fbpx
გააზიარე სტატია

ჯიმ ჯარმუშის რადიკალური ინდივიდუალიზმი

ოჰაიოელ კინოგენიას ერთადერთი მიუკერძოებელი და რადიკალურად ინდივიდუალისტი რეჟისორის სახელი აქვს. ჰოლივუდი ყველა რეჟისორს ერთგვარ ჩარჩოებში აქცევს და მოგებაზე გათვლილი სიუჟეტებისკენ უბიძგებს, თუმცა ჯიმ ჯარმუშის მიზანი ყველასათვის გასაგები, სტანდარტული ფილმების გადაღება არასდროს ყოფილა. გაწელილი კადრები, ციკლური ისტორიები, დეტალებით გამხელილი პერსონაჟების შინაგანი სამყარო და ყოველდღიურ რუტინაში დანახული პოეზია – ეს ჯარმუშის ცნობილი რეჟისორული ხრიკებია.

მისი კინემატოგრაფია მულტიკულტურულ სინთეზს წარმოადგენს, ის იაპონურ და ევროპულ კინოს ოსტატურად აერთიანებს. პროტაგონისტებად ჯარმუში ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ პერსონაჟებს ირჩევს, ნელი რიტმი და მინიმალური მუსიკა კი მათი ფსიქოტიპის ამოცნობასა და შინაგანი განცდების დეტალურად გაშიფვრაში გვეხმარება, რაც რეჟისორის მთავარ ფოკუსს წარმოადგენს.

არასტანდარტულ ფილმებს მიღმა არანაკლებ უნიკალური მსოფლმხედველობის მქონე პიროვნება იმალება. ჯარმუშის ინტერვიუებში, ისევე როგორც ფილმებში, ყოველთვის მკვეთრად ჩანს მისი ინდივიდუალიზმი და ურყევი თავდაჯერებულობა, რასაც იდეალურად ეხმაურება თეთრი თმა, შავი სათვალე და სიმაღლე – 190 სმ. ჯარმუშის ფილოსოფია კინოსა და ცხოვრების მიმართ ერთნაირია: “თუ ვინმე გეუბნებათ, რომ არსებობს ერთადერთი გზა – მისი გზა, წადით მისგან რაც შეიძლება შორს როგორც ფიზიკურად, ისე ფილოსოფიურად.” – ეს სიტყვები იდეალურად ასახავს ნონკონფორმისტი რეჟისორის ცხოვრებისეულ კრედოს.

ჯიმ ჯარმუშს ასევე საინტერესო დამოკიდებულება აქვს მსახიობების მიმართ. მისი ფილმების მთავარ გმირებს ხშირად ეგზისტენციალური კრიზისი აქვთ, რასაც ოსტატურად შერჩეული მსახიობები გენიალურად ასრულებენ. რეჟისორს უყვარს ერთსა და იმავე ჯგუფთან მუშაობა, რაც მის მსახიობებსაც ეხება. ადამ დრაივერი, ტილდა სვინტონი, ბილ მიურეი, იგი პოპი – ეს მისი უცვლელი მსახიობების მცირე ჩამონათვალია. “სცენარის წერას ყოველთვის პერსონაჟებით ვიწყებ და სწორედ მათ ვუღრმავდები, რის გამოც, საბოლოოდ, კინოკრიტიკოსები ჩემს ფილმებს “სიუჟეტს მოკლებულს” უწოდებენ, თუმცა ჩემი მიზანი სწორედ პერსონაჟებზე დაკვირვებაა”, – წერს კინოხელოვანი.

ოჰაიოში დაბადებული კინოხელოვანის ხელწერა მისი ახალგზარდობის ინტერესებისა და გარემოს ანარეკლია. როგორც რეჟისორი ჰყვება, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ტელეშოუს გმირმა, გულარდიმ და ფილმმა Thunder Road. ფილმებამდე ჯიმ ჯარმუშს უყვარდა ლიტერატურა,  პოეზია და თინეიჯერობის ასაკში ნოველებსაც წერდა. ფილმის სიყვარული რეჟისორს კინოკრიტიკოსმა დედამ ჩააგონა. როცა ზედმეტად ბევრი საქმე ჰქონდა, დედა მას კინოსეანსებზე ტოვებდა და დამთავრებისას აკითხავდა. სხვა კულტურების მიმართ ინტერესი ჯარმუშს ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ჩამოუყალიბდა. მას სხვადასხვა ეროვნების მეგობრები ჰყავდა, რომლებთან ერთადაც ხშირად ატარებდა დროს. როგორც ჰყვება, მათთან ერთად ყალბი საიდენტიფიკაციო ბარათები გააკეთა და ასე იპარებოდა ოჰაიოს ბარებსა და  Art House Cinema-ში, სადაც Underground ფილმებს გაეცნო.

