fbpx
გააზიარე სტატია

ინტერვიუ დიზაინერ დოდოშკა ჩხეიძესთან

დოდოშკა ჩხეიძე უკვე თოთხმეტი წელია, რაც დიზაინის სფეროში მუშაობს. თავდაპირველად რეკლამებისა და ფილმების გადასაღები მოედნების დიზაინით დაწყებული კარიერა დიზაინერმა მომდევნო წლებში  ინტერიერისა და ვიტრინებისთვის შექმნილი ინსტალაციების ირგვლივ გააერთიანა. სულ ცოტა ხნის წინ კი საკუთარი კომპანია DodoDesigns-იც დააარსა, რომელიც გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებისა, მომავალში ავეჯისა და პროდუქტის დიზაინის შექმნასაც ისახავს მიზნად, თუმცა მანამდე, სანამ ეს მოხდება, დოდოშკას მიერ შექმნილ ულამაზეს მთვარეს მრგვალი ბაღიდან, განათებულ გულს გალერია თბილისის ვიტრინიდან და ჩვენი ჟურნალის სინათლის თემაზე შექმნილ ტროპიკულ სასახლეს მერსედეს ბენცის მოდის კვირეულიდან და კიდევ ბევრ სხვა ნამუშევარს მალე მისი დიზაინით შექმნილი ორბელიანის მოედნის ყვავილების გასაყიდი პავილიონი შეემატება, რომელზეც დიზაინერი ამჟამად მუშაობს. 

დოდოშკა, როგორ აღმოჩნდით დიზაინში, საიდან დაიწყო ყველაფერი?

თავდაპირველად თეატრის მხატვრობაზე ჩავაბარე, სტუდენტობიდან სარეკლამო კომპანიებთან დავიწყე თანამშრომლობა,  როგორც დამდგმელმა მხატვარმა. ეს საქმე ახლოს იყო იმ პროფესიასთან, რომელსაც ვსწავლობდი. ყოველთვის ფრილანსერი ვიყავი, სულ სხვადასხვა სახის შეკვეთები მქონდა, მაგრამ უფრო ხშირად ფილმებსა და რეკლამებზე ვმუშაობდი დამდგმელ მხატვრად, პარალელურად ინტერიერის დიზაინზე და ავეჯის დიზაინზე მქონდა შემოთავაზებები, შემდეგ იყო ვიტრინები და ინსტალაციები, სხვადასხვა ღონისძიების და მუსიკალური ფესტივალის გაფორმება. თოთხმეტი წელია ასე ვმუშაობ და წელს  უკვე საკუთარი კომპანია DodoDesigns დავაფუძნე – მივხვდი, მარტო ვეღარ ვახერხებდი ბევრი რამის კეთებას. მინდა, რომ ავეჯისა და პროდუქტის დიზაინიც დავიწყო და ამისთვის უკვე თანამშრომლები და საკუთარი სივრცე მჭირდებოდა. DodoDesigns ჩემს დასთან ერთად გავაკეთე, ის პროექტების მენეჯერი იქნება, მე კი შემოქმედებით მხარეს მივხედავ. 

როგორ უთავსებთ ერთმანეთს და რა უფრო მნიშვნელოვანია – საგნის ესთეტიკური მხარე თუ  მისი ფუნქციურობა?

დიზაინერის საქმეში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია,  რომ ყველაფერს მხოლოდ ვიზუალური დატვირთვა არ ჰქონდეს, იყოს გამოსაყენებლად კომფორტული და, რა თქმა უნდა, ფუნქციური. თუმცა, არის ნივთები, რომლებსაც თავისთავად მხოლოდ ვიზუალური დატვირთვა აქვს, მაგრამ როცა საქმე ავეჯს შეეხება, ის კომფორტულთან ერთად ვიზუალურად ლამაზიც უნდა იყოს, ისეთი, როგორც ეს დიზაინერს წარმოუდგენია.

რამდენად ემთხვევა ხოლმე შემკვეთის სურვილები და ის, “რაც დიზაინერს წარმოუდგენია”?

