fbpx
გააზიარე სტატია

John Riepenhoff – Handler – ინტერვიუ Project Artbeat-ის თანადამფუძნებელ ნათია ბუკიასთან

პირველ ივნისს  TBC Status-ის მხარდაჭერით გალერეა Project Artbeat-ში ამერიკელი ხელოვანის, ჯონ რიფენჰოფის გამოფენა – Handler გაიხსნა.  ჯონ რიფენჰოფის ილუზორულ სკულპტურულ მოლბერტებზე ცხრა სხვადასხვა თაობის ქართველი ხელოვანის – ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის, სერგო ფარაჯანოვის, ნინო ქვრივიშვილის, ნინუცა შატბერაშვილის, ლეილა შელიას, ზურა ცოფურაშვილის, ლევან ჭოღოშვილის, მამუკა ჯაფარიძისა და თამო ჯუღელის ნამუშევრებია წარმოდგენილი. გამოფენაში ჩაერთო თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი ვატო წერეთელიც, რომელიც ერთ-ერთ სკულპტურაზე  ექსპოზიციის მიმდინარეობის დროს რამდენჯერმე შეცვლის ნამუშევარს. გამოფენაში რიფენჰოფის სხეულის ქვედა ნაწილი წარმოდგენილია, როგორც არტ ჰენდლერების, გალერისტების, კურატორებისა და სახელოვნებო სფეროში მოღვაწე ყველა იმ ადამიანის სახედ, ვინც ძალიან დიდ როლს ასრულებს თანამედროვე ხელოვნების განვითარების პროცესში, თუმცა საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველთვის ნამუშევრების უკან უწევს დგომა. მეორე მხრივ, სერია საკუთარი პლატფორმის გაზიარებით მხარს უჭერს თავად არტისტებსაც და გვაფიქრებს იდეაზე, რომელიც ერთობლივი პროექტის შექმნას გულისხმობს.

ჟურნალი Hammock წარმოგიდგენთ ინტერვიუს Project Artbeat-ის თანადამფუძნებელ ნათია ბუკიასთან.

როგორ გაგიჩნდათ გამოფენა Handler-ის იდეა?

გამოფენის ავტორი თანამედროვე ამერიკელი არტისტი და გალერისტი ჯონ რიფენჰოფია,  

ერთმანეთი ამერიკაში, NADA-ზე ( New Art Dealers Alliance) გავიცანით, ის თავისი  Green Gallery-ით იყო წარმოდგენილი, ჩვენ კი ქეთი კაპანაძის ნამუშევარს ვფენდით. გამოფენის შემდეგ, სადილზე, შემთხვევით ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოვჩნდით და რომ ვისაუბრეთ, ხელოვნებასთან დაკავშირებით ჩვენი შეხედულებები ბევრ რამეში დაემთხვა ერთმანეთს. გარდა იმისა, რომ  ჯონი არის ხელოვანი, ძალიან ხშირად ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც სხვისთვის პლატფორმის მიცემას, რეპრეზენტაციას ან ერთობლივ წარდგენებს გულისხმობს. ეს კონკრეტული სერიაც სწორედ ამ იდეას ემსახურება.

რა არის გამოფენის ძირითადი კონცეფცია?

ძირითადი კონცეფცია არის თანამშრომლობის იდეა  და სხვა ხელოვანისთვის პლატფორმის მიცემა. ფეხების და ქვედა ტანის მოდელი  ჯონს ეკუთვნის, ნამუშევრები ისეა განლაგებული, რომ თითქოს ადამიანი, ვისაც ის ხელში უჭირავს, იფარება და მხოლოდ ქვედა ტანის სკულპტურა ჩანს, რეალურად რომ დადგეს ჯონი და ხელში დაიჭიროს ნამუშევარი, ზედა ტანი მართლა მთლიანად დაიფარება. ამ ფორმით სერიის ავტორი შეეცადა სხვა ხელოვანის წარდგენისათვის გაესვა ხაზი. სერია ეხება საავტორო უფლებებსაც – სახელოვნებო სფეროში ხშირად მიმდინარეობს დავა, განსაკუთრებით იმაზე, თუ რეალურად ვის ეკუთვნის ესა თუ ის ნამუშევარი. ამ სერიაში სწორედ ეს საკითხია დასმული: ვისი ნამუშევარია ეს – ჯონის თუ იმ ადამიანის, ვისაც წარადგენს? თუ საერთო? გამოფენის მომზადების დროს ჩვენც წავაწყდით ამ პრობლემას.  როცა ჯონს არტისტებთან ჰქონდა ურთიერთობა, იყვნენ ისეთი მხატვრებიც, რომლებმაც უარი უთხრეს მონაწილეობაზე, რაც ჩემთვის ძალიან უცნაური აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გამოფენას აბსოლუტურად საწინააღმდეგო იდეა აქვს, ზოგს შთაბეჭდილება დარჩა, რომ თითქოს პირიქით, ჯონი იყენებს სხვას, თითქოს მას უფრო სჭირდება, რომ გამოფენა გამოუვიდეს, ვიდრე თვითონ მხატვარს. ძალიან უცნაური იყო ეს დამოკიდებულება ჩემთვის. იდეა, რასაც გამოფენა ემსახურება, ერთობლივად საერთო მიზნის მიღწევას გულისხმობს, ასეთ დროს კი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს – ვინ როგორ გამოჩნდება.

