fbpx
გააზიარე სტატია

“გამოსახულების მიგრაცია” – ინტერვიუ ხელოვან კოკა რამიშვილთან

კოკა რამიშვილი დაიბადა 1956 წელს თბილისში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ინდუსტრიული დიზაინის, არქიტექტურის და კინემატოგრაფიის მიმართულებით. კოკა რამიშვილი ქართული თანამედროვე სახელოვნებო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.

1994 წელს ის იყო თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის თანადამფუძნებელი, ასევე ვიზუალური ლაბორატორიისა და სახელოვნებო ჟურნალის, “სიგნალის “ დამფუძნებელი. კოკა რამიშვილის ნამუშევრები ძირითადად ინტერდისციპლინარულ პრაქტიკას და პოეტურ სტრუქტურულ პლატფორმას ეფუძნება.

1990 წლიდან კოკა რამიშვილი ხდება სოლო და ჯგუფური გამოფენების აქტიური მონაწილე ბერლინსა და გლაზგოში, ბრისტოლსა (Arnolfini) და მიუნხენში (Häusler Contemporary Gallery). 1997 წელს გახდა  ბაუჰაუსის და შტუტგარტის Akademie Schloss Solitude-ის ჯილდოს ლაურეატი, ვიდეოინსტალაციისთვის – “სიგნალი”.

2000 წლიდან ის ჟენევაში გადადის საცხოვრებლად. ამ პერიოდიდან მის ნამუშევრებს მასპინძლობს ევროპის სხვადასხვა კულტურის ცენტრი: Tate Modern (ლონდონი), MAMCO (ჟენევა), გოეთეს ინსტიტუტი ბერლინში, Musée des Beaux-Arts (ნანტი), Museum Folkwang (ესენი), M KHA Contemporary Art Museum (ანტვერპენი), Musée des Beaux-Arts (ნანსი), Cobra Museum (ამსტერდამი) და სხვ.
2009 წელს მისი ინსტალაცია წარდგენილი იყო ვენეციის, 53-ე ბიენალეზე, საქართველოს პავილიონში. ამჟამად ხელოვანი ცხოვრობს და მუშაობს ჟენევაში.

Hammock Magazine გთავაზობთ ინტერვიუს ხელოვან კოკა რამიშვილთან

 

ნ.პ.:  1992 წელს ბრისტოლში, არნოლფინის გალერეაში, გამოფენაზე “სიცხე და კონტაქტი” წარმოდგენილი იყო თქვენი ნამუშევარი  “ბოლო გალერეა”, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია ფორმითაც და კონცეფციითაც. ეს ის პერიოდია, როდესაც ინსტალაციაზე მუშაობის პრაქტიკა ნელ-ნელა იწყება  და ამასთან, მიმდინარეობს ნამუშევრის სივრცეში გააზრების პროცესები. გვესაუბრეთ ნამუშევარზე “ბოლო გალერეა”.

კ.რ.:  გამოფენისთვის მზადება 1990  წელს დაიწყო, 1992 წელს კი ბრისტოლში გაიხსნა. ამისთვის ორი წლის განმავლობაში ვემზადებოდით – თბილისში ჩამოსული იყო სიუზანა რეიდი, ბრისტოლის არნოლფინის გალერეის კურატორი.

ეს გამოფენა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან პირველ პროფესიონალურ დონეზე შესრულებულ ექსპოზიაციას წარმოადგენდა. 7 მხატვარი ვმონაწილეობდით – შურა ბანძელაძე, მამუკა ჯაფარიძე, ნიკო ცეცხლაძე, გია ეძგვერაძე, ოლეგ ტიმჩენკო, გია რიგვავა, ილიკო ზაუტაშვილი და მე.

გამოფენა საკმაოდ  რთულ ვითარებაში მზადდებოდა, თბილისში პოლიტიკური დაძაბულობა იყო, დაიწყო საზოგადოების გაყოფა…  ბრისტოლის გამოფენის პარალელურად, თბილისში, ქარვასლაში, ვამზადებდით გამოფენას, რომელიც 7/8 იანვარს გაიხსნა. ამას იმიტომ ვყვები, რომ კონტექსტი საკმაოდ მძიმე იყო, სამოქალაქო დაპირისპირების  ნიშნები იგრძნობოდა, ომიც იყო. და ზუსტად 6 იანვარს დამთავრდა.

