გააზიარე სტატია

ინტერვიუ Laboratory of Architecture #3-ის დამაარსებლებთან

როგორ დაინტერესდით არქიტექტურით?
ადრეულ ასაკში ნანახი სივრცეებისა და ნაგებობების მიმართ ცნობისმოყვარეობის მიზეზით.

 

როდის დააარსეთ Laboratory of Architecture #3? შეგიძლიათ განმარტოთ სტუდიის სახელწოდება?
სახელწოდება უფრო განმარტებაა, ვიდრე დასახელება და გულისხმობს იმას, რომ ვცდილობთ საქმის მიმართ გვქონდეს უფრო მეტად შემეცნებითი, ვიდრე მხოლოდ პრაქტიკული დამოკიდებულება.
ჩვენი საპროექტო სტუდია შეიქმნა 2005 წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. სამ მეგობარს, გარდა მეგობრობისა, გვქონდა საერთო შეხედულებები, გემოვნება, ხასიათი და ერთად რაღაცის გაკეთების სურვილი.

 

რა არის თქვენი დიზაინის ფილოსოფია?
დიზაინს, როგორც მედიუმს, შესწევს ძალა, იყოს საკმარისად სინთეზური და თავისუფალი საიმისოდ, რომ შეითავსოს და გამოხატოს პოლარულად განსხვავებული საზრისები და შეუთავსებელი საგნები.
ყველაზე ხშირად კონფლიქტი წარმოიშობა იმის გამო, რომ ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანს განსხვავებული და დაპირისპირებული ელემენტების ერთიან საგნად გაერთიანების საშუალება.
ერთი სიტყვით – შეუთავსებლის შეთავსება.
ვფიქრობთ, რომ ამის საილუსტრაციოდ გამოდგება პროექტი, რომლის მშენებლობაც უახლოეს მომავალში დაიწყება. საუბარია სამკურნალო კომბინატზე, ჭავჭავაძის გამზირზე. ამ ტერიტორიაზე დაკონსერვებულია შენობის შესასვლელი ნაწილი, ჩვენი ამოცანა იყო შეგვენარჩუნებინა ეს ძველი ფრაგმენტი, რომელიც იმავდროულად იქნებოდა სრულიად ახალი მთლიანობის ნაწილი.

არსებობს თუ არა კონცეფცია, რომელსაც უბრუნდებით ახალი პროექტის დაწყებისას?
არის რამდენიმე ასეთი მუდმივი კონცეფცია, მათ შორის ერთ-ერთია მცდელობა იმისა, რომ ჩვენი შენობები მივუსადაგოთ, არა მხოლოდ თავის ფიზიკურ კონტექსტს, არამედ იმავდროულად, მივაკუთვნოთ სხვა, ჩვენთვის ყველასთვის უფრო სასურველ რეალობას, რომელსაც პირობითად ჰქვია ,,სხვა საქართველო”.
ეს არ არის მხოლოდ ჩვენი იდეა. თუ დავაკვირდებით, ის აზრი რომ ქვეყანა შეიძლება იყოს ზუსტად ის, ოღონდ სხვაგან ან სხვა ბედით და ცოტა სხვანაირი, საკმაოდ გავრცელებულია ქართულ ხელოვნებაში. აქა-იქ ვხვდებით მას სხვადასხვა ავტორთან. ასეთი ორმაგი რეალობის მაგალითია თუნდაც აკა მორჩილაძის გამოგონილი კუნძული “სანტა ესპერანსა”.

 

თბილისის მედიათეკა საკმაოდ საინტერესო შენობაა. მის ფუნქციურ დანიშნულებას ხელი არ შეუშლია შენობის დიზაინისთვის. იყო ნომინირებული Architectural Daily-ს 2018 წლის შენობის ნომინაციაზე. შეგიძლიათ მოგვიყვეთ პროექტის შესახებ?
სინამდვილეში მედიათეკა, იგივე ბიბლიოთეკაა, ხოლო არქიტექტურის მიზანია ადამიანების წიგნების გარემოში მიპატიჟება, თუ გნებავთ – შეტყუება. ამისათვის შენობის გეომეტრია გარკვეული გაგებით უცნაურ სივრცულ ტრიუკებს მიმართავს, დაახლოებით ისეთივე ფუნქციით, როგორც ცხოველები ასრულებენ საქორწილო ცეკვას პარტნიორის მოსაზიდად და მათი ექსტრავაგანტული გარეგნობა ამას ემსახურება.
ასევე მნიშვნელოვანია კონტექსტი. ყოფილ კიკვიძის პარკს აკლდა კულტურული სივრცე, რაც შეიძლება გარკვეულწილად შეავსოს ამ ობიექტმა.

