fbpx
გააზიარე სტატია

ინტერვიუ დიზაინერ ქეთევან მაისაიასთან

როგორ გაჩნდა მოდის სფეროსადმი ინტერესი თქვენს ცხოვრებაში?

პატარა  რომ ვიყავი, სახლში წავაწყდი ჟურნალებს და საათობით შემეძლო მათი თვალიერება. მოდის ფოტოგრაფია მაჯადოებდა და ადრეული ასაკიდანვე მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი სფერო.

ადრეული მოგონება, რომელიც  მოდას უკავშირდება…

პირველად მოდის ჩვენება რომ ვნახე თბილისში, ალბათ 5 წლის ვიყავი –  დედაჩემი გამოდიოდა პოდიუმზე. რომ დავინახე, დავუძახე,  მთელი ხმით გავკიოდი, ვერ გამაჩერეს, თუმცა ის ყურადღებას არ მაქცევდა და აგრძელებდა სიარულს. მახსოვს ვიფიქრე, ეტყობა, სცენაზე როცა დგახარ, არ გესმის და ვერ ხედავ, სცენის იქით რა ხდება მეთქიდიდი შთაბეჭდილება მივიღე.

 

საფრანგეთში სწავლის პერიოდში სტაჟირება გაიარეთ  Alexander McQueen-თან და Hussein Chalayan-თან, მოგვიყევით ამ გამოცდილების შესახებ…

სწავლის პერიოდში სტაჟირება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ესაა ის, სადაც რეალობას ეჯახები და სადაც გეკისრება ნამდვილი პასუხისმგებლობა, რასაც თავი უნდა გაართვა. Chalayan-თან ერთწლიანი სტაჟირება გავიარე და არაჩვეულებრივი მოგონებები მაკავშირებს ამ მოდის სახლთან. პატარა გუნდი იყო, ძალიან მეგობრული და ჰუმანური განწყობით. კრეატიული ბრენდია, შესაბამისად სამუშაოც ძალიან საინტერესო გამოვიდა. ჰუსეინი არაჩვეულებრივი ადამიანია. მახსოვს, რამდენჯერმე გვიანობამდე რომ მოგვიწია მუშაობა, მთელი გუნდი წაგვიყვანა სავახშმოდ, ასეთი დეტალები მოდის სამყაროში იშვიათია კრეატიული დირექტორისაგან, რადგან უმეტეს მოდის სახლში ასეთი რამ არასოდეს ხდებაAlexander McQueen-თან სულ ორთვიანი სტაჟირება გავიარე. ეს  ჩემი პირველი გამოცდილება იყო და  გაფართოებული თვალებით ვათვალიერებდი, გარშემო რაც ხდებოდაძალიან ბევრს ვმუშაობდით და ალბათ მაშინ პირველად შევეჯახე მოდის რეალობას

 

მუშაობდით ცნობილ მოდის სახლებში,  Maison Margiela-ში, Hermès-ში, ამჟამად კი Loewe-ში ჩანთების დიზაინერი ხართ, მოგვიყევით ამ მოდის სახლებში თქვენი საქმიანობის შესახებ…

Hermès-ში ჩემი პირველი სამუშაო იყო და უბედნიერესი ვიყავი, ასეთი ისტორიის მქონე მოდის სახლში რომ მოვხვდი. ძალიან საინტერესო, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ხალხთან ერთად ვმუშაობდი, ამიტომ ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი რამ მესწავლა. Hermès კლასიკური ბრენდია, 200-წლიანი ისტორიით და ამასთან,   უმაღლესი ტექნოლოგიების მქონე. ამიტომ რაც იქ ვისწავლე, ფასდაუდებელია.

Maison Margiela ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ბრენდია, სადაც ადრე სტაჟიორად ვმუშაობდი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თავად Martin Margiela იქ იყო და შემოთავაზება რომ მივიღე,  უბედნიერესი ვიყავი. ახალგაზრდა და კრეატიული გუნდი იყო, არ გვქონდა არანაირი დაბრკოლება, შეგვეძლო შეგვექმნა ნებისმიერი რამ, რასაც კი მოვისურვებდით, დამოუკიდებლად გვიწევდა მუშაობა და პრობლემების გადაჭრა, რამაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა.