რაც შეეხება  “ბოლო გალერეას” – Last Gallery-ის, ნამუშევარში გამოვიყენე  სამი მასალა: საომარი ბრეზენტი, ხის კვეჩარჩოები და ტემპერა –  მწვანე პიგმენტი.  Last Gallery-ში მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ტილო, რომელზეც  გამოსახულება უნდა ყოფილიყო, ტრანსფორმირდა ხაზში, საბოლოოდ კი ეს დაჭრილი ხაზები ერთ ადგილას მოგროვდა, ნამუშევარმა კედლიდან ძირისკენ გადაინაცვლა – ის, რაც ორგანზომილებიანი ფერწერა იყო, სამგანზომილებიანი  გახდა. 

სიცარიელე მხატვრისთვის არ არსებობს. არც კვანტური მექანიკისა და ფიზიკისთვის არსებობს სიცარიელე. ეს ის ადგილია, სადაც მომავალი იმუხტება, მომავალი ნამუშევარი და ზოგადად მომავლის სურათი.

ნ.პ.: თქვენს ფერწერულ ნამუშევრებში მკაფიოა ხელწერა, სადაც სიუჟეტები თუ პეიზაჟები ფრაგმენტულად არის წარმოდგენილი, ამასთან მნახველს ცარიელ, თეთრ სივრცეს უტოვებს, გვესაუბრეთ თქვენს ფერწერულ ნამუშევრებსა და მათ კონცეფციაზე.

კ.რ.: გამოსახულება შრეა, თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ შრის მიღმა, იქ იმოგზაუროთ, მაგრამ ის მაინც შრედ რჩება.
კვანტურ მექანიკასა და ფიზიკაში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ და წარმოვიდგინოთ კიდეც, რომ არსებობს პარალელური სამყაროები, მაგრამ სხვა გზით განვითარებული, პარალელური სამყარო უამრავია. ამიტომ, პარალელურ სამყაროს და სივრცეებს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ ამ ნამუშევრებში.
თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ეს არის სამყარო… პეიზაჟი და ვხედავთ მას, ჩვენ შეგვიძლია ის გავწიოთ და დავინახავთ, რომ ეს გამოსახულება – (პეიზაჟი) – სრიალებს როგორც შრე და არსებობს როგორც შრე, რომლის უკან არის მეორე შრეც, რომელიც ამ შემთხვევაში უფრო აბსტრაქტული, უფრო თეთრი სინათლით სავსე და ჩვენთვის გაუცნობიერებელია.
მეორე ასპექტი ის არის, რომ ხელოვნების ისტორიიდან და ფერწერის ისტორიიდან შემოდის ფიგურალურობის მომენტი, პეიზაჟი ერთ შრეს ქმნის, ხოლო აბსტრაქტულობა მეორეს. მე მინდა მაყურებელს ვაჩვენო, რომ გამოსახულება, რომელსაც ის ხედავს, როგორც ფანჯარას, ეს არის შრეც, რომლის გაწევაც შეიძლება და იმის ნახვა, თუ რა არის მის მიღმა.

ნ.პ.: მუშაობთ ძირითადად 4 სახელოვნებო მედიუმში და ამასთან, ყოველ მათგანში იკითხება თქვენი ხელწერა. არის რომელიმე მედიუმი, რომელში მუშაობისასაც განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობთ თავს?