შეგიძლიათ გვესაუბროთ პროექტზე – სახლი კოჯორში?
პროექტი განეკუთვნება ისეთ არქიტექტურას, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის სურვილთან, რადაც უნდა დაუჯდეს, დასძლიოს რთულ ბუნებრივ პირობებში მშენებლობისა და ცივილიზაციასთან მოშორებით ცხოვრებისგან გამოწვეული სირთულეები, იმისათვის რომ დატკბეს წარმტაცი ხედებით. შენობის ფორმა კი ამ შეგრძნების გამძაფრებას ემსახურება. სამწუხაროდ ის არ განხორციელდა.

რა ტიპის პროექტებია თქვენთვის ყველაზე საინტერესო?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროექტები, რომელთა ამოცანაშიც იმთავითვე ჩადებულია შინაგანი წინააღმდეგობა. ფუნქციონალური ტიპოლოგიის თვალსაზრისით განსაკუთრებული პრეფერენციები არ გვაქვს. ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან იშვიათად გვიწევს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები პროექტირება.

 

ნამუშევარი, რომელსაც თქვენი არქიტექტურული კარიერიდან გამოარჩევდით…
მედიათეკა ვაკის პარკში. ერთი მხრივ, სასიხარულოა, რომ ეს შენობა საყვარელი და საჭირო ადგილი გახდა უამრავი ადამიანისათვის, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ ყოველდღიურად უარსდება მისი ფიზიკური მდგომარეობა.

 

გვესაუბრეთ არქიტექტურულ პროექტებზე ან არქიტექტორებზე, რომლებმაც გავლენა იქონიეს თქვენზე
ძალიან გვიყვარს მე-20 საუკუნის ბრაზილიური არქიტექტურა და ამავე დროს მიგვაჩნია, რომ უახლესი დროის ჰოლანდიელი არქიტექტორების ხედვებიც მოწინავეა ამ სფეროში.
ძალიან სასიხარულოა, რომ სულ ცოტა ხნის წინ თბილისის არქიტექტურის ბიენალემ შესაძლებლობა მოგვცა, ერთი საათის ინტერვალით მოგვესმინა ჯერ ჰოლანდიური OMA-ს წარმომადგენლისათვის, რომელიც უაღრესად საინტერესოა არქიტექტურასთან მიმართებაში გლობალური, პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტის მისეული ანალიზის გამო და შემდეგ კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ლეგენდარული ალექსანდრე ბროდსკისათვის, რომელიც პირველის საპირისპიროდ, საკუთრივ კერძო და განსაკუთრებულად კი მცირე ფორმის დიდოსტატია.

როგორია თქვენი სამუშაო პროცესი? ყველაზე ხშირად სად მუშაობთ?
ამ თვალსაზრისით თამამად შეგვიძლია დავიტრაბახოთ, რომ სამუშაო პროცესი უაღრესად სასიამოვნოა. ამას განაპირობებს პირველ რიგში ჩვენი კოლექტივი – რვა საუკეთესო ადამიანი და პროფესიონალი, ასევე ის პარტნიორები, რომლებთანაც წლებია გვაკავშირებს ძალიან ახლო პროფესიული და კოლეგიალური ურთიერთობა, ასევე ერთობლივად განხორციელებული პროექტების ისტორია. რაც შეეხება თითოეულ პროექტს, ვმუშაობთ გუნდურად. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველანი ვცდილობთ განვსაზღვროთ ძირითადი ამოცანები და გამოვიკვლიოთ მათი გადაწყვეტის გზები, რაც გვეხმარება შემოქმედებით პროცესში და როგორც წესი, ჩვენთვის მოულოდნელი და საინტერესო შედეგით მთავრდება.

