fbpx
გააზიარე სტატია

ინტერვიუ მუსიკოს ნატალია ბერიძესთან

როგორ დაიწყო შენი ურთიერთობა მუსიკასთან?

ბავშვობის დროინდელ თითქმის ყველა მოვლენას მუსიკის ან სუნის საშუალებით ვიხსენებ, ცოტა რამ მახსოვს ცხადად. ეს მეხსიერება ბევრად ცოცხალი ხიდია ღრმა ბავშვობაში სამოგზაუროდ, ვიდრე სურათები, ჩანაწერები დღიურში და “გახსოვს?”-ები…
პირველი სიყვარულია რიბნიკოვის приключения Буратино – ვინილი, რომელიც დედ-მამის ჯაზის ფირფიტებს შორის იდო და ამ ფილმის ნახვამდე მუსიკა ზეპირად ვიცოდი. დღემდე ჩემთვის ჯადოსნური მუსიკა და კომპოზიტორია. ჩემი პირველი CD-ის პირველი ტრეკი სწორედ ამ ფილმიდან ერთ-ერთი სიმღერისადმი მიძღვნა და ქავერია. Jesus Christ, super star – Webber-ის მიუზიკლისთვის არდადეგებზე სპექტაკლი დავდგი, სრული დასით და დიდი შავი ჯვრით, რომელსაც ერთი კვირა ვაკეთებდით. მე მარია მაგდალენა ვიყავი, იმიტომ რომ ყველაზე მაგარ სიმღერებს ეს პერსონაჟი მღერის მიუზიკლში.
რაც თავი მახსოვს, ყველაზე საყვარელი და საიდუმლო “შტაბობანას” თამაში სახლში, მამიდაჩემის როიალის ქვეშ გამომდიოდა, როცა მასთან მოწაფეები მოდიოდნენ. ამიტომ კლასიკური მუსიკის დიდი ნაწილი სწორედ იქ მოვისმინე და შევიყვარე, დანარჩენს უკვე მერე ჩემით ვირჩევდი. მე და ჩემი მეგობარი – ლელაკო საათობით ვიწექით მის ოთახში და ხან Marusha-ს, ხან შოსტაკოვიჩს ვუსმენდით. და ზოგადად, თითქმის ყველა ჩემს ახლო მეგობართან ეს “სმენითი” ურთიერთობა მაკავშირებს. სახლში იმდენად ეკლექტურ და მრავალფეროვან მუსიკაში ვარსებობდი, რომ არ დამჭირვებია “რთული მუსიკის” მოსმენის ძალადობრივად სწავლა შემდგომში და ამისთვის უპირობოდ მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის.
პირველი Aphex twin-ის დისკი მოსკოვში ნიკა ჯაფარიძემ მაჩუქა და თბილისში სიწმინდესავით ჩამოვაბრძანეთ. პირველი I care because you do, თანაც ჩაწერილი კი არა, ნამდვილი, ოფიციალური – რიგში ჩადგომით მოგზაურობდა ქალაქში… და ასე შემდეგ. ამიტომ კითხვაზე, თუ როდის შემეხო მუსიკა, ზუსტი პასუხია: რაც ვარსებობ და ყველაზე ძლიერად.

უფრო სერიოზულად როდის დაიწყე მუსიკის შექმნაზე ფიქრი?

