fbpx
გააზიარე სტატია

ინტერვიუ სალომე ჯოხაძესთან

მოგვიყევი როგორი იყავი ბავშვობაში

მგონი, თითქმის ისეთივე ვიყავი, როგორიც ვარ ახლა, უბრალოდ, მეტი გამოგონილი მეგობრით. ერთადერთი რეალური მეგობარი მყავდა, ვისი დამსახურებაცაა, რომ დღეს ამ საქმით ვარ დაკავებული – ჩემი ბებო. მყავდა ასევე კუ, ჯუზეპე, რომელსაც ყველგან თან დავატარებდი და ყველას ჩემს უფროს ძმად ვაცნობდი. საკუთარ გამოგონილ სამყაროში ვცხოვრობდი და ხანდახან დღესაც ვუბრუნდები ხოლმე მას.

შეგიძლია გაიხსენო შენი პირველი ნამუშევრები?

კომიქსები, რომლებსაც დასტეპლერებულ ფურცლებზე ვხატავდი.

 

რა უნდა ვიცოდეთ შენ შესახებ?

ის, რომ ვარ ვაადსის მეოთხეკურსელი.

საყვარელი ანიმატორი

ანიმაციაზე საუბრისას ჰაიაო მიაძაკის არ ხსენება დანაშაულად მეჩვენება. ძალიან კარგად მახსოვს პირველი შთაბეჭდილება მისი შედევრის ნახვისას. 4 წლის ვიყავი და ტელევიზორში გადიოდა „პრინცესა მონონოკე“ , მახსოვს, პირველად მაგ დროს ამეტირა იმის გამო, რომ რაღაც ძალიან მომეწონა. ეს შეგრძნება დღემდე დამყვება ყველა მისი ფილმის ყურებისას.

 

საყვარელი კომიქსი

კომიქსზე მეტად მახსენდება მანგა და შემდეგ უკვე ამ მანგას ეკრანიზაცია – საკულტო ფილმი Akira, რომლის თვალიერებაც ალბათ არასდროს მომბეზრდება.

 

ხშირად მუშაობ სერიებში, რატომ?

კონკრეტულ თემას თუ ვეჭიდები, მინდა, რომ ბოლომდე ამოვწურო.

 

ერთი რამ, რაც გაძლევს ინსპირაციას და რატომ?

წეს-ჩვეულებები და რიტუალები ალბათ არის ის, რაც ყოველთვის მომცემს ინსპირაციას. რაღაც შინაგანი ძახილები და ინსტინქტები, რაც ამა თუ იმ მოვლენის რწმენას აძლევდა ადამიანს, ძალიან დიდ ემოციას იწვევს ჩემში. რამდენადაც აბსურდულად უნდა გვეჩვენებოდეს დღეს რაღაც რიტუალი ან ცრურწმენა, მე მათი სუბიექტების გულწრფელობის იმდენად მჯერა, რომ ამ რიტუალის მისტიკური ძალის არსებობასაც ვიჯერებ და ძალიან საინტერესო მასალად მიმაჩნია ასეთი ისტორიები.

 

ნებისმიერ დროში, ნებისმიერ ადგილას რომ შეგეძლოს გაჩენა, სად წახვიდოდი?

ძალიან მომწონს ნეოტოკიოს იდეა, მომავლის სამყარო და მისი ფუტურისტული ესთეტიკა. ძალიან დიდი სიამოვნებით გავჩნდებოდი ნეოთბილისში, თუ, რა თქმა უნდა, ოდესმე იარსებებს ასეთი.

 

ერთი სიმღერა/წიგნი/ფილმი ცხოვრების ბოლომდე…

“პატარა პრინცი” ყველგან და ყოველთვის.

როგორია შენი სამუშაო პროცესი? როგორია პროცესი იდეის დაბადებიდან მის ფორმირებამდე?

