fbpx
გააზიარე სტატია

Hammock სტუმრად იაპონიის ელჩთან საკეს დასაგემოვნებლად

დანამდვილებით არავინ იცის, ვინ იყო ის პირველი იაპონელი, რომელმაც საკე დაამზადა და   ფაიფურის ფინჯნით ხელში პირველად თქვა სიტყვა – Kampai!, რაც ქართულად ნიშნავს – გაუმარჯოს, თუმცა ვიცით, რომ იაპონური ეროვნული სასმელი ჯერ კიდევ  ძველი წელთაღრიცხვით 300–150 წლებში უკვე მზადდებოდა და მას შემდეგ რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას, საქორწინო ცერემონიას ან კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებას  იაპონიაში ამ სასმელის გარეშე არ ჩაუვლია. თავდაპირველად იმპერატორის სასახლის კარზე ან ტაძრის მარნებში მომზადებული საკე დროთა განმავლობაში მთელ იაპონიას მოედო და მისი კულტურისა და ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილი გახდა, დღეს კი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებულ სასმელს არა მხოლოდ იაპონიის ნაციონალურ კულინარიაში, არამედ ევროპულ რესტორნებშიც ხშირად შეხვდებით.

უძველესი პერიოდიდან დღემდე საკეს უცვლელი და მთავარი ინგრედიენტი ბრინჯია. სწორედ ბრინჯისგან გამოხდილი სითხის ფერმენტაციით მიიღება საკე, რომლის ალკოჰოლის საერთო შემცველობა 13-დან 16 პროცენტამდე მერყეობს. იაპონელებისთვის საუკეთესო საკეს მისაღებად, ბრინჯთან ერთად,  მნიშვნელოვანია წყლის ხარისხიც. ამ ორი მთავარი ინგრედიენტის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით კი ბევრი სახეობის საკე მზადდება, რომელთაც იაპონელები სეზონის მიხედვით ცივს ან თბილს მიირთმევენ, რა თქმა უნდა, მათი კულტურისთვის დამახასიათებელი ულამაზესი მინიატიურული  ფაიფურის ან მინის ფინჯნებით.  ბოლო წლებში იაპონური კულტურისა და კულინარიის მიმართ დასავლეთის ინტერესი უფრო და უფრო გაიზარდა. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად საკეს შექმნის მეთოდებიც დაიხვეწა. და დღეს უკვე  Toji, ანუ ადამიანი, რომელიც საკეს ამზადებს, ტრადიციული მეთოდების გარდა, თანამედროვე უახლესი მეცნიერული ცოდნით შექმნილი სასმელის ბევრ განსხვავებულ ტიპს გვთავაზობს, რომელთა შორისაც განსაკუთრებით გამორჩეულია რამდენიმე დომინანტური სახეობა, მათ შორის – Ginjoshu, რომელიც ძირითადად ხილის ან ყვავილების არომატით ხასიათდება, Junmaishu – მდიდარი ტკბილი არომატით გამორჩეული საკე და Honjozoshu, რომელიც განსაკუთრებულია თავისი რბილი და ნაზი არომატით. ყველა დანარჩენი სახეობის საკე Futsushu-ს კატეგორიაში ერთიანდება, რომელიც იაპონიაში ყველაზე უფრო გავრცელებულია.

სწორედ ერთმანეთისგან განსხვავებული ტექნოლოგიით მომზადებული სხვადასხვა სახეობის საკე გაგვაცნო 9 აგვისტოს იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ.  იაპონიის კომერციისა და ინდუსტრიის გაერთიანებასთან ერთად ელჩმა მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გამართულ მიღებას უმასპინძლა, სადაც საზოგადოებას იაპონიის სხვადასხვა მხარეში დამზადებული მრავალი სახეობის ღვინო, სამზარეულო და, რა თქმა უნდა, საკე წარუდგინა. ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება ფუკუშიმას პრეფექტურაში დამზადებულ საკეზე გაამახვილა, მისი როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი და  უსაფრთხო სასმელის შესახებ ისაუბრა და ისურვა, რომ საკეს გაცნობით საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდება.  

ავტორი გვანცა ჩანადირი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.