Loewe-ში კი, სადაც უკვე მეოთხე წელია, რაც ვმუშაობ,  განსხვავებული მუშაობის სტილი აღმოვაჩინე, აქ გავიგე, რა არის გუნდური მუშაობა,  დიზაინერების დიდი გუნდი ვართ პარიზში, და კიდევ უფრო დიდი გუნდია მადრიდში პროდუქტმენეჯერებისა და ხელოსნების, სახელოსნოში. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან და ყველა ადამიანს ძალიან კონკრეტული როლი და მისია აქვს ამ დიდ მანქანაში. მიუხედავად ასეთი სისტემური წყობისა, Loewe ძალზედ კრეატიული და ინოვაციური სახლია და ძალიან საინტერესო სამუშაოა. აქ გავიცანი  პროფესიონალები, რომელთაგანაც უამრავი რამ ვისწავლე, ასევე გავიჩინე მეგობრები და აქ მუშაობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო, საინტერესოა და ამავდროულად საამაყოა, რადგან ძალიან მომწონს, რასაც ვქმნით და ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური კომპანიაა დღეს მოდის სამყაროში.

 

როგორ გაჩნდა ელვიანი მოკასინების – Le Mocassin Zippe-ს შექმნის იდეა? როგორი პროდუქტის შექმნა გსურდათ თავდაპირველად?  

ეს ფეხსაცმელი ერთი კრეატიული პროექტის ნაწილი იყო, რომელიც გავაკეთე 2009 წელს – Time perseption შეგიძლიათ იხილოთ ჩემს საიტზე.  ფეხსაცმელი ძალიან მარტივი და კლასიკურია, მე თვითონ ბავშვობიდან   ხშირად მეცვა მოკასინები, ელვა შესაკრავის მეშვეობით კი გამორჩეული გამოვიდა და ვიფიქრე, რომ მისი ტარება ბევრ ადამიანს მოუნდებოდა, და 2013 წელს გადავწყვიტე წარმოებაში ჩამეშვა  ის. რაც მთავარია, ყოველთვის მინდოდა ქართული ფეხსაცმლის ხელობას მხარში დავდგომოდი და გამეტანა საზღვრებს გარეთ.

Le Mocassin Zippe მონო პროდუქტია – მასალები უცხოურია, ხელობა ქართული. თქვენ გადაწყვიტეთ ფეხსაცმელები საქართველოში დაგემზადებინათ,  ერთ-ერთ ჩვენებაზე ხელოსნების ფოტოსურათებიც წარმოადგინეთ. მოგვიყევით ამ გადაწყვეტილების შესახებ, როგორ ავსებს ეს ორი რამ ერთმანეთს?

ის ფაქტი, რომ  ფეხსაცმელები საქართველოში იკერება, ძალიან მნიშვნელოვანია და ბრენდის DNA-ის ნაწილია. ჩემს პირველ პრეზენტაციაზე, ინსტალაციასთან ერთად კედლებს ხელოსნების დიდი ფოტოსურათები ამშვენებდა, სწორედ ისინი დგანან ამ კარგად შეკერილი ფეხსაცმლის უკან და ამიტომ მინდოდა  მათი საზოგადოებისთვის ჩვენება.

ყოველთვის გამოირჩევით ფეხსაცმლის პრეზენტაციის ფორმით. თქვენს ჩვენებებზე უშუალო და  მხიარული განწყობაა, ყოველ ჯერზე განსხვავებულ ამბავს გვიყვებით და დამთვალირებელმა თითქოს ხელახლა უნდა აღმოაჩინოს Le Mocassin Zippe. აქვს რაიმე იდენტობა ელვიან მოკასინებს? ვინ ატარებს მათ?

დიახ, ვცდილობ, ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად ვაჩვენო ჩემი ფეხსაცმელი, მე თვითონ ძალიან ვერთობი იმის მოფიქრებაში,  კიდევ როგორი შეიძლება იყოს Le Mocassin Zippe მომავალ სეზონზე, ან  რა ფორმით შეიძლება მისი ჩვენებამომხმარებელი კი ძალზედ განსხვავებულია –  სტილით თუ ასაკით…  ყოველთვის ვცდილობ, რომ კოლექცია იყოს მრავალფეროვანი, რათა ნებისმიერი სტილის თუ ასაკის ადამიანმა მოირგოს.

