fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x თიბისი სტატუსი – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორია

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეოცედ ტარდება, 2000 წელს  დაარსდა და პირველი ორი წლის განმავლობაში ფესტივალ “საჩუქარის” ფარგლებში ტარდებოდა. მას შემდეგ, რაც ფესტივალს დახურვის საფრთხე დაემუქრა, 2002 წელს რამდენიმე თანამოაზრის: დავით ბუხრიკიძის, ლაშა ბაქრაძის, ნინო ანჯაფარიძის, ბესიკ დანელიას, გუგა კოტეტიშვილის, გაგა ლომიძისა და გიორგი ყაჯრიშვილის ერთობლივი ინიციატივით კინოხელოვნების ცენტრი “პრომეთე” დაარსდა, რომლის მთავარი მიზანიც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის შენარჩუნება იყო.  თავად ფესტივალის მიზნებს შორის კი მსოფლიოსა და ქართული კინომატოგრაფიის ახალი, მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ნამუშევრების წარდგენა და ქართული კინოინდუსტრიის განვითარებისთვის ხელშეწყობა იკვეთებოდა, რისთვისაც ყოველწლიურად პროფესიული შეხვედრები, მასტერკლასები, ვორკშოფები და რეტროსპექტივები იმართებოდა.

წლების განმავლობაში ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ახალი თაობის დებიუტანტი რეჟისორების აღმოჩენა და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსია, რომელზე წარდგენილ ფილმებსაც 5 წევრისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური აფასებს.  საკონკურსო პროგრამის გარდა ფესტივალზე მისულ მაყურებელს რამდენიმე სხვადასხვა სექციის გაცნობა შეუძლია. მათ შორისაა “ევროპული კინოფორუმი”, ასევე “ჰორიზონტები”, რომელიც აზიიდან, აფრიკიდან, ავსტრალიიდან თუ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან საუკეთესო ფილმებს აერთიანებს. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე  განსაკუთრებული ყურადღება ქართულ კინემატოგრაფს ეთმობა, სექციაში “ქართული პანორამა” მაყურებელმა დღემდე უამრავი მხატვრული, დოკუმენტური თუ ანიმაციური ფილმი იხილა.

ფესტივალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სექცია “რეჟისორი ფოკუსში”, რომლის ფარგლებშიც მაყურებელს საშუალება აქვს სტუმარი რეჟისორის ფილმების რეტროსპექტივა იხილოს და ჩვენების შემდეგ მასთან შეხვედრასაც დაესწროს. წელს ფესტივალის სტუმრები რეჟისორ კარლოს რეიგადასს შეხვდებიან და მის შემოქმედებას გაეცნობიან. წინა წლებში კი ფესტივალს სტუმრობდნენ ცნობილი რეჟისორები: სერგეი ლოზნიცა, ლეოს კარაქსი, ჰიუ ჰადსონი, ულრიკე ოტინგერი, ბობ რაფელსონი, მაიკ ლი, ჯო რაიტი, პატრიკ კაზალსი.

ფესტივალის დაარსებიდან მოქმედებს სექცია “სპეციალური ჩვენება”,  რომლის პროგრამა ხშირად ღირსშესანიშნავ თარიღებსაც ეხმაურება, მაგალითად, გასულ წლებში ფესტივალმა  ნატა ვაჩნაძისა და მიხეილ კალატოზიშვილის 100 წლის იუბილე, სერგო ფარაჯანოვის 80 წლის იუბილე, მიხეილ კობახიძისა და ირაკლი კვირიკაძის 70 წლის იუბილეები აღნიშნა.  გარდა ამისა, ყოველი წლის დეკემბერში კინოფესტივალს კინოსამყაროს არაერთი ცნობილი რეჟისორი, პროდიუსერი თუ მსახიობი სტუმრობს. გასული წლების განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს შორის ისეთი სახეები იყვნენ, როგორებიც არიან: მარგარეტე ფონ ტროტა, ბობ რაფელსონი, ვანესა რედგრეივი, ლეოს კარაქსი, გრეტა სკაკი, მაიკ ლი, ქშიშტოფ ზანუსი, მიკა კაურისმიაკი, ფრანკო ნერო, ბრუნო დიუმონი, ჰიუ ჰადსონი, ჯაფარ პანაჰი, მარიამ დ’აბო, ფრენკ როდამი, სერგეი სოლოვიოვი, იესიმ უსტაოღლუ, ჰელმა ზანდერს-ბრამსი, ჯო რაითი, ჯიმ სტარკი და სხვები. კინოფესტივალს ასევე სტუმრობდნენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი კინემატოგრაფისტები: ოთარ იოსელიანი, მიხეილ კობახიძე, ირაკლი კვირიკაძე, ნანა ჯორჯაძე, ნინო კირთაძე, მიხეილ კალატოზიშვილი, დიტო ცინცაძე, მერაბ ნინიძე და სხვები.

