fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x თიბისი სტატუსი – თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის შესახებ

თბილისი მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალისთვის ემზადება. ცნობილია ღონისძიების სრული პროგრამაც, რომელშიც გათვალისწინებულია თემატური სექციები როგორც ქართული, ისე უცხოური კინემატოგრაფიიდან. ფესტივალის მასპინძელი კინოთეატრი “ამირანია”, სადაც შესაძლებლობა გექნებათ არა მხოლოდ გამორჩეული ფილმები იხილოთ, არამედ გაესაუბროთ რეჟისორებს და მოხვდეთ სპეციალურად კინოფესტივალისთვის დაგეგმილ მასტერკლასებსა და ვორქშოფებზე.

ერთ-ერთი ასეთია ინგლისელი დრამატურგისა და კომპოზიტორის, ნილ ბრენდის ვორქშოფი, რომლის მუსიკაც 1-ლ დეკემბერს ფესტივალის გახსნასთან დაკავშირებით ალფრედ ჰიჩკოკის ფილმის, “შანტაჟის” ჩვენებაზე გაიჟღერებს, რომელსაც მუსიკალურ აკომპანირებას გაუწევს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით.

ნილ ბრენდი ვორქშოფზე კინომუსიკის ისტორიასა და მასზე ტექნოლოგიური ცვლილებების გავლენაზე ისაუბრებს. 30 წელზე მეტია, რაც ნილი უხმო ფილმების აკომპანიატორია, რომელიც რეგულარულად თანამშრომლობს ლონდონის ბარბიკანის ცენტრთან, ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტის ეროვნულ კინოთეატრთან, BBC-ის სიმფონიურ ორკესტრთან და სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებთან. 

ფესტივალი წელს მხოლოდ ეროვნულ კონკურსს ატარებს, რომელშიც ჯილდო საერთაშორისო ჟიურის: ულრიხ და ერიკა გრეგორების, პაბლო დე ვიტას, ნიკოლა სელის და ჰიზერ სტუარტის შეფასებების მიხედვით საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა და საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიებში გაიცემა.

ეროვნულ კონკურსში მონაწილეობს თამარ შავგულიძის ფილმი “კომეტები”,  რეჟისორის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. “კომეტები” ორი მეგობარი ქალის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომელთაც აღმოაჩინეს, რომ მათ შორის უფრო მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა. თამარ შავგულიძის ფილმის ჩვენება 2 დეკემბერს გაიმართება, რომლის შემდეგაც მაყურებელს საშუალება ექნება გაესაუბროს რეჟისორს.
ამავე დღეს კინოთეატრ “ამირანის” პირველი დარბაზი დაეთმობა ქართველი რეჟისორის, დიტო ცინცაძის ფილმის – „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ ჩვენებას, რომელსაც შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი პრიზი გადაეცა – “ოქროს თასი – ჟიურის გრან-პრი” დიტო ცინცაძეს, “ოქროს თასი” საუკეთესო მსახიობი ქალისთვის სალომე დემურიას. 

წელს კინოფესტივალზე იხილავთ გიგა ლიკლიკაძის სადებიუტო ფილმს, რომლის ჩვენებაც 3 დეკემბერს გაიმართება. რეჟისორის ფილმი “ღორი” ეროვნულ კონკურსში მონაწილეობს და მისი მსოფლიო პრემიერა კოტბუსის კინოფესტივალზე შედგა. გარდა ამისა, ფილმმა ბაკურიანში ჩატარებულ კინოფორუმზე “ნახე პირველად ბაკურიანში” მაყურებლისგან დადებითი შეფასება მიიღო. 

ლანა ღოღობერიძის ფილმი “ოქროს ძაფი” ეროვნულ კონკურსში მონაწილეობს და მოგვითხრობს 80 წლის მწერალ ქალზე, რომელთანაც საცხოვრებლად ალცჰაიმერით დაავადებული ქალი, მირანდა გადმოდის. მწერლის მყუდროება სწორედ ამ დროს ირღვევა, რადგან მირანდამ, როგორც ყოფილი საბჭოთა მაღალი რანგის ფუნქციონერმა, ერთ დროს მისი ერთ-ერთი წიგნი აკრძალა. რეჟისორის ფილმები ნაჩვენები იყო არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე – კანში, ბერლინში, ვენეციაში, ტოკიოში, სან-რემოში, ჟენევაში. “ოქროს ძაფის” ჩვენება 4 დეკემბერს გაიმართება, რომლის შემდეგაც მაყურებელს რეჟისორთან საუბრის შესაძლებლობა მიეცემა. 

ასევე 4 დეკემბერს კინოთეატრ “ამირანის” პირველი დარბაზი რეჟისორ დიმიტრი მამულიას ფილმის – “ბოროტმოქმედის” ჩვენებას დაეთმობა, რომლის პრემიერაც ვენეციის კინოფესტივალზე შედგა. “ბოროტმოქმედი” ყოფილი ინჟინრის უცნაური ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც გახდება რა მკვლელობის თვითმხილველი, მაშინვე მისი გამოძიების სურვილი იპყრობს. დიმიტრი მამულიას ფილმმა მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი პრიზი მიიღო – საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მუსიკისთვის. 

