fbpx
გააზიარე სტატია

ციფრული იმპულსები

შენი ნამუშევრები ძირითადად სხვადასხვა მედიუმების სინთეზის შედეგია, როგორია პროცესი იდეის დაბადებიდან მის ფორმირებამდე?

იდეა დაბადებიდან განწირულია, რადგან თავიდან ბოლომდე ექსპერიმენტია – მასალის, დროისა და სივრცის, რადგან არ მაქვს სამუშაო სივრცე და ყოველთვის პრეზენტაციამდე ერთი კვირით ადრე  მიწევს ნამუშევრის შექმნა. რეალურად ზუსტად არასოდეს ვიცი, რა გამომივა, მაგრამ შედეგი ყოველთვის საინტერესოა და ეხმიანება სივრცესა თუ დროს.

 

დაამთავრე CCA-ის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის კურსი, სადაც შეხვდი სალომე დუმბაძეს, შედეგად ჩამოყალიბდა  Shram.  გვესაუბრე ამ კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილ შენთვის ყველაზე სამახსოვრო თუ სენსიტიურ ნამუშევრებზე?

CCA-ში სწავლა გარდამტეხი  მოვლენა იყო, როდესაც ვამთავრებდით კურსს, სწორედ მაშინ გავაკეთეთ პირველი საერთო ნამუშევარი, რომელშიც გამოვიყენეთ ძველი საავადმყოფოდან ჩუმად წამოღებული ბავშვების გატეხილი ინკუბატორი. ნამუშევარი ეხმაურებოდა ეკოლოგიის თემატიკას, შეიძლება ითქვას, რომ ამ ფორმით მასალის გამოყენებამ ჩვენთვის საინტერესო გამოცდილება შეგვძინა  და ამან განაპირობა შემდგომი პროექტებიც. ყველაზე სენსიტიური და მნიშვნელოვანი პროექტი “3016” იყო, რომელზეც დიდხანს ვიმუშავეთ და მნიშვნელოვან თემატიკასაც მოიცავდა – ქალის როლსა და ფუტურისტულად დანახულ მომავალს.

როგორ დაახასიათებდი პროცესებს, რომლებიც ახლა  თანამედროვე ქართულ სახელოვნებო სივრცეში მიმდინარეობს?

მგონია, რომ საინტერესო ტემპია, რაც  საინტერესო შედეგამდეც მიგვიყვანს, სამწუხარო ის არის, რომ არ არის რეზონანსული ფართო მასებისათვის, და მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო წრით შემოიფარგლება.  მნიშვნელოვანი მედიუმები ბევრი ადამიანისთვის ხელმიუწვდომელია და რადგან პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიწევს ჯგუფურად თუნდაც ერთი მედიუმის ათვისება და განვითარება, სწორედ ამიტომაც ხშირად ჯგუფურ გამოფენაზე მისული მათ უკმარისობას განვიცდი ხოლმე.

 

ცოტა ხნის წინ დაიწყე განათებასთან მუშაობა თბილისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კლუბ “ბასიანზე”, მოგვიყევი ამ გამოცდილების შესახებ.

ჯერ მხოლოდ სწავლის პროცესში ვარ, თუმცა როგორც გამოცდილება, საინტერესოა. მნიშვნელოვანია ლამაზი ატმოსფეროს შექმნა და განათებით ცეკვა, რაც  დამსწრე საზოგადოებას კომფორტს უქმნის მუსიკის აღქმაში.

 

არაერთ სახელოვნებო  რეზიდენციაში მიიღე გამოცილება  საზღვარგარეთ: Transkaukazia, NDSM Treehouse, Salzburg Summer Academy, რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვანისთვის რეზიდენციებში მიღებული გამოცდილება?

ძალიან მნიშვნელოვანია გამოხვიდე კომფორტის ზონიდან და ორი კვირა  თუ ერთი თვე, მხოლოდ შენს საქმეზე ორიენტირდე. ყველაზე დიდ გარდატეხას სწორედ ასეთი  გამოცდილება ახდენს ხელოვნზე. ახალი კარის შეღება და საკუთარი თავის ახლიდან აღმოჩენა… რეზიდენციები კი იდეალური საშუალებაა ამ  პირობების შესაქმნელად.

არის რომელიმე მედიუმი, რომელთან მუშაობისასაც თავს განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობ?

ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ახლოს პოსტინტერნეტთან ვმუშაობ. საინტერესოა, როცა ნამუშევრებში ტექნიკური ნაწილი შემოდის – პროექციები, შუქები, ნათურები და ტელევიზორები.

 

გაქვს რაიმე ძირითადი კონცეფცია ან თემატიკა, რომელსაც ხშირად უბრუნდები ნამუშევრებში?

ნოსტალგია. ყველა ნამუშევარში იგრძნობა ნოსტალგია.

რა გაძლევს ყველაზე დიდ შემოქმედებით მუხტს?

ალბათ ყოველდღიურობა, რადგან პოლიტიკურად გარდამტეხ პერიოდში ვცხოვრობთ, საომარ ველზე ვართ და გინდა-არ გინდა, ინერციულად ახდენს გავლენას მუხტსა თუ ინსპირაციაზე.

 

შეგიძლია დაგვისახელო რამდენიმე ხელოვანი, ვინც შენზე განსაკუთრებულად დიდი გავლენა იქონია?

პირველი მძაფრი შეგრძნება Hayao Miyazak-იმ მაჩუქა, მერე Ana Mendieta-მ და Llouise bourgeois-მ, Guerrilla Girls-მა მომხიბლა. შეგრძნებები სულ ცვალებადია. ამჟამად Orlan-ის შემოქმედებას ვაკვირდები ინტენსიურად.

 

გვესაუბრე სამომავლო გეგმებზე

მომავალში ვგეგმავ Patara Gallery-ში გამოფენას, მგონია, რომ იდეალური პლატფორმაა და ამჟამად ყველაზე კომფორტული სამუშაო სივრცე ჩემი ნამუშევრის პრეზენტაციისთვის.

 

ავტორი: ნინა პატარიძე


რეკომენდებული სტატიები
უკანონო ტერიტორია - ინტერვიუ Anna K.E.-სთან

უკანონო ტერიტორია - ინტერვიუ Anna K.E.-სთან

უკანონო ტერიტორია - ინტერვიუ Anna K.E.-სთან
Anna K.E. ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწე ქართველი ხელოვანია, რომლის შემოქმედებაში ფერწერა, ინსტალაცია, პერფორმანსი და ვიდეო ხშირად ერთ ნამუშევარში ერთიანდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.