fbpx
გააზიარე სტატია

ინტერვიუ ხელოვან თეა გვეტაძესთან

ფერწერულ ნამუშევრებამდე 5 წლის განმავლობაში მუშაობდით ობიექტებსა თუ ინსტალაციებზე, როგორი იყო ფერწერასთან მიბრუნების პროცესი?

არ ვიცი ეს კითხვა საიდან დაგებადა, ალბათ სადღაც ვახსენე ასეთი პერიოდი, მაგრამ დღეს ზუსტად იგივე სიტუაციაში ვარ. 5 წელია ფერწერა არ მიკეთებია და შენი კითხვის შემდეგ შვება დამეუფლა…

მახსოვს, უკვე მქონდა ასეთი ეტაპი და, თუ მაშინდელ ნამუშევრებს გადავხედავ,  მგონია, ამ მედიაში პაუზამ პროფესიონალურ რუტინას ამაცდინა, რაც ძიებას თავისთავად უფრო გიმძაფრებს. სახელოსნოს დავუბრუნდები თუ არა, მინდა დავუბრუნდე ფერ წერის პროცესს და ამხელა შუალედის შემდეგ ნამდვილად ვგრძნობ დაბრკოლებას და მოწიწებასაც. თუმცა წინასწარ არ მინდა ვიფიქრო და შედეგის შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი.

 

ნამუშევრებში ხშირად იყენებთ შავ ხავერდს, რა თვისების მატარებელია ეს მასალა პირადად თქვენთვის, როგორც ხელოვანისთვის?

შავი ხავერდი კოსმოსივით არის, რომელიც ყველაფერს შთანთქავს. ამის გამო მასთან შეჭიდება საკმაოდ რთულია. მისი ზედაპირი გაუმაძღრად იტევს ულევ მასალას და ფაქტობრივად ნამუშევრის ბოლო სახე ფერწერულ ქანდაკებას ემსგავსება.

რა როლი ითამაშა დასავლეთში  ემიგრაციამ თქვენი, როგორც ხელოვანის ფორმირებაზე?

დასავლეთში ცხოვრებამ ჩემი თავი ჩემივე ხელით დამანგრევინა და მისი შენება თავიდან დამაწყებინა. ეს შენების პროცესი დღემდე მიდის და იმედია არ შეწყდება.

 

12 მაისს გაიხსნა თქვენი გამოფენა ბელგიაში, ანტვერპენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, სადაც წარმოდგენილი იყო  სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ნამუშევრები, გვესაუბრეთ გამოფენაზე Becoming Thea Merlani?

Becoming Thea Merlani – ჩემთვის ყველაზე უნიკალური გამოცდილებაა, რადგან არასდროს არ მქონია ასეთი ჰარმონია კურატორთან და საგამოფენო ჯგუფთან მუშაობის დროს. კურატორის, ნავ ჰაგის ერთადერთი თხოვნა იყო შავ ხავერდზე ფერწერების ჩვენება, დანარჩენი ნამუშევრების არჩევა ჩემი გადასაწყვეტი იყო. წინასწარი სამუშაოებისთვის ძალიან ცოტა დრო მქონდა, იმასთან შეფარდებაში, თუ რამხელა და არასტანდარტული სივრცე უნდა ამეთვისებინა. დეკემბრის დასაწყისში ჩავედი ანტვერპენში სივრცის სანახავად და უცნაურია, რომ ჩემმა პირველივე გრძნობამ – თუ სად რა შეიძლებოდა განთავსებულიყო, თითქმის ბოლომდე გაამართლა. გამოფენაში ფაქტობრივად ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპიდან არის ნამუშევარი წარმოდგენილი, რაც ავტობიოგრაფიულ მძივს მაგონებს, რომელიც შეიკრა. საინტერესო იყო იმის დანახვა, თუ როგორ ძლიერ ურთიერთკავშირში არის ჩემი ფერწერული ტილოები, ობიექტები და ინსტალაციები ერთმანეთთან. და ის ესენცია, რაც მათ აკავშირებს, ჩემი ცხოვრების, უფრო სწორად, ყოველდღიურობის უანგარო თანამგზავრია.

აბსოლუტურად ტრიუმფალური გრძნობა იყო ახალი ნამუშევრების ინსტალირება მათთვის განკუთვნილ სივრცეში. მასშტაბის გამო შეუძლებელი იყო ჩემს სახელოსნოში მათი აწყობა. საკმაოდ ვნერვიულობდი მათ რეზულტატზე. მაგრამ ის გრძნობა, თუ რა თანხვედრაში მოხვდა სივრცე და ნამუშევარი ერთმანეთთან, არასდროს არ დამავიწყდება.

თქვენი ნამუშევრების  უმეტესობა აჭარის, კონკრეტულად კი  ძველი ბათუმის თემატიკითაა ინსპირირებული, რა როლი ითამაშა ამ ქალაქმა თქვენი მხატვრული ცნობიერების ჩამოყალიბებაზე?

ჩემთვის სიყვარულის მითებად ქცეული ადამიანები ამ ქალაქში ცხოვრობდნენ და ბავშვობის ყველაზე ძვირფასი მოგონებები ბათუმთან არის დაკავშირებული…

დღეს ბათუმზე ტკივილის გარეშე ვერ ვსაუბრობ, რადგან ჩვენს ქვეყანაში ბობოქარი “განვითარების” მკვლელად ქცეული ტენდენცია მას ყველაზე მეტად შეეხო და დაასახიჩრა. “განვითარება” გასცდა ბათუმის ფარგლებს და “ავითარებს” აჭარის უნიკალურ ადგილებს. სამწუხაროდ, ყველაზე ულამაზო ტურიზმი და მისი ყველა უკუჩვენება არის დღეს ბათუმის სინონიმი. თუ “განვითარებით” ვიმსჯელებთ, ძალიან რთული ვითარებაა, რომელიც ხელს მიშლის რაიმე რომანტიკული ან მაღალფარდოვანი ჭრილით ვისაუბრო ამ “დაკარგული დროის ძიებაში” ქცეულ ადგილზე… SOS

როგორ დაახასიათებდით  დღევანდელი ქართული თანამედროვე ხელოვნების სცენას?

