fbpx
გააზიარე სტატია

ინტერვიუ ხელოვან ფილიპ პანტონთან

არგენტინელი ხელოვანის შემოქმედება, რომელიც კინეტიკური არტის, ინსტალაციის, გრაფიტისა და დიზაინის გარშემო ერთიანდება, მკვეთრი ფერებით, გეომეტრიული პატერნებითა და ოპ-არტ ელემენტებით ხასიათდება. მის შემოქმედებაში ქუჩის ხელოვნებას და გრაფიტს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ამ ყველაფერზე მუშაობა მან ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში დაიწყო, სადაც ჯერ სახელოვნებო დაჯგუფება D.O.C.S-ს, შემდეგ კი UltraBoyz-ს შეუერთდა. პანტონმა საკუთარი ნამუშევრები გალერეებში პირველად 2006 წელს გამოფინა, თუმცა ამის პარალელურად მისი ხელოვნების ნიმუშები ჩნდებოდა ქუჩის კედლებსა და შენობებზეც. მისი ქუჩის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნამუშევარი ქალაქ ლისაბონში მდებარე 17-სართულიან კორპუსზეა განთავსებული. ბოლო პერიოდში ფილიპ პანტონი ალკოჰოლური სასმელების ბრენდ “ჰენესისთან” თანამშრომლობდა. ესაა ბრენდი, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ხელოვანებთან კოლაბორაციებს. პანტონი მეცხრე ხელოვანია, ვისთანაც ბრენდი თანამშრომლობს. კოლაბორაციის ფარგლებში მან “ჰენესის” კონიაკის ბოთლისა და სასაჩუქრე ყუთის დიზაინზე იმუშავა.

რა იყო შთაგონების წყარო, როცა “ჰენესისთვის” დიზაინს ქმნიდი?

დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, როცა პირველად გავიგე ამ კოლაბორაციის შესახებ, ჰენესის კონიაკის ისტორიის და არქივის მოძიება დავიწყე, აღმოვაჩინე რაღაცები, რისგანაც შთაგონება მივიღე, თუმცა “ჰენესის” უნდოდა, რომ შთაგონება სწორედ ჩემი ხედვიდან და საკუთარი სტილიდან წამოსულიყო.

როგორ აღმოგაჩინა “ჰენესიმ”?

როგორც ვიცი, შუამავალი სააგენტოები არ არსებობენ. ის ადამიანები, რომლებიც “ჰენესიში” მუშაობენ, ხელოვანებს ონლაინ პლატფორმების საშუალებით პოულობენ ან სხვა ხელოვანებისგან იღებენ რეკომენდაციებს. ვიცნობ რამდენიმე არტისტს, რომლებიც “ჰენესისთან” თანამშრომლობდნენ, მათ ურჩიეს ჩემი თავი და ერთ დღესაც “ჰენესისგან” იმეილი მივიღე. ძალიან სიმბოლური და საინტერესო იყო პირდაპირ მათგან მიღებული შემოთავაზება, ყოველგვარი შუამავალი სააგენტოების გარეშე.

ეს შენთვის მოულოდნელი იყო?

რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო. ვიცოდი და ძალიან მომწონდა მათი სხვა კოლაბორაციები – მე მეცხრე არტისტი ვარ, ვისთანაც “ჰენესი” თანამშრომლობს.

რომელია შენ მიერ შექმნილი ქუჩის ყველაზე დიდი მხატვრობა?

ალბათ ეს არის ლისაბონში, 2017 წელს 17-სართულიან შენობაზე გაკეთებული კედლის მხატვრობა.

რას ფიქრობ “ჰენესისა” და ხელოვანებს შორის თანამშრომლობის შესახებ, მნიშვნელოვანია ეს ხელოვანებისთვის?

მგონია, რომ ძალიან კარგია ისეთ ბრენდებთან მუშაობა, რომლებთანაც მოგწონს საქმის დაჭერა და რომელსაც აფასებ. მგონია, რომ ნებისმიერი ხელოვანისთვის ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. რაც შეეხება ჩემს შემთხვევას, მათ თვითონ მკითხეს, რის გაკეთება მსურდა. მაშინ როცა ძირითადად სტუდიურ თანამშრომლობაზეა ყველაფერი ორიენტირებული, მათ სტუდიის გარეთ მუშაობის შესაძლებლობაც შემომთავაზეს.
იღბლიანი ვარ, რომ ორიგინალი ნამუშევრები სხვადასხვა ქალაქებში ჩავიტანეთ და ამ შესაძლებლობის გამო ბრენდის ძალიან მადლობელი ვარ.

რა არის შენი ოცნება, რომელიც ხელოვნებას უკავშირდება, არის ადგილი, სადაც შენი ნამუშევრები გინდა იყოს?

ძალიან ბედნიერი ვარ იმ გალერეებთან თანამშრომლობით, ვისთანაც ახლა ვმუშაობ, ასეთია, მაგალითად, GR-Gallery. ასეთივე გალერეა შეიძლება იყოს ისიც, ვისთანაც ახლა მაქვს მოლაპარაკებები, ვგულისხმობ მეხიკოში მდებარე RGR გალერეას. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი არტისტია კარლოს კრუს დიასი, რომლის სოლო გამოფენაც ამ გალერეაში მოეწყო. ძალიან მომეწონა ეს სივრცე და მინდა, რომ ჩემი ნამუშევრებიც მოხვდეს იქ.

რა გავლენა აქვს მუსიკას შენს შემოქმედებაზე?

აბსოლუტურად ყველაფერს ვუსმენ და ყველაფერი შთამაგონებს, სტუდიაში როცა ვმუშაობ, ყოველთვის ვუსმენ მუსიკას. მუსიკა ჩემთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაფერი არ არის ისე, როგორც ეს, მაგალითად, კანდინსკისთვის იყო.

სახეს რატომ არ გვაჩვენებ?

რამდენიმე სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის რომ როცა ადამაინები Google-ის საძიებო სისტემაში ჩემს სახელს ჩაწერენ, მინდა ჩემი სახის ნაცვლად, ნამუშევრები იხილონ.

ვის ეკუთვნის შენი ტატუების დიზაინი?

ერთი მე თვითონ, მეორე ძალიან კარგმა ტორონტოელმა ტატუ-არტისტმა შექმნა…

როგორია შენი უახლოესი სამომავლო გეგმები?

პანამაში ვაპირებ წასვლას და კრუს დიასის მარიონ გალერეაში გამოფენის მოწყობას.

 

რესპოდენტს ესაუბრა Hammock-ის დამფუძნებელი ნინო დარასელი, გიორგი მაისურაძე, ირინა პოპიაშვილი და აკო ახალაია, ინტერვიუ მოამზადა გვანცა ჩანადირმა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.