თინი როცა ვიყავი, ყურსასმენებში Jeff Mills-ის და Carl Cox-ის დიჯეი სეტების გადაწებებული კასეტებით ვიძინებდი. ზეპირად ვიცოდი ყველა დეტალი, წარმომედგინა, რომ ეს მუსიკა, ისევე როგორც ვაგნერის “პარციფალი”, ჩემი დაწერილია, რომ მე ვდირიჟორობ, მე ვდიჯეობ… მაშინ ვოცნებობდი, რომ დიჯეი გამოვიდოდი ალბათ. დროში დიდი ნახტომით, ამერიკული ფილმის ფინალივით, 200… რომელიღაც წელს ჟენევაში, კლუბ Weetamix-ში, მე და Jeff Mills ერთ საღამოს ვუკრავდით: მე ლაივ სეტს, ის ჩემს მერე დიჯეი სეტს. პირველად მოვითხოვე კონცერტის პლაკატი იმ მეოცნებე ბავშვის გასახსენებლად, 90-იანების ღამის თბილისში, ტექნოს ქვეშ რომ იძინებდა.
მაგრამ რეალურად მუსიკის კეთება ჩემი მეგობრების გამო დავიწყე. მქონდა 3 აბსურდული და უფუნქციო დიპლომი და ვიყავი დაკარგული ჰუმანიტარი ბავშვი, ვიდეოს და წერას მივედ-მოვედებოდი გოსლაბში… გოგი ძოძუაშვილი და ნიკა მაჩაიძე კომპიუტერში სასწაულ მუსიკას აკეთებდნენ – მარტივად. და ეს მათი გადარჩენა იყო. აქედან დავიწყე პირველად მუსიკის წერა და აღარ დამთავრდა. ოღონდ არ მიფიქრია, უბრალოდ ვიყიდე რაღაც უდღეური კომპიუტერი და ჩავიკეტე ჩემს ოთახში. Love from the first sight. ჩემი ოჯახი ჩემს განცხადებას, რომ “ელექტრონული მუსიკა უნდა ვაკეთო”, მხარდაჭერით შეხვდა და ერთი წამით არ დაეჭვებულა ჩემს სერიოზულობაში, არ უთქვამთ: წადი, სამსახური იშოვე… იმის გათვალისწინებით, თუ რომელ წლებში ხდებოდა ეს, რომელ ქვეყანაში და ყველაფერთან ერთად, რომ გოგო ვიყავი; მგონია, რომ მათი დამოკიდებულება სწორედ იმ ჯადოსნური ბაწრის გაგრძელებაა, როგორც ის კულტურული განძი, რომელიც მათ ბავშვობაში უანგაროდ მაჩუქეს. მათ საყვარელი პროფესია და მთელი ცხოვრება ბედნიერების ქონის უფლება მომცეს. მათთან ერთად ჩემი მეგობრებიც გულწრფელად მაძლევდნენ მოტივაციას და დამაჯერეს, რომ ეს სიზმარი სინამდვილეა. რამდენიმე თვეში, ზუსტად მაშინ, როცა უკვე დამიგროვდა დისკის გამოსაშვები შესაბამისი რაოდენობის ტრეკი, ისევ გამიმართლა და გამოვუშვი პირველი დისკი კიოლნში.

ფსევდონიმი TBA საიდან წამოვიდა?

პირველი ფირფიტის გამოსვლისთვის სასწრაფოდ მჭირდებოდა artist name, სამწუხაროდ მაშინ არ მიფიქრია ამაზე სერიოზულად და ბევრჯერ ვინანე. მუსიკალურ სივრცეში მნიშვნელოვანია ერთი სახელით მოღვაწეობა, იმისთვის, რომ დაგიმახსოვრონ. ისედაც რთული იყო ნიშის დაკავება ამ სფეროში 2000-ის დასაწყისში, რადგან ელექტრონულ მუსიკაში უკვე არსებობდნენ წამყვანი კულტ ფიგურები და ეს სცენა საკმაოდ შემდგარი და შევსებული იყო. ბოლო ალბომებში გადავედი ნატალია ბერიძეზე და ეს გაცილებით მომწონს.

როგორ განსხვავდება ახლანდელი ნამუშევრები შენი ადრეული მუსიკისგან?

ბოლო ალბომის – “გულიაგავას” შემდეგ, რამდენიმე წელია ვმუშაობ აკუსტიკურ კლასიკურ ინსტრუმენტებთან, Mondrian Ensemble, პიანისტ თამრო კორძაიასა და მის სიმებიან ტრიოსთან; ასევე გიორგი ცაგარელთან და მის სიმებიან ანსამბლთან.
დიდი ხანია მომწყინდა მხოლოდ კომპიუტერის გამოყენებით გაჟღერებული იდეა და ბგერა, თუმცა დღემდე შეყვარებული ვარ ელექტრონულ მუსიკაზე და მას ჩემზე უცვლელი გავლენა აქვს. ძალიან გამიმართლა, რადგან არ მაქვს კლასიკური მუსიკალური განათლება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი მუსიკის თითქმის მთლიანად ცოცხლად დაკვრა შეიძლება, რადგან ყოველთვის ყველაზე მეტად ჰარმონია მაინტერესებდა და მას ვუთმობდი უმეტეს სივრცეს.
დღესდღეობით ვმუშაობ ელექტრო-აკუსტიკური მიმართულებით. ამ ჟანრში ბევრი გამოწვევაა, რაც საოცრად გასართობი და მიმზიდველია, მაგრამ მგონია, რომ დღესდღეობით ყველა მუსიკალური ჟანრი და ფორმა იმდენად იკვეთება და ახლოსაა ერთმანეთთან, როგორც არასდროს აქამდე და ეს დიდ საშუალებას აძლევს ჩემნაირ მუსიკოსებს, ახალი გზების გამოყენებით გამოხატონ თავიანთი თავი. ფორმა უსასრულოა და ამიტომ საინტერესოა დააღწიო თავი საკუთარ კომფორტის ზონას და შეხვიდე აქამდე უცნობ ოთახებში და იქ იფიქრო მათი მოცემულობით.