 

Le Mocassin Zippe-ს რამდენიმე მოდელი USB-ის, Wi-Fi-ს და ბატარეის ლოგოტიპებით არის გაფორმებული, რა დატვირთვა აქვს  ამ დეტალებს?

ეს უბრალოდ დეტალებია, რომელიც  ყოველდღიურობის ნაწილია და მინდოდა, რომ სხვა კუთხით მეჩვენებინა ეს დეტალები, ამ შემთხვევაშიტყავზე ოქროსფრად ამოტვიფრული.

 

თქვენს შემოქმედებას ქართული კულტურისა და პოსტსაბჭოთა ცხოვრების სტილის გავლენა აქვს, თქვენს ინსტაგრამზე ხშირად ვხვდებით ნოსტალგიურ “პოსტებს” , სადაც ლოკალური ელემენტები ჭარბობს. თვლით, რომ ეს თქვენი დიზაინის ხედვის ნაწილია? რა არის ამჟამად თქვენი შთაგონების წყარო?

დიახ, დღეს საქართველო ძალზედ ცვალებად ფაზაშია, თითქოს ხელახლა გვინდა ჩვენი იდენტობის პოვნა და საკუთარი თავის შეცნობა, თუმცა ელემენტები აქ არის, ჩვენს ცხვირ წინ და საჭიროა მხოლოდ დანახვა. ვფიქრობ, ზღვარზე ვართ, ძალიან ძლიერი იდენტობის ჩამოყალიბების ან კიდევ სრულიად  დაკარგვის

მე პირადად შთაგონებას მაძლევს ის ესთეტიკა და გარემო, რაც დღესაა საქართველოში, თავისი ავკარგით, რაღაც ექლექტიკას ვხედავ ამაში და მართალია, ნოსტალგიასაც განვიცდი, რადგან ვხედავ ბევრი რამ დროსთან ერთად როგორ იკარგება, თუმცა ეს ალბათ ბუნებრივიც არის

 

დღევანდელ დღეს მოდა ძალიან  დაჩქარებულია, ოთხი სეზონის იდეა ფაქტობრივად აღარ არსებობს, ყოველკვირეულად ახლდება კოლექციები და მომხმარებელიც წაქეზებულია, რომ ამ ინდუსტრიის ტემპს აჰყვეს. როგორ ფიქრობთ, Le Mocassიn Zippe წარმოების სტილითა და კონცეფციით „სწრაფი მოდის“ ანტიპოდია? რა ადგილი უჭირავს მას ბაზარზე?

მე ორ კოლექციას ვაკეთებ წელიწადში, შემოდგომაზამთრისა და გაზაფხულიზაფხულისვფიქრობ, ეს სრულებით საკმარისია.

რა არის ამოსავალი წერტილი, როდესაც ახალ კოლექციაზე მუშაობთ?

ეს პირდაპირ კავშირშია ინტუიციასთან, ვცდილობ, ნაკლებად გავაკეთო კრეატიული პროცესის რაციონალიზება.

 

დღეს თქვენთვის რა არის Cool?

Cool ჩემთვის არის ის, რაც არის უშუალო და ძალდაუტანებელი, ბუნებრივი

ისე, ძალიან მაინტერესებს, ამ სიტყვის ქართული ვარიანტი თუ არსებობს?

„ტანსაცმელი ქმნის ადამიანს. შიშველ ხალხს აქვს პატარა ან არავითარი ზეგავლენა საზოგადოებაზე“ – რამდენად ეთანხმებით მარკ ტვენის ამ ფრაზას? თქვენი აზრით, რა ფუნქცია აქვს მოდას?

მას შემდეგ, რაც მარკ ტვენმა ეგ თქვა, საუკუნეზე მეტი გავიდა, და ვფიქრობ, რომ ეს შეიცვალა, სწორედ შიშველ ხალხს აქვს დღეს გავლენა საზოგადოებაზე 🙂

 

რა მოგწონთ ბოლო დროს საქართველოში?

მომწონს, რომ ხალხმა უფრო მარტივად დაიწყო მოგზაურობა.

მომწონს, რომ საზოგადოება გაიხსნა გეების მიმართ.

მომწონს, რომ ბევრი ადგილია, სადაც შეიძლება გემრიელად ჭამო.

მომწონს თბილისის ღამის კლუბები.