ქართული მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმების ჩვენებები უტა ბერაიას ფილმით – “უარყოფითი რიცხვებით” სრულდება, რომელსაც მაყურებელი 6 დეკემბერს იხილავს. ეროვნულ კონკურსში მონაწილე ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე, რომელშიც მთავარ გმირს არჩევნის გაკეთება ციხის სისტემაში მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის უწევს. ფილმის ჩვენების შემდეგ მაყურებელს ტრადიციულად საშუალება ექნება გაესაუბროს რეჟისორს. 

კინოფესტივალზე სხვა ძალიან საინტერესო მოკლემეტრაჟიან ქართულ მხატვრულ ფილმებს შორის წარმოდგენილია ვაჟიკო ჩაჩხიანის ფილმი “აცახცახებული გული” – ქართული ხალხური ზღაპრის კინოეკრანიზაცია, რომელიც შეგვახსენებს, რომ ზღაპრებს ყოველთვის არ აქვთ ბედნიერი დასასრული. ფილმის კვლევის არეალში ექცევა სოციალური ნორმები და მოსალოდნელი ქცევები. თბილისის კინოფესტივალამდე ვაჟიკო ჩაჩხიანის ფილმს იტალიაში ტორინოს კინოფესტივალზე აჩვენებენ.

ნანა ჯორჯაძის დოკუმენტურმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“, რომელსაც ღონისძიების ფარგლებში იხილავთ, ჰოლივუდში დამოუკიდებელი დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე ხუთი პრიზი მიიღო. ფილმი სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა გმირის ენით საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს შესახებ გვიამბობს. ნანა ჯორჯაძის ფილმმა საფრანგეთში, ღვინის კინოფესტივალ OENOVIDEO-ზე ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო, ესპანეთში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალ MOST-ზე კი საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ტიტული მოიპოვა.

ქართველი რეჟისორისა და მსახიობის, ნინო კირთაძის ახალი ფილმი „პასტერნაკი“ ბორის პასტერნაკის გახმაურებული ნაწარმოების – „დოქტორ ჟივაგოს“ შექმნის ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელსაც მაყურებელი თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში კინოთეატრ “ამირანში” იხილავს. ფესტივალამდე მისი მსოფლიო პრემიერა ლაიფციგის დოკუმენტური კინოს ფესტივალზე შედგა. დღეს ნინო კირთაძე ევროპაში აღიარებული რეჟისორია, რომელსაც სხვა უამრავ ჯილდოსთან ერთად ევროპული კინოაკადემიის „ოსკარი” აქვს მიღებული. 

ყოველწლიურად კინოფესტივალის ფოკუსში ერთი ქვეყნის კინონამუშევრები ექცევა. თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში გამორჩეულია  “ბრიტანული სეზონი”, რომელიც მაყურებელს როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე ბრიტანულ ფილმებს სთავაზობს. მათგან ერთ-ერთია “სუვენირი”, ჯოანა ჰოგის 2019 წლის ფილმი, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ტილდა სვინტონი თამაშობს. ფილმმა Sundance Film Festival-ზე მსოფლიო დრამატული კინოს ჟიურის გრან-პრი მიიღო. იგი ასევე წარდგენილია British Independent Film Awards-სა და Independent Spirit Awards-ზე. 

წელს კინოფესტივალის განსაკუთრებული სტუმარია კარლოს რეიგადასი, მექსიკელი რეჟისორი, რომელიც საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით მასტერკლასს 3-4 დეკემბერს გამართავს. კინორეჟისორი, ნაციონალური და საერთაშორისო პრემიებისა და ფესტივალების არაერთგზის გამარჯვებულია, რომლის ნამუშევრები მკვეთრად გამოკვეთილი სტილითა და ექსტრაორდინარული ხელწერით გამოირჩევა. რეჟისორის ფილმებიდან ფესტივალზე 5 ფილმის ჩვენება გაიმართება, რომელთაგან ერთ-ერთია რეიგადასის სადებიუტო სურათი “იაპონია”. ფილმი 2002 წელს კანის კინოფესტივალზე უჩვენეს, სადაც პრიზი  – „ოქროს კამერა – სპეციალური აღნიშვნა“ გადაეცა. გარდა ამისა, მაყურებელს მისი კიდევ ერთი განსაკუთრებული ნამუშევრის – ”წყვდიადის შემდეგ ნათელის” ნახვის შესაძლებლობა მიეცემა, რომლისთვისაც რეიგადასმა პრიზი საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში კანში 2012 წელს მიიღო. კარლოს რეიგადასს ქართველ სცენარისტ და რეჟისორ ირაკლი კვირიკაძესთან ერთად კინოინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის  საპატიო “პრომეთეს” ჯილდო გადაეცემა.