როგორ იწყებ მუშაობას? ყოველთვის შეგიძლია მუსიკის შექმნა თუ რაიმემ უნდა ჩაუყაროს საფუძველი, რომ პროცესი დაიწყოს?

მუსიკის წერის პირველი წლები აბსოლუტური საჩუქარი იყო, როდესაც პროცესში შესვლა არ მჭირდებოდა, რადგან ის უბრალოდ ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო და მასში შევისეირნებდი და გამოვისეირნებდი. იმ წლებმა შემაყვარა ასე ფანატიკურად ეს პროცესი.
შემდეგ, როგორც ყველაფერში, სწავლობ სამართავ მექანიზმებს, გარკვეულ თრიგერებს, იქმნი გარემოს და შინაგანად აწყობ მდგომარეობით ანტურაჟს ისე, რომ შესაძლებელი გახდეს მოსწყდე გარე სამყაროს სტუდიაში შესვლისას, დაკარგო მოვლენების მეხსიერება და მათი გავლენა შენზე, შეეცადო ხელი გამოჰკრა იმ მეტაფიზიკურ ბაწრებს, რომლებიც პროცესში მოგახვედრებენ. ადრე მეგონა, რომ არასდროს დავატანდი ძალას ჩემს თავს, რადგან ეს საჩუქარი უბრალოდ მომეცა. თუმცა, როგორც კი ბავშვებს საჩუქრებს ართმევ, ისინი კარგად მოქცევას იწყებენ და ყველაფერს შვრებიან იმისთვის, რომ ის საჩუქრები უკან მოიპოვონ. მეც ვისწავლე, რომ ეს საოცარი ოთახი, სადაც ფიქრის და შექმნის პროცესი ხდება, არსად არ მიდის, უბრალოდ მასში შესაღწევად დისციპლინა და შრომა მჭირდება. როგორც ყველაფერ დანარჩენთან – როცა ბავშვი აღარ ხარ, უფრო სწორედ – როცა გაიზარდე, განთიადი რომ ჩვეულებრივი ხდება და ხშირად “ლამაზ” ადგილებში მოგზაურობა გვჭირდება იმისთვის, რომ ფიქრი დავიწყოთ, შთაგონება და ძალა მივიღოთ, გულწრფელად გაგვიკვირდეს…

ასევე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია განცდის და ემოციების რაციონალიზების მაგივრად, მათი პოეტურ ფორმაში გააზრება და ალბომის კონცეფციად, სიმღერის ტექსტად, ან ალბომის სათაურად ქცევა, სანამ რამეს დავიწყებ. პოეზიაში და ტექსტებში ქექვა მეხმარება სწორი ინსპირაციის კომბინაციის ასაწყობად და იმის ემოციურად გასაგებად, რისი გაკეთება მინდა. T.s. Eliot ამბობს: Genuine poetry can communicate before it is understood. აი ეს მდგომარეობა, ეს რიტუალი არის მნიშვნელოვანი იარაღი, რომ კარგად ვიმუშაო. სიტყვების კომბინაციას უდიდესი ძალა აქვს – პოეზიას, როგორც მდგომარეობას და მის ტექნიკურ მხარეს.

როგორ მუსიკას უსმენ? არსებობს ალბომი ან არტისტი, რომელსაც სულ უბრუნდები?

ყველანაირ მუსიკას ვუსმენ (ალბათ ბლუზის გარდა და მუსიკას, რომელშიც იუმორი არ არის). ჟანრობრივი დაყოფა საერთოდ არალოგიკურად მიმაჩნია. ჩემთვის არსებობს კარგი მუსიკა და ცუდი მუსიკა და ეს შეიძლება ნებისმიერ ჟანრში მოხდეს.
რასაც სულ ვუბრუნდები, არის ალბათ ის, რასაც ჩემს შვილს ვასმენინებ, რომ ადვილად იცოდეს “კარგი მუსიკის” გარჩევა “ცუდისგან” და ამის ჩამოთვლას არ დავიწყებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი გამომრჩება და ამის ფიქრისთანავე OCD მემართება.

