fbpx
გააზიარე სტატია

ინტერვიუ არქიტექტორ ქეთუნა ყრუაშვილთან

როგორ დაინტერესდი არქიტექტურით?

არქიტექტურა სისხლში მაქვს. ყველა არქიტექტორია: დედა, მამა, ბებია, ბაბუა, დიდი ბაბუაც კი –  ბავშვობიდან ირგვლივ სულ არქიტექტურა იყო. ამ საქმის მიმართ სიყვარულიც ალბათ თანდაყოლილი მაქვს.

 

როდის დააარსე Noa Studio? გვესაუბრე სტუდიის ხედვაზე.

2005 წელს მე და მამაჩემმა დავაარსეთ სტუდია. NOA Studio-ს სახელით კი 2010 წლიდან ვმუშაობთ, როდესაც პორტუგალიელი პარტნიორი სეზარ რიბეირო შემოგვიერთდა. ჩვენი ხედვა და მიზანი არქიტექტურაში არის ის, რომ სივრცე განვსაზღვროთ შუქისა და ფორმის ერთმანეთთან დიალოგის მეშვეობით. ყოველი პროექტისთვის შევქმნათ სპეციფიკური და უნიკალური გარემო. ეს პრინციპები გვეხმარება არქიტექტურაში შემოვიტანოთ მეოთხე განზომილება: სივრცის გამოყენება რიტმის, მიმართულების და ამ სივრცეებში გადაადგილების მეშვეობით; ამ პროცესით აღძრული შეგრძნებების და ემოციების აღქმა – როდესაც არქიტექტურა სტატიკური კი არ არის, არამედ მოქმედებად გარდაიქმნება.

რა არის შენი დიზაინის ფილოსოფია?

სწორად დაგეგმარებული სივრცე. ადამიანებმა თავი კარგად უნდა იგრძნონ ჩვენ მიერ დაპროექტებულ გარემოში.

 

გარდა არქიტექტურული დიზაინისა, Noa Studio მუშაობს ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინზე, ასევე ისტორიული კონსერვაციის პროექტებზე. რა არის ამ მიმართულებებში შენთვის ყველაზე საინტერესო?

ყველა მიმართულება საინტერესოა, თუ თავად პროექტია საინტერესო. ვცდილობთ ამ კუთხით შევარჩიოთ ხოლმე სამუშაო. რაც შეეხება ისტორიულ კონსერვაცია-რეაბილიტაციას, ეს მიმართულება  განსაკუთრებულ და სათუთ მიდგომას მოითხოვს. ბევრი ასპექტია გასათვალისწინებელი და სამუშაო პროცესი რთული და ამავდროულად მართლა საინტერესო ხდება. თუ პროექტები ასარჩევადაა, ალბათ ახლის შექმნა ყველაზე გამომწვევი, კრეატიული  და შთამაგონებელია.

Noa Studio-ს სხვადასხვა ნამუშევრები ჰარმონიულად ჯდება თბილისის უბნებში, განსაკუთრებით კი ქალაქის ისტორიულ ნაწილში. რამდენად მნიშვნელოვანია ობიექტის მდებარეობა და მისი კონტექსტი პროექტირებისას?  

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ინტერვენციის ადგილი. აქედან იწყება ყველაფერი. Genius Loci – ადგილის დამცველი სული. არ ვეთანხმებით გლობალიზაციის პრინციპს, რომ ნებისმიერი შენობა მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას შეიძლება აშენდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილის ისტორია, მეხსიერება, ტრადიცია, გარემო, ხედი, მზე, ცა… პროექტირების დაწყებამდე გარკვეულ დროს ვატარებთ ხოლმე ნაკვეთზე. ზოგჯერ რამდენჯერმე, დღის სხვადასხვა მონაკვეთშიც  კი მივდივართ…

 

შეგიძლია მოგვიყვე  წყნეთში (Private house in the region of Tskneti) განხორციელებულ  პროექტზე?

