fbpx
გააზიარე სტატია

ინტერვიუ ხელოვან ლევან მინდიაშვილთან

ლევან მინდიაშვილი  ქართველი ხელოვანია, რომელიც ნიუ-იორკსა და თბილისში მუშაობს. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია სკულპტურის განხრით, ხოლო შემდგომ სწავლა განაგრძო ბუენოს-აირესის სახელმწიფო ხელოვნების აკადემიაში. მის მიერ მიღებულ ჯილდოებს შორის არის 2014 წლის  გრანტი ნიუ-იორკის ნაციონალური ფონდიდან საჯარო სახელოვნებო პროექტებისათვის,  ასევე 2011 წელს ჯილდო ხელოვანის განვითარებისთვის.

ლევან მინდიაშვილი ხშირად თანამშრომლობს უტა ბექაიასთან სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, მათ შორისაა გამოფენა სახელწოდებით “ ღამის ინტერვენცია  თბილისის აბრეშუმის მუზეუმში” და ასევე “უნებური არქეოლოგია”, ლოჯის გალერეაში, ნიუ-იორკში. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ჯგუფურ გამოფენებში: თბილისის ისტორიის მუზეუმში, ლიტერატურის მუზეუმში, არსენალზე, უკრაინაში, ტარტუს ხელოვნების მუზეუმში  და სხვ.

2017 წლიდან ლევან მიდიაშვილი მიწვეულია თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის ლექტორად.

Hammock Magazine-ისა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში წარმოგიდგენთ ინტერვიუს ხელოვან ლევან მინდიაშვილთან.

სივრცითი და კულტურული მობილობა, იდენტობის კავშირები ურბანულ პეიზაჟებთან, ჯენტრიფიკაცია თქვენი ნამუშევრების ძირითადი თემებია, რამ განაპირობა ამ თემატიკით დაინტერესება?

ვიტყოდი, რომ ჩემთვის არქიტექტურა და ურბანული, საჯარო სივრცე – როგორც ინტერესის საგანი – ამ ეტაპზე დასრულდა, თუმცა მუდმივად ცვალებადი პირობებისადმი ჩემი დაინტერესება, როგორც ჩვენი დღევანდელობის განუყოფელი პირობა – კიდევ უფრო გაღრმავდა. საკუთარი ადგილის თუ სახლის იდეა ბუნებრივად წამოიჭრა იმ დროს, როცა არსებულ გარემოსთან გაუცხოებამ და ახალი ცოდნის შეძენის სურვილმა საქართველოდან წასვლა გადამაწყვეტინა და ახალ კულტურასთან მიმართებაში დავიწყე საკუთარი წარსულის და იდენტობის – კულტურული, სოციალური თუ პირადის – გადააზრება. ბუენოს-აირესის ურბანული განვითარების მაგალითზე უფრო ცხადი გახდა ჩემთვის იმ დროს საჯაროსა და საკუთარს შორის საზღვრების მზარდი გაუჩინარება და შემდეგ, უკვე ნიუიორკში გადასვლისას, ინტენსიური ჯენტრიფიკაციის მაგალითზე ამ თემებმა კიდევ უფრო სხვა აქტუალურობა შეიძინა.

აღნიშნავთ, რომ თქვენთვის, როგორც ხელოვანისთვის ერთ-ერთი საინტერესო საკითხი საკუთარი ნამუშევრების დუალიზმია, რაც ნამუშევრის ფიზიკური ფორმისა და მისი შინაარსის აღქმის დროს ინტერპრეტაციის მომენტებს უკავშირდება. შეგიძლიათ გვესაუბროთ ამ ნიშნით გამორჩეულ თქვენს რომელიმე ნამუშევარზე?

