fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x Borjomi – ინტერვიუ დიზაინერ ლადო ბოკუჩავასთან

ლადო ბოკუჩავა დიზაინერის ამპლუაში პირველად  თბილისის მოდის კვირეულზე გამოჩნდა, 2013 წელს, რასაც პრესის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას შემდეგ მასზე ისეთი ცნობილი გამოცემები წერენ, როგორებიცაა Vogue და Harper’s Bazaar. ბრენდი მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე 2 ნოემბერს წარდგება, მანამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს დიზაინერ ლადო ბოკუჩავასთან. 

როგორ გაჩნდა პროფესია დიზაინერი შენს ცხოვრებაში?

 ჩემთვის პროფესიის არჩევა ბუნებრივი პროცესი იყო, რადგან ბავშვობიდან ვხატავდი, თუმცა, რომ წამოვიზარდე, ტანსაცმელზე ფიქრი  მერე დავიწყე. შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე ტანსაცმლის დიზაინის მიმართულებით და ამასობაში კიკალა-სტუდიოშიც მოვხვდი. ჩემი, როგორც დიზაინერის კარიერა “მატერიადან” იწყება, როდესაც ალექსანდრე  ახალკაციშვილთან ერთად ვმუშაობდი. 

პირველი ნამუშევრები თუ გახსენდება?

რაც მახსოვს, სახლში სულ რაღაც დიზაინს ვქმნიდი. დედაჩემმა კარგად იცის ტანსაცმლის კონსტრუირება, აბრეშუმის კომბინატში მუშაობდა საბჭოთა კავშირის პერიოდში და მის შემდგომ, და მახსოვს, ჰქონდა საკერავი მანქანა, აი ხელით რომ ატრიალებ, ისეთი. აბრეშუმის ქსოვილებს მიჰქონდა ჩვენი სახლი და მეც  სულ ვჭრიდი და ვკერავდი, თუმცა პირველ ნამუშევარს ვერ ვიხსენებ.

 2013 წელს გქონდა დებიუტი მოდის კვირეულზე. მოგვიყევი, რა სირთულეების წინაშე იდექი მაშინ, როდესაც პირველი კოლექცია შექმენი და რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა იმ დროს ახალბედა დიზაინერისთვის?

იმ დროს მოდა აღიქმებოდა, როგორც უნარი ხატვის და თემის განვრცობის. აკადემიაში სწავლის პერიოდშიც არავინ გვასწავლიდა იმ სიღრმეებს, რაც მოდის ინდუსტრიას და დიზაინერობას ახასიათებს.  მე ვფიქრობ, ყველაზე მარტივია, როდესაც პირველად აკეთებ კოლექციას და ბევრი არაფერი გაგეგება ამ სფეროს შესახებ. როცა 21 წლის ხარ, ნაკლები მოვალეობები გაქვს და ბევრის აზრიც არ გაინტერესებს, უბრალოდ აკეთებ იმას, რაც გსიამოვნებს და მოგწონს, რაც ყოველთვის ეფექტურია. 

ყველაზე რთული იყო ალბათ ის, რომ  ფიზიკურად ბევრს ვშრომობდი, რადგან მინდოდა ყველაფერში ჩავრეულიყავი, ჩემი ხელით გამეკეთებინა. თუმცა ჩვენების დღეს არც კი ვნერვიულობდი და ეს არავის სჯეროდა. ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი ინფორმაცია გაქვს, მით უფრო რთულია იყო ისევ ისეთი საინტერესო, რადგან კომერცია და გაყიდვები ყველა დიზაინერის შემოქმედებაში დიდი დოზით შემოდის.

 რა არის შენი შთაგონების ძირითადი წყარო?

არსებობს შთაგონების იდეალური შემთხვევა, თუმცა ჩემს შემთხვევაში, სამწუხაროდ, დროის დეფიციტის გამო ყველაფერი დაკავშირებულია თარიღებთან და ვადებთან. მივდივარ, ვარჩევ ქსოვილებს და შემდეგ ვცდილობ რაიმე საინტერესო შევქმნა. ისე არ ხერხდება, რომ დავჯდე და მუზას დაველოდო. მე მგონია, რომ ადამიანი ყოველდღიურად ვითარდება, ახალ რაღაცებს ნახულობს და აქედან მოდის შთაგონებაც. ჩემს შემთხვევაშიც ეს ბუნებრივად ხდება, თუმცა არ მიყვარს, როდესაც ნამუშევრები მხოლოდ ერთი ხაზით ვითარდება. ძირითადად თითოეული ჩვენება ნაზავია სხვადასხვა თემის. მომწონს კონტრასტები და მიუღებელი თუ უხერხული მომენტები, ამიტომაც შთაგონების წყარო ერთი კონკრეტული რაიმე სიტუაცია თუ იდეა არასდროს არის. 

რომელი ქსოვილი გიყვარს ყველაზე მეტად? 

ძირითადად მომწონს ქსოვილები, რომლებიც არაფერს არ აზიარებენ. ადრე ძალიან მომწონდა ვისკოზა, რომელიც ბუნებრივი ქსოვილია. ძალიან ბევრ რაიმეში შეგიძლია გამოიყენო. ბოლო დროს შემიყვარდა კუპრო, რომელიც ბამბის წარმოების ნარჩენებისგან მიიღება. არის ვეგანური, გადამუშავებადი და არავის და არაფერს არ აზიანებს. გარდა ამისა, მგონია, რომ ეს ქსოვილი ძალიან მიხდება.