მეგობრების მიუხედავად, ჯიმი თავს რომელიმე ჯგუფის ნაწილად არასდროს გრძნობდა, რაც კიდევ უფრო გაამძაფრა მისმა ვიზუალურმა ცვლილებამ 15 წლის ასაკში. ჯიმს თმა გაუჭაღარავდა, რაც მას სხვებისგან უნებურად გამოარჩევდა, ამასთან იგი ძალიან მაღალი იყო. მის ვიზუალზე ახლაც ხშირად ამახვილებენ ყურადღებას. აი რას წერს ტომ ვეიტსი ჯიმის შესახებ:

“თინეიჯერულ სამყაროში იგი თავს მუდამ იმიგრანტად გრძნობდა და ის იყო კიდეც იმიგრანტი – კეთილშობილი, მოხიბლული უცხოელი. მისი ყველა ფილმი სწორედ ამაზეა.”

ტომ ვეიტსი, New York Times, 2005 წ.

სტუდენტობის დროს ჯარმუშის თავდაპირველი მიზანი იყო გამხდარიყო პოეტი, ის აბსტრაქტულ ტექსტებს წერდა, რომლებსაც ერთგვარი ნარატივიც ჰქონდა. უნივერსიტეტის ბოლო წელს ჯიმი გაცვლითი პროგრამით პარიზში ჩავიდა, სადაც ლექციებს სისტემატურად აცდენდა და მთელ თავისუფალ დროს სინემათეკაში ატარებდა. “ისე მიჭირდა, რომ ერთ ოთახში ვცხოვრობდი მეგობართან ერთად, თუმცა სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ ჩემი მთავარი მიზანი ფილმების გადაღება იყო”.

პარიზში სინემანმა ისეთი ცნობილი იაპონელი რეჟისორების ფილმები ნახა, როგორებიც არიან Yasujiro Ozu, Shohei Imamura და Kenji Mizoguchi, ასევე გაეცნო ევროპელი რეჟისორების – რობერტ ბრესონის, კარლ დრეიერის კინემატორაფიას და საბოლოოდ, ამერიკელ რეჟისორს, სამუელ ფულერს. ამ ყველაფერმა მის გემოვნებაზე დიდი გავლენა იქონია.

ჯიმმა უნივერსიტეტის ბოლო წელს ფინალური პროექტის სახით პირველი სრულმეტრაჟიანი  ფილმი, სახელად Permanent Vacation გადაიღო. ფილმმა ადმინისტრაციას იმედი გაუცრუა, რადგან ჟიურიმ მის ზანტ ტემპორიტმსა და მარტივ სიუჟეტში განსაკუთრებული ვერაფერი დაინახა. მრავალმხრივი კრიტიკის მიუხედავად, უნივერსიტეტს მიღმა ამ ფილმმა ჯიმ ჯარმუშს პირველი წარმატება მოუტანა, დამწყებმა რეჟისორმა მანჰეიმის ინტერნაციონალურ კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო.

1980 წელს გადაღებული დრამა ერთგვარი ავტობიოგრაფიის მცდელობაა. ის გარიყული, მარტოსული ბიჭის ისტორიას გვიყვება, რომელიც მანჰეტენის ქუჩებში დაეხეტება. მას ორი უახლოსი ადამიანი ჰყავს, შეყვარებული გოგონა და ავადმყოფი დედა. ფილმი კინოხელოვნის მომავალი შემოქმედების პროლოგად ითვლება, აქ ჩანს მისი ტიპური ხელწერის პირველი ნიშნები – ურბანული გარემო, შემთხვევითი შეხვედრები და პროტაგონისტების ემოციურობა. ეს გამარჯვება თეთრთმიანი კინოგენიის ბრწყინვალე კარიერის დასაწყისად იქცა, რომლის განვითარებასაც მის ფილმებთან ერთად განვიხილავთ.

