fbpx
გააზიარე სტატია

ინტერვიუ Lily Vanilli-ის შეფკონდიტერ ლილი ჯონსთან

ლონდონში, კოლუმბიის ქუჩაზე მდებარე პატარა ვარდისფერ კაფეს უკვე ათ წელზე მეტია ყველა  ლონდონელი კარგად იცნობს. საკონდიტრო, რომელიც სტუმრებს სეზონურ და ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული ტკბილეულისა და ნამცხვრების დიდ არჩევანს სთავაზობს, ბოლო რვა წელია ვეგანური ცხოვრების სტილის მიმდევრებისთვისაც აღებს კარს. ამ კარის უკან კი ახალგაზრდა თვითნასწავლი კონდიტერი ლილი ჯონსი დგას, რომელმაც “ლილი ვანილის” კაფე ერთი წლის წინ თბილისში, აბაშიძის ქუჩაზეც გახსნა. თუმცა სანამ ლონდონიდან თბილისამდე ჩამოვიდოდა, კულინარიის ძალიან დიდი გზა გაიარა. ამ დროში რამდენიმე რეცეპტების კრებული გამოსცა  და ისეთ ვარსკვლავებთან მოასწრო მუშაობა, როგორებიც ქეით მოსი, ტილდა სუინტონი, ელტონ ჯონი და ალექსანდერ მაქუინია.

 

ჟურნალი Hammock წარმოგიდგენთ ინტერვიუს შეფკონდიტერ ლილი ჯონსთან, რომელიც თბილისს რამდენიმე დღით ესტუმრა.

ლილი, როგორ აღმოჩნდით კულინარიაში, გახსოვთ გადაწყვეტილების მიღების მომენტი?

თვითნასწავლი კონდიტერი ვარ, ყოველთვის ძალიან მომწონდა კულინარია, თუმცა პროფესიონალურად არასდროს მისწავლია. ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო, ჩემი პირველი შთაგონება, შეიძლება ითქვას,  ბებია იყო, რომელიც საკუთარ რეცეპტებს მასწავლიდა. შემდეგ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის ვამზადებდი ტკბილეულს და ნელ–ნელა აღმოვაჩინე, რომ კულინარიის ისტორიული და მეცნიერული მხარიდან დაწყებული, ვიზუალით დამთავრებული ყველაფერი ძალიან მხიბლავდა.

როგორ გახდა თვითნასწავლი კონდიტერი დღეს ძალიან წარმატებული კაფეს მფლობელი?

დაახლოებით თერთმეტი  წლის წინ ფინანსურად რთული პერიოდი დამიდგა, არ მქონდა სამსახური და გადავწყვიტე ნამცხვრების გაყიდვა დამეწყო. ამის შემდეგ ძალიან სწრაფად განვითარდა ჩემი კულინარიული კარიერა – ლონდონში პატარა კაფე გავხსენი,  ავტორი ვარ სამი კულინარიული კრებულის, ჩემი ნამცხვრები და ტკბილეული მაღალი ხარისხის, ორგანული და სეზონური ინგრედიენტებისგანაა დამზადებული, ერთი წლის წინ თბილისშიც ჩამოვედით, ამ ქალაქში ყველაფერი ძალიან მომწონს და მიხარია, რომ ასეთი უჩვეულო საკონდიტრო აქაც გავხსენით.

როგორც ვიცი, გარკვეული პერიოდი გრაფიკულ დიზაინერად მუშაობდით, ამ გამოცდილებამ ხომ არ განაპირობა ის, რომ თქვენი ნამცხვრები ვიზუალურად ძალიან ლამაზია?

ვმუშაობდი, მაგრამ პროფესიონალურად დიზაინი არასდროს მისწავლია, შეიძლება გავლენა იქონია, მაგრამ  მგონი, ნამცხვრების დიზაინის გარდა არაფრის გაფორმება არ გამომდიოდა.

მაშინ საიდან მოდის თქვენი შთაგონება?

მგონია, რომ, თუ რაღაცის მიმართ ნამდვილად გაქვს ინტერესი და გიყვარს შენი საქმე, შთაგონება შეიძლება ყველგან და ყველაფერში აღმოაჩინო. ნამცხვრებისთვის ინსპირაციას ყველგან ვეძებ: ბუნებაში, წიგნებში, ყვავილებში და მათ შორის ხელოვან და ფლორისტ ადამიანებში, რომლებთანაც ლონდონში მაქვს ურთიერთობა.