უფრო ხშირად ბრიფის გარეშე მიწევს მუშაობა, მაშინ როცა თავისუფალი თემა მაქვს და მე თვითონ უნდა მოვიფიქრო, მაგალითად, რომელიმე მაღაზიისთვის ინსტალაცია.  მაგრამ როცა დამდგმელი მხატვარი ვარ, იმ შემთხვევაში სცენარს ვკითხულობ და რეჟისორთან ერთად განვიხილავ, როგორ წარმოგვიდგენია ესა თუ ის ამბავი. ეს გუნდური მუშაობაც და ის, რომ ვიღაცის ჩანაფიქრს შენი წარმოდგენით ხორცი უნდა შეასხა, თავისთავად საინტერესო გამოწვევაა.  ინტერიერის დიზაინის შეკვეთებს რაც შეეხება, მქონია შემთხვევები, რომ არ დამთხვევია და ამის გამო ცოტა დისკომფორტი მიგრძნია. ამ ბოლო დროს გამომდის ასეთი შეკვეთების გამიჯვნა. ვხვდები, რომ ჩემთვისაც არაკომფორტულია და დამკვეთისთვისაც.  თუმცა უფრო ხშირად ისეთი დამკვეთები მხვდებიან, რომელთა გემოვნებაც ჩემსას ემთხვევა, ალბათ ამიტომაც მოვედი აქამდე და ამიტომაც მიყვარს ჩემი პროფესია.

რა გიყვარს ამ საქმეში ყველაზე მეტად?

ფანტაზიის უკიდეგანობა, რომელიც არასდროს ილევა. ის, რომ ყოველი ახალი პროექტი  ნულიდან იწყება. დაუსრულებელი ფანტაზიის წყარო რომ არსებობს და შენ უბრალოდ დეტალები უნდა ამოკრიბო, რომლითაც რაღაც ახალს ქმნი.

აქამდე შექმნილი ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად რომელი გიყვარს?

ყველა ძალიან მიყვარს და რთულია რომელიმეს გამოყოფა, ინტერიერის დიზაინიდან მაღაზიების ქსელი “გემორჩეული”. ინსტალაციებიდან ძალიან მიყვარს მთვარე, რომელიც  მრგვალ ბაღში იყო და გული – გალერია თბილისის ვიტრინაში. და კიდევ პეტრე ოცხელის ესკიზის მიხედვით შექმნილი პატარა სკულპტურა, რომელიც მარჯანიშვილის თეატრისთვის  გავაკეთე, ჩემთვის ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ იდეურად თეატრის მხატვრის მიმართ ჩემი დამოკიდებულებაც ასეთივეა.

როგორია შენი სტილი?

ეკლექტიკა მიყვარს – არ ვიცი, რამდენად გამოიხატება ყველა იმ მიმართულებაში, რომელშიც ვმუშაობ, მაგრამ ასეა. ზოგადად მიჭირს გამოვყო მაინცდამაინც რაღაც  სტილი, რომელსაც ერთი სიტყვით დავახასიათებ.

საყვარელი ფერი?

ასეთი არ არსებობს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფერი მიყვარს.  ყველა ფერს თავისი ხასიათი და დანიშნულება აქვს ნებისმიერ მიმართულებაში, რომელშიც ვმუშაობ.

როგორია იმ გარემოს ინტერიერი, სადაც ცხოვრობ?

ჩემი სახლის დიზაინი, როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე, ძალიან ჩემნაირია.  მეუბნებიან, სუფთა შენი სახლიაო. ზუსტად არ ვიცი, რას გულისხმობენ, მაგრამ ეკლექტურია რამდენიმე ფერით, მათ შორის ვარდისფერიც არის, წითელიც, ცისფერიც, თეთრიც და შავიც.  მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ფერი ჩამოვთვალე, სიჭრელე მაინც არ არის, მაინც დაბალანსებულია სტილიც და ფერებიც.

ყველაზე რთული რა არის  ინტერიერის დიზაინერის პროფესიაში?

მასალების და რესურსების დეფიციტი.  შეიძლება ამის გამო ვერ მოახერხო ის, რის გაკეთებაც გინდა და რაც წარმოდგენილი გაქვს, ან მასალა არ არსებობს ან ფასი აქვს ძალიან მაღალი. რთულია ამ ქალაქის რესურსებს და შესაძლებლობებს მოერგო და თვითონ შესაძლელობებიც და ფანტაზიებიც ერთმანეთს მოარგო.  

თოთხმეტი წელია დიზაინის სფეროში მუშაობ, ამ დროის განმავლობაში რა ცვლილება განიცადა სტილმა და ესთეტიკამ? 