 

Stranger than Paradise – 1984

ამ ფილმით ჯიმ ჯარმუშმა კანის ფესტივალზე გაიმარჯვა, მან საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის  Camera d’Or- ის ჯილდო მოიპოვა. გარდა ამისა მან ფილმის კრიტიკოსების ნაციონალური საზოგადოების გულები და საუკეთესო ფილმის პრიზიც მოიგო, რითაც ის დამოუკიდებელი კინოს საკულტო ნამუშევრად იქცა. რეჟისორის მეორე ეკრანიზაციამ ტრადიციული გადაღების წესები დაარღვია, რითაც მაყურებელი გააოცა.

ფილმის სიუჟეტი ორი მეგობრის ისტორიას მოგვითხრობს: ვილი და ედი – ორი ნიუიორკელი უქნარა, რომლებიც მთელ დღეებს ბანქოს თამაშსა და ტელევიზორის ყურებაში ატარებენ. მანჰეტენელი მეგობრების ცხოვრება მათი საცხოვრებელი კვარტალივით ბნელი და ჭუჭყიანია. მოულოდნელად ჩამოდის ვილის 16 წლის ნათესავი  – ევა. ვილის უჩნდება მიზანი, რომ კარგი ბიძა გახდეს. ევაზე ზრუნვით ვილი და ედი პიროვნულად იცვლებიან. ფილმის სიუჟეტი ურთიერთობების განვითარების დეტალებზეა კონცენტრირებული, მშრალი იუმორი კი გულახდილი მეგობრების საუბრებს კიდევ უფრო რეალისტურად წარმოაჩენს.

 

Down by Law – 1986

ჯარმუშის მომდევნო ფილმი სამი უიღბლო კაცის ისტორიას მოგვითხრობს, რომელთა გზებიც ლუიზიანას ციხის ერთ საკანში გადაიკვეთა. ტრიოს შეადგენს: ჯეკი – თაღლითი, ზაკი – რადიოს დიჯეი და ბობი – იტალიელი ტურისტი. ზაკი კაცის მკვლელია, ხოლო დანარჩენი ორი შედარებით მცირე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს. სამი დამნაშავე ერთმანეთს ხასიათებით ვერ ეწყობა, თუმცა საერთო საკანი მათ შეგუებას აიძულებს. ეს როლები მუსიკოსებმა ჯონ ლურიმ, ტომ ვეიტსმა და იტალიელმა კომედიის მსახიობმა რობერტო ბენინიმ შეასრულეს.

 

Mystery Train – 1989

ეს ფილმი იაპონური და ევროპული კინემატოგრაფიის საინტერესო შეხამებაა. სიუჟეტი სამი დამოუკიდებელი ნოველისგან შედგება, რომლებსაც სასტუმრო “არკადია” აერთიანებთ. პირველი ნოველის გმირია ახალგაზრდა იაპონელი წყვილი, რომელიც როკ-ენ-როლის მეფის, ელვისის სამშობლოში,  მემფისის შტატში დაეხეტება. ელვის პრესლი ფილმში ამერიკული კულტურის სიმბოლოა. ღამის კადრები, მუსიკა და ნეონის განათება ერთგვარ სიზმრისეულ განწყობას გვიქმნის და პერსონაჟების მიმართ ემპათიურად განგვაწყობს, ჩვენ მათი გვესმის, ჩვენ ისინი გვებრალება და გვიყვარდება. ჯარმუშისთვის ასეთი ყოველდღიურობა აბსურდული და სასაცილოა, თუმცა სწორედ მასში ხედავს ის ცხოვრების მთავარ სილამაზესა და პოეზიას.

 