ხშირად იდეის დაბადებამდე მაქვს პერიოდი, როცა მგონია, რომ იდეა ვეღარასოდეს დამებადება და ვიწყებ ძალიან ბევრი ახალი ინფორმაციის მიღებას, რომ რამე დაილექოს ქვეცნობიერში. იდეები ამოდის ტექსტებად, რაც მერე გარდაიქმნება ვიზუალურ მასალად. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ბანალური წინადადება, რომელიც თუნდაც რომელიმე cheesy სიმღერაში მოვისმინე მაღაზიაში, რიგში დგომის დროს. ისეც ყოფილა, რომ მასალას უბიძგებია კონკრეტული ნამუშევრისკენ. იდეებსა და კონცეპტებზე სულ ვფიქრობ, თუმცა ინტუიციური ნამუშევრები ზოგჯერ უკეთესი გამოდის.

 

მუშაობ როგორც ციფრულ ხელოვნებაში, ასევე ფერწერაში. რა უპირატესობები აქვს ამ მედიუმებს?როგორი დამოკიდებულება გაქვს თითოეულის მიმართ?

ციფრულ მედიაში მუშაობისას შეუძლებელი არაფერი არ მგონია. ზუსტად იმ შედეგამდე შემიძლია მისვლა, რაც გონებაში დავინახე თავდაპირველად. ფერწერას რაც შეეხება, ეს ყოველთვის ექსპერიმენტია. არასდროს არ იცი, როგორ წავა სამუშაო პროცესი. ბევრად მეტია გეზის შეცვლის ალბათობა. ვფიქრობ, ამას მასალასთან მუშაობა განაპირობებს. სრულიად მეცვლება დინამიკა ამ ორ მედიაში მუშაობისას. ციფრულში მუშაობის დაწყებიდანვე quest-ად აღვიქვამ პროცესს, ალბათ ეს იმის ბრალია, რომ ამ ტექნიკის სწავლამდე კომპიუტერს მხოლოდ სათამაშოდ ვიყენებდი. ფერწერაზე მუშაობა უფრო მედიტაციის ტიპის გამოცდილებაა, რომლის დროსაც ყველანაირი შედეგია მოსალოდნელი.

 

ნამუშევრებში, რომლებიც გამოფენა Lara Protects me ნაწილი იყო, იმიჯებთან ერთად ასევე ფიგურირებს ტექსტი, რომელიც იგივე ხასიათისაა, როგორც სხვა ვიზუალური მასალა. ამ ნამუშევრებში მკვეთრად ჩანს კრიტიკა, მაგრამ ამავდროულად ეს გამოხატულია იუმორით…

ამ ხასიათის მთელი სერია მქონდა, სახელად „თანამედროვე ქართველები“. ეს სერია ჯერ იქმნებოდა ციფრულად, შემდეგ კი ფერწერაში გადავიდა. პირველად ვცადე ქარგვა და მომინდა თითოეულ ტილოზე შესაბამისი მესიჯი დამეტოვებინა. ჩემთვის ეს სერია მხოლოდ ირონია არაა, ესაა იმის მცდელობა, რომ ნაცნობი, ტრადიციული სიუჟეტები თანამედროვე რეალობისთვის მომერგო და შემექმნა ქართული პერსონაჟები, რომლებიც უფრო მიესადაგებიან დღევანდელობას.

შენი ვიზუალური ენა ჩემთვის ძალიან ნაცნობია. ხშირად იყენებ ისეთ სიმბოლოებს, სადაც თანამედროვე ქართული იდენტობის ბევრი ასპექტი ერთიანდება, იქნება ეს თანამედროვე ქართული კულტურის ნაწილი თუ ტრადიციული სიმბოლიკის. გვესაუბრე პოპკულტურული რელიკების და ტრადიციული მნიშვნელობის სიმბოლოების ერთმანეთთან გარევაზე. რატომ დაინტერესდი ამ თემატიკით?

ვიზუალური მასალა, რომლის გარშემოც ტრიალებენ არტისტები, ხშირად მეორდება, რადგან მათ შთაგონების საერთო წყარო აქვთ. ხშირია ყველასთვის მიღებული და უკვე მოწონებული სიუჟეტების ან ფორმების გამოყენება-გამეორება. ეგრეთ წოდებული ინსტაგრამის ესთეტიკის მქონე ნამუშევრების რაოდენობა იმატებს და თითქოს ყველაფერი უკვე ნანახი გვაქვს. მგონია, რომ როცა გაქვს მდიდარი მემკვიდრეობა, რომელიც მხოლოდ შენია, უცხოა დანარჩენი სამყაროსთვის და თან ასე მოგწონს, აუცილებლად უნდა გამოიყენო. ფაქტორივად, შესაძლებლობა გეძლევა ეს დანატოვარი გადმოთარგმნო და აცოცხლო. ჩემს შემთხვევაში ეს არ იყო ერთადერთი მოტივი ამ ფორმამდე მისვლისა, მაგრამ ალბათ ერთ-ერთ მთავარ პირობად რჩება.

