fbpx
გააზიარე სტატია

ლე კორბუზიე – კაცი, რომელმაც შექმნა მეოცე საუკუნის არქიტექტურა

მე-20 საუკუნის ყველაზე პოპულარული არქიტექტორი და მოდერნისტული არქიტექტურის ფუძემდებელი – შარლ ედუარ ჟანერე, იგივე ლე კორბუზიე,  1887 წელს შვეიცარიაში დაიბადა და 1930 წელს საფრანგეთის მოქალაქე გახდა. ლე კორბუზიე ბაბუის სახელის მიხედვით დაირქვა – “Lecorbésier”. მან  უარი თქვა მამამისის სურვილზე, რომ ოჯახის ტრადიციის მიხედვით თავადაც საათების მწარმოებელი გამხდარიყო. პირველი სახლი 17 წლის ასაკში დააპროექტა – როგორც ამბობენ, 1907-1911 წლებში აღმოსავლეთ ევროპაში მოგზაურობამ თვითნასწავლ არქიტექტორზე დიდი გავლენა მოახდინა.

ადვილია ვივარაუდოთ, რომ ფორმალური სამოსის და მკაცრი, სახასიათო სათვალეების უკან მოდერნისტული არქიტექტურის ჩარჩოებში მოქცეული ადამიანი იდგა, მაგრამ რეალურად შარლ ედუარ ჟანერემ ზუსტად იცოდა, როგორ უნდა შეექმნა ეს იმიჯი. ფსევდონიმს – ლე კორბუზიეს – ატარებდა საერთოდ განსხვავებული ადამიანი – სასმლის მოყვარული, ბორდელების ხშირი სტუმარი და ასევე თაღლითი, რომელმაც ერთხელ წესების დარღვევით სცადა ბერლინის ქალაქგეგმარების პროექტში გამარჯვება მოეპოვებინა.

როგორც მასზე დაწერილი წიგნის – Le Corbusier Le Grand-ის  ავტორები აღნიშნავენ, იგი იყო ძალიან მკაცრი ადამიანებთან, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში. მაგრამ, ასევე ადამიანები ლაპარაკობდნენ მის სიკეთესა და ხელგაშლილობაზე. სწორედ ეს ორმაგი ბუნება ჩანს მის არქიტექტურაშიც. მისი პროექტები ერთდროულად იყო რევოლუციურიც და ნოსტალგიურიც, ცივიც და თბილიც.

ელენ რაისი წერს:  “როდესაც ვსწავლობდი ლე კორბუზიეს შემოქმედებას, დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე იმის აღმოჩენამ, რომ ეს მისთვის ძალიან მტკივნეული, საპირისპირო – ცივი და თბილი ბუნება მის არქიტექტურაშიც მთავარია. ლოგიკა და კონტროლი, რომელიც ცივი ბუნების მხარეს არის, უმნიშვნელოვანესია მის პროექტში – ვილა სავოი (1929), სადაც ყველა ოთახი ჩაკეტილია თითქმის იდეალურ, მიწიდან კოლონებით აწეულ კუბში.

თუმცა სახლი ასევე იწვევს დადებით, თბილ ემოციებსაც, ოთახები ტრადიციულად არ არის განლაგებული, მაგრამ კარგად ფუნქციონირებენ ლამაზი ტერასის გარშემო, რომელიც თითქოს ამოკვეთილია სახლიდან, მაგრამ თან  მის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება. კორბუზიეს სიცივე გამოიხატება ასევე მის დიზაინში, იმის მაგივრად, რომ სახლი ერწყმოდეს გაშლილ მინდორს და ეხებოდეს მიწას, ის მისგან განცალკევებულია, აწეულია წვრილი თეთრი კოლონებით”.

კორბუზიეს შემოქმედება მოიცავს საცხოვრებელ სახლებს, სამთავრობო შენობებს და ურბანულ პროექტებს. ის იყო მხატვარი და ავეჯის დიზაინერი, მისი რამდენიმე სკამი  მოდერნიზმის კლასიკად არის წოდებული. კორბუზიემ 40-მდე წიგნი დაწერა.

თავის ბიძაშვილთან ერთად 1936 წელს შექმნა ავტომობილის დიზაინი სახელწოდებით  Voiture Minimum.

ლე კორბუზიეს უტოპიური ქალაქების სქემები უმეტესად ერთმანეთისგან დაშორებულ მაღალ ვერტიკალურ შენობებს მოიცავდა, მათ შორის კი დიდი საზოგადოებრივი სივრცეები გაჩნდებოდა.

მან მხატვარ ამედე ოზენფანტთან  (Amédée Ozenfant) ერთად დააარსა მიმდინარეობა პურიზმი, რომელიც  კუბიზმის ვარიაცია იყო.

პროპორციები, სადაც ცუდი რთულია, ხოლო კარგი – მარტივი.

ალბერტ ეინშტეინი. 1946.  ლე კორბუზიეს პროპორციების სისტემაზე – The Modulor-ზე

Cité de Refuge (1929. Paris. France)

როდესაც კორბუზიემ 1929 წელს პარიზში ხსნის არმიის შენობა (Cité de Refuge) დააპროექტა, მისი სურვილი იყო, რომ შენობას ძირითადად ბუნებრივი განათება ჰქონოდა, ამიტომ აირჩია ვიტრაჟები იატაკიდან ჭერამდე, რომლებიც არ გაიღებოდა, და შენობა, იმ პერიოდისთვის ინოვაციური, ხელოვნური ჰაერსატარებით განიავდებოდა. დიდი ხარჯების გამო, ასეთმა ტექნოლოგიურად ამბიციურმა განიავების სისტემამ არ იმუშავა,  მაგრამ მან ჯიუტად არ შეცვალა შენობის დიზაინი, და კრიტიკას იმაზე, რომ შენობაში ჰაერის ნაკლებობა იყო, ზაფხულში კი გაუსაძლისი სიცხე, ძალიან უხეშად პასუხობდა.

ეს იყო კორბუზიეს პირველი ურბანული საცხოვრისის პროექტი, რომელიც დღეს საფრანგეთის ნაციონალური ისტორიული ძეგლია. 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, მისი ფასადი დაზიანდა, კორბუზიე თავად ზედამხედველობდა შემდგომში მის რეკონსტრუქციას, სწორედ ამ პროცესში შენობის ფასადს