fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x Borjomi – წარმოგიდგენთ ინტერვიუს ფოტოგრაფ ჯონათან ჰალამთან

ჯონათან ჰალამი ერთ-ერთია იმ თითზე ჩამოსათვლელ ფოტოგრაფთა შორის, რომელმაც მეისონ მარტინ მარჯიელას მოდის სახლის კულისები და მისი შიდა სამზარეულო გადაიღო. მისი შემოქმედება არა მხოლოდ ფოტოკადრები, არამედ უფრო მეტია, რომელიც სახვით ხელოვნებასთან და მოძრავ გამოსახულებებთან იკვეთება. მას უმუშავია ისეთ ცნობილ ჟურნალებთან და გამოცემებთან, როგორებიცაა: Vogue, Dazed and Confused, I.D Magazine, 11TH Hour, 11th Hour publications. 

ჯონათანის შემოქმედება განპირობებულია იმ ურთიერთობით, რომელსაც იგი ამყარებს  სუბიექტთან, რაც აძლიერებს ნამუშევრის დინამიკასა და მიმართულებას. იგი ცდილობს მისი გმირების ქვეცნობიერი გრძნობები გამოაღვიძოს, ასახოს, რაც ხშირად მისივე შთაბეჭდილებებსაც მოიცავს. მისი მეთოდი როგორც კონსტრუქციული, ისე იმპულსურია, რომელიც სპონტანურობის უშრეტი წყაროსგან საზრდოობს. ჰალამის ცნობისმოყვარეობა იკვლიოს სხვადასხვა თემები, მატერიები თუ მედიუმები განსაკუთრებით შთამბეჭდავს და მრავალფეროვანს ხდის მის შემოქმედებას. შეუძლებელია რაიმე სახის კატეგორიებში ან განმარტებებში მოვაქციოთ ჰალამის ნამუშევრები – არაკონფორმისტული დამოკიდებულება სამყაროს მიმართ მისი მამოძრავებელი ძალაა, ყოველთვის ცდილობს ისწავლოს რაიმე ახალი და იპოვოს სულ უფრო და უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გამოხატვის გზები.

ჯონათან ჰალამის გამოფენა  სიმონ მაჩაბლის კურატორობით 30 ოქტომბერს თბილისში, ღვინის ქარხანაში გაიხსნა, სადაც დამთვალიერებლებმა პროექტი La Femme De Cabine – მოდის სახლის მეისონ მარტინ მარჯიელას 1997-2008 წლის პერიოდის უცნობი არქივები იხილეს. ფოტოგრაფისა და მისი შემოქმედების უკეთ გასაცნობად გთავაზობთ ინტერვიუს.

როგორ დაიწყო თქვენი, როგორც ფოტოგრაფის კარიერა?

მახსოვს, როდესაც პირველად გავემგზავრე საფრანგეთში, ბევრ დავხეტიალობდი პარიზის ულამაზეს ქუჩებში, ყველასგან და ყველაფრისგან შთაგონებულს მეგონა, რომ ჩემი ყველაზე სანატრელი ოცნება ხდებოდა. ფოტოგრაფიული ექსპერიმენტების სერია სწორედ პარიზში დავიწყე, 1997 წელს – ვიღებდი პორტრეტებს, რომელთაც ჩემი ბინის აბაზანაში ვამჟღავნებდი. ამ პერიოდში მარტინის ჩვენებისთვის დავიწყე მუშაობა თმის სტილისტად.  როდესაც მას პირველად შევხვდი, 60-იანი წლების პოლიციის ქურთუკი მეცვა, მარტინმა ამის შესახებ უამრავი კითხვა დამისვა, მე კი ყველა დეტალი ვიცოდი – როდის შეიკერა, როდის გამოვიდა, ის კი გაოგნებული მიყურებდა. უცებ დავიწყე ერთჯერადი ფირის კამერით გადაღება და ვიღებდი ყველაფერს, რაც თვალში მხვდებოდა. მარტინმა კი მითხრა, რომ ამის უფლება არ მქონდა, თუმცა ფოტოების ნახვის შემდეგ სხვა უამრავი პროექტი დავგეგმეთ ერთად. 