ვინ არიან გამოფენის მონაწილეები და რის მიხედვით შეარჩიეთ ნამუშევრები, რომლებსაც ჯონის სკულპტურები წარადგენს?

ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო შორიდან, ობიექტური თვალით დანახული ლოკალური არტ სცენა. ზოგადად,  ჩვენს ქვეყანაში არსებული ჩაკეტილი სივრცე ძალიან მაწუხებს და ვფიქრობ, რომ ალბათ, რადგან პატარა ქვეყანაა, პირადი ურთიერთობები და კავშირები ძალიან  ბევრ რამეს განსაზღვრავს. მგონია, რომ ადამიანების გაერთიანება და რაიმე იდეის ირგვლივ შეკრება ხდება არა ობიექტურად, არამედ სანაცნობო წრეში, რაც, ვფიქრობ, ნებისმიერი სფეროსთვის დამღუპველია. მინდოდა, რომ ჯონი  თვითონ ჩამოსულიყო საქართველოში და მაქსიმალურად ობიექტურად აერჩია არტისტები. რადგანაც გამოფენის ძირითადი იდეა ისედაც კოლაბორაციაა, ძალიან კარგად დაემთხვა, რომ თბილისის ხელოვნების ბაზრობის და OXYGEN No Fair-ს დროს ჩამოვიდა და საშუალება  მიეცა იმ არტისტების ნაწილი, რომლებიც გამოფენაში გააერთიანა, სწორედ ამ ღონისძიებებზე საკუთარი თვალით ენახა. კმაყოფილი ვარ, რომ ყველაფერი ზუსტად ისე გამოვიდა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა.   გამოფენაში ჯონმა ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის, სერგო ფარაჯანოვის, ნინო ქვრივიშვილის, ნინუცა შატბერაშვილის, ლეილა შელიას, ზურა ცოფურაშვილის, ლევან ჭოღოშვილის, მამუკა ჯაფარიძისა და თამო ჯუღელის ნამუშევრები გააერთიანა. პროექტში ასევე ჩაერთო თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი ვატო წერეთელიც, რომელიც ერთ-ერთ სკულპტურაზე  გამოფენის მიმდინარეობის დროს რამდენჯერმე შეცვლის ნამუშევარს.

გამოფენაზე სერგო ფარაჯანოვის ნამუშევარია წარმოდგენილი, რატომ იყო მნიშვნელოვანი ექსპოზიციაში ისტორიული ნამუშევრის შემოტანა?

ეს ჯონის იდეა იყო. მას სურდა, გამოფენაში ისტორიული ნამუშევარი შემოგვეტანა. თავდაპირველად  ვაპირებდით, რომ კოლექციონერისგან გვეთხოვა, შემდეგ იდეა მომივიდა, რომ რადგანაც კოლაბორაციული პროექტია, გვეთანამშრომლა ისეთ გალერეასთან, რომელიც ძველ, ისტორიულ ნამუშევრებს წარადგენს. თავიდან გამრეკელი გალერეიდან ირაკლი გამრეკელის ნამუშევარზე ვფიქრობდი, თუმცა ფორმატისა და სიდიდის გამო, ეს ვერ მოხერხდებოდა. შემდეგ გალერეის დამფუძნებელმა ხათუნა მელიქიშვილმა პირადი კოლექციიდან თავადვე შემომთავაზა სერგო ფარაჯანოვის ნამუშევარი, რაც ორივეს ძალიან გაგვიხარდა.

„თუ როლანდ ბართს დავესესხებით, ცხოვრება არა მარტო ხელოვნებაა, არამედ ტექსტიცაა და ამიტომ, ზემოთ ნახსენები მალხაზასი და არტურასი არ იყოს, მეც ამ ტექსტით ჩავერთვები გამოფენის ექსპოზიციაში. ოღონდ, რადგანაც თანამედროვე ტექსტმა ცხოვრებასთან ერთად შეიძლება ავტორიც მოიცვას, ამიტომ სახელისა და გვარის აღსანიშნ ადგილს ცარიელს ვტოვებ”,  – გამოფენის აღწერას თან ძალიან საინტერესო ტექსტი ახლავს, ვის ეკუთვნის ეს სიტყვები და რა მნიშვნელობას სძენს ის მთლიან ექსპოზიციას?

