეთეზე, ბოროტებაზე, ეგოიზმზე, ალტრუიზმზე, გამარჯვებაზე ან დამარცხებაზე. ვხვდებოდი პოლიტიკოსებს, რომლებიც იტყუებიან ან იბრძვიან სიმართლისთვის. ეს იყო დიდებული გამოცდილება და საშუალება დავკვირვებოდი მათ, უფრო მეტად გამეაზრებინა ამ ყველაფრის მნიშვნელობა. მადლიერი ვარ ამისთვის, რადგან ასეთ გამოცდილებაზე დაკვირვება მეტად გაფიქრებს სამყაროსა და მისი მთლიანობის სიღრმეებზე.
საბოლოოდ, ასეთი გამოცდილების შემოქმედებაში ინტეგრირება უბრალოდ არჩევანია. ხელოვნება კი საუკეთესო მედიუმია მეტაფორებით საუბრისთვის.

 

მუშაობთ ტექნიკით, რომელიც თავად შეიმუშავეთ, შეგიძლიათ გვესაუბროთ ამ ტექნიკაზე? როგორ აღმოაჩინეთ ის?

იმ ტექნიკით, რომელსაც გულისხმობთ. 6 წელზე მეტი ვიმუშავე, შემიძლია გითხრათ, რომ მისი აღმოჩენა შემთხვევითობა იყო. დახვეწის პროცესი კი ყოვედღიურად მიმდინარეობდა და საბოლოოდ ამოწურა თავისი თავი როგორც ტექნიკურად, ასევე კონცეპტუალურად. ამ პერიოდში შევქმენი 2 სერია. ახლა სხვა რამე მაინტერესებს, იდეაც და ვიზუალიც სხვა ფორმისაა. იმის თქმა კი შემიძლია, რომ აბსტრაქცია ჩემი ენაა.

გალერეა “ერთთან” თანამშრომლობით, არტარეას საგამოფენო სივრცეში წარმოადგინეთ სოლო-გამოფენა სახელწოდებით AS IT IS – ”ისე, როგორც არის”, სადაც ფერწერა, გრაფიკა და ინსტალაცია ერთ სივრცეში გაერთიანდა. შეგიძლიათ გვესაუბროთ გამოფენის კონცეფციაზე?

აწმყო, ეს წუთი, მომენტი, სამყარო… რაც გინდა დაარქვი, ყოველთვის ისეთია, როგორიც არის. შენ უბრალოდ უნდა ენდო მას, იგრძნო შენი არსებობა ზუსტად იქ და იმ დროს, სადაც ხარ. გამოფენის მთავარი კონცეფციაც ეს იყო. ექსპოზიციაზე გამოვიყენე ვიზუალური ფორმები, რომელიც უფრო გააადვილებდა ამ იდეის აღქმას. ვიდეო ინსტალაცია, სადაც ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური მიკრო პროცესები იყო ასახული. იქვე იყო მაკრო სამყაროც – ბუნების, წყლის, ცოცხალი მცენარეების ინსტალაცია, რომელიც სიცოცხლის სხვა ფორმებს გამოხატავდა. დამოუკიდებელ სივრცეში კი წარმოვადგინე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც ჩემი, როგორც ხელოვანის მუდმივი ფიქრის და მუშაობის პროცესების შედეგია. ნამუშევრები კი თავის მხრივ იმ სივრცეების რეფლექსიები, ანარეკლები იყო, სადაც უმეტეს დროს ვატარებ. ტილოებზე გადავიტანე ის ზედაპირები, რასაც ჩემი სახელოსნოს იატაკზე, სამუშაო მაგიდაზე, ქალაქის ქუჩებში ან ბუნებაში ყოფნის დროს შერჩევითობის გარეშე ვხვდებოდი.
ტილოებზე ასახულია ის ზედაპირები, რასაც მანამდე უბრალოდ ვერ ვამჩნევდი, დაკვირვების შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ ისინი საოცარ სიმეტრიებს და ვიზუალებს ქმნიდნენ. ესეც მეტაფორაა. მეტაფორების ენა კი უსაზღვროა.

გაქვთ რაიმე ძირითადი დაკვირვების ობიექტი?
თვითონ ხელოვნებაა ჩემი დაკვირვების ობიექტი. მისი ფუნქცია და ფორმები. თავისი ძალიან ზოგადი და კონკრეტული მნიშვნელობებით. ასევე ადამიანი, სამყარო და აქ ყოფნა. ეს არის ის, რაც ყოველთვის მაინტერესებს.
თქვენს ნამუშევრებში ხშირად ვხვდებით აბსტრაქტულ ობიექტებს, რომელთა ფაქტურებზე დაკვირვების საშუალებაც ზედმიწევნით ახლო რაკურსიდან არის შესაძლებელი. რაც გამოარჩევს თქვენს ვიზუალურ ენას, რა მნიშვნელობას ანიჭებთ ნამუშევრებში ცალკეულ ობიექტებს?
თქვენ ახლოდან აკვირდებით, ვიღაც ტილოებს ხელით ეხება, სხვა შორიდან უყურებს. ეს არის მთავარი. არასდროს ვუთითებ კონკრეტულ მიმართულებას ფიქრისთვის და არასდროს მიმყავს კონკრეტულ იდეამდე. ამ დროს ჩნდება სივრცე, სადაც გაქვს შანსი თავად აირჩიო – რას ხედავ ან რას ფიქრობ. ეს ძალიან ჰგავს მედიტაციურ მდგომარეობას, თუნდაც რამდენიმე წამით.
ჩემთვის ყველაფერი ცალკეული ერთი მთლიანის ნაწილია. მთლიანი კი უბრალოდ არსებობის. უფრო ეს მაინტერესებს. ახლა ასეა.

სექტემბრის მიწურულს გალერეა “ერთი” თქვენს ნამუშევრებს ვენის ხელოვნების ბაზრობაზე წარადგენს, როგორ მოხდა ნამუშევრების შერჩევა? რა კონტექსტი გააერთიანებს ამ ღონისძიებისთვის შერჩეულ ნამუშევრებს?
ნამუშევრები ჩემმა გალერისტმა შეარჩია. ესეც ძალიან საინტერესო პროცესია. ხელოვნება შენი სახელოსნოს გარეთ. ზოგადად ხელოვნების თანამედროვე სისტემები. გალერეები, ბაზრობები, გამოფენები და ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს აკეთებენ. დიდი ინტერესით ვაკვირდები ამ ყველაფერს.

ავტორი: ნინა პატარიძე


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.