რა სირთულეები ახლდა ასეთ ცნობილ მოდის სახლთან მუშაობას, რა გამოწვევების წინაშე იდექით, როგორც ფოტოგრაფი?

ეს არასდროს ჰგავდა რაიმე გამოწვევას ან სირთულეს. მარტინი საოცარი ადამიანია, ბევრს იღიმის და როდესაც რაიმე მოსწონს, პატარა ბავშვს ემსგავსება. 

რა იყო თქვენი შთაგონების წყარო მაშინ, როდესაც ფოტოების გადაღება დაიწყეთ?

შთაგონებული ვიყავი ფრანგული კინოთი, გოდარით, ბუნუელით, რენუარით. სულ მიტაცებდა სიურეალისტური სცენარები და სიუჟეტები და ვცდილობდი შემექმნა რაიმე ისეთი, რაც გამოხატავდა ცნობისმოყვარე, მოხეტიალე სულს. პარიზში ყოველ კუთხეში რაღაც საინტერესო ხდებოდა, თუმცა ეს ნებისმიერ ქალაქში ასეა, თუნდაც თბილისში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თუ ღია არ ხარ შთაგონებისთვის, საინტერესო არაფერი გამოგივა. ყოველთვის ვცდილობ ჩემს შემოქმედებაში საკუთარი თავი გამოვხატო, რადგან ესაა იარაღი, რომლითაც სხვებს დაატყვევებ.

 რა არის La Femme De Cabine პროექტის შინაარსი, საიდან გეწვიათ შთაგონება? 

პროექტი მოიცავს 1997 წლიდან 2004 წლამდე გადაღებულ მარჯიელას პერსონალის პორტრეტების სერიას, რომელიც ექსპერიმენტული ხასიათისაა. თითოეულ კადრს 25 წუთის განმავლობაში ვიღებდი, რაც მეხმარებოდა სუბიექტების ქვეცნობიერი გრძნობების, იმპულსურობისა და სპონტანურობის გამოხატვაში. ფოტოსურათები არის სრულიად უნიკალური, არ არსებობს მათი ნეგატივები. შეიძლება ითქვას, ამ სერიაში ვიკვლევდი ჩემს ცნობისმოყვარეობას სხვადასხვა თემის, ქსოვილის თუ მედიუმის მიმართ. ექსპერიმენტს ვატარებდი თავად ფოტოგრაფიაზე და ეს ყველაზე შემთხვევითი პროექტი იყო, რადგან იმ დროს მარტინის შემოქმედებას კარგად არ ვიცნობდი – ჩემს ობიექტივში ანონიმური და გაურკვეველი სახეები ჩნდებოდნენ. La Femme De Cabine მიმართული იყო მარჯიელას მოდის სახლის კულტურის ასახვაზე. ექსპოზიციის ხანგრძლივი დრო მოდის თანამედროვე გამოწვევებთან ბრძოლის საშუალება იყო. მარტინი კი ცდილობდა შეენელებინა მოდის სწრაფი და კომერციული განვითარების ტემპი, ეს იყო La Femme De Cabine-ის მთავარი გზავნილი, თუმცა, ვფიქრობ, დღეს უფრო მნიშვნელოვანია ამ პრობლემაზე ფიქრი.

თქვენი შემოქმედება სხვადასხვა სახის ერთობლივ პროექტებს მოიცავს. მოგვიყევით, როგორია მოდელებთან, სტილისტებთან და დიზაინერებთან მუშაობის პროცესი.