Night on Earth – 1994

ამ ფილმს Mystery Train-ის მსგავსად მოიხსენიებენ. მისი სცენარი ჯარმუშმა სულ რაღაც ერთ კვირაში დაწერა, როცა სხვა ფილმის პროექტის ჩაშლის გამო იმედგაცრუებული იყო. მან გადაწყვიტა ძველ გადამღებ ჯგუფთან და მსახიობებთან ერთად კიდევ ერთხელ ემუშავა. შედეგად, ესაა ხუთი სხვადასხვა ქალაქის ხუთი ტაქსის მძღოლისა და მათი მგზავრების ტრაგი-კომედიური ისტორიები, რომლებიც ერთ ღამეს პარალელურად ხდება. ხუთივე ისტორიის პერსონაჟები თავიანთი ქალაქებისათვის შესაბამისი ხასიათით, სტილითა და საუბრის მანერით გამოირჩევიან და საბოლოოდ, ემართებათ ის, რაც სწორედ ამ ქალაქებში ხდება-ხოლმე. ის უბრალოება, რომლებიც ტაქსის მძღოლების საუბარსა და დამოკიდებულებებში იგრძნობა ერთგვარ ნოსტალგიურ განწყობას ქმნის, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს გვიანი ღამის საათები. ესაა ერთ ღამეში დაწყებული და დამთავრებული ურთიერთობების ლამაზი და სევდიანი ვიზუალიზაცია.

 

Dead Man – 1995

1995 წელს ჯიმ ჯარმუში უკვე საკმაოდ პოპულარულ და გავლენიან რეჟისორად ითვლებოდა და მას უკვე მაღალბიუჯეტიანი ფილმების გადაღება შეეძლო. ფილმის ბიუჯეტი ცხრა მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს ფილმი სრულიად განსხვავდება რეჟისორის დანარჩენი ფილმებისაგან როგორც სიუჟეტით, ისე გადაღების სტილით. პროტაგონისტი უილიამ ბლეიკი, რომლის როლსაც ჯონი დეპი ასრულებს, მეთვრამეტე საუკუნის პოეტის ერთგვარი ლიტერატურული ალუზიაა, რასაც ეხმაურება მისი იარაღის ტყვიები – ბლეიკის პოეზიის სიმბოლო. მკვლელობისათვის ძებნილი ბლეიკი უსახელო ინდიელს ხვდება, სახელად “არავის”, რომელიც მას სულიერ სამყაროში მოგზაურობისათვის ამზადებს. ეს ფილმი ჯიმ ჯარმუშის ყველაზე შოკისმომგვრელ, Dark-ფილმადაა აღიარებული და უარყოფითად შეაფასეს ამერიკელმა კრიტიკოსებმა, თუმცა მთელი მსოფლიოს კრიტიკოსებმა იგი ხელოვნების ნიმუშად აღიარეს.

 

Ghost Dog – The Way Of The Samurai – 1999

“თეთრთმიანი უცხოპლანეტელის”  მორიგი წარმატება სწორედ ამ ფილმს უკავშირდება.

სიუჟეტი ძველი დროის სამურაის სამოსში გამოწყობილი აფროამერიკული მაფიის განგსტერის ისტორიას გვიყვება, რომელსაც მტრების ბანდა მოსაკლავად დასდევს. ფილმის საუნდტრეკზე Wu Tang Clan-ის მთავარმა პროდიუსერმა იმუშავა.

 

Coffee and Cigarettes – 2004

ხუთწლიანი კრეატიული კრიზისის შემდეგ ჯარმუში გადასაღებ მოედანს დაუბრუნდა. მისი თქმით, ეს პაუზა 11 სექტემბრის აფეთქების შოკმა და სევდამ გამოიწვია. ეს ეკრანიზაცია თერთმეტ მოკლემეტრაჟიან ფილმს აერთიანებს, რომლის პერსონაჟებიც ყავას სვამენ და სიგარეტს ეწევიან. ეს კადრები ჯარმუშმა ბოლო ოცი წლის განმავლობაში გადაიღო.

 

Broken Flowers – 2005

ფილმის მთავარი როლი მსახიობმა ბილ მიურეიმ შეასრულა, პროტაგონისტი ნაადრევად თავს ანებებს სამსახურს და შუა ხნის კრიზისის დასაძლევად საკუთარი უცნობი შვილის დედის საძებნელად მიდის. ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ ჯარმუშმა კომპანია Fortissimo Films-თან კონტრაქტი გააფორმა, რაც კიდევ უფრო დიდი წარმატების წინაპირობა იყო.

 

The Limits Of Control – 2009

ესპანეთში გადაღებულ ფილმს მკვლელზე (მთავარ როლში ისააკ დე ბანკოლი), რომელიც საიდუმლო მისიას ასრულებს, ნელი, მეტიდაციური რიტმი აქვს და სტანდარტული ისტორიის ვიზუალიზაციას არასტანდარტულად ახერხებს.