ანონიმური ტექსტი ჩვენს თანამშრომელს ეკუთვნის, რომელიც გალერეაში ექსპოზიციის აწყობაში გვეხმარება. ამ კონკრეტული გამოფენის დროს ჯონის ასისტენტი იყო და სკულპტურების გაკეთებაში ეხმარებოდა. ვიცოდი, რომ ხელოვნების სფეროში მოღვაწეობდა, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, თუ წერდა კიდეც. ესეც ჯონმა აღმოაჩინა, მისი ტექსტები წაიკითხა, მოეწონა და სთხოვა Handler სერიაში საკუთარი წვლილი ამ მიმართულებითაც შეეტანა. ფაქტობრივად, ეს მეათე ნამუშევარია.

როგორ უკავშირდება ჯონ რიფენჰონის Handler სერია Project artbeat-ის კონცეფციას, რატომ იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ ნამუშევრების წარმოდგენა?

სერია Handler  არის იმ ადამიანებზე, ვინც მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნებას და არ ჩანს, როგორც თუნდაც  ასისტენტი, გალერისტი ან კურატორი, რომელიც მთელი ამ პროცესების უკან დგას.  მიუხედავად იმისა, რომ კურატორული გამოცდილება მაქვს, ჩემს თავს კურატორს ვერ დავარქმევ, არც უმაღლესი განათლება მიმიღია ამ სფეროში, უბრალოდ თანამედროვე ხელოვნება ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მოგზაურობის დროსაც სულ დავდიოდი გალერეებში და მუზეუმებში. ჩემთვის თანამედროვე ხელოვნებას ყველაზე დიდი ძალა აქვს, ისეთ გავლენას ახდენდა ჩემზე, ისეთ შთაგონებას ვიღებდი და ისეთ რაღაცებზე მაფიქრებდა, რაზეც სხვა ვერაფერი. შესაბამისად, ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპზე, როცა აღარ მომწონდა ის, რასაც ვაკეთებდი,  მე სალომე ვახანიამ და ნათია ჩხარტიშვილმა ძალიან სპონტანურად დავიწყეთ ეს საქმე. გაგვიჩნდა იდეა, რომ თანამედროვე ქართული ხელოვნებისთვის შეგვექმნა პლატფორმა. ჩვენი როლიც ზუსტად ეგ იყო, მიუხედავად იმისა, რომ კარგად არ გვქონდა გაცნობიერებული, რას ნიშნავს ტრადიციული გალერეა, სულ ვთვლიდით, რომ თანამედროვე ქართულ ხელოვნებას დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად საერთაშორისო წარდგენა აკლია. თავიდანვე ვმონაწილეობდით ხელოვნების ბაზრობებზე, ჩვენი ძირითადი მიზანი იყო, რომ თანამედროვე ქართული ხელოვნება საზღვრებს გარეთ გაგვეტანა და ამასთან ერთად ადგილობრივ სივრცეშიც შეგვეტანა წვლილი. ამიტომაც გავხსენით მოძრავი გალერეა, გვინდოდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეღო ეს სიამოვნება, განსაკუთრებით თბილისს გარეთ. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, მივხვდით, რომ მუდმივი სივრცეც აუცილებელი იყო. ეს გამოფენაც რეალურად ჩვენზე და იმ ადამიანებზეა, რომლებიც, ვფიქრობთ, რომ მართლა ღირებულ საქმეს აკეთებენ.

როგორია Project Artbeat-ის სამომავლო გეგმები?

შემდეგი გამოფენა აგვისტოს ბოლოს გაიხსნება. ცალ-ცალკე ოთახებში წარმოვადგენთ ნატა სოფრომაძისა და დათო მესხის სოლო გამოფენებს. რადგან სექტემბერში ფოტოფესტივალი იწყება, ჩვენც  გვინდოდა, რომ ამ პროცესში თემატურად ჩვენი წვლილი შეგვეტანა.



ავტორი: გვანცა ჩანადირი

ფოტოების ავტორი: გურამ კაპანაძე


რეკომენდებული სტატიები
დავით კაკაბაძე 130 – ინტერვიუ პროექტის ავტორ ნინა ახვლედიანთან

დავით კაკაბაძე 130 – ინტერვიუ პროექტის ავტორ ნინა ახვლედიანთან

დავით კაკაბაძე 130 – ინტერვიუ პროექტის ავტორ ნინა ახვლედიანთან
თიბისი ბანკი დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, დავით კაკაბაძე–130-ს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ხელოვანისა და მეცნიერის რეტროსპექტული გამოფენა და მულტიმედია პროექტი GAMMA ვიხილეთ
გალერეა „შარდენი“ – სადაც ვერა ფაღავას და ფელიქს ვარლას ნამუშევრებია წარმოდგენილი

გალერეა „შარდენი“ – სადაც ვერა ფაღავას და ფელიქს ვარლას ნამუშევრებია წარმოდგენილი

გალერეა „შარდენი“ – სადაც ვერა ფაღავას და ფელიქს ვარლას ნამუშევრებია წარმოდგენილი
თბილისში, რუსთაველის 13 ნომერში მდებარე გალერეა “შარდენში” დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა მეოცე საუკუნის სხვა ქართველი კლასიკოსი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად, ვერა ფაღავას და ფელიქს ვარლამიშვილის ნახატებიც იხილოს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.