როდესაც დიდ ჯგუფთან ერთად მუშაობ, ყველას თავისი შეხედულება აქვს და რთულია აზრთა სხვადასხვაობაში იმ შედეგამდე მიხვიდე, რაც ჩაფიქრებული გაქვს. სტილისტებს, გრიმიორებს სურთ, რომ ყველაფერი სრულყოფილი იყოს – თმა, მაკიაჟი, კაბა. მახსოვს, ერთ-ერთ გადაღებაზე ნეონის ნათურა დაიმტვრა, მაშინვე მილაგება დაიწყეს, თუმცა ჩემი აზრით, მსგავსი შემთხვევითობებია სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი, რითაც ნებისმიერი კადრი უნიკალური და შთამბეჭდავი ხდება. ამიტომაც არ მივეცი უფლება დამსხვრეული ნათურის ნაწილები გადაეყარათ და ყველაფერი ისე დავტოვე, როგორც იყო. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც ყველანი გარეთ გამიძევებია, რადგან პროცესში ხელს მიშლიდნენ და ის ურთიერთობა და ემოცია არ მყარდებოდა, რაც მოდელებთან მუშაობისას ერთ-ერთი გადამწყვეტია.

მოგვიყევით თქვენი კომპოზიციის აგების პროცესზე – საიდან იწყებთ?

მაშინ როდესაც მოდას ვიღებ და იდეაც მზად არის, ზედმეტი ფიქრი შინაარსზე აღარ მიწევს, სამოსიც გკარნახობს თემას. უბრალოდ ვცდილობ კონტექსტიდან გამომდინარე შევქმნა სცენარები, რომელსაც მოდელები ჰყვებიან. ხშირად ვფანტაზიორობ და ვიგონებ ამბებს, რათა ხასიათი და ემოცია ზუსტი და გულწრფელი იყოს, ბუნებრიობა ამ დროს უდიდეს როლს თამაშობს, მით უმეტეს, როდესაც გადაღება წინასწარ დაგეგმილი და დადგმულია. მყისიერი და წამიერი კადრები, რომლებიც მოულოდნელად იქმნება, უფრო მეტად საინტერესო და ღრმა არის, აქვს ხასიათი და სულისკვეთება, ჩანს შთაბეჭდილებები, შესაბამისად, ვცდილობ დავაკვირდე კომპოზიციას, საკუთარ თავს და ჩემი სათქმელი მაქსიმალურად ბუნებრივად ვთქვა.

რას ფიქრობთ ქართულ მოდაზე და დიზაინერებზე? რატომ შეიძლება საქართველო საინტერესო იყოს მსოფლიოსთვის ამ სფეროში?

მოხიბლული ვარ ქართველი ხელოვანებით, საკმაოდ თანამედროვე და მსოფლიო დონის ნამუშევრები იქმნება, განსაკუთრებით იდეური და შინაარსობრივი კუთხით. თქვენს ქვეყანას დიდი ისტორია აქვს, რაც თავის მხრივ ძალიან შთამბეჭდავია. ჩემი აზრით, ნებისმიერი ახალი ნამუშევარი, შემოქმედება საინტერესოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას უკან დიდი კულტურული კაპიტალი უდევს საფუძვლად, ამიტომ მგონია, რომ საქართველო და ქართველი ხელოვანები გლობალურ დონეზე მრავალჯერ იტყვიან თავიანთ სათქმელს. 

თქვენი აზრით, როგორ შეიცვალა ფოტოგრაფია ციფრულ საუკუნეში, რა როლი აქვს სოციალურ მედიას?

ვფიქრობ, ინტერნეტი და სოციალური მედია დღეს უდიდესი წყაროა სხვადასხვა სახის ინფორმაციისთვის, რაც დროში გაწელილ კვლევით სამუშაოებს უფრო მარტივს ხდის, თუმცა მე მაინც ბიბლიოთეკებში სიარული და იქაური სურნელი უფრო მხიბლავს. რაც შეეხება ზეგავლენას, ფოტოგრაფიაშიც გაჩნდა დარგები, რომელიც სწორედ ციფრული საუკუნის ნაწილია, თუნდაც ავიღოთ მობილური ფოტოგრაფია. ჩემი აზრით, სოციალური მედიის, თუნდაც ინსტაგრამის გავლენის გამო, დღეს ციფრული ფოტოკადრები უფრო ხშირია, ვიდრე ფირის, რადგან ფირს უფრო დიდი დრო სჭირდება, 21-ე საუკუნეში კი დრო ყველაზე დიდი ფასეულობა გახდა.

