fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x Borjomi – ინტერვიუ დიზაინერ ირაკლი რუსაძესთან

დიზაინერ ირაკლი რუსაძის მიერ დაარსებული ახალგაზრდა ქართული ბრენდი Situationist ჯერ მხოლოდ 2 წლისაა, თუმცა ამ დროის განმავლობაში იგი არა მხოლოდ ლონდონის, პარიზისა და მილანის მოდის კვირეულებზე წარდგა, არამედ ლონდონის კონცეპტუალური მაღაზიის – Dover Street Market-ის შოურუმშია წარმოდგენილი. Gucci-ს, Vetements-ის, Maison Margiela-სა და Balenciaga-ს გვერდით შეგიძლიათ უკვე ირაკლი რუსაძის მიერ შექმნილი სამოსიც იხილოთ. ბრენდმა Situationist-მა თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე ჩვენება 1-ლ ნოემბერს არტარეას შენობაში გამართა, სადაც 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის  კოლექცია წარმოადგინა. მას შემდეგ, რაც კოლექცია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა ქართველმა და უცხოელმა მაყურებელმა უკვე იხილა, გთავაზობთ ინტერვიუს დიზაინერ ირაკლი რუსაძესთან.

როგორ აღმოჩნდით მოდის სფეროში, როდის გაგიჩნდათ მისადმი ინტერესი?

ზოგადად ხელოვნება პატარა ასაკიდანვე მიტაცებდა, კონკრეტულად მოდით კი ალბათ 13-14 წლის ასაკში დავინტერესდი. მთავარი ის იყო, რომ იმ პერიოდში მოდა საქართველოში ასეთი პოპულარული არ იყო და არც ამხელა ყურადღება ექცეოდა, დასავლეთის ტენდენციებიც შორს იყო ჩვენგან. აქედან გამომდინარე უფრო მეტი სტიმული მქონდა, ინფორმაციის ვაკუუმიც დადებით გავლენას ახდენდა ჩემზე, რადგან მიწევდა უფრო მეტი ფიქრი, იდეების მოძიება.

რა გავლენა აქვს შენს ნამუშევრებზე ქართულ კულტურას?

ბრენდი შეიქმნა და მოღვაწეობს საქართველოში და ბუნებრივია, რომ “სიტუაციონისტს” შეიძლება დაერქვას სოციალურ-პოლიტიკური აქტივიზმი, რომელიც რაღაც დოზით რეფლექსიას ახდენს იმ პრობლემების, საზოგადოებრივი საკითხების თუ ტრადიციების მიმართ, რაც ჩვენ გარშემო არსებობს.

 მოგვიყევი შენს პირველი ნამუშევარზე…

რაღაცებს ძალიან პატარა ასაკშიც ვაკეთებდი, თუმცა უფრო სერიოზულად დამუშავებული სამოსი იყო პალტო, რომელიც სკოლის ასაკში შევქმენი.

რა არის შენი შთაგონების ძირითადი წყარო?

ყველგან შეიძლება მიიღო შთაგონება, ყველაზე მეტად ალბათ იმ გარემოსგან, ადამიანებისგან ვიღებ იდეებს, სადაც მიწევს ყოფნა, რადგან ამ ქვეყანას ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩემს შემოქმედებაზე. 

ხშირად იყენებ ტყავს, რა დატვირთვა აქვს ამ ქსოვილს შენს შემოქმედებაში?

ნატურალური ტყავი ჩემი საყვარელი მასალაა სამუშაოდ, რომელსაც ეტყობა კონსტრუქციაც, ხარისხიც და იდეაც. თვითონ მასალაც მხოლოდ ერთი კონკრეტული სეზონისთვის არ არის გათვლილი, რადგან უფრო მეტად უძლებს დროს და მეტი ურთიერთობა გაქვს მასთან. აქედან გამომდინარე ნატურალური ტყავის გრძელვადიანი მოხმარება, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი დანაშაულიც არ არის. 

“აზნაურის” ხაზზე რომ მოგვიყვე უფრო ვრცლად…

 “აზნაურის” ხაზი დღესდღეობით აღარ არსებობს, თუმცა საკმაოდ საინტერესო წამოწყება იყო, რადგან მამაკაცის მიმართულება პირველად ვცადე. 

რით  არის შთაგონებული წლევანდელი კოლექცია?

ამ სეზონზე ორგანული თემა ავირჩიეთ, მიუხედავად იმისა, რომ კოლექცია საკმაოდ მცირე დროში შეიქმნა, ვფიქრობ, მოვხერხეთ ის იდეა განგვეხორციელებინა, რაც ჩაფიქრებული გვქონდა. ახალი სამოსი, ვფიქრობ, კარგად გამოხატავს ჩვენს შიდა სამზარეულოს, რადგან მასზე მხოლოდ მე არ მიმუშავია, მან ჩემ გუნდთან ერთად თანამშროლობით მიიღო ის ფორმა, რაც უკვე მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე იხილეთ.

როგორ შეიცვალა მოდის სფერო საქართველოში?

მაშინ როდესაც მე დავიწყე, მახსოვს, იყო რამდენიმე ქართველი დიზაინერი, რომელიც დღესაც არის ამ სფეროში, თუმცა მოდას უფრო გართობის სახე ჰქონდა. მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის დაარსების შემდეგ, ვფიქრობ,  ქართულმა საზოგადოებამ უფრო სერიოზულად აღიქვა ეს სფერო. გარდა ამისა, გავაცნობიერეთ, რომ მოდა მხოლოდ ესთეტიკას არ ემსახურება და სჭირდება ძალიან დიდი ინვესტიცია და ძალისხმევა, ალბათ ყველაზე რთულია გუნდის შექმნა, რომელიც გაგიგებს და გვერდით დაგიდგება. მნიშვნელოვანია, რომ პროგრესი იგრძნობა, თუმცა პოპულარობასთან ერთად მისი შენარჩუნება ძალიან რთულია. 