კ.რ.: 20 წელია ინტერდისციპლინარული მეთოდით ვმუშაობ, თუ დავუბრუნდები ჩვენს დიალოგს Last Gallery-ზე, სადაც ინსტალაციაზე ვსაუბრობდით… ამ ნამუშევარში ფერწერა ტრანსფორმირდა ქანდაკებაში და ინსტალაციაში, რაც აშკარად ჩანს, ანუ ერთი მედიიდან, ერთი დისციპლინიდან ტრანსფორმირდება მეორეში, ანუ ეს მომენტი თავიდანვე ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. როგორ ხდება ეს ჯადოსნური გადასვლა ერთი სივრციდან მეორე სივრცეში, ერთი დისციპლინიდან მეორე დისციპლინაში, ორგანზომილებიანიდან სამგანზომილებიანში, მაგალითად, ფერწერიდან ქანდაკებაში. რაც შეეხება 4 ძირითად მედიუმს, მე დავიწყე, როგორც ფერმწერმა, ფერწერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, აკადემია დავამთავრე, შემდეგ კი კინოხელოვნებაზე ვმუშაობდი, მერე ტალინში გავაგრძელე გრაფიკის სწავლა. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან ფერწერას არ ვაკეთებდი, როგორც ფერმწერი, ვფიქრობდი, როგორც გრაფიკოსი, და ვფიქრობდი, როგორც კინემატოგრაფის მხატვარი, თავიდანვე ასე იყო – როცა სტუდენტი ვიყავი, 1991 წელს, ჩემს ნამუშევრებში ფოტოგრაფია შემოვიდა, ძალიან მკაფიოდ და ძლიერად, ამ დროს გადავიღე “ომი ჩემი ფანჯრიდან”, რომელიც როგორც ფოტოგრაფიული, ისე კინემატოგრაფიული ნამუშევარია. ამ ნამუშევარში კადრი პრაქტიკულად არ იცვლება, მაგრამ იცვლება დღეები, სინათლე და ჰაერის მოძრაობა.
ამ პროცესს ზოგადად გამოსახულების მიგრაციას ვუწოდებ, ერთი მედიუმიდან მეორე, მესამე და მეოთხე მედიუმებში.
მიგრაციის პროცესი ძალიან საინტერესოა – როგორ შეიძლება “იცხოვროს” ერთმა და იმავე გამოსახულებამ სხვადასხვა მედიუმში, სიტყვაზე, როგორ შეიძლება ჩვეულებრივმა ნატურმორტმა, პორტრეტმა ან თუნდაც ნახატმა იცხოვროს ქაღალდზე, იცხოვროს მოძრავ გამოსახულებაში ან იცხოვროს ფოტოგრაფიასა და ქანდაკებაში. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა… რომელ დისციპლინაში და მედიუმში არის ეს იდეა უფრო ჩამოყალიბებული, სად უფრო ჩანს ორიგინალთან ან ჩანაფიქრთან მიახლოვება?
რაღაცისთვის ფანქარი უფრო კარგია, რაღაცისთვის ფოტოგრაფიაა უკეთესი, ეს პროცესები – გამოსახულების მიგრაციის – ქმნის საინტერესო რეჟიმებს და პლატფორმებს. იმისთვის, რომ აღმოაჩინო, როგორ ცვლის გამოსახულება მედიუმს და როგორ იცვლება თვითონ, ეს მომენტები ჩემთვის ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო.
კითხვაზე – რომელ მედიუმში მუშაობისას ვგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად, გამიჭირდება პასუხის გაცემა. ეს პროცესია, როდესაც იწყებ მუშაობას, პროცესში შედიხარ, იწყება დაძაბულობა, რომელიც უნდა გადალახო, ასეა ყველა მედიუმთან მუშაობისას. მე შემიძლია ვთქვა, რომ ოთხივე მედიუმში მუშაობისას კომფორტულად ვგრძნობ თავს, უბრალოდ, უნდა აღვნიშნო, რომ 7 წელიწადია კონცენტრირებულად ვმუშაობ ფოტოგრაფიაში, ფერწერასა და ქანდაკებაში.

ნ.პ.: ბოლო დროს მუშაობთ შავ-თეთრ ფოტოებზე, რა არის ყველაზე ხშირად თქვენი დაკვირვების ობიექტი?

