fbpx
გააზიარე სტატია

ირანული ხელოვნება ისლამური რევოლუციის შემდგომ

“1979 წელს გამოსვლები დაიწყო, რომელიც მოგვიანებით “ისლამურ რევოლუციაში” გადაიზარდა, 1980 წელს კი სკოლაში თავსაბურავების ტარება გახადეს სავალდებულო. მოსწავლეები ვერ ვიტანდით თავსაბურავს. მით უმეტეს, არც კი გვესმოდა, რატომ უნდა გვეტარებინა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩვენ ფრანგული არარელიგიური სკოლის მოსწავლეები ვიყავით, ბიჭები და გოგონები ერთად ვსწავლობდით. უცებ 1980 წელს განკარგულება გასცეს, რომ ყველა ორენოვანი სკოლა დახურულიყო. გოგონებს თავსაბურავის ტარება გვაიძულეს და თანაკლასელ ბიჭებსაც დაგვაშორეს. ასე იყო ეს ყველაფერი”.  

ასე იწყება ირანელი მწერლისა და მხატვრის, მარჯან სატრაპის გრაფიკული რომანი “პერსეპოლისი”, ავტობიოგრაფიული, არაჩვეულებრივი ილუსტრაციებით მდიდარი ტექსტი, შემდგომში კი კანის კინოფესტივალის გამარჯვებული ანიმაციური ფილმი, რომელიც მარჯანის –  ირანელი გოგონას ბავშვობისა და შემდგომი ცხოვრების შესახებ გვიყვება. ბავშვობის, რომელიც ირანისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან პერიოდს – 1979 წლის ისლამურ რევოლუციას ემთხვეოდა. ეს არის ნაწარმოები, რომელიც რევოლუციის შემდგომი ირანის ცვლილებას ასე თვალსაჩინოდ, ერთი კონკრეტული ადამიანის ცხოვრების ილუსტრაციით გამოხატავს და ყველაზე კარგად აჩვენებს იმ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად მთლიანად სახელმწიფომ და იქ მცხოვრებმა ადამიანებმა განიცადეს. მარჯან სატრაპი საკუთარი თავისა და ოჯახის მაგალითზე გვიყვება, თუ როგორ აისახა ისლამისტური რეპრესიები და რელიგიური ტერორი რიგითი ირანელი ადამიანის  ცხოვრებაზე, რომლისთვისაც ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი სამშობლო უცხო და მიუღებელი გახდა, ისეთივე უცხო, როგორც დასავლური კულტურისთვის თვითონ, რომელშიც, მცდელობის მიუხედავად, საკუთარი ადგილი ვერაფრით იპოვა. 

ირანის ისლამური რევოლუცია კი ამ ქვეყანაში 1979 წელს მომხდარ ამბავს გულისხმობს, რის შედეგადაც ირანი კონსტიტუციური  მონარქიიდან სახალხო თეოკრატიულ ისლამურ რესპუბლიკად იქცა. შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი აიათოლა ხომეინიმ, ავტორიტარული მონარქია კი რეპრესიულმა თეოკრატიამ შეცვალა. ქვეყანაში ყველაფერი შეიცვალა, მათ შორის კი ისიც,  რაც დღემდე ასეთი მნიშვნელოვანი და აქტუალურია, ირანის მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატები სწორედ მაშინ გახდა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მტერი. 

“მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც შაჰ რეზამ ირანის მოდერნიზაცია და ვერსტერნიზაცია განიზრახა, ქვეყანა ისტორიის ახალ ფაზაში შევიდა. მაგრამ ძალიან მალე ირანში სიმდიდრის წყარო – ნავთობი აღმოაჩინეს, რამაც სამხედრო იერიშები განაახლა და შედეგად დასავლური სამყაროს, მეტწილად კი დიდი ბრიტანეთის ირანულ ეკონომიკაზე გაბატონება გამოიწვია. მეორე მსოფლიო ომის დროს დიდმა ბრიტანეთმა, საბჭოთა კავშირმა და  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თხოვნით მიმართეს შაჰ რეზას, რომ ირანიც მათთან ერთად ჩართულიყო გერმანიის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაში, თუმცა შაჰს ნამდვილად არ სურდა გერმანელთა კეთილგანწყობის დაკარგვა და ირანი ნეიტრალურ ზონად გამოაცხადა. ამის გამო მოკავშირეთა ჯარებმა ირანის ოკუპაცია მოახდინეს და შაჰი რეზა ქვეყნიდან გააძევეს, შაჰის ადგილი კი მისმა ვაჟმა – მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ დაიკავა, რომელსაც უბრალოდ “შაჰს” უწოდებდნენ. 