მასალას და მის ფიზიკურ თვისებებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ჩემთვის ნამუშევრის შინაარსის გასააზრებლად – რამდენადაც ნაკლებად მაინტერესებს მედიუმი (ფერწერა ერქმევა ნამუშევარს, ქანდაკება თუ ობიექტი), იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ თავად გამოყენებული მასალა მეტყველებდეს იმ კონდიციებზე, რის ხაზგასმასაც ვცდილობ. მაგალითად, თუ ისევ სახლის იდეას დავუბრუნდებით – ის სკულპტურული ფილები, რომლებიც ბეტონის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ ნარჩენებს წააგავს, სინამდვილეში პიგმენტირებული თაბაშირია და მთლიანად ხელითაა გაკეთებული. მგონია, რომ ერთი მხრივ, თავად თაბაშირის სიმყიფე და დროებითობა უსვამს ხაზს სახლის, ადგილის ტრადიციული გაგების დრომოჭმულობას და მეორე მხრივ, ამ იდეის ისტორიულ განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას; მუდმივ ჩართულობას ითხოვს მნახველისგან, რომ გადაამოწმოს რას უყურებს, რადგან ადვილად შეიძლება რაიმე ისტორიულ ფრაგმენტად “გაიძვრინოს” თავი. თუ ჩემ ფარდაგებს ავიღებთ – თითოეული მათგანი ერთი შეხედვით ტექსტილზე დაბეჭდილ ფოტოგრაფიულ გამოსახულებას ჰგავს, მაშინ როცა ციფრული თარგმნის რთული პროცესის შედეგია – თავიდან ჩემს ქანდაკებებს ვუღებ ფოტოებს, სადაც ხშირ შემთხვევაში ბუნებრივი, დაცემული ჩრდილიც გამოსახულების ნაწილი ხდება. შემდეგ ფაილი მზადდება ჟაკარდის დაზგისთვის მოსაქსოვად და მნიშვნელოვანი ჩემთვის ამ პროცესში ის ფაქტორია, რომ თითოეულ პიქსელს თითო ნაქსოვი შეესაბამება. საბოლოოდ სკულპტურა ქსოვილად გადაიქცევა, რომელიც თავის მხრივ ისევ სამგანზომილებიანი ობიექტი ხდება ხოლმე.

თქვენი დაკვირვების საგანი ხშირად საჯარო და პირადი სივრცის მახასიათებლებია, მათ შორის – საზღვრების დაჩქარებული ქრობა, როგორ გესმით სახლის, საცხოვრისის იდეა ამ მოცემულობაში?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ იდეით დაახლოებით 2011 წელს დავინტერესდი და თითქმის აქამდე სხვადასხვა ინტენსივობით მასზე ვმუშაობდი. თუმცა ამ პროცესზე დაკვირვებამ ჩვენი დღევანდელი ყოფის უფრო გლობალური სურათი დამანახვა – არა მხოლოდ საჯაროსა და პირადს შორის საზღვრის გაქრობა, არამედ ზოგადად, ყველა, აქამდე არსებული სოციალური კონსტრუქციისა თუ “კანონიკური” ცოდნის ვადაგასულობა. უდავოა, რომ ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვან დროს ვცხოვრობთ, არა მხოლოდ “ძველი” სამყაროს დაშლის, არამედ უკვე ახლის ჩამოყალიბების პროცესში ვართ – როცა ყველა ღირებულების და სტრატეგიის გადააზრება გვიწევს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, არ გვჭირდება ძველი მოდელების გამეორება და სხვების მიერ უკვე გავლილი გზების თავიდან გავლა, პირიქით – ერთი შეხედვით სრულიად რადიკალური და ახლებური მიდგომები და სტრატეგიებია ყველაზე ეფექტური და შედეგის მომტანი. ამ პროცესმა ჩვენი ყოფის ყველა სფერო და ჩვენი პლანეტის ყველა კუთხე ერთნაირად მოიცვა – ახლა ვცხოვრობთ, როგორც პოლ ვირილიომ თავის დროზე უწოდა, “ერთიან გლობალურ დროში” (ნაცვლად “ისტორიული – ლოკალური” დროებისა, სადაც ყველა ქვეყანა თუ კულტურა საკუთარი ტემპით თუ გზებით ვითარდებოდა). და თუმცა გამუდმებით გვესმის “ახლის” ძიების თუ საჭიროების შესახებ, სინამდვილეში, ჩემი აზრით, სიახლის მოდერნისტული ფეტიში “საკუთარმა” ჩაანაცვლა: “პოსტ-“ და “რე-” (re-think, re-contextualize, re-write, re-invent) პერიოდებიც დასასრულს მიუახლოვდა, ის სამყარო უკვე თავისთავად ახალია, რომელშიც ახლა ვაბიჯებთ და ახალი გზების და გადაწყვეტილებების ნაცვლად ჩვენი “საკუთარის” მოძებნა გვჭირდება.