გარდა რეჟისორისა, ფესტივალი ყოველწლიურად  საკუთარ “ფოკუსში” ქვეყანასაც ირჩევს, წელს ასეთი ქვეყანა დიდი ბრიტანეთი იქნება, თუმცა გასულ წლებში მაყურებელმა იტალიური, ფრანგული, პოლონური, უნგრული, შვეიცარიული და სხვა ქვეყნების გამორჩეული კინოსურათები იხილა. გარდა ამისა, ფესტივალი საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, ყოველწლიურად საზოგადოებისთვის აქტუალურ პრობლემას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, გასულ წლებში კინოფესტივალის მთავარი თემა ეკოლოგია, ქალთა უფლებები და  პოლიტიკა იყო, რომლის ფარგლებშიც მაყურებელს საშუალება ჰქონდა ფესტივალის სპეციალურ ჩვენებებსა და დისკუსიებს დასწრებოდა.

 მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი სულ მალე, 1-ლ დეკემბერს დაიწყება და მას ალფრედ ჰიჩკოკის ფილმი “შანტაჟი” გახსნის. წლევანდელი  ფესტივალის სექციებში – „ევროპული კინოფორუმი“, „ამერიკები“, „ჰორიზონტები“, „რეჟისორი ფოკუსში“, „ქვეყანა ფოკუსში“, „ქართული პანორამა“, „აპოლო: კინომეხსიერება“ და „განსაკუთრებული კინოჩვენებები” – განაწილებული 100-მდე ფილმის პროგრამა უკვე ცნობილია. გარდა ამ სიისა,  მეოცე კინოფესტივალი გამორჩეული იქნება იმითაც, რომ წელს კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო “პრომეთეს” ქართველი სცენარისტი და რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე და მექსიკელი რეჟისორი კარლოს რეიგადასი მიიღებენ.



ავტორი: გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება
1-ლ დეკემბერს კინოთეატრ "ამირანში "თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. 8 დეკემბრის ჩათვლით ჟურნალი Hammock თიბისი სტატუსთან ერთად აქტიურად გააშუქებს ფესტივალის მიმდინარეობას, თვალი ადევნეთ ჩვენი ჟურნალის ინსტაგრამ გვერდსაც
Hammock x თიბისი სტატუსი - რას ვნახავთ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე?

Hammock x თიბისი სტატუსი - რას ვნახავთ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე?

Hammock x თიბისი სტატუსი - რას ვნახავთ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე?
თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა უკვე ცნობილია. შეგახსენებთ, რომ წელს Hammock თიბისი სტატუსთან ერთად გაგიძღვებათ კინოფესტივალზე და შემოგთავაზებთ საინტერესო ინტერვიუებს, სტატიებს, ფოტოსესიებსა და ინსტაგრამ ჩართვებს
მარტინ სკორსეზეს ფილმების მარათონი

მარტინ სკორსეზეს ფილმების მარათონი

მარტინ სკორსეზეს ფილმების მარათონი
თიბისი სტატუსი კინოთეატრ “ამირანთან” ერთად 16 ნოემბრიდან ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს ფილმების რეტროსპექტივას გვთავაზობს, სადაც მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში რეჟისორის საკულტო ფილმების ჩვენება გაიმართება
თიბისი სტატუსი X ამირანი - კვენტინ ტარანტინოს ფილმების მარათონი

თიბისი სტატუსი X ამირანი - კვენტინ ტარანტინოს ფილმების მარათონი

თიბისი სტატუსი X ამირანი - კვენტინ ტარანტინოს ფილმების მარათონი
TBC Status-ისა და კინოთეატრ “ამირანის” ერთობლივი ინიციატივით ყოველთვიურად ლეგენდარული კინოკლასიკოსების ფილმების ჩვენება გაიმართება. 3 აგვისტოდან მომდევნო ოთხი დღე მათგან სწორედ ერთ-ერთს - კვენტინ ტარანტინოს დაეთმობა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.