1951 წელს ირანის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ მოსადექმა ნავთობის ინდუსტრიის ნაციონალიზაცია დაიწყო, რის პასუხადაც ბრიტანელებმა ჯერ ირანულ ნავთობს ემბარგო დაადეს, შემდეგ კი CIA-მ ბრიტანელი აგენტების დახმარებით, მოსადექს სახელმწიფო გადატრიალება მოუწყვეს და თანამდებობიდან გადააყენეს. ქვეყანაში შაჰი რეზა ფეჰლევი დაბრუნდა, რომელსაც ტახტი 1979 წლამდე ეკავა, სანამ ისლამური რევოლუციის გამო სახელმწიფოდან გაქცევა კვლავ არ მოუწია.  ამ დროიდან მოყოლებული ეს უძველესი და დიდებული ცივილიზაცია უმეტესად ფუნდამენტალიზმთან, ფანატიზმსა და ტერორიზმთან არის დაკავშირებული, მაგრამ როგორც ირანელმა ადამიანმა, რომელმაც ცხოვრების ნახევარზე მეტი სწორედ ამ ქვეყანაში გაატარა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს შეხედულება სიმართლეს არ შეესაბამება. ამის საილუსტრაციოდ დავწერე “პერსეპოლისიც”. მე არ მსურს რომ ის ირანელები, რომლებმაც თავი თავისუფლებისთვის ბრძოლასა თუ ერაყთან ომს შეეწირნენ, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა რეჟიმის რეპრესიებს ემსხვერპლნენ, რომლებიც იძულებული გახადეს, ოჯახი და სამშობლო მიეტოვებინათ, დავიწყებას მიეცნენ. ვიღაცას ძალუძს ამ ყველაფრის მიტევება, მაგრამ ვიღაცისთვის ეს შეუძლებელია”, – ამბობს მარჯან სატრაპი.

ბუნებრივია, რომ  ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა და ის ცვლილებები, რაზეც მარჯან სატრაპი “პერსეპოლისში” საუბრობს, ირანის კულტურაზე და ხელოვნებაზეც აისახა, თუ მანამდე ირანული ხელოვნება უფრო ხშირად ვიზუალურ პოეზიასთან, მინიატიურებთან და ფაქიზ ექსპრესიულ ფორმებთან ასოცირდებოდა, ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა თანამედროვე ირანულ კულტურაში თავისთავად ბევრი რამ შეცვალა, ხელოვანებმა თავიანთი შემოქმედებით ისლამურსა და დანარჩენ სამყაროს შორის  არსებულ საზღვრებთან და მათ მიმართ გავრცელებულ სტერეოტიპებთან ბრძოლა დაიწყეს, ბევრმა მათგანმა კრიტიკულ ბრძოლაში გამოიწვია საკუთარი კულტურა და საზოგადოება მთელი თავისი მანკიერი თვისებებით. 1979 წლის რევოლუციამ მნიშვნელოვნად შეცვალა სახელოვნებო სცენის განვითარების დინამიკა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ისლამური ძალა მოვიდა, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებსა და გალერეებს იმაზე ბევრად ნაკლები გასაქანი მიეცათ, ვიდრე წინა წლებში. ერთ-ერთი პირველი ხელოვანი, ვინც ირანულსა და დასავლურ კულტურებს შორის კონფლიქტის კვლევა დაიწყო, სადეღ თირაფქანი იყო, რომელმაც თავის სერიაში – Loss of our Identity თეთრ მაისურებში, ყურსასმენებში და სხვადასხვა დასავლურ კულტურასთან ასოცირებულ სამოსში გამოწყობილი ირანელი ახალგაზრდა თაობა კონცეპტუალურად აღბეჭდა.

1990-იანი წლების ბოლოს ირანულ სახელოვნებო სივრცეში სხვა ბევრი ახალი ხელოვანიც გამოჩნდა. ფარაჰ ოსული, რომელმაც მედიუმად სპარსული მინიატიურა აირჩია, დღეს ირანში და მის ფარგლებს გარეთაც ძალიან ცნობილი ხელოვანია. მის მინიატიურებში, რომლებშიც დიდი ადგილი უკავია სპარსულისთვის დამახასიათებელ მრავალფეროვან სივრცეს, მთავარი მოქმედი გმირები, როგორც წესი, ქალები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი, მინიატიურულ სამეტყველო ენას იყენებს, ის საკუთარ თავს მინიატიურისტს მაინც არ უწოდებს და ამბობს, რომ ამ გზით ის უბრალოდ ვიზუალურს ხდის იმას, რაც დაფარული და უთქმელია.