 

რა არის მთავარი გამოწვევები დღეს არქიტექტორისთვის საქართველოში?
აღვირახსნილი ბულდოზერის მოთვინიერება, სანამ სამშვიდობოს გავალთ.
რამენაირად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი იმ კატასტროფიდან, რაშიც ჩვენი თავი ჩავაგდეთ. გვჯერა, რომ ეს გამოსავალი ახალ სამშენებლო და საპროექტო ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული.
თანამედროვე ადამიანს მეტი შეუძლია და მეტი სჭირდება, ხოლო დღეისათვის არსებულ სამშენებლო მასალებს, მათ შეზღუდულ შესაძლებლობებს, სამშენებლო პროცესის ხანგრძლივ ვადებს და მაღალ ფასებს მივყავართ სისტემურ ჩიხში, რისი გამოვლინებაცაა ის სიმახინჯე, რამაც სამშენებლო საქმიანობა ბოროტებად აქცია. შესაბამისად, უბრალოდ ტექნოლოგიური მოდერნიზაცია აქ უადგილოა, საჭიროა გარღვევა, ეს კი აღემატება საკუთრივ არქიტექტორების საქმიანობის ფარგლებს და უფრო გლობალური მასშტაბის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს.

რა რჩევას მისცემდით დამწყებ არქიტექტორებს?
პირიქით – დიდი სიამოვნებით მივიღებდით რჩევებს დამწყები არქიტექტორებისაგან.

 

გვესაუბრეთ სამომავლო გეგემებზე
როგორც მოგახსენეთ, უახლოეს მომავალში დაიწყება ჩვენი პროექტის მშენებლობა ჭავჭავაძის 5-ში. 1,5 ჰა ფართობის ტერიტორიიდან ორ მესამედზე მოეწყობა საზოგადოებრივი პარკი, ვფიქრობთ, რომ ასეთ ცენტრალურ ადგილას პარკის სახით ახალი გამწვანებული საჯარო სივრცის გაჩენა ამ პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია როგორც სარეკრეაციო თვალსაზრისით, ასევე როგორც კერძო მეპატრონის მხრიდან საზოგადოების საჭიროებისადმი მგრძნობიარე დამოკიდებულების პრეცენდენტი.
დღესდღეობით არსებული ქვაბულის ფართობზე, მიწის ზედაპირის ქვეშ, განთავსდება თანამედროვე ხელოვნების გალერეა, ხოლო ტერიტორიის უკანა ნაწილში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი. გალერეა ასევე მოიცავს გალაკტიონის მუდმივმოქმედ მემორიალურ ექსპოზიციას.
სტილისტური თვალსაზრისით სამედიცინო ცენტრის არქიტექტურა უფრო კონკრეტული საგანია, შენობის ზომებამდე გადიდებული Gadget, როგორც ერთგვარი თანამედროვე სამკურნალო “მოწყობლობა” – სამკურნალო კომბინატი.
რაც შეეხება გალერეას, მისი შესასვლელი იქნება უშუალოდ ჭავჭავაძის გამზირიდან, ძველი საავადმყოფოს პორტალის გავლით. ამ ნაწილის დღესდღეობით ჩამოჭრილი გვერდები, თავის მხრივ “შეხორცდება” ახალ წრიულ ნაგებობად, რომლის სახურავზეც მოეწყობა ტერასა, დამატებითი თავისუფალი საჯარო სივრცე.
ამავდროულად მიმდინარეობს თბილისის ისტორიულ ნაწილში რამდენიმე პროექტის მშენებლობა, რომელიც ასევე აქტიურ ფაზაშია.
ყველაზე დიდ სამომავლო ამოცანად კი მიგვაჩნია ასაკობრივთან ერთად პროფესიული სიმწიფის მიღწევა.

მეტი არქიტექტურის ლაბრატორიაზე: Laboratory of Architecture #3  

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე

ფოტო: Nakanimamasakhlisi Photo LAB


რეკომენდებული სტატიები
ინტერვიუ არქიტექტორ დავით გიორგაძესთან

ინტერვიუ არქიტექტორ დავით გიორგაძესთან

ინტერვიუ არქიტექტორ დავით გიორგაძესთან
აუცილებელია გარე სამყაროსთან და იქ მიმდინარე პროცესებთან კავშირი. იგულისხმება განვითარებულ ქვეყნებთან მეტი კონტაქტი და მათი გამოცდილების გაზიარება -  დრო რომ არ დავკარგოთ ბორბლის თავიდან გამოგონებაში.
ინტერვიუ არქიტექტორ ქეთუნა ყრუაშვილთან

ინტერვიუ არქიტექტორ ქეთუნა ყრუაშვილთან

ინტერვიუ არქიტექტორ ქეთუნა ყრუაშვილთან
ჩვენი ხედვა და მიზანი არქიტექტურაში არის ის, რომ სივრცე განვსაზღვროთ შუქისა და ფორმის ერთმანეთთან დიალოგის მეშვეობით. ყოველი პროექტისთვის შევქმნათ სპეციფიკური და უნიკალური გარემო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.