fbpx
გააზიარე სტატია

KAWS

ბრაიან დონელი იგივე – KAWS – ნიუ-იორკში მოღვაწე მხატვარი-გრაფიტისტი, ილუსტრატორი, მოქანდაკე, პროდუქტისა და სათამაშოების დიზაინერია. მისი ხელწერისათვის დამახასიათებელია მულტიპლიკაციური პერსონაჟები X-ის ფორმის თვალებით. ბრაიანის შემოქმედებითი კარიერა ქუჩის მხატვრობიდან დაიწყო, როდესაც 1990-იან წლებში, ნიუ-იორკში სარეკლამო აბრებს, ტელეფონის ჯიხურებსა და ავტობუსის გაჩერებებს საკუთარი ილუსტრაციებით აფორმებდა.

მისმა ქუჩის მხატვრობამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და ხელოვანმა მალევე მოიპოვა პოპულარობა. 1990-იანი წლების ბოლოს KAWS-მა ექსკლუზიური სათამაშოები შექმნა, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. ვინილისაგან დამზადებულმა სათამაშოებმა სათამაშოების კოლექციონერთა დიდი მოწონება დაიმსახურა. KAWS განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა იაპონიაში, სადაც მისი პროდუქტი გაჰიტდა.

2000-იან წლებში ბრაიანმა შექმნა ცნობილი მულტფილმის გმირების – სიმფსონების, მიკი მაუსის, სმურფებისა და სპანჯბობის საკუთარი ვერსიებიც. KAWS მის შემოქმედებაში ხშირად იყენებს პოპ-კულტურისათვის დამახასიათებელ სახე-ხატებს, რისი მეშვეობითაც ხელოვანი სხვადასხვა მედიუმის გამოყენებით უნიკალურ ვიზუალურ ენას ქმნის.

KAWS ცნობილია პოპ-არტის სტილში შესრულებული აკრილის ფერწერული ნამუშევრებითა და მასიური სკულპტურებით. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი მიკი მაუსის შთაგონებით შექმნილი გმირის ნაცრისფერი სკულპტურაა, რომელსაც სახეზე ხელები აქვს აფარებული.

KAWS ხშირად თანამშრომლობს ცნობილ ტანსაცმლის ბრენდებთან, როგორებიცაა: Original Fake, A Bathing Ape, Undercover, Nike, Vans, Supreme, NIGO, Comme des Gacrons და სხვა.

KAWS-ს შეხვდებით ყველგან – ქუჩაში, მაღაზიებში, მუზეუმებსა თუ პირად კოლექციებში. მისი შემოქმედება თანამედროვე ხელოვნებისა და გლობალური კომერციის მიჯნაზეა. KAWS დიზაინი მოიცავს ყველაფერს – დაწყებული ქანიე უესტის ალბომის გარეკანიდან, დამთავრებული ნაიკის ბოტასების დიზაინით. ამავდროულად, მისი ნამუშევრები იფინება მსოფლიოს პრესტიჟულ გალერეებში, მუზეუმებსა და საჯარო სივრცეებში.

 

P.S.  KAWS არ ნიშნავს რაიმე კონკრეტულს, როგორც არტისტი განმარტავს, იგი ამ ასოთა კომბინაციამ ვიზუალურად მოხიბლა, მოსწონს მისი მოკლე და სხარტი ჟღერადობა და ისიც, რომ ეს სიტყვა არაფერს ნიშნავს.

ავტორი: ანო ნიკოლაიშვილი


რეკომენდებული სტატიები
ჯეფ კუნსის ბიოგრაფია

ჯეფ კუნსის ბიოგრაფია

ჯეფ კუნსის ბიოგრაფია
“შესაძლებელია, დამთვალიერებელმა პირველი შეხედვისას რაიმე ირონიული დაინახოს ჩემს ნამუშევარში… თუმცა მე ვერ ვხედავ. ირონია იწვევს კრიტიკულ ჭვრეტას.”
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.