კინოფესტივალის პროგრამაში გამორჩეულია ასევე ევროპული ფორუმი, რომელშიც აღმოაჩენთ კინოინდუსტრიის ისეთ ნამუშევრებს, როგორიცაა ფრანგი რეჟისორის, სელინ სციამას ისტორიული დრამა “ალმოდებული ქალის პორტრეტი”, რომლის პრემიერაც BFI London Film Festival-ზე შედგა, ხოლო კანის კინოფესტივალზე წელს საუკეთესო სცენარის ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმი XVIII საუკუნის ფრანგულ ესთეტიკას აცოცხლებს, რომელიც ორი ქალის სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. მაყურებელს ასევე შესაძლებლობა ექნება იხილოს ძმები დარდენების კანის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გამარჯვებულთა ახალი ფილმი “ახალგაზრდა აჰმედი”, რომელიც საშიში იდეოლოგიით დაინტერესებული, ბელგიაში მცხოვრები მუსლიმი ბიჭის შესახებ მოგვითხრობს.

ევროპულ ფორუმში მოხვედრილი ფილმებიდან გამორჩეულია ასევე შვედი რეჟისორის, როი ანდერსონის ფილმი “უსასრულობის შესახებ”, რომელმაც ვენეციის კინოფესტივალის ბიენალეს პრემია ვერცხლის ლომი საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში დაიმსახურა. 76 წუთში ჩატეული უსასრულობის ბანალურად მეოცნებე ისტორია მაყურებელს გამოცდილებათა კალეიდოსკოპში ამოგზაურებს.

ვან შაოშეის 2019 წლის ფილმი “მშვიდობით, ჩემო ბიჭო!” კინოფესტივალის ჰორიზონტების პროგრამის ნაწილია, რომელიც ჩინეთის ერთი შვილის პოლიტიკისა და კულტურული რევოლუციის ზიანის შესახებ მოგვითხრობს. ფილმი ბერლინის 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს დათვისთვის იბრძოდა. 

კანადელი რეჟისორის, ქსავიერ დოლანის ახალი ფილმის – “მათიასის და მაქსიმის” მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა, რომლის ჩვენებაც კინოთეატრ “ამირანში” თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება. “მათიასი და მაქსიმი” ორი საუკეთესო მეგობარი ბიჭის ურთიერთობაზე საუბრობს, რომელსაც კრიტიკოსებმა “გულწრფელი რომანსი” უწოდეს.

კინოფესტივალის პროგრამაში “ამერიკები” ლულუ ვანგის ახალ ფილმს “გამომშვიდობებასაც” აღმოაჩენთ, რომელიც, როგორც ცნობილია, რეჟისორის ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა. ფილმმა Sundance London-ზე და Atlanta Film Festival-ზე ნომინაციაში “აუდიტორიის რჩეული” გაიმარჯვა. 

ტონი რიჩარდსონის 1962 წლის ფილმი “გრძელ დისტანციაზე მორბენალის მარტოობა” კინოფესტივალის ბრიტანული რეტროსპექტივის ნაწილია, რომელიც მძარცველი მეამბოხე ახალგაზრდის ისტორიას მოგვითხრობს. ტონი რიჩარდსონმა Italian National Syndicate of Film Journalists-ზე საუკეთესო უცხოელი რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა. 

ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე


რეკომენდებული სტატიები
Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება
1-ლ დეკემბერს კინოთეატრ "ამირანში "თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. 8 დეკემბრის ჩათვლით ჟურნალი Hammock თიბისი სტატუსთან ერთად აქტიურად გააშუქებს ფესტივალის მიმდინარეობას, თვალი ადევნეთ ჩვენი ჟურნალის ინსტაგრამ გვერდსაც
Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორია

Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორია

Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორია
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეოცედ ტარდება, 2000 წელს დაარსდა და დღემდე კინოს სამყაროში მოღვაწე უამრავ რეჟისორს და მსახიობს უმასპინძლა
Hammock x თიბისი სტატუსი - რას ვნახავთ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე?

Hammock x თიბისი სტატუსი - რას ვნახავთ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე?

Hammock x თიბისი სტატუსი - რას ვნახავთ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე?
თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა უკვე ცნობილია. შეგახსენებთ, რომ წელს Hammock თიბისი სტატუსთან ერთად გაგიძღვებათ კინოფესტივალზე და შემოგთავაზებთ საინტერესო ინტერვიუებს, სტატიებს, ფოტოსესიებსა და ინსტაგრამ ჩართვებს
მარტინ სკორსეზეს ფილმების მარათონი

მარტინ სკორსეზეს ფილმების მარათონი

მარტინ სკორსეზეს ფილმების მარათონი
თიბისი სტატუსი კინოთეატრ “ამირანთან” ერთად 16 ნოემბრიდან ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს ფილმების რეტროსპექტივას გვთავაზობს, სადაც მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში რეჟისორის საკულტო ფილმების ჩვენება გაიმართება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.