რა ემოცია გინდათ იგრძნოს დამთვალიერებელმა, რომელიც თქვენს ნამუშევრებს ნახულობს?

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დამთვალიერებელს არ ვატყუებდე და გულწრფელი ვიყო, რის საშუალებასაც სწორედ ფირი და მისი ესთეტიკა მაძლევს, რადგან ფირის კადრები უფრო ღრმაა და კარგად წარმოაჩენს იმ სულისკვეთებას, რაც ციფრულის შემთხვევაში ნაკლებად ხელშესახებია. თავისუფლება და სიძლიერე არის ის ძირითადი ემოცია, რაც ჩემი შემოქმედების დამთვალიერებლამდე მინდა მივიტანო.

რა რჩევას მისცემდით დამწყებ ფოტოგრაფებს?

გადაიღეთ ბევრი, კონცენტრირდით იმაზე, თუ რის გამოხატვა გსურთ, ეცადეთ თავიდან აირიდოთ ჩარჩოები. უბრალოდ უნდა აკეთოთ ის, რაც მოგწონთ და არ უნდა მოუსმინოთ მას, ვინც უხეშად ერევა თქვენს შემოქმედებაში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ასახოთ თქვენი და არა ვიღაცის სურვილები. გარდა ამისა, დროდადრო აუცილებლად თვალი უნდა გადაავლოთ ძველ ნამუშევრებს, დააკვირდეთ, ეს განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. 

თუ გაიხსენებდით თქვენს საყვარელ ადგილს, სადაც ოდესმე გადაგიღიათ?

ერთი კონკრეტული ადგილის არჩევა მიჭირს, რადგან ყველა ადგილი მომწონს, სადაც ვყოფილვარ და იცვლება იმის მიხედვით, თუ სად ვიმყოფები. ამჟამად ჩემი საყვარელი ადგილი თბილისია, ძალიან მომწონს ძველი თბილისის მიდამოები, სახლები, აივნები, ხალხი, რომელიც ძალიან მეგობრული და კეთილგანწყობილია.

რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

ვუკრავ პიანინოზე, ვუყურებ ფილმებს და ვკითხულობ.

რომელ ფოტოგრაფთან ერთად იმუშავებდით დიდი სიამოვნებით?

რამდენიმე დღის წინ, თბილისში სეირნობისას, ოპერის ბილეთების ყიდვას ვაპირებდი, როდესაც ერთი ახალგაზრდა ბიჭი შემხვდა კამერით ხელში. აღმოჩნდა, რომ ფოტოგრაფია. ბევრი ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, აღვფრთოვანდი მისი ინტელექტითა და კულტურით. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მასთან ერთად და გადავიღებდი ბევრ საინტერესო კადრს.

როგორ ხედავთ თქვენს თავს მომავალში?

ამ ეტაპზე წარსულში ვმოგზაურობ და უკან ვბრუნდები, მინდა, მაქსიმალურად გამოვიკვლიო ჩემი ცნობისმოყვარეობის არეალი და სხვა სფეროებშიც განვვითარდე, თუნდაც პერფომანსის კუთხით. გარდა ფოტოგრაფიისა, სახვით ხელოვნებაშიც, კერძოდ, სკულპტურაშიც ვქმნი ნამუშევრებს და ამ მიმართულებითაც მინდა, რომ მეტი გასაქანი მივცე საკუთარ თავს, აღმოვაჩინო სამყაროს ჩემთვის ჯერ უცნობი დეტალები და მაქსიმალურად მრავალფეროვანი მედიუმების საშუალებით გამოვხატო საკუთარი შეხედულებები. 

 

ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.