ამ პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ შენობის ადგილზე განლაგება იყო. საკმაოდ რელიეფური ნაკვეთია, ჩრდილოეთისკენ მიმართული, გახსნილი ხედით. დამკვეთებს ორსართულიანი შენობა უნდოდათ, რადგან ხედი მეორე სართულიდან იხსნებოდა, ამავდროულად პრაქტიკული თვალსაზრისით  ერთსართულიან სახლს ანიჭებდნენ უპირატესობას. ქუჩა საკმაოდ დატვირთულია შენობებით, რაც ღობეს და ჩაკეტილ ეზოს გულისხმობდა. ჩვენ გადავწყვიტეთ სახლიც და ეზოც მეორე სართულის დონეზე აგვეწია, რამაც საშუალება მოგვცა მიგვეღო ერთსართულიანი შენობა გახსნილი ხედით. ქუჩის დონეზე აღმართული საყრდენი კედელი ღობის ფუნქციას ითავსებს, ამიტომ ეზოს მხოლოდ გამჭოლი, გამწვანებული მოაჯირი აქვს, რაც სიმყუდროვის განცდას ბადებს  და დატვირთული ქუჩის დავიწყების საშუალებას იძლევა. სახლის უკანა მხარეს დავგეგმეთ 3 შიდა ეზო, რაც შენობაში ბუნებრივ განიავებას ქმნის და სამხრეთის მზესაც აწვდის. სახურავის საფარი ბალახია, რომელიც ამ დონეზე არსებულ ეზოს ბალახს ერწყმის. რთულია დაინახო საზღვარი ნაგებობასა და ბუნებას შორის. საინტერესო სახლი გამოვიდა.

რესტორნის კომპლექსი RRS მდებარეობს ადგილზე, სადაც საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მონუმენტი იდგა, რომელიც იკონკლასტის მსხვერპლი გახდა. არის რაიმე განსხვავება მიდგომაში, როცა ასეთ პროექტზე მუშაობ?

ყველა პროექტისადმი ერთნაირი  მიდგომა გვაქვს – ესაა პროფესიული პასუხისმგებლობა☺ ადგილის მნიშვნელობა ვახსენეთ  და ასეთივე მნიშვნელოვანია ჩვენთვის კონცეფციაც – მყარი, გააზრებული, ერთიანი. ამ პროექტში სწორედ ეს ორი პრინციპი იყო ამოსავალი. საბჭოთა მონუმენტის ნანგრევებზე აღმართული ახალი შენობა  ბეტონის უწყვეტი ხაზის სივრცეში მოძრაობით იძენს ფორმას. გამჭვირვალობა პასუხობს მოედნის გამჭოლობას, ხოლო ფასადის ხის დარაბები მიუთითებს ქართულ ეთნოგრაფიულ მასალაზე. შემთხვევითობაც ხდება ხოლმე. მაგალითად, სირთულის, სიძვირის და დროის ნაკლებობის გამო ვერ მოხერხდა საბჭოთა მონუმენტის ბოლომდე დემონტაჟი.  მოედნის დონიდან ქვევით, მინუს პირველ სართულზე დარჩა რკინა-ბეტონის მასიური პილონები, რაზეც აღმართულია მთელი შენობა. რა თქმა უნდა, ამ გარემოებამ საკმაოდ შეგვზღუდა კონსტრუქციულად, შენობის ვიწრო და გრძელი ფორმაც სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა. თუმცა ესეთი შეზღუდვების დროს უფრო კრეატიული ხდები და გამოწვევებს, ასე ვთქვათ, გამომწვევად პასუხობ.

გამოარჩევდით თუ არა რომელიმე პროექტს და რატომ?

კარგა ხანს ვიფიქრე,  რომ გამორჩეული პროექტი დამესახელებინა. ვერ შევძელი. ნებისმიერი პროექტი – მათთან დაკავშირებული ურთიერთობებით, მუშაობის პროცესით თუ უკვე მიღებული შედეგით – მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია ჩვენთვის. ალბათ როგორც მრავალშვილიანი მშობელი ვერ გამოარჩევს საყვარელ ბავშვს,  მეც ასევე მიჭირს გამორჩეული პროექტის დასახელება.

 

რა მასალებს ანიჭებ უპირატესობას?

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მასალებია სივრცე და შუქი. დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

გვესაუბრე სამომავლო გეგმებზე

ბევრ საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ. პორტოში  ვაპირებთ გავაფართოოთ ოფისი, მოვიწვიოთ მეტი თანამშრომელი/კოლაბორატორი, რომლებიც ძირითადად ქართულ პროექტებზე იმუშავებენ. მიმაჩნია, რომ საქართველოში კარგი არქიტექტურის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა.

 

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე

 


რეკომენდებული სტატიები
პიერ დე მერონის ვიზიტი თბილისში

პიერ დე მერონის ვიზიტი თბილისში

პიერ დე მერონის ვიზიტი თბილისში
თბილისის არქიტექტურის ბიენალემ შვეიცარიელი არქიტექტორების ცნობილი დუოს, “Herzog & de Meuron”-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, პიერ დე მერონის უმასპინძლა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.