fbpx
გააზიარე სტატია

PLAY! – ინტერვიუ ახალგაზრდა მსახიობ ქეთა შათირიშვილთან

მოგვიყევი შენს ბავშვობაზე.. რამ განაპირობა თეატრითა თუ კინოთი დაინტერესება?

ძალიან კარგად მახსენდება ბავშვობა, მთელ დღეებს ეზოში ვატარებდი. ყველანაირ თამაშში ჩემპიონი ვიყავი – ბადბინტონი, წრეში ბურთი, კლასობანა… ყველაფერს ვიგებდი და ძალიან მომწონდა ეს ფაქტი. მიყვარდა ცეკვა, სიმღერა, ხატვა. ამის გამო ათასნაირ სტუდიებში და კერძო გაკვეთილებზე დავყავდი დედაჩემს. მუსიკალური ათწლედი, თეატრალური სტუდიები, ბალეტი, ქართული ცეკვა, გიტარის კლასები ყველაფერს მივედ-მოვედე. ალბათ ამან განაპირობა ჩემი სცენისადმი სიყვარული. ბავშვობიდან შემეძლო, მაგალითად, სხვადასხვა ემოციის “ძალით” გამოწვევა. მიწვევდნენ კლიპებსა თუ მოკლემეტრაჟიან ფილმებში.

გაიხსენე შენი პირველი სპექტაკლი

ჩემი პირველი სპექტაკლი პროფესიულ თეატრში იყო გიზო ჟორდანიას წარმოდგენა/ზღაპარი მარჯანიშვილის დიდ სცენაზე. სადაც მე და ჩემი ჯგუფელები ვთამაშობდით ხან მდინარეს, ხან ცეცხლს, ხანაც ჩიტებს, ნაძვის ხეებს… მახსოვს, ძალიან ბედნიერები ვიყავით, იმიტომ რომ პირველად შევაბიჯეთ სცენაზე და უფროს მსახიობებთან ერთად გვიწევდა თამაში. 2006 წელი იყო, თუ არ ვცდები.

როდის დაიწყე სცენაზე ინტენსიურად თამაში?

2008 წელს მივიღე მონაწილეობა სამეფო უბნის თეატრის 25-წუთიანი სპექტაკლების ფესტივალზე. მაშინ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დამაჯილდოვეს, რაც ითვალისწინებდა ახალი სპექტაკლის დადგმას ჩემი მონაწილეობით. მას მერე აქტიურად ვთამაშობ ახლა უკვე სამ თეატრში.

შეგიძლია გაიხსენო როლი, რომელიც ჯერჯერობით შესრულებული კინო თუ თეატრალური როლებიდან ყველაზე რთულად მოსარგები იყო შენთვის?

ყველა სპექტაკლში ცდილობ შეიქმნა შენი კომფორტის ზონა. ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია ამისთვის, მთავარია, სწორად მიჰყვე სტრუქტურას, რომელზეც შენ და რეჟისორი რეპეტიციების დროს თანხმდებით. თუ კარგ რეჟისორთან მუშაობ, ყველაფერი ისე ლაგდება, როგორც მიგაჩნია სწორად. რთულად გასაკეთებელი როლი ჩემთვის მაშინაა, თუ ტექსტს ვერ ვირგებ, ანუ, თუ რაღაც უხერხულობა ჩნდება ამ მიმართულებით, მიჭირს ამა თუ იმ ფრაზის სწორად მაყურებლამდე მიტანა. ამ დროს მთავარია საერთო ძალებით ამ პრობლემის დაძლევა და რეჟისორის, მსახიობების ან დრამატურგის დახმარებით ტექსტის, ასე ვთქვათ, გაკეთილშობილება.

რას ნიშნავს შენთვის იყო მსახიობი? როგორია იდეალური მსახიობის განსაზღვრება?

ჩემი პროფესია არის ჩემთვის ყველაფერი. მის გარეშე ვერ ვიარსებებ. ეს არის ერთგვარი თერაპია. უცნაურია, მაგრამ ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც სპექტაკლის დროს რაღაც მიტკენია, ძალიან მაგრადაც კი, მაგრამ გამორიცხულია რამე სახის ტკივილი იგრძნო მაშინ, როცა სცენაზე ხარ. მაგიური ადგილია. ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია ყველაფრისგან გათავისუფლდე და იყო სრულ ექსტაზში. 2 საათის განმავლობაში განიცადო ყველანაირი ემოცია. ამისგან მიიღო უდიდესი სიამოვნება. და თუ ძალიან ბანალური ნათქვამი არ იქნება, თავიდან დაიბადო.