კ.რ.: ჩემთვის მთავარი საკვლევი თემაა სინათლის ფენომენი ფოტოგრაფიაში, ანუ როგორ მუშაობს სინათლე. ამიტომ მე სპეციალურ ტექნოლოგიას ვიყენებ, ასევე მაქვს სპეციალური ლინზა, აპარატიც სპეციფიკური მაქვს, რომელსაც მხოლოდ შავ-თეთრი სენსორი აქვს, RGB-ის “ლეიერი” არა, მხოლოდ ერთი “ლეიერი” აქვს, რომელიც კონცენტრირებულია მარტო სინათლეზე და არა სპექტრალურ ასპექტზე, რაც მაძლევს საშუალებას მაქსიმალურად მივიღო ის ინფორმაცია, რაც სინათლის ტრასფორმაციას ეხება. და ეს პროცესი საკმაოდ ახლოს დგას იმ ფერწერულ ფენომენთან, რომელიც არსებობს. მაგალითად, როგორც ფერწერაში ხდება ფერების გადასვლა, სინათლის გადასვლა სიბნელეში და ასე შემდეგ, ამიტომ მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შავ-თეთრი ნამუშევრები აბსტრაქტულ ფერწერასთან დგას, როგორც ფენომენი. რახან ჩემთვის გადამწყვეტი სინათლის ფენომენია და არა სიუჟეტი, ეს მეორეხარისხოვანია, მაგრამ სინათლის გრადაციის ფენომენი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ფოტოგრაფიაში, ჯერ ვაკეთებდი ქანდაკებას მუყაოსგან, ეს ქანდაკება კი ფოტოგრაფიისთვის კეთდებოდა, შემდგომ ამ ქანდაკებებით ვაწყობდი მიზანსცენებს და ვიღებდი. მერე კი ამ ყველაფერს წარმოვადგენდი, როგორც ორგანზომილებიან ფოტოგრაფიას.
სამგანზომილებიანი ქანდაკება კეთდება იმისთვის, რომ საბოლოოდ ის იქცეს ორგანზომილებიან გამოსახულებად ფოტოგრაფიაში.
ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროცესით, საკმაოდ ღრმა რამეს მივაგენი. გარდა ამისა კმაყოფილი ვიყავი იმ პროცესთან მიბრუნებით, რაც საერთოდ დავიწყებული მქონდა. ეს არის დავიწყებული კულტურული ასპექტი, მაგალითად, ნატურმორტი. ეს მომენტი კლასიკურ ნატურმორთან მიმართებაში პარადოქსულია, რადგან ყველა ჩემი ნატურმორტი მოძრაობს, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება კლასიკური ნატურმორტის კონცეპტს, ანუ (Still Life-ს) გაჩერებულ სიცოცხლეს, რადგან მე ვიტყოდი, მოძრავ ცხოვრებას (Mooving life) ვაკეთებ.

ნ.პ.: როგორ დაიწყეთ ვიდეოსთან მუშაობა? გვესაუბრეთ თქვენს პირველ ვიდეო ნამუშევარზე?

კ.რ.: ვიდეოსთან დაკავშირებული ემოციები საკმაოდ მძაფრია. მახსოვს, პირველად როგორ მინდოდა მოძრავი გამოსახულების გაკეთება, 87-ში გადავიღე მარჯანიშვილის სახელოსნო, სადაც მამუკა ცეცხლაძე, მამუკა ჯაფარიძე, ნიკო ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, მე და სხვა მხატვრები ერთად ვმუშაობდით.
ეს ვიდეო უფრო მოძრავი დოკუმენტაცია იყო იმისა, თუ რა ხდებოდა მარჯანიშვილის ჯგუფში. რაც შეეხება უფრო ფუნდამენტურ ნამუშევარს, ეს იყო “ სიგნალი”, რომლის პლატფორმაც გოეთეს ფერების თეორიას უკავშირდება.
არა ფერების სპექტრული ანალიზი, არამედ ჩვენი ეთიკური და მორალური დამოკიდებულება ფერებთან. ამ ვიდეოში მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ფერი წარმოადგენს ცალკე ემოციას, ჩვენი ცხოვრების ფასეულობას.
საინტერესო ის არის, რომ, მაგალითად, თუ ჩვენ მწვანე ფერს ვუყურებთ თეთრ ქაღალდზე, შემდგომ ამ მწვანე ფერს ვიღებთ და ისევ შევხედავთ ამ ქაღალდს, ჩვენ გვექნება წითელი ფერი, სადაც მწვანე იყო. ჩვენ ვხედავთ პარადოქსულ სიტუაციას, რაც ჩვენში ხდება. ის, რომ, მაგალითად, ჩვენ ერთზე ვფიქრობთ და მეორეს ვაკეთებთ, რომ ერთს ვხედავთ და სინამდვილეში ეს რაღაც შეიძლება სულ სხვა რამ იყოს, ანუ ეს საწინააღმდეგო მდგომარეობა, რაც ადამიანში არსებობს, ეს მინდოდა ფერების დახმარებით გამომეხატა, როგორც მოძრავი გამოსახულება, რიტმში, მობილურად და ინტენსიურად.
ამ ნამუშევარს დავარქვი “სიგნალი”, სადაც შენ შიგნით მუდმივად მიმდინარეობს საწინააღმდეგო პროცესები და შემდგომ ამბობ Follow Yourself, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ შენ მაინც საკუთარ თავს უნდა გაჰყვე იმ რთულ პროცესებში, რაც შენში ხდება.