ეს სიტყვა “სცენა” არ მიყვარს და თუ რამე სცენაზეა ლაპარაკი, ვიტყოდი, რომ არის ტენდენციური. პრინციპში, როგორც ყველგან. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ეს ტენდენციურობა უფრო ჩანს. გვაკლია “არამოდური” ინდივიდები.

 

ნამუშევრის შექმნას 6-იდან 8 თვეს უთმობთ, რა ეტაპებად მიმდინარეობს მათი  საბოლოო ფორმისა და ხასიათის შექმნა?

რა თქმა უნდა, ასეთი დროის დათმობა ყველა ნამუშევარს არ სჭირდება. არის ნამუშევრები, რომლებზეც ფაქტობრივად დრო არ დამიხარჯავს და ისინი რაღაც განსაკუთრებულ მომენტს და გამოცდილებას ასახავენ უხილავ და სწრაფ პერიოდში. ის ნამუშევრები, რომლებზეც თქვენ მესაუბრებით, დღევანდელი გადმოსახედიდან ჩემთვის ხელშეუხებელ სივრცეს წარმოადგენენ. ძალიან მიჭირს და ალბათ ყოველთვის გამიჭირდება ამ ეტაპების წერილობით ფორმაში გადმოტანა და ახსნა. ნამდვილად უფრო გამიადვილდება მხატვრული რომანის დაწერა. თუმცა ეს თითოეული ნამუშევარი ჩემთვის არის რომანი, რომელიც შედგა.

 

გვესაუბრეთ Oxygen- ის ფარგლებში შესრულებულ ნამუშევარ-პერფორმანსზე  NAVEED

Oxygen მაისის ბოლოს გაიხსნა, TAF-ის და ბევრი სხვა გამოფენის პარალელურად. ამ პერიოდში თბილისი, კარგი გაგებით, არტ ზეიმად გადაიქცა. იმედია, რომ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს ჩაეყარა საფუძველი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ კავკასიისთვისაც,   და ეს არ იყო მხოლოდ მცდელობა.

როდესაც ნინო საკანდელიძემ და Propaganda-მ Oxygen-სთვის მიმიწვიეს, პარალელურად ანტვერპენში გამოფენას ვაწყობდი. ჩემთვის სტამბაში განკუთვნილი სივრცის ნახვისთანავე ვიცოდი, თუ რა საჭიროების და ჟღერადობის ნამუშევარს გავაკეთებდი, რადგან  NAVEED-ის მთავარი ნაწილის მზადების პერიოდში ბელგიაში მიწევდა ყოფნა, დავიხმარე ჩემი სტუდენტი გვანცა სანიკიძე. რეალურად მას მთლიანად ვენდე. ეს ნდობის ფაქტორი ჩემთვის ამ შემთხვევაში ძალიან საპასუხისმგებლო იყო, რადგან ნამუშევრის დიდი ნაწილი გვანცას მარტო უნდა შეესრულებინა და, რა თქმა უნდა, ხარისხი მის ხელში იყო. ჩემი და გვანცას კოლაბორაცია იყო ინფორმაციის, ზუსტი გამტარიანობის, მიმღებლობის, ფაქიზი ერთგულების აქტი, რაც NAVEED-ს – “კარგი ამბის მომტანს” – მნიშვნელოვან კომპონენტად ემატება.

ყველაზე ზუსტად და ფაქტობრივად ყველა კითხვის ამომწურავად ამ ნამუშევარზე ჩემი საყვარელი პოეტი (ჩემი დიდი ბაბუა) საუბრობს… მადლობა რაჟდენ გვეტაძეს.

ჩოჩორი

ვუძღვნი ტიციან ტაბიძეს

 

პარასკევს ყაფანზე გაყიდეს ჩოჩორი,

ატირდა საბრალო თაფლისფერ თვალებით.

ახალმა პატრონმა მოპარსა ქოჩორი

და თოთო ტერფებზე დააკრა ნალები.

ბავშვებმა ბეღელს ქვეშ ანახვეს საწოლი,

კოცნიან, ახრჩობენ რძიანი ბალახით.

ორშაბათს ხურჯინით აჰკიდეს მაწონი:

პატარა ფეხები ეტკინა ტალახით.

ქალაქში უცინის ძველების მკერავი,

ნაცნობებს შეხვდება, უეცრად ქრებიან.

სურს დედის ალერსი, ვერ ხედავს ვერავის,

მხოლოდ ხარს უცქერის საყანწე რქებიანს.

სოფლისკენ გაბრუნდნენ დაღლილი ვირები.

ჩოჩორიც მიჰყვება ბედს გადანაბირებს.

ამბობენ: ბაზარში არ იყო სიძვირე,

ღამდება და ქარი ამოსვლას აპირებს.

 

ავტორი: ნინა პატარიძე


რეკომენდებული სტატიები
მხატვრული არქეოლოგია

მხატვრული არქეოლოგია

მხატვრული არქეოლოგია
აბსტრაქტული სიუჟეტები, პერსონალური ინტიმური ნარატივები და პატრიარქალური კულტურის კრიტიკა ხელოვან მაია ნავერიანის შემოქმედებაში
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.