fbpx
გააზიარე სტატია

Hammock-ისა და Gulf-ის პროექტი “მოიარე საქართველო” ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ნომინაციაზეა წარდგენილი

ჟურნალ Hammock-ისა და Gulf-ის თანამშრომლობით  მკითხველმა ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად შექმნილი გრაფიკული ვიდეოები და გზამკვლევები საქართველოს რამდენიმე კუთხის შესახებ უკვე იხილა. პროექტი, რომელშიც საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილები და ამ ადგილებისთვის დამახასიათებელი არქიტექტურა,  კულტურა, სამზარეულო და ზოგადად ცხოვრების სტილი გრაფიკული ფორმით არის ასახული, მომავალშიც არაერთ საინტერესო გზამკვლევს შემოგთავაზებთ. ამ დროული და მნიშვნელოვანი წამოწყების შესახებ კი უფრო ვრცლად თავად პროექტის ავტორებისგან, ჟურნალ Hammock-ის  მთავარი რედაქტორის, გიორგი მაისურაძისგან და Gulf-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინჩო ჯიბლაძისგან გაიგებთ.

 

 

რას გულისხმობს პროექტი და საიდან გაჩნდა Gulf-ისა და Hammock-ის ამ ტიპის თანამშრომლობის იდეა?

ნინჩო: ჩვენ მეოთხე წელია გვაქვს პროექტი “მოიარე საქართველო გალფთან ერთად” და უკვე  ბევრი სხვადასხვა პროექტი განვახორციელეთ. ერთ-ერთი შემოთავაზება Hammock-სგანაც მივიღეთ, რომ ვიზუალური ხრიკებით “გალფის” მანქანას საქართველოს ღირსშესანიშნაობები, აუცილებლად სანახავი ადგილები,  მნიშვნელოვანი მომენტები ჩვენი ისტორიიდან, გეოგრაფიიდან, კულინარიიდან მცირე დროში მოევლო.

გიორგი:  ივნისის თვეში, რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა პირდაპირი ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. ეს გადაწყვეტილება სამწუხაროდ დიდი დარტყმა აღმოჩნდა ქართული ტურიზმის სფეროსთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ისეთი პროექტი, რომელიც მხარს დაუჭერდა ქართულ ტურიზმს და საქართველოს ტურისტული მხარეებისა და კურორტების პოპულარიზაციას შეუწყობდა ხელს. 

 

ნინჩო, თქვენთვის რატომ იყო  საინტერესო საქართველოს გზამკვლევები გრაფიკული ვიდეოების ფორმატში წარმოგედგინათ?

ნინჩო : იდეა თავისთავად ძალიან კარგი იყო. მომხმარებელს საშუალება აქვს ძალიან მცირე დროში იმ პატარა სამყაროში იმოგზაუროს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ.

 

 

ვისთვის არის განკუთვნილი ეს მოკლე გრაფიკული ვიდეოები და ვრცელი გზამკვლევები?

ნინჩო : ყველასთვის ვისაც საქართველოში მოგზაურობა სურს, არ აქვს მნიშვნელობა ქართველი იქნება თუ უცხოელი, ქართველი მოგზაურისთვის კიდევ უფრო ადვილი ამოსაცნობია ეს ადგილები, უცხოელი ტურისტი ნახავს, ამ ვიდეოთი კიდევ ერთხელ გაახსენდება ნანახი და ალბათ გონებაშიც ჩარჩება.

გიორგი: მკითხველს  კოლაჟური სტილის ვიდეოებს ვთავაზობთ. საქართველოს სხვადასხვა მხარეებსა და კურორტებზე.  ვიდეოები გამორჩეულია თავისი ფორმატითა და სტილით. თუმცა გარდა ვიზუალური მხარისა, იდეაც მნიშვნელოვანია. გვინდოდა, საქართველო როგორც ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის ისე სტუმრებისთვის გვეჩვენება არა სტერეოტიპულად არამედ ახლებურად და საინტერესოდ. ამიტომ ჩვენს ვიდეოებში შეხვდებით ისეთ ადგილებს, ღირსშესანიშნაობებს, არქიტექტურას, სასტუმორებს, რესტორნებს, კერძებს და სხადასხვა დეტალებს რომლებსაც როგორც წესი ჩვეულებრივ სარეკლამო ტურისტულ ვიდეოებსა თუ გზამკვლევებში ვერ ნახავთ. ვიდეოებს თან ერთვის ვრცელი გზამკვლევები სადაც მკითხველს შეუძლია გაეცნოს დეტალურ ინფორმაციას ამა თუ იმ მხარის ან ქალაქის შესახებ. ეს პროექტი გალფთან ერთად დავიწყეთ. ჩვენთვის სასიხარულო იყო ის ფაქტი რომ გალფი ენთუზიაზმით შეხვდა ამ პროექტს. მათ გარეშე ეს პროექტი ვერ შეიქნმებოდა ამიტომ დიდი მადლობელი ვარ “გალფის” და “გალფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინჩო ჯიბლაძის, რომელიც მხარდში დაგვიდგა და დაგვეხმარა ამ სასარგებლო წამოწყების განხორციელებაში. 

 

 

ნინჩო, რით არის მნიშვნელოვანი Gulf-ისთვის საქართველოს ტურიზმის მხარდაჭერა და ხელშეწყობა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი მაინც და მაინც ახლა?