კაფეს ინტერიერი, ნამცხვრის ფერები და შეფუთვაც კი ისეთია, მეგონა, უეს ანდერსონის ფილმებს მეტყოდით…

ნამდვილად ასეცაა – ვარდისფერი  რეალურ ცხოვრებაში ჩემს პერსონალურ ბუნებას გამოხატავს და სამზარეულოშიც ძალიან მომწონს. კაფეს ინტერიერი კი  ჩემი ბიზნეს პარტიორის შერჩეულია და თავიდან ბოლომდე ემთხვევა ჩემს გემოვნებას.

ყვავილები ახსენეთ, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ტორტებზე და ნამცხვრებზე ხელოვნურის ნაცვლად ბუნებრივი, ცოცხალი ყვავილები გამოგეყენებინათ?

მე ნამცხვრებშიც ორგანულ, სეზონურ და ნატურალურ ინგრედიენტებს ვიყენებ, ბუნებრივი ყვავილების გამოყენებით დროსაც ვზოგავ და თან მგონია, რომ შაქრისგან დამზადებულ  ყვავილებს ისედაც არავინ მიირთმევს, არც გემრიელი არ არის, ამიტომ მიზეზს ვერ ვპოულობ, რატომ უნდა გამოვიყენო. ცოცხალი ყვავილები უფრო ლამაზიცაა და იმასაც მიანიშნებს, რომ ნამცხვარი ნატურალური და ბუნებრივი ინგრედიენტებისგანაა დამზადებული, მათ შორის – ვიზუალურადაც.

რომელია თქვენივე შექნილი ყველაზე საყვარელი ნამცხვარი?

ვანილის ბისკვიტი, ძალიან ფაფუკი და უმარტივესი მოსამზადებელია, ყველაზე მეტად მიყვარს.

მთავარი ინგრედიენტი …

რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის კარაქი.

და ვანილი?

ვანილიც ძალიან მიყვარს, მაგრამ უკვე გლობალური კრიზისია,  მაღალი ხარისხის ვანილი ძალიან ძვირი ღირს, ამიტომაც ვცდილობ, რომ უფრო და უფრო ნაკლებად გამოვიყენო.

ნამცხვარი ბავშვობიდან…

Victoria Sponge – ბებიამ მასწავლა ბავშვობაში, ჩემთვის კლასიკაა და ლილი ვანილის მენიუშიც მთლიანად ბებიის რეცეპტითაა შესული.

როგორ აღმოჩნდი საქართველოში, რატომ გადაწყვიტე, რომ ლონდონის შემდეგ კაფე თბილისში გაგეხსნა?

საქართველოში პირველად 2017 წელს ჩამოვედი, გავიცანი ადამიანები, რომლებთანაც შემდეგ დავმეგობრდი და აღმოჩნდა, რომ ჩვენ ყველას საერთო ოცნება გვქონდა – გაგვეხსნა თბილისში თანამედროვე კაფე და გაგვეკეთებინა რაღაც ახალი და განსხვავებული.

ქართულ ტკბილეულზე რა აზრის ხართ?

საქართველომ და ქართულმა ინგრედიენტებმა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ტკბილეული ძალიან მომწონს, მოხიბლული ვარ ვაშლის და ალუბლის ღვეზელით, ძალიან გემრიელია ჩურჩხელა. ზოგადად, ქართული სამზარეულო და ღვინო ნამდვილად შთამბეჭდავია.

ქართულ სამზარეულოს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს, ყველა კუთხე მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი და ყველასგან განსხვავებული საინტერესო გემოებით არის გამორჩეული. ჩვენი ქვეყნისთვის ნელ–ნელა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება  ეს დარგი, თუმცა დასავლეთში ბევრი არ იცნობს ჩვენს კულინარიას, გარედან როგორ ჩანს ეს პროცესი?

მგონია, რომ პოპულარიზაციის პროცესი ზუსტად ახლა მიმდინარეობს,  როცა ვადარებ თუნდაც ორი წლის წინანდელ მდგომარეობას ცნობადობის მხრივ,  ვხედავ, რომ დღეს ევროპაში ბევრად მეტმა ადამიანმა იცის ქართული კულინარიის შესახებ.  ჩემ ირგვლივ ყველა მზარეულმა იცის საქართველოს შესახებ და ყველას ძალიან მოსწონს, განსაკუთრებით ღვინო. ამ სფეროში საქართველო ნამდვილად ძალიან პოპულარულია და სწორედ  სამზარეულოს გამო აქ ძალიან ბევრ ადამიანს უნდა ჩამოსვლა.