ნ.პ.: გვესაუბრეთ ნამუშევარზე “Lost Landscape”

კ.რ.: ფერწერა, რომელიც იყო “გაწეული” ტილოზე, ნელ-ნელა სხვა სახით გადავიდა სივრცეში და გახდა პატარა ქანდაკება, “დაკარგული პეიზაჟები”, ეს არის ხეზე შესრულებული პატარა ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც სივრცეში მუსიკალური კომპოზიციის სახით დაბლა ან კედელზე მაგრდება და ამ სივრცეში მელოდიური ელემენტი შეაქვს, მაგრამ ძალიან მკაფიოდ არის დაკავშირებული ფერწერასა და ქანდაკებასთან.
საბოლოოდ ჩემს ნამუშევრებში ფოტოგრაფია, სკულპტურა ორგანზომილებიანი ხდება, ფერწერაში გამოსახულება ორგანზომილებიანიდან გადადის სამგანზომილებიანში, ქანდაკებაში, ხატვა გადადის მოძრავ გამოსახულებაში. პრაქტიკულად აქ ყველა – 4 მედიის რესურსი არის ამოქმედებული – ფერწერა, ქანდაკება, ფოტოგრაფია და მოძრავი გამოსახულება, ანუ ვიდეო.

ნ.პ.: რა გავლენა იქონია თქვენი, როგორც ხელოვანის ფორმირებაზე დასავლეთში ემიგრაციამ?

კ.რ.: აქ რამდენიმე ასპექტია: ადამიანი როდესაც დაიბადა ქვეყანაში, არ აქვს მნიშვნელობა სად – გერმანიაში, ამერიკაში თუ ავსტრალიაში, ეს ადამიანი იმ ქვეყნის კონტექსტში ვითარდება.
მეორე არის ის, რომ ადამიანი ჩადის უცხო ქვეყანაში, როდესაც ის ახალგაზრდაა, იქ განათლებას იღებს, პროფესიას ეუფლება და ეს კულტურული პროცესების ნაწილი ხდება, იქ ხდება მისი ჩამოყალიბება, როგორც ინდივიდუალური პიროვნების.
მესამე ასპექტია, როდესაც ადამიანი ერთ ქვეყანაში ყალიბდება, შემდგომ მეორე ქვეყანაში ჩადის და იქ განაგრძობს ცხოვრებას, როგორც ზრდასრული, ერთვება კულტურულ დინამიკაში და მოძრაობს. მე მივეკუთვნები ადამიანების ბოლო ჯგუფს. უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი ჩამოვედი აქ და წარმოვადგენ გამოცდილებას თუ მეთოდს, რომელიც საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კავშირის პერიოდში და ახლაც ყალიბდება ლოკალურად.
მიგრაციის პროცესები ახლა არ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო, მაგრამ არც ისეთია, როგორიც 10 წლის წინ, ის სულ იცვლება. საქმე მხოლოდ კულტურულ მიგრაციას არ ეხება, კულტურული მიგრაცია ნაკლებად მტკივნეულია, რაც შეეხება ეკონომიკურ მიგრაციას, აქ უკვე სხვა საკითხები დგება. რაც შეეხება მხატვრებს,
მე შემიძლია ვთქვა, რომ მიგრაცია, როგორც ასეთი, ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალური თვალსაზრისით, საბოლოოდ ის საკმაოდ ბევრ დადებით შედეგს იძლევა.