ვინმეს, რომ ეთქვა, რომ კოლექციის შექმნა მხოლოდ ერთი ფერის გამოყენებით შეგიძლია, რომელ ფერს აარჩევდი?

თეთრი ძალიან მიყვარს. 

როგორია ადამიანი, ვისაც შენი სამოსი აცვია?

ვფიქრობ, ის, ვინც ჩემს სამოსს ირგებს, არის უფრო გაბედული, მოდას ძალიან სერიოზულადაც რომ არ უყურებს. მე თვითონ მუშაობისას უფრო მსიამოვნებს, როდესაც იუმორით ვუდგები – რაღაც ზედმეტს რომ ამატებ და თან რომ გეცინება ამაზე.

რას უნდა ველოდოთ ახალ კოლექციაში, რომელსაც მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე ვიხილავთ?  

კოლექციაზე მუშაობისას თითქოს დროში ვიმოგზაურე. დავიწყე მე-14 საუკუნიდან, კორსეტებით და მთელი მისი დრამატულობით, თუმცა შემდეგ აღმოვჩნდი ესპანელ თინეიჯერ გულგატეხილ გოგოებთან. ამ კოლექციაში ასეთი სახის კონტრასტებს შეხვდებით.

 

შენი აზრით, რას ნიშნავს  ფემინურობა და როგორ გამოხატავ ამას შენს კოლექციაში?

ჩემს შემოქმედებაზე ხშირად ამბობენ, რომ არის ფემინური და ნაზი, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ.  მაღიზიანებს ფრაზები, რომლებიც რაღაც ჩარჩოში აქცევენ ადამიანებს. ჩემთვის ფემინური ნიშნავს ზედაპირულ ადამიანებს, რადგან მსგავსი სახის კლასიფიკაცია სწორედ ამას უსვამს ხაზს. 

ყველაზე მეტად რა გხიბლავს შენს პროფესიაში? 

ალბათ თვითონ მუშაობის პროცესი ყველაზე სასიამოვნოა, როდესაც  ადამიანებთან კომუნიკაცია დიდად არ მაქვს, ვზივარ ერთ სივრცეში და ვხატავ. მომწონს, როდესაც ვაკვირდები როგორ იქმნება ახალი ნამუშევრები.

 

ჰქონია თუ არა გავლენა კრიტიკოსთა შეფასებებს შენს ნამუშევრებზე?

წესი მაქვს ასეთი: მთავარია მე მომწონდეს კოლექციის რაიმე დეტალი, მისი ხარისხი, ან მუსიკა… თუმცა რთულია, რადგან მაინც არის მომენტები, როდესაც ეს ფრაზები და კრიტიკა  გავლენას ახდენს. თუ შევამჩნიე, რომ კოლექციის რაიმე დეტალი პოპულარული გახდა ან კარგად გაიყიდა, რაღაც დოზით შემდგომში ვიმეორებ, თუმცა ეს არა კრიტიკის, არამედ ჩემი გაცნობიერების ხარჯზე ხდება. 

ვის გინდა ეცვას ბრენდი ლადო ბოკუჩავა? 

გამიხარდებოდა, რომ ჯენეზის ფიორიჯს მოერგო ჩემი სამოსი.  რამდენიმე წლის წინ გადაიღეს მარკ ჯეიკობსის კამპანიაში, რომელშიც საოცრად გამოიყურებოდა…

 

რა რჩევას მისცემდი საკუთარ თავს, ახლა რომ იწყებდე მოდის სფეროში მოღვაწეობას?

რჩევას ვერ დავარქმევ, მაგრამ მგონია, რომ რაც გამოვიარე, კარგიც და ცუდიც, საჭირო იყო, რადგან ამან დიდი გავლენა იქონია ჩემზე, როგორც დიზაინერზე და ბევრი გამოცდილებაც დამიტოვა. უბრალოდ სხვანაირად ვერ განვითარდები. 

როგორ შეცვალა მოდის სფერო სოციალური მედიის გავლენის ზრდამ?

ცხადია, გავლენა სოციალური მედიის მოდის სფეროში საკმაოდ დიდია. მხოლოდ მოდის კვირეულებზე გამოჩენით ვეღარ იქნები მოთხოვნადი, ვეღარ აღმოგაჩენენ. მე პირადად ასოციალური ვარ, თუმცა, როდესაც ამ საქმით ხარ დაკავებული, ბრენდი ასოციალური ვერ იქნება.

 დაასახელე სამოსი, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს გარდერობში?

თეთრი მაისური.

როგორ დაახასიათებდი შენს სტილს?

ბომჟი…

 

ამჟამად როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას?

ბოლო დროს მომწონს young, vintage, sexy, classy style, 40-60-იანი წლების იუმორისტული და “კიჩური” დამოკიდებულებები.

სამომავლო გეგმები… 

გეგმები ყოველთვის ეტაპობრივი და მშვიდი მაქვს. როგორც ყოველთვის, ჩვენების შემდეგ იწყება წარმოების პროცესი და ვემზადები პარიზისთვის. რაც შეეხება ჩემს დიად გეგმებს, ამას ჯერ საიდუმლოდ დავტოვებ.


ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.