 

Only Lovers Left Alive – 2013

ევა დანჟერში მცხოვრები თანამედროვე “Cool” ვამპირია, იგი მიჩვეულია ბოჰემურ ცხოვრებას, უყვარს პოეზია და ლამაზად ჩაცმა. მისი შეყვარებული, ადამი, ნიჭიერი მუსიკოსია. ადამი დეტროიტში ცხოვრობს და 60-იანი წლების მუსიკას უკრავს, სახლიდან კი მხოლოდ ღამით გამოდის. ესაა ისტორია თანამედროვე ადამსა და ევაზე, რომლებსაც ვამპირობის მიუხედავად, მაღალი ზნეობრივი იდეალები აქვთ. მათ გადაწყვიტეს, ახალი სისხლის გამო ადამიანები არ მოეკლათ და საავადმყოფოში აღებული სისხლით საზრდოობენ.

არაორდინარული წყვილი მუსიკითა და ხელოვნებით ერთმანეთს ცხოვრებისეულ ფილოსოფიას უზიარებს. ადამი და ევა ათასზე მეტი წლისანი არიან და ცხოვრებაზე ბევრად მეტი იციან, ვიდრე ჩვეულებრივმა ადამიანებმა, რის გამოც ადამს ეგზისტენციალური კრიზისი და პესიმიზმი სუიციდისკენ უბიძგებს. ამის პარალელურად ისინი საკუთარ ძირითად ინსტინქტს ებრძვიან. მათ მხოლოდ ერთმანეთი ჰყავთ, რის გამოც ერთმანეთის გადარჩენას ცდილობენ.

ესაა არასტანდარტული ფილმი ადამისა და ევას ვამპირულ წყვილზე, რომლებიც უკვდავების წყევლას ვერ ეგუებიან. საინტერესო ისტორია აერთიანებს ცხოვრებას, ლიტერატურას, ხელოვნებას, მუსიკას, სიკვდილს, იზოლაციას, დეპრესიას, გაუცხოებასა და სიყვარულს, ანუ ყველაფერ ადამიანურს, რაც ორ ქმნილებას აერთიანებს.

 

Paterson – 2016

ესაა ჯიმ ჯარმუშის ნეომინიმალისტური ფილმი ავტობუსის მძღოლზე, პატერსონზე, რომელიც ქალაქ პატერსონის პატარა სახლში ცოლთან, ლაურასთან ერთად ცხოვრობს. ლაურა ხელოვანია და ქანთრი მომღერლობაზე ოცნებობს, პატერსონი კი პოეტია. ყოველ დილით, როცა ის სამსახურში მიდის, ლაურა სახლის ავეჯს, კედლებსა და ნივთებს შაც-თეთრ თარგებს (Pattern) ახატავს. პატერსონი მუშაობის დროს ლაურაზე ფიქრობს და მას სასიყვარულო ლექსებს უძღვნის, რომლებსაც სამუშაოს შემდეგ ჩანჩქერის წინ დამჯდარი პატარა რვეულში იწერს. ამ ჩანჩქერს პატერსონისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

ფილმის დასაწყისში პატერსონი იღვიძებს და სამსახურისთვის ემზადება. საუზმობისას იგი ხელში იღებს ასანთის კოლოფს, წარწერით Ohio Blue Matches. ეს ასანთი მისი ლექსის მუზა ხდება: “ისეთი ფხიზელი, მძვინვარე და ჯიუტად გამზადებული, რომ აალდეს და აანთოს, ალბათ, საყვარელი ქალის სიგარეტი… მე ვხდები სიგარეტი და შენ ხდები ასანთი, ან პირიქით, მე – ასანთი, შენ – სიგარეტი”. პატერსონი და ლაურა ერთმანეთის მთავარი მოტივატორები არიან, ეს ლექსი კი მათი ურთიერთზრუნვისა და სიყვარულის სიმბოლოა.