თოთხმეტი  წლის წინ მახსოვს, ახალი დიზაინერები გამოჩნდნენ – ნიჭიერები, თანამედროვე აზროვნებით, ახალი ხედვებით. მაშინ ცოტა უფრო ექსპერიმენტული იყო ინტერიერის დიზაინის კეთება. ახლა უკვე თითქოს ბევრი ინფორმაცია შემოვიდა, დიდი გამოცდილება დაგროვდა და ყველამ თავისი ნიშა დაიჭირა, ყველას თავისებური გემოვნება აქვს, უკვე აღარ არის ექსპერიმენტული, თითქოს ასე თუ ისე დალაგებულია. თუმცა,  რა თქმა უნდა, დიზაინერობა ყოველთვის გულისხმობს ახალ-ახალ მასალებში მუშაობას, მუდმივ თავგადასავლებს, ახალი ინფორმაციის მოპოვებას და განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად ხდება ეს ექსპერიმენტი, მაგრამ განსხვავებას სწორედ იმაში ვხედავ, რომ ახლა ბევრად მეტი გამოცდილება და ინფორმაციაა დაგროვილი.  

როგორია საზოგადოების მოთხოვნა, რამდენად არსებობს იმის კულტურა, რომ, მაგალითად, როდესაც სახლს აშენებ, პროცესში ინტერიერის დიზაინერიც ჩართო?

საკმაოდ დიდი წინსვლაა ამ მიმართულებით. ადრე ძალიან ცოტა ადამიანი ხვდებოდა იმას, რომ ეს სხვისი საქმეა და თვითონ ვერ გააკეთებს ისე კარგად, როგორც კომპეტენტური სპეციალისტი. დღეს მართლა ბევრი დამკვეთია, აქტიურ ფაზაშია უკვე დიზაინის ეს მიმართულება, ამიტომაც ვფიქრობ, რომ კარგ გზაზე დგას და მგონი, მეტ-ნაკლებად უკვე არსებობს ეს ცნობიერება საზოგადოებაში.

ვიტრინებისთვის შექმნილი ინსტალაციები კიდევ უფრო ახალია ალბათ…

ნამდვილად. ჩემთვის ყოველთვის  ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება იყო და სხვა ქვეყნებში რომ ვნახულობდი, ძალიან მინდოდა, მეც მეკეთებინა. ჯერჯერობით არ არის ისეთი გავრცელებული, როგორ სხვა განვითარებულ ქალაქებშია, თუმცა ნელ-ნელა  ეს კულტურაც შემოდის. უკვე საკმაოდ ბევრი ნამუშევარი დამიგროვდა, თუმცა ძირითადად სეზონურად ერთსა და იმავე მაღაზიებს ვუკეთებ, ვიდრე ბევრს და სხვადასხვას. მგონია, რომ ნელ-ნელა ამის კულტურაც შემოვა.

საიდან იღებ შთაგონებას ამ ყველაფრის შესაქმნელად?

ყველა იმ ინფორმაციიდან, რომელსაც ვიგებ. თან თვალი სულ მომართული მაქვს ფერების, ფაქტურების, ფორმების და ზომების აღსაქმელად. სადაც უნდა ვიყო, სულ ვაკვირდები სივრცეს, რომელსაც ყოველთვის დეკორაციად ან მხატვრულ სურათად აღვიქვამ.  დიდი შთაგონება მოდის ასევე მოგზაურობიდან, როცა ახალ კულტურას ვეჯახები და იქ საერთოდ სხვა ფერები და ფაქტურები შემოდის თვალში, ყოველთვის შთაბეჭდილების ქვეშ ვექცევი.

გაქვს რაიმე წესი, რომელსაც ყოველთვის მიჰყვები?

ჩემთვის არ არსებობს წესები.  ერთადერთი წესი არის ის, რომ არ დავარღვიო სივრცე, არ დავუკარგო თავისი ხიბლი და ჩემი ნამუშევრით უხეშად არ შევიჭრა მასში. დანარჩენი წესები  ფორმებთან და ზომებთან დაკავშირებით არ არსებობს, არც ფერების შეთანხმებასთან, ჩემი აზრით, ნებისმიერ ფერს აქვს ისეთი ტონი, რომელიც შეიძლება რომ მეორეს შევუთავსო, ამიტომ, ასეთ წესებს საკუთარ თავს არასდროს ვუწესებ ხოლმე.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსება არსებობს, თანამედროვე ინტერიერის დიზაინი განსხვავდება მისი წინა მოდერნისტული დიზაინისგან, ბევრი რამ შეიცვალა თუნდაც ფერების, ფორმების და ფაქტურის თვალსაზრისით, როგორ ფიქრობ, როგორი იქნება მომავალი?