კიდევ ერთი  ხელოვანი ქალი, რომელმაც საკუთარ ფოტოებში ირანელი  ქალის ყოველდღიური ცხოვრება აღბეჭდა, შადი ღადირიანი იყო. თეირანში მცხოვრები ფოტოგრაფის ნამუშევრები ერთი შეხედვით შეიძლება იუმორნარევად მოეჩვენოთ, თუმცა სინამდვილეში შადი ქალის ყოფითი ცხოვრების  ბევრ წინააღმდეგობრივ ნიუანსს გვიჩვენებს. საკუთარ ქორწილში მიღებული საჩუქრების შთაგონებით ფოტოგრაფმა სერია Like Every Day შექმნა, რომელშიც ირანულ ჩადრში გამოწყობილ ქალებს სახე სწორედ ამ საოჯახო ნივთებით: უთოთი, ცოცხითა და სამზარეულოს ჭურჭლით აქვთ დაფარული. ამ ყველაფრით კი  ფოტოგრაფი ცდილობს ხაზი გაუსვას ირანელი ქალის და ამასთან საკუთარ ყოველდღიურ რუტინას, რომელიც ამ საზოგადოებისთვის მხოლოდ ოჯახის მოვლასთან და საოჯახო საქმეებთან ასოცირდებოდა.

ფოტოგრაფიასთან და ვიზუალურ ხელოვნებასთან ერთად რევოლუციის შემდეგ ირანში კინემატოგრაფის ბედიც შეიცვალა.  რევოლუციის პირველივე წელს მსახიობებისა და რეჟისორების გარკვეული ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. 1979-85 წლებში ქვეყანაში დაახლოებით ასამდე ფილმი გამოვიდა და მიუხედავად ჰომეინის ცენზურისა, მათი გარკვეული ნაწილი სექსუალობისა და ევროპული გავლენების ირგვლივ ტრიალებდა. პოსტ რევოლუციური ირანული კინო საკუთარი ესთეტიკური სტილისა და მრავალფეროვანი კულტურის გამო თანდათან საინტერესო გახდა საერთაშორისო კინოფესტივალებისთვისაც. ჯაფარ პანაჰი და აბას კიაროსტამი ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებიც კინოკრიტიკოსებმა არა მხოლოდ ირანული, არამედ ზოგადად მსოფლიო კინემატოგრაფის დიდოსტატებს შორის დაასახელეს.  აბას კიაროსტამმა 1997 წელს ფილმ “ალუბლის გემოსთვის” ირანულ კინოს ოქროს პალმის რტო მოუტანა. ის ასევე ცნობილია, როგორც ძალიან საინტერესო დიზაინერი, პოეტი და ფოტოგრაფი. 

თანამედროვე ირანული კინოს კიდევ ერთი ვარსკვლავია, რომელმაც ოსკარის ორი ჯილდო მოიპოვა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ფილმებისთვის – A Separation და The Salesman. გარდა ამისა, ფარჰადი 2012 წელს Time-ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორისაც  მოხვდა. კიდევ ერთი ირანელი რეჟისორი, რომელმაც საერთაშორისო მაყურებლის დიდი სიყვარული მოიპოვა, მაჯიდ მაჯიდია. 1998 წელს მის მიერ გადაღებულმა “ზეცის შვილებმა” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში ოსკარის ნომინაცია მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ დრამატულმა პოლიტიკურმა და სოციალურმა ცვლილებებმა ირანში ბევრი რამ უარესობისკენ შეცვალა, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ მდგომარეობამ უბიძგა ბევრ ხელოვანს, წინააღმდეგობით სავსე ნამუშევრები შეექმნა და, მარჯან სატრაპის მსგავსად,  ემხილა კიდეც და ამასთან დანარჩენი სამყაროსთვის ეთქვა, რომ ირანი არ არის მხოლოდ რელიგიური ფანატიზმის და ტერორიზმის სამშობლო, აქ ბევრი ხელოვანი ახალ და ძალიან საინტერესო ალტერნატიულ კულტურას ქმნის. 


ავტორი : გვანცა ჩანადირი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.