ნამუშევრებში ხშირად ახალ მნიშვნელობას აძლევ ნაცნობ ვიზუალურ მასალას, მაგალითად, Dragon Series, სადაც წმინდა გიორგია გამოყენებული ან All religious people are comic book geeks. შეგიძლია გვესაუბრო ამაზე?

ჩემი აზრით, ყველაფერს ჩვენს სამყაროში დროთა განმავლობაში ახალი მნიშვნელობა ეძლევა. საყოველთაოდ ცნობილი სიმბოლოებიც კი შეიძლება პირვანდელისგან განსხვავებული სახით დავინახოთ. დრაკონი ავირჩიე – როგორც ამბივალენტური ნიშნების მქონე სახე: იგი დასავლურ კულტურაში ყოველთვის მხოლოდ ნეგატიურად აღიქმება, არის ბოროტი ძალა, რომელსაც აუცილებლად უნდა შეერკინოს რომელიმე გმირი, ხოლო აღმოსავლურ კულტურაში იგივე სიმბოლო სრულიად სხვა მნიშვნელობას იძენს და დრაკონი სიკეთის, სიბრძნის და ბარაქის მომტანი ნიშანია. მე კი სერიებში დრაკონები ტაძრების არა დამპყრობლებად, არამედ ორგანულ ბინადრებად მყავს გამოყვანილი, იმ ტაძრებისა, რომლებთანაც მხოლოდ განგმირული ურჩხულები (დრაკონები) ასოცირდება.

რაც შეეხება All religious people are comic book geeks – ჩემთვის ვიზუალურად ყველაზე მისაღები ორი ესთეტიკის გაერთიანების მცდელობაა. ვფიქრობდი იმაზე, რომ წმინდანობა საკუთარი ზებუნებრივი შესაძლებლობებით მათ ერთგვარ სუპერგმირებად აქცევს. შესაბამისად ჩვენ, მორწმუნეები, კიდევ ერთგვარი კომიქსების მოყვარულებიც გამოვდივართ. ვეცადე ტრადიციული ხატის სტრუქტურა ამეგო, მაგრამ გამომეყენებინა ის ფერები, რომლებიც კომიქსებში მხვდება ყველაზე ხშირად.

 

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
გამოფენა - „ლარა მიცავს მე, ამბები საქართველოდან“ ფრანკფურტის  გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმშია წარმოდგენილი

გამოფენა - „ლარა მიცავს მე, ამბები საქართველოდან“ ფრანკფურტის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმშია წარმოდგენილი

გამოფენა - „ლარა მიცავს მე, ამბები საქართველოდან“ ფრანკფურტის  გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმშია წარმოდგენილი
20 სექტემბერს, ქართველი ხელოვანების გამოფენა - Lara protects me (ლარა მიცავს მე), ფრანკფურტის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ( Museum für Angewandte Kunst) სივრცეში გაიხსნა.
იზაბელ ფელიუს ილუსტრაციები

იზაბელ ფელიუს ილუსტრაციები

იზაბელ ფელიუს ილუსტრაციები
“მე მიყვარს ქალების ასახვა წარმოსახვით, სიზმრის მსგავს სამყაროში, შთაგონებას კი ძირითადად ჩემი განწყობებიდან, სიზმრებიდან და მოგზაურობებიდან ვიღებ”
მხატვრული არქეოლოგია

მხატვრული არქეოლოგია

მხატვრული არქეოლოგია
აბსტრაქტული სიუჟეტები, პერსონალური ინტიმური ნარატივები და პატრიარქალური კულტურის კრიტიკა ხელოვან მაია ნავერიანის შემოქმედებაში
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.