მომხმარებლებს ვეგანურ და გლუტენის გარეშე დამზადებულ ნამცხვრებსაც სთავაზობთ,  რით არის კულინარიის ეს მხარე თქვენთვის მნიშვნელოვანი?

უკვე ათი წელზე მეტია,  რაც „ლილი ვანილი“ არსებობს და ბოლო რვა წლის განმავლობაში  ვეგანური და უგლუტენო პროდუქტის მიმართ საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა გაჩნდა. რადგან ვეგანური სამზარეულო დღეს ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრების ნაწილია, არ მინდოდა, რომ ეს მოთხოვნა უპასუხოდ დამეტოვებინა. გარდა ამისა, მე თვითონაც ძალიან მომწონს ახალი გამოწვევები, როცა  უგლუტენო საკვებს ამზადებ, ეს ნიშნავს, რომ განსხვავებულ მეთოდს და ტექნიკას იყენებ და რაც მთავარია, ამ პროცესში ძალიან ბევრს სწავლობ.

ხშირად იყენებთ სოციალურ მედიას, თქვენს ინსტაგრამ გვერდს 70 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს, როგორ ეხმარება სოციალური მედია ამ ბიზნესს?

ჩემი ბიზნესი სწორედ ინსტაგრამიდან დაიწყო, არ არის აუცილებელი ძალიან ბევრი ფული გქონდეს იმისთვის, რომ ადამიანებს შენი პროდუქტი მიაწვდინო, უფასოა ეს ყველაფერი,  შემდეგ როცა უკვე ნამდვილად რაღაც კარგს აკეთებ, ადამიანები თვითონვე გპოულობენ.

თუმცა გარდა სოციალური მედიისა, ტრადიციულ გზებსაც მიმართავთ, რა შეგიძლია გვითხრა თქვენი კულინარიული წიგნების შესახებ?

პირველი წიგნი სახელწოდებით A Zombie Eat my Cupcake ფილმების ინსპირაციითა შექმნილი. ქაფქეიქების რეცეპტები წიგნში კომიქსის სტილითაა წარმოდგენილი  და მკითხველს 25 უჩვეულო და განსხვავებული დიზაინის ქაფქეიქის მომზადებას ასწავლის. მეორე წიგნი Sweet Tooth “ლილი ვანილის” 100-მდე ნამცხვრისა და ტკბილეულის რეცეპტს აერთიანებს.  2018 წელს კი UNICEF-ის მხარდაჭერით გამოვეცით მესამე წიგნი #Bakeforsyria, რომელშიც სირიულ ოჯახებში შეგროვებული ტრადიციული დესერტებია გაერთიანებული.

სხვადასხვა  დროს ცნობილ ვარსკვლავებთან მოგიწიათ ურთიერთობა, რომელია თქვენთვის  ყველაზე გამორჩეული კოლაბორაცია?

ძნელია გამოარჩიო… საინტერესო იყო მუშაობა V&A მუზეუმთან, ვთანამშრომლობდი ელტონ ჯონთან, ტილდა სუინტონთან, ქეით მოსთან, ალექსანდერ მაქუინთან, ყველა მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული აღმოჩნდა.

რას გვეტყვით Young British foodie awards-ის შესახებ, რომლის ერთ–ერთი დამფუძნებელიც თქვენ ხართ?

YBFA  მე და ჩემმა მეგობრებმა ცხრა  წლის წინ დავაარსეთ და მას შემდეგ  შემოქმედებით და ნიჭიერ ახალგაზრდებს ვეძებთ, რომლებიც კულინარიის სხვადასხვა დარგში მუშაობენ, მაგალითად, ამზადებენ ყველს, ღვინოს ან სხვა ნებისმიერ რამეს. ყოველთვის ყველა ჯილდოს უკვე კარგად ცნობილი კულინარები და შეფები იღებდნენ, ჩვენ იმ ადამიანებს ვეძებთ, ვინც ახლა იწყებს, ვფიქრობ, მხარდაჭერა სწორედ ასეთ ადამიანებს სჭირდებათ.

ლილი, დაგვიტოვეთ რჩევა მათთვის, ვინც ახლა იწყებს…

ხშირად მეკითხებიან აზრს  დამწყები კულინარები და სულ ვურჩევ, რომ მნიშვნელობა მიანიჭონ და დრო დაუთმონ რეკლამას და პიარს,  ამის შემდეგ ადამიანები თვითონვე აღმოაჩენენ – ყველა დამწყებს ისევ ამას ვეტყვი.

 

ავტორი : გვანცა ჩანადირი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.