გალერეა “ერთმა” თბილისის ხელოვნებს ბაზრობაზე (TAF) თქვენი ნამუშევრები წარადგინა, რა კონტექსტმა გააერთიანა არტ-ფეარზე გამოფენილი ნამუშევრები?

TAF-ზე თითქმის ბოლო ნამუშევრები წარადგინეს “უნებური არქეოლოგიის” სერიიდან, სადაც ერთი მხრივ, მონუმენტური სკულპტურა-ფარდაგები გამოიფინა, და მეორე მხრივ, პიგმენტირებული თაბაშირის ფილები, რომლებზეც თითქმის გამქრალი არქიტექტურული გამოსახულებების ნარჩენები იყო. რაც ფაქტობრივად წინაპირობად იქცა იმ მიმართულებებისა, რაზეც ახლა ვმუშაობ: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი “რეალობა” უფრო და უფრო ემსგავსება გადატვირთულ, კოლაჟურ “დესკტოპს,” და აცდენაც უფრო და უფრო დიდია დღევანდელ ცოდნასა და წარსულ გამოცდილებებს შორის, სამყაროს ჩვენი აღქმა უფრო მეტად დაიყვანება ერთ წარმავალ, ციფრულ გამოსახულებამდე, რომელიც მალევე ქრება ჩვენი ეკრანებიდან. ამ მუდმივ დენადობასა და წარმავალობის ფონზე, ერთი მხრივ, ვცდილობ გამოსახულებას ფიზიკურობა, სხეული შევძინო (სკულპტურული ფილები) ან, მეორე მხრივ, თავად ნამუშევრის ზედაპირი გახდეს გარემოსა და დროის -“აქ და ახლა”-ს – შეხვედრის ადგილი (თხევადი სარკით შესრულებული ნამუშევრები).

თქვენი ნამუშევრებში ხშირია მასალის მრავალფეროვნება, რა პროცესები უძღვის წინ რომელიმე კონკრეტული მასალის ნამუშევარში ჩართვას?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მედიუმის ნაცვლად მასალა და მისი ფიზიკური ბუნება მაინტერესებს. მზარდი ვირტუალიზაციის პარალელურად მგონია, რომ ჩვენი ფიზიკურ-მატერიალური მგრძნობელობა კიდევ უფრო დაიხვეწა და მე იმ ტიპის ნამუშევრები მაინტერესებს, რომლებიც არა იდეების თუ კონცეფციის ილუსტრაციაა, არამედ თავადაა მატერიალიზებული იდეა. როცა დრო მაქვს, საათებს ვატარებ “ჰოუმ დეპოს” (სამშენებლო მასალის მეგამარკეტი) მსგავს ადგილებში ჩემთვის სრულიად უცხო და გაუგებარი მასალების ანოტაციების კითხვაში, ან უბრალოდ ინტუიციურად ვგრძნობ რომელიმე მასალის პოტენციალს და შემდეგ კვირებს ვხარჯავ მათთან ექსპერიმენტში.

მუშაობთ არაერთ სახელოვნებო მედიუმში, რომელ მედიუმში მუშაობისას გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნამუშევრები ასე, ცალკე აღებული, თავისთავად დასრულებული ერთეულია, ყველაზე დიდი სიამოვნება ჩემთვის მაინც სივრცეში მუშაობაა, როცა ნამუშევრები ელემენტებად იქცევიან ერთი დიდი “სხეულის” შესაქმნელად, როცა სივრცე და ნამუშევრები ერთმანეთის ორგანული ნაწილები ხდებიან; სადაც მნახველს იდეის მთელი სხეულით შეგრძნება და მის შიგნით ყოფნა შეუძლია.

გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე

ახლა, დეკემბერში მაქვს სოლო პრეზენტაცია NADA-ზე, მაიამიში, გალერეა “ერთთან” ერთად და თებერვალში ბრიკის ბიენალეში ვმონაწილეობ – BRIC არტ-ცენტრში, ნიუ-იორკში. ორივე გამოფენისთვის ახალ ნამუშევრებს ვაკეთებ, რომლებშიც ერთგვარად ვეხმიანები ლოსანჯელესელ კონცეპტუალურ არტისტს, ბას ჯან ადერს და მითს მისი გაქრობის შესახებ; ის 1975 წელს პატარა იახტით შეეცადა ატლანტიკის ოკეანის გადაცურვას, რომელიც სოლო გამოფენით უნდა დასრულებულიყო გრონინგენში. პროექტს ერქვა “სასწაულის ძიებაში” და მისი დაწყებიდან 10 თვის თავზე ჯან ადერის ამოტრიალებული გემი იპოვეს, ხოლო ხელოვანის სხეული, მისი კამერა და პირადი დღიურები უკვალოდ გაქრა. მიუხედავად გარდაუვალი რომანტიკული მითისა არტისტის შესახებ, რომელიც საკუთარ ნამუშევარს შეეწირა, ჩემთვის ყველაზე საინტერესოა თვითონ ფაქტი ზღვარის გაქრობისა ნამუშევარსა და ცხოვრებას შორის. ფაქტობრივად მთელი მოდერნისტული ისტორია შეიძლება დაიწეროს – როგორც მცდელობა ამ ორს შორის ზღვარის გაქრობისა და მიმაჩნია, რომ სწორედ დღეს ხდება მათი ორგანული სინთეზი – როცა ხელოვნება საბოლოოდ თავისუფლდება რენესანსის პერიოდში დაწყებული ელიტური წრეებისთვის შექმნილი თვითკმარი ფეტიშისტური თაყვანისცემისგან და ის უფრო დემოკრატიულ, ყველასთვის ღია სივრცედ იქცევა. ესაა ჩემი ინტერესის და სამომავლო გეგმების ფოკუსი.
ასევე ბრუკლინის გალერეა Black Ball Project-მა მიმიწვია გაზაფხულზე კურატორული პროექტის გასაკეთებლად, მოლაპარაკება ახალი დაწყებულია და დეტალები ალბათ დეკემბრის მეორე ნახევარში მეცოდინება.

ავტორი: ნინა პატარიძე


რეკომენდებული სტატიები
ხვალ იქნება გუშინ - ინტერვიუ კურატორ ანდრეი მიზიანოსთან

ხვალ იქნება გუშინ - ინტერვიუ კურატორ ანდრეი მიზიანოსთან

ხვალ იქნება გუშინ - ინტერვიუ კურატორ ანდრეი მიზიანოსთან
თანამედროვე ხელოვნება დასავლური პროექტია, რომელიც ხსნის კონკრეტულ ღირებულებებსა და ლოგიკას. თანამედროვე ხელოვნების განვითარების დონე ერთგვარი “ლაკმუსის ქაღალდია”.
ინტერვიუ გიორგი ჩხეიძესთან

ინტერვიუ გიორგი ჩხეიძესთან

ინტერვიუ გიორგი ჩხეიძესთან
გიორგი ჩხეიძის სხვადასხვა დროს სხვადასხვა სფეროში მიღებულმა გამოცდილებამ გარკვეულწილად განაპირობა მისი ვიზუალური სახელოვნებო ენის ჩამოყალიბება, რაც მის პერსონალურ ტექნიკაშიც გამოვლინდა, სადაც ხელოვანი შემთხვევით ვიტალურ, გეომეტრიულ ფორმებს იყენებს და მინიმალისტურ კომპოზიციებზე მუშაობს.
ინტერვიუ ხელოვან თეა გვეტაძესთან

ინტერვიუ ხელოვან თეა გვეტაძესთან

ინტერვიუ ხელოვან თეა გვეტაძესთან
დასავლეთში ცხოვრებამ ჩემი თავი ჩემივე ხელით დამანგრევინა და მისი შენება თავიდან დამაწყებინა. ეს შენების პროცესი დღემდე მიდის და იმედია არ შეწყდება.
ხელოვნება, სახლი და დიალოგი

ხელოვნება, სახლი და დიალოგი

ხელოვნება, სახლი და დიალოგი
13 ოქტომბერს გალერეა LC Queisser-ში ლიზა ალვარადოს გამოფენა - Polyphonic shadow cloth გაიხსნა. ლიზა ცნობილია თავისი კომპლექსური ნამუშევრებით, რომლებიც ერთდროულად ტრადიციის გამტარებსაც წარმოადგენენ და ახალი პოტენციალის ათვისებასაც შესაძლებელს ხდიან.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.