კომერციული კუთხით  ამაზე ბევრი საუბარი შეიძლება, თუმცა  ამჯერად ეს პიარ სტრატეგია იყო, თან დიდიხანია შევეხეთ ამ თემას, ძალიან მოგვწონს და საზოგადოების მხრიდანაც დიდი ჩართულობა ჰქონდა, რაც ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის ძალიან კარგია.  მაგალითად თავიდან საქართველოს ღირსშესანიშნაობების რუკები დავარიგეთ, სადაც ის ლოკაციები აღვწერეთ, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ტურისტული თემა ძალიან საინტერესოა, ბევრი ასპექტი არსებობს, ჩვენ ოთხი წლის წინ დავიწყეთ და ძალიან კარგია რომ ამ ბოლო დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. შევქმენით ვებსაიტი, გავაკეთეთ ლენდმარქების რუკები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავაგზავნეთ ფოტოგრაფები, ვიდეოოპერატორები, გადავიღეთ საქართველოს ყველა კუთხე კუნჭული, გავაკეთეთ არაჩვეულებრივი ვიდეომასალა და ფოტომასალა. თავიდან  30 ლოკაციას ვავრცელებდით, ზამთრის ლოკაციებიც აღვწერეთ. შემდეგ კი კიდევ უფრო შიგნით შევედით და არა მხოლოდ პოპულარული, არამედ არაპოპულარული მაგრამ აუცილებლად სანახავი ადგილები მოვიცავით. ფოტოგრაფებთან ერთად რამდენიმე ძალიან სანტერესო პროექტი გავაკეთეთ და ახლა მალე ამგრანდიოზული პროექტის თავმოყრა გვექნება, რომელიც ამ წუთისთვის სიურპრიზია, ამაზე მოგვიანებით გიამბობთ. 

 

 

გიორგი, როგორი იყო პროექტისადმი საზოგადოების რეაქცია და ჩართულობა?

პროექტს საზოგადოების მხრიდან საკმაოდ კარგი გამომხაურება მოჰყვა. ყოველი ვიდეოსა და გზამკვლევის გამოქვეყნების შემდეგ ვიღებთ მაყურებლებისა და მკითხველების დადებით კომენტარებს. დიდია ნახვების და გაზიარების მაჩვენებლებიც. აღსანიშნავია ისიც რომ მაგალითად სვანეთის ვიდეო მსოფლიო ცნობადობის გერმანელმა არქიტექტორმა იურგენ მაიერმა გააზიარა საკუთარ გვერდზე. ჩვენი ერთ-ერთი მიზანიც ეს იყო, გვსურდა რას შეიძლება მეტ უცხოელ ადამიანს ენახა ვიდეოები და გზამკვლევები. 

 

გიორგი, Hammock უკვე დიდიხანია მკითხველს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის გზამკვლევებს სთავაზობს, რით არის ჟურნალისთვის საინტერესო ზოგადად ტურიზმის სფერო და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქართული ტურიზმის მხარდაჭერა?

მოგზაურობა Hammock-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განყოფილებაა. ჟურნალის შექმნის დღიდან ჩვენ აქტიურად ვუზიარებთ მკითხველს  საინტერესო სტატიებს ამ თემაზე. ტურიზმი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ქართულ ტურიზმს. 

 

 

 როგორც თქვით, საქართველოს ტურიზმის მხარდაჭერის კუთხით არაერთი პროექტი განახორციელეთ, რომელ კუთხეს აქვს ყველაზე დიდი დაინტერესება მოგზაურების მხრიდან?

კაცხის სვეტს აქვს წარმოუდგენელი რაოდენობის დაინტერესება, თავიდან. პოპულარული რომ გახდა, არავის სჯეროდა რომ საქართველოში მდებარეობდა, ყველას იტალია ან საფრანგეთი ეგონა. ძალიან უყვართ ასევე თუშეთი, ხევსურეთი, სვანეთი…

 

რა არის პროქეტის ძირითადი მიზანი, საბოლოო ჯამში რისთვის კეთდება ეს ყველაფერი?

ალბათ უფრო ინფორმაციის გავრცელება საკუთარი ქვეყანის შესახებ, როგორც ჭკვიანი ადამაინები ამბობენ, თუ არ იცი საკუთარი ქვეყანა, ვერ შეიმეცნებ რა ხდება საზღვარგარეთ. მიუხედავად იმისა რომ კომერციულად ეს დიდად საინტერესო არ არის,  ჩვენთვის ძირითადი მამოტივირებელი იყო ის რომ ჩვენს ხალხს ჩვენივე კულტურა გაეცნო. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ არაქართველ აუდიტორიასაც მივწვდით. გავაკეთეთ მეორე პროექტიც “მოუარე საქართველოს”, რაც ტურისტული ზონების დასუფთავებას ითვალისწინებს, ანანურში დავიწყეთ და გომისმთაზე დავამთავრეთ, ძალიან დიდი მასშტაბის პროექტი იყო, რომელიც ახლაც გრძელდება და მუდმივად გაგრძელდება, სხვათა შორის ნამდვილად აგვყვა მოსახლეობა. მოლაშქრეთა კლუბი “იეტი” და “გალფია” ჩართული, თუმცა რა თქმა უნდა შესაძლებელია რომ ნებისმიერი დაინტერესებული მსურველი შემოგვიერთდეს.  

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.