ხარ როგორც თეატრის, ასევე კინოს მსახიობი, რაც სხვადასხვა სპეციფიკით თამაშს გულისხმობს, როგორ განასხვავებდი და დაახასიათებდი თითოეულისგან მიღებულ ემოციას თუ გამოცდილებას?

კინოში მუშაობის დიდი გამოცდილება არ მაქვს. ყოფილა 10-მდე პატარა თუ დიდი როლი. მაგრამ ყოველთვის დიდი ღელვის ფონზე მიმდინარეობს ეს ყველაფერი და ამიტომ ბოლომდე ჯერ ვერ ვთავისუფლდები მუშაობისას. თეატრში კი ყველაფერი პირიქითაა. ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. აქ ყველაფერი ცოცხალია. მაყურებელს თვალებში უყურებ. ამყარებ რეალურ კონტაქტს. ბევრი რამის ამოკითხვა შეგიძლია მათ მზერაში. ძალიან სასიამოვნო პროცესია.

შეგიძლია დაგვისახელო შენი საყვარელი კინო ან თეატრალური გმირი?

საოცარი პერსონაჟია სტრინდბერგის ფრეკენ ჟული.

არის რომელიმე როლი, რომლის თამაშზეც გიოცნებია?

დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი მართას როლს ოლბის პიესიდან “ვის ეშინია ვირჯინია ვულფის”.

არაერთ ქვეყანაში გქონია გასტროლები, რომელი ქვეყნის სცენამ მოახდინა შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

გამოვარჩევდი შექსპირის გლობუსის თეატრს, ლონდონში, შვედეთში, იონშოპინგში, საგამოფენო დარბაზში ნათამაშებ “ტროელ ქალებს”, ასევე კოსტა რიკაში, ინდოეთში, რუმინეთში ვითამაშეთ “ტროელი ქალები” და ფრეკენ ჟული შუა საუკუნეების ეკლესიაში.

შეგიძლია გვესაუბრო რეჟისორთან ურთიერთობის სპეციფიკაზე, რა დინამიკა გვხვდება მსახიობის და რეჟისორის პროფესიულ ურთიერთობაში? როგორია შენი დამოკიდებულება რეჟისორებისადმი?

მთავარია არსებობდეს ნდობა მსახიობს და რეჟისორს შორის. შეიძლება რაღაც საკითხებში განსხვავებული აზრიც გაჩნდეს, მაგრამ ესეც კარგია ხოლმე. ყველაზე მნიშვნელოვანია რეჟისორს შეეძლოს ტექსტის სწორი ანალიზი. საინტერესო იყოს სამაგიდო რეპეტიცია. სცენაზე გადასვლის შემდეგ კი მშვიდი გარემოს შექმნა. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ყველაფერი გამოვა და სცენაზე თავს კარგად ვიგრძნობ.

რომელ სპექტაკლებში თამაშობ ამჟამად?

ამჟამად ვთამაშობ ბევრ სპექტაკლში. ახალი სპექტაკლის პრემიერა გვქონდა სამეფო უბნის თეატრში – თემურ ჩხეიძის “დუელი”.

გვესაუბრე სამომავლო გეგმებზე…

თებერვალში დაგეგმილია გასტროლი სამეფო უბნის თეატრთან ერთად. მივდივართ ლიეჟში, ბელგიაში. კიდევ რაღაც სხვა გასვლით სპეკტაკლებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

რეკომენდაციის სახით დაგვიტოვე რამდენი ფილმი, სპექტაკლი, რომელიც ბოლო დროს მოგეწონა

ბოლო დროს ნანახი ფილმებიდან ძალიან მომეწონა იტალიელი რეჟისორის გადაღებული dogman.

ავტორი: ნინა პატარიძე

ფოტო: ლევან მაისურაძე

განსაკუთრებული მადლობა: ლუკა ჩხაიძეს პერსონალური სახელოსნოს დათმობისთვის, artarea/tv2.0-ს, ChaosConcept Store-ს, თემო მაჭავარიანს, ვაჟიკო მარს.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.