ხშირად საუბრობ დედობაზე, მოახდინა თუ არა რამე გავლენა დედობამ შენს ხელოვნებაზე?

როცა დედა ხდები, სამყაროს მისტიკურობა, მისი მოწყობის საიდუმლო, მისი ინტუიციით შეგრძნება და აღქმა მაქსიმუმამდე გიმძაფრდება, ცოტათი ჯადოქარი ხდები. ჰაერი – შენსა და რაღაც აუტანელ სიფაქიზეს შორის თხელდება, ამიტომ ხდები მთელი შენი უჯრედებით ემპათიური და მოწიწებული, რადგან ყოველ წამიერად ეხები საოცარს შენში და საოცარს შენ გარშემო. ეს პასუხისმგებლობა რომ არ გააფუჭო, არ გატეხო, დროდადრო გკლავს და მერე გაჯანსაღებს, გკურნავს.
და თუკი აქამდე პასუხისმგებლობა მქონდა, ყოველთვის გულწრფელი ვყოფილიყავი ჩემს საქმეში, ახლა მეორე უდიდესი პასუხისმგებლობა დამემატა, რომ ეს ჩემს შვილს გადავცე. იმის მიუხედავად, რომ რაც ლეა გაჩნდა, ბევრი რამ გართულდა, მთავარი რაღაცები გამარტივდა და სრულყოფილ ორნამენტად დალაგდა. პირველ რიგში გამარტივდა ჩემი ეგო, რადგან გადაინაცვლა სხვაზე და ეს მნიშვნელოვანია – არ გქონდეს ეგო მუსიკაში. უფრო სწორად, ის არ ისმოდეს მუსიკაში.

შენი მუსიკა შენს შინაგან სამყაროსთან უფრო ახლოს არის, თუ იმასთან, რაც შენ გარშემო ხდება?

რთული გასამიჯნია “შიგნით და გარეთ”, მაგრამ მთელ ძალას ვიღებ შიგნიდან და არა გარედან. ინტროვერტი ვარ და საკმაოდ მიჭირს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია. ვფიქრობ, არაცნობიერ დონეზე სწორედ ამიტომ ამოვირჩიე მუსიკის წერა, რომ მან ეს კომუნიკაცია ჩემ მაგივრად დაამყაროს, . მოჰყვეს ჩემზე. ჩემთვის უბედურებაა, როდესაც ჩემს გრძნობებთან, სულიერებასთან ვკარგავ კავშირს. მაშინ ვარ ღრმად უბედური, მაშინ ვიწყებ დესტრუქციული მექანიზმების გააქტიურებას და ჩემი თავის ყველაზე ამაო ატრიბუტიკით გაბრუებას და გართობას. როგორც წესი, ნაკლებად მაინტერესებს, რა ხდება გარეთ, შემოვიფარგლები ოჯახის წევრებით და ახლო მეგობრების ცხოვრებით. როდესაც ხდება უსამართლობა, მიტინგზე ვდგავარ, იმიტომ რომ სხვანაირად არ შემიძლია, მაგრამ ეს რაღაცებიც არაორგანულია ჩემთვის და საკმაოდ არასასიამოვნო კვალს ტოვებს. სამწუხაროდ ვცხოვრობთ ცხოველურ ინფერნალურ სამყაროში, ომების წიაღში, სხვის უსამართლო თამაშებში, რომლებსაც ადამიანები, ბავშვები ეწირებიან და ამ მოვლენებს ჩემზე ღრმა ემოციური გავლენა აქვს, მაგრამ სამწუხაროდ მე არ გამაჩნია magic wand, რომლის აქნევითაც ამას შევცვლიდი, არ გამაჩნია მილიონი და ძაან დიდი სახლი, რომელშიც ლტოლვილ ბავშვებს მოვიყვანდი, ამიტომ გარედან შემოსული ინფორმაცია მე შემიძლია შიგნით გადავთარგმნო, და ვაქციო იმ იარაღად, რომელიც შემდგომ პროდუქტიულ პროცესს დაძრავს. მე შემიძლია მუსიკა დავწერო და რაოდენ ცინიკურადაც უნდა ჟღერდეს ამ რეალობაში, პირადად მე მუსიკას ბევრჯერ გადავურჩენივარ.