ვფიქრობ ხოლმე და ჯერჯერობით ვერ ვხვდები, კონკრეტული აზრი არ მაქვს  ჩამოყალიბებული. ახლა მგონია, რომ ჩემთვის საკმაოდ კარგი პერიოდია, იმიტომ რომ მე თვითონ ეკლექტიკა ძალიან მიყვარს, ყველაფერი მოდაშია და კარგი ნაზავის გაკეთება შეიძლება ძველი, კარგად გამოცდილი პერიოდებიდან. იდეაში თითქოს სტილი ფუტურისტული და მინიმალისტული მიმართულებით მიდიოდა, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ  მომავალშიც აქეთკენ წავა და მაინცდამაინც ჰაი ტეკი და მინიმალიზმი იქნება.

ახსენე, რომ ფილმების გადასაღებ მოედნებზე მუშაობდი, ალბათ განსხვავებული სამუშაოა, ამ შემთხვევაში რა არის დიზაინერის ამოცანა?

საკმაოდ რთული ამოცანაა, პასუხისმგებელი ხარ ვიზუალურ მხარეზე, რომელიც მაყურებელზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ვიზუალურად უნდა გადმოსცე ის ემოცია და შინაარსი, რომელიც სცენარისტს და რეჟისორს აქვთ ჩაფიქრებული, ამის გადმოცემა კი მხოლოდ ფერით და ფაქტურით შეგიძლია. ამასთანავე აუცილებლად უნდა იყო ოპერატორთან შეთანხმებული,  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დააყენებს განათებას და შენ რა ფერსა და ფაქტურას დაახვედრებ კამერას, რომ სინათლე სწორად აირეკლოს. საკმაოდ რთული ამოცანაა და თან საინტერესო, იმიტომ რომ ფაქტობრივად ვიზუალურ მხარეს რაც შეეხება, ყველაფერზე პასუხიმგებელი ხარ.

შენთვის რომელია ყველაზე გამორჩეული ფილმი, რომელზეც გიმუშავია?

Tbilisi My City – რამდენიმე პატარ-პატარა ფილმისგან შედგება, სულ თორმეტი რეჟისორი მუშაობდა. მათგან ორზე ვიმუშავე ნიკა აგიაშვილის რეჟისორობით. მალკოლმ მაკდაუელი თამაშობდა და ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი და ძვირფასი იყო ეს პრაქტიკა. 

სინათლეს რა დატირთვა აქვს შენს ნამუშევრებში?

ნებისმიერი ინსტალაციის, დეკორაციის თუ ინტერიერის დიზაინის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, საიდან შემოდის განათება, ბუნებრივია ის თუ ხელოვნური. თუ ორივეა, რა როგორ იმოქმედებს განათებაზე, ფერზე,  ფაქტურაზე და თან ეს ყველაფერი აუცილებლად ერთიანად უნდა მოხდეს. დიზაინზე როცა ვფიქრობ, პირველ რიგში ვითვალისწინებ განათების წყაროს. თუ ბნელი ოთახია, იქ, შესაბამისად, თეთრ ფერს გამოვიყენებ, იმისთვის რომ უფრო მეტად აირეკლოს და სივრცე არ ჩაბნელდეს, ასევეა  ნებისმიერ სხვა შემთხვევაშიც – სინათლეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შენ მიერ შექმნილი ჩვენი ტროპიკული სასახლისთვის…

ამ შემთხვევაში პირდაპირ დავალება იყო, რომ სინათლის სასახლე უნდა ყოფილიყო, ბევრნაირი განათება უნდა ჰქონოდა. ფორმას და ფერს რაც შეეხება, იქიდან გამომდინარე გავაკეთე, როგორ ბრენდზეც ვმუშაობდი. ზოგადად, ყოველთვის ვითვალისწინებ იმას, თუ როგორ ბრენდზე ვმუშაობ, რა ფერებით არიან წარმოდგენილი და ა.შ. რადგან Hammock-იც ღია ფერებშია,  ბევრი განათებით ძალიან ნათელი ობიექტი უნდა შეგვექმნა, ამიტომ ასეთი სასახლე გამოვიდა.

ამჟამად რაზე მუშაობ?

ამჟამად ვმუშაობ კაფეს და რამდენიმე ბინის ინტერიერის დიზაინზე. ვიტრინის დიზაინს ვუკეთებ  Dalood-ს, ასევე მერიის დაკვეთით ორბელიანის მოედანზე ყვავილების გასაყიდი პავილიონების პროექტზე ვმუშაობ, რომელიც სულ მალე  ჩემი დიზაინით აშენდება.

სამომავლო გეგმები…

კონკრეტული გეგმები არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ჩემს საქმიანობას პროდუქტის და ავეჯის დიზაინს დავამატებ. მინდა, რომ კომპანია უფრო და უფრო გაიზარდოს და ჩემი DodoDesigns დიდ და მუშა სივრცედ გადავაქციო.   


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.