რაც შეეხება ეკონომიკურ ასპექტს, ეს სირთულეებთან არის დაკავშირებული, ეკონომიკურად თუ არ ხარ დამოუკიდებელი, მაშინ ვერ იქნები თავისუფალი ხელოვანი. ამიტომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს მომენტი.
რაც შეეხება სოციალურ ასპექტს, აქაც იყოფა, ვინც აქ დაიბადა, აქ დაასრულა სწავლა, ეს სხვა მოცემულობაა, ის უკვე თავიდანვე არის ფორმირებული დასავლეთის კლიშეებზე და უფრო მეტი შანსი აქვს ყურადღების ცენტრში მოხვდეს. ჩემი პოზიცია განსხვავებულია, მე წარმოვადგენ აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის სინთეზურ გამოცდილებას. ასევე დღემდე ვმუშაობ ”ხიდის” რეჟიმში, ლექციები მაქვს სტუდენტებთან საქართველოში, ისევე როგორც აქ. გაცვლითი პროგრამა გვქონდა ჟენევის უმაღლესი სამხატვრო სკოლის ჯერ აკადემიასთან, მერე თანამედროვე ხელოვნების ცენტრთან.

ნ.პ.: გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე

კ.რ.: რაზეც ახლა ვმუშაობ, არის სამომავლო გამოფენა ცისფერ გალერეაში. წელს, ჩემი თბილისში ყოფნისას, შევხვდი გალერეის დირექტორს და ვაპირებ წიგნის გამოცემას ჩემი ბოლო 4 წლის მუშაობაზე ფოტოგრაფიაში.
გალერეის ქვედა სივრცეზე შევჯერდით, რომელიც მე ძალიან მომწონს, ამ სივრცეებს საკუთარი სპეციფიკა აქვთ.
ვფიქრობ, პროექტის გაკეთებას თეონა ჯაფარიძესთან ერთად, ალბათ წარმოვადგენ ერთი სპექტრის ნამუშევრებს და ვიფიქრებ მათ რეპრეზენტაციაზე. ამ სივრცეში მინდა ერთი მხრივ, მინიმალურად, მაგრამ, მეორე მხრივ, სანახაობრივად საინტერესოდ წარვუდგინო საქართველოში დაინტერესებულებს და ჩემს მეგობრებს იმ გზის ნაწილი, რომელიც ასახავს ჩემს მუშაობას საქართველოს ფარგლებს გარეთ ბოლო 4 წლის განმავლობაში.

გაჰყევით კოკა რამიშვილის ინსტაგრამზე:

ხელოვანის ბიოგრაფიული ცნობათა ნაწილი: Propaganda.network

ავტორი: ნინა პატარიძე


რეკომენდებული სტატიები
ინტერვიუ ხელოვან თეა გვეტაძესთან

ინტერვიუ ხელოვან თეა გვეტაძესთან

ინტერვიუ ხელოვან თეა გვეტაძესთან
დასავლეთში ცხოვრებამ ჩემი თავი ჩემივე ხელით დამანგრევინა და მისი შენება თავიდან დამაწყებინა. ეს შენების პროცესი დღემდე მიდის და იმედია არ შეწყდება.
ინტერვიუ ხელოვან ლევან მინდიაშვილთან

ინტერვიუ ხელოვან ლევან მინდიაშვილთან

ინტერვიუ ხელოვან ლევან მინდიაშვილთან
ჩემი აზრით, სიახლის მოდერნისტული ფეტიში “საკუთარმა” ჩაანაცვლა: “პოსტ-“ და “რე-” (re-think, re-contextualize, re-write, re-invent) პერიოდებიც დასასრულს მიუახლოვდა, ის სამყარო უკვე თავისთავად ახალია, რომელშიც ახლა ვაბიჯებთ და ახალი გზების და გადაწყვეტილებების ნაცვლად ჩვენი “საკუთარის” მოძებნა გვჭირდება
მხატვრული არქეოლოგია

მხატვრული არქეოლოგია

მხატვრული არქეოლოგია
აბსტრაქტული სიუჟეტები, პერსონალური ინტიმური ნარატივები და პატრიარქალური კულტურის კრიტიკა ხელოვან მაია ნავერიანის შემოქმედებაში
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.