მომწონს, რომ ხალხის ცნობიერებაში დაიწყო გაღვიძება ეკოლოგიურმა საკითხებმა, და იმედი მაქვს მალე მოჰყვება რეაგირება  როგორც ხალხის, ასევე მთავრობის მხრიდან

მომწონს, რომ ტარდება მეტი და მეტი ხელოვნების თუ მუსიკის ფესტივალები, მოდის კვირეულები

კვირას პარიზში რომ ჩამოვდიოდე, რას გავაკეთებდით?

ბევრს ვისეირნებდით ერთი უბნიდან მეორეშისხვადასხვა უბნების სხვადასხვა ბრასერების ტერასებზე დავლევდით ჯერ ყავას, მერე  ისევ  ყავას, შემდეგ ახლად გამოწურულ ფორთოხლის წვენს ან Perrie-. სადილის დროს ვისადილებდით შემდეგი ბრასერის ტერასაზე, მივირთმევდით უგემურკროკმესიეს”, სამაგიეროდ დავტკბებოდით პარიზული ხედით. შემდეგ ისევ სხვა ტერასაზე დავლევდით კიდევ  ყავას, და ასე საღამომდეშეიძლება სპონტანურად რაიმე გამოფენა გვენახა, მაგრამ ისე, ძალდაუტანებლად და სწრაფად. საღამოს კი ღვინის ბარში ვივახშმებდით და დავლევდით გემრიელ ღვინოს. იმედი მაქვს სასაუბრო არამოგველევა.

 

რა გაყენებთ კარგ ხასიათზე?

ჩემი საყვარელი ადამიანები, მუსიკა, გემრიელი საჭმელი, ძაღლები, მზიანი ამინდი

აგვიწერეთ თქვენი გარდერობი, როგორ სამოსს ატარებთ?

მიყვარს ბუნებრივი მასალები, თავისუფალი ფორმების მქონე კლასიკური სტილის ტანსაცმელიამავდროულად განსაკუთრებული შემთხვევისათვის მიყვარს  სხვადასხვა ხასიათის კაბები

 

თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს  თანამედროვე ქალი?

თანამედროვე ქალი, და კაციც, უნდა იყოს პასუხისმგებლიანი, დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და ამავე დროს თავმდაბალი. გააჩნდეს საკუთარი აზრი, შეეძლოს განსხვავებული აზრის მოსმენა, და მისგან განსხვავებულის პატივისცემა.

ის უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას სამყაროს და ადამიანების მიმართ, უფრთხილდებოდეს გარემოს და ზრუნავდეს ეკოლოგიაზე.

კარგია, თუ მას აქვს პროფესია ან ხელობა, მაგრამ მან ყოველთვის ის უნდა აკეთოს, რაც მას უყვარს.

ის უნდა ზრუნავდეს საკუთარ სხეულზეც და სულზეც, იყოს დაკავებული სპორტით (ზომიერად), და სულიერად ვითარდებოდეს, ეცნობოდეს ხელოვნებას, მედიტირებდეს, ლოცულობდეს, ატარებდეს დროს ბუნებაში, უთმობდეს დროს თავის მშობლებსა და შვილებსუნდა იყოს მუდმივ ძიებაში და ვფიქრობ, ბევრ დროს უნდა ატარებდეს შრომაში, როგორც ამბობენ: შრომა აკეთილშობილებს ადამიანს.

 

გააქვთ რაიმე რეკომენდაცია ჩაცმის სტილთან დაკავშირებით?

არავითარი.

რა რჩევას მისცემდით დამწყებ დიზაინერებს?

სანამ დროა შეიცვალოს პროფესია.

 

გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები…

აგვისტო მთავრდება,  შვებულების ბოლო დღეებს ვატარებ და ყველაზე ნაკლებად მინდა სამომავლო გეგმებზე ფიქრი.

 

რამდენად  ემთხვევა თქვენი ოცნებები თქვენს გეგმებს?

გავიხსენებ გამოთქმას: “ნუ ეცდები შეცვალო სამყარო, შეცვალე შენი ოცნებები”. მე ვცდილობ დავაფასო ის, რაც მაქვს და ბედნიერად ვიგრძნო თავი იმ გარემოში, რომელშიაც ვარ.

ავტორი: ანო ნიკოლაიშვილი

ფოტოგრაფი: ლევან მაისურაძე

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.