გარდა იმისა, რომ შენი სამოსი ცნობილმა მოდელმა ბელა ჰადიდმა მოირგო, შემოდგომა/ზამთრის 2019 წლის კოლექცია ლონდონის კონცეპტუალური მაღაზიის, Dover Street Market-ის შოურუმში მოხვდა. მოგვიყევი უფრო ვრცლად…

ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, როცა ასეთი ცნობილი ადამიანი ქართველი დიზაინერის სამოსს ატარებდა. საინტერესო ფაქტია, თუმცა ახალგაზრდა ბრენდის შემთხვევაში, როგორიც “სიტუაციონისტია”, დიდი სახელები მის ხედვებს, შემოქმედებას ჩრდილავენ. შეიძლება ამ შემთხვევაშიც ასე იყო. ვერ ვიტყვი, რომ კომერციული მხარე არ მაინტერესებს, თუმცა პირველ რიგში არტისტი ვარ და ჩემს ნამუშევრებში მეტ ყურადღებას ვაქცევ შინაარს, იდეებს.
რაც შეეხება Dover Street Market-ს, ეს ჩვენი ბრენდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან წელს აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ საერთაშორისო დონეზე Situationist-მა თავისი სიტყვა თქვას. 

როგორ დაახასიათებდი ადამიანს, რომელსაც შენი სამოსი აცვია?

კოლექციას ყოველთვის ვაკეთებთ მრავალფეროვანს, ზოგადად საზოგადოებიდან, ხასიათიდან გამომდინარე. ბევრ სხვადასხვა ტიპის ადამიანს შეუძლია მისთვის სასურველი და საინტერესო ნივთის პოვნა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ტანსაცმელი არ იყოს განკუთვნილი მხოლოდ ერთი საღამოსთვის. ალბათ ჩემი სამოსი ისეთ ადამიანს აცვია, ვინც კარგად ერკვევა ქსოვილში, ხარისხში, კონსტრუქციაში, იმაში, თუ რამდენად დიდი შრომა არის ჩადებული კონკრეტული დიზაინის შექმნაში.

მოდის კვირეული რომ გაუქმდეს, იქნებოდა თუ არა სოციალური ქსელები მისი ალტერნატივა?

ვფიქრობ, რომ არა, რადგან ეს კვირეული უამრავ ადამიანს უყრის თავს – პრესა, მოდელები, დიზაინერები, კრიტიკოსები. საკმაოდ დიდი და საინტერესო ღონისძიებაა და ამის შემცვლელად სოციალური ქსელები ნაკლებად წარმომიდგენია.

ყველაზე მეტად რა გხიბლავს შენს პროფესიაში?

ყველაფერი მომწონს, თუმცა ნაკლებად მიზიდავს კომერციული და ორგანიზაციული მხარე, მაგრამ ეს გარდაუვალია. 

რა რჩევას მისცემდი საკუთარ თავს, ახლა რომ იწყებდე ამ სფეროში მოღვაწეობას? 

არ ვიცი, ალბათ ყველანაირი სირთულე უნდა გაიარო, რადგან სადაც დღეს ხარ, იქ უცებ ვერ აღმოჩნდები.

 რას აკეთებ თავისუფალ დროს?

მომწონს ტექნომუსიკა, ცეკვა და “ბასიანსაც” ვსტუმრობ ხოლმე, თუმცა ეს ბოლო დროს უფრო იშვიათად ხდება. განსაკუთრებულად გამიჯნულად არც მაქვს სამსახურის დრო და თავისუფალი დრო, მე მგონია, ეს ამ პროფესიის დამახასიათებელი ატრიბუტია. 

როგორია შენი სტილი?

მე ვარ ადამიანი, რომელიც ყველაზე მინიმალურ დროში წესრიგდება. მიყვარს მარტივი და ყოველდღიური სამოსი – ჯინსი, პერანგი. კომფორტისკენ ვარ მიდრეკილი, სარკეშიც არ ვიყურები.

შენი აზრით, რატომ არის საინტერესო ქართული მოდა მსოფლიოსთვის?

პირველ რიგში გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან არ ჰგავს არც ევროპას, არც აზიას. ინტერესს იწვევს ალბათ ხასიათიც, მრავალფეროვნებაც.

თუ გაქვს რაიმე კარიერული ოცნება?

ოცნებას ვერ დავარქმევდი, უფრო მიზნები მაქვს, რომელთან მიახლოების შედეგადაც ახალი მიზანი, რაც ბუნებრივიცაა.

დიზაინერი რომ არა, ვინ იქნებოდი პროფესიით?

 კოსმონავტი.

სამომავლო გეგმები…

დიდ დროს და ენერგიას ვხარჯავთ, რომ ბრენდს საერთაშორისო დონეზე ჰქონდეს საკუთარი ნიშა. ამ ეტაპზე ვემზადებით პარიზის მოდის კვირეულისთვის, რომელიც იანვარში გაიმართება.


რეკომენდებული სტატიები
Hammock x Borjomi - SITUATIONIST-ის კოლექცია ჩვენებამდე, კულისებში SS20

Hammock x Borjomi - SITUATIONIST-ის კოლექცია ჩვენებამდე, კულისებში SS20

Hammock x Borjomi - SITUATIONIST-ის კოლექცია ჩვენებამდე, კულისებში SS20
Hammock ბორჯომთან ერთად თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგელბში წარმოგიდგენთ SITUATIONIST-ის კულისებში გადაღებულ ფოტოებს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.