ლაურა პატერსონს ლექსების კრებულის გამოქვეყნებას სთხოვს, პატერსონი კი სიხარულით ყიდულობს ლაურასთვის გიტარას, რათა მან ოცნება აიხდინოს. საინტერესოა, რომ ინგლისურად სიტყვა “matches” ასანთის გარდა დამთხვევებსაც ნიშნავს, რომლებიც ფილმის განმავლობაში არაერთგან გვხვდება, ლაურას სიზმარში ტყუპი ბავშვები დაესიზმრება, რის შემდეგაც პატერსონი ქუჩაში ტყუპებს ხვდება. ლაურა პატერსონს უყვება ფრანჩესკო პეტრარკაზე, რომელიც სონეტებს უძღვნიდა ქალს, რომელსაც ასევე ლაურა ერქვა. ჩანჩქერიდან მომავალი პატერსონი ხვდება გოგონას, რომელიც მას საკუთარ ლექსს უკითხავს, სახელად “ჩანჩქერი”. მონოტონურ კვირის დღეებში დანახული უცხო სილამაზე, გადაფარვის კადრები, მინიმალური მუსიკა და ნელი რიტმი ჯარმუშის ცნობილ ხელწერას განსაკუთრებულ პოეტურობას მატებს. ესაა ფილმად გადაღებული ლექსი, ან ლექსად დაწერილი ფილმი.

 

The Dead Don’t Die – 2019

ესაა ჯიმ ჯარმუშის უახლესი, სრულიად განსხვავებული ფილმი, რომლის ტრეილერიც ინტერნეტში პირველ აპრილს გამოჩნდა. სიუჟეტის რადიკალური განსხვავების გამო ჯიმის ფანებს ეს პირველი აპრილის ხუმრობა ეგონათ, თუმცა ეს მართალი არ აღმოჩნდა. მართალია, ჯარმუში ამჯერად თავის ჩვეულ სტილს ღალატობს, თუმცა როგორც ფილმის ტრეილერში ჩანს, მას საყვარელი მსახიობებისთვის არ უღალატია. მთავარი პერსონაჟები – ადამ დრაივერი და ბილ მიურეი პოლიციელების როლებს ასრულებენ, რომლებიც სენტერვილის მშვიდ ქალაქში გამოჩენილ ზომბებს ებრძვიან, მათთან ერთად ფილმში თამაშობენ ლეგენდები: ქლოე სევინი, ტილდა სვინტონი, იგი პოპი, ტომ ვეიტსი, სელენა გომესი და სხვები. ამ უჩვეულო ფილმის ყურებას ეკრანებზე 2019 წლის ივნისიდან შევძლებთ. როგორც ჩანს, ნულოვანი სიუჟეტებით სახელგანთქმული გენიოსი ამჯერად სიურპრიზს გვიმზადებს.

“Life has no plot, why must films or fiction?” – Jim Jarmusch

 

ავტორი: ნუცა ჩუბინიძე

 

  


რეკომენდებული სტატიები
ვეს ანდერსონი - წარსული თანამედროვეობაში

ვეს ანდერსონი - წარსული თანამედროვეობაში

ვეს ანდერსონი - წარსული თანამედროვეობაში
„ვეს ანდერსონი... მას განსაკუთრებული ნიჭი აქვს, შეუძლია გადმოსცეს უბრალო სიხარული და ადამიანების ურთიერთობა იდეალური სიმდიდრით. ასეთი განცდა ფილმებში იშვიათია" - მარტინ სკორსეზე
ლუკა გუადანინო - Call Me By Your Name-დან ინტერიერის დიზაინერობამდე

ლუკა გუადანინო - Call Me By Your Name-დან ინტერიერის დიზაინერობამდე

ლუკა გუადანინო - Call Me By Your Name-დან ინტერიერის დიზაინერობამდე
ოსკაროსანი რეჟისორის დებიუტი ინტერიერის დიზაინერის ამპლუაში და სახლი კომოს ტბის სანაპიროსთან
Jaffe House (Skybreak House) - სახლი სტენლი კუბრიკის ფილმში “მექანიკური ფორთოხალი”

Jaffe House (Skybreak House) - სახლი სტენლი კუბრიკის ფილმში “მექანიკური ფორთოხალი”

Jaffe House (Skybreak House) - სახლი სტენლი კუბრიკის ფილმში “მექანიკური ფორთოხალი”
"Skybreak House" 1965 წელს ბრიტანეთში Team 4-ის პროექტით აშენებული სახლია, რომლის ინტერიერში გადაღებულია ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სცენები სტენლი კუბრიკის ფილმიდან - მექანიკური ფორთოხალი
K-I-S-S-I-N-G 🎬

K-I-S-S-I-N-G 🎬

K-I-S-S-I-N-G 🎬
დასამახსოვრებელი კოცნის სცენები ფილმებში
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.