მჯერა სულის და სიმბოლოების, რიტუალების და უსასრულობის, ღვთაებრივი კანონზომიერების და ჰარმონიულობის ყოველ მტვრის ნაწილაკში, მჯერა გაცემის და უპირობო სიყვარულის. ამ ყველაფრის ყოველ წამს მჯერა ბევრად უფრო, ვიდრე რეალობის, ხელმოსაკიდი ფაქტის, ლარის კურსის და მისი გავლენის ჩემზე. და ამას არ განაპირობებს დრო და გარემოება, ან მტკიცებულებები, რომ ეს ასეა თუ არა, რადგან ჩემთვის ეს არ არის იდეა, არამედ პირობა, რის გარეშეც შეუძლებელია არსებობა.
მუსიკის წერა უბრალოდ მეხმარება გავამართლო ეს ყველაფერი, შევძლო მისი რეალურ, მატერიალურ ყოფაში გადმოტანა: დისკზე, ფირფიტაზე, აიფონზე. და შემდეგ ისევ – მოსმენით – მსმენელის მეხსიერებაში, ისევ შიგნით.

როგორ გრძნობ თავს, როდესაც მუსიკას უკრავ ხალხისთვის? რამდენად მნიშვნელოვანია მსმენელთან კავშირის დამყარება?

სამწუხაროდ არ მაქვს ნაპოვნი ის დაკვრის ფორმა, რომელშიც შევძლებდი ბოლომდე გახსნას და მსმენელთან კომუნიკაციას. იშვითად ხდება ეს კავშირი და საოცრად ძლიერი ემოციაა. ყოველთვის ასეა, მთელ ჩემს დროს ვუთმობ პროცესს, მუსიკის წერას და არ ვარ დარწმუნებული მის პრეზენტაციაში. ამიტომ ჩემი გადარჩენაა, როდესაც ჩემს მუსიკას ორკესტრი ან ანსამბლი ან ერთი შემსრულებელი ასრულებს და სცენაზე დგომის მთელი პასუხისმგებლობა მათზე გადადის.

შენი აზრით, როგორია მომავალი მუსიკის – როგორც ხელოვნების/sounds-ის, რომელსაც ადამიანი ქმნის?

შინაარსობრივად მგონია, რომ არაფერი არ შეიცვლება არა მარტო მუსიკაში, არამედ ზოგადად ხელოვნებაში და სოციუმში. რაც შეიცვლება და ახალ სახეს იპოვის, არის ფორმა, ტექნოლოგია და თანამედროვე ხელოვანი. ზოგადად ისტორია ლუპურია და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამ ლუპას ადამიანები ვქმნით. უცვლელია შინაარსი, ჩვენ უბრალოდ ამ შინაარსს სახეცვლილ სივრცეებში ვაქცევთ, ფორმას და მიწოდების ხერხს ვუცვლით.
ჩარლს აივსმა თავისი ნაწარმოები – Unanswered question 1908 წელს დაწერა და ის პირველად 1946 წელს შესრულდა, იმის მიუხედავად, რომ ის ამერიკაში დაიბადა და მოღვაწეობდა. ის ემოციურად არ წერდა თავის მუსიკას არაფერ სხვაზე, ვიდრე სხვა, მისი თანამედროვეები, რომლებსაც იმ დროს ასრულებდნენ და ცნობდნენ, უბრალოდ მისი მუსიკის ფორმა იყო ზედმეტად ახალი და ამიტომ გაუგებარი, მიუღებელი, და როცა განვითარდა ამერიკა, განვითარდა ტექნოლოგიები და შეიცვალა მოდა, გრუვი, სლენგი, სოციალური გარემო, მისი მუსიკა აღარ იყო ასეთი არაადეკვატური. აივსი ერთ-ერთი გენიოსია, რომელიც დროზე ადრე დაიბადა.

მჯერა, რომ მუსიკა ყველაზე ბოლო გაქრება, როცა სამყარო დამთავრდება:)

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე

ფოტო: ნატა სოფრომაძე

განსაკუთრებული მადლობა: TAMUNAINGOROKVA, ANOUKI, LADO BOKUCHAVA, Artarea/Tv2.0

 

 


რეკომენდებული სტატიები
Hear Her | Newa

Hear Her | Newa

Hear Her | Newa
ინტერვიუ 2017 წლის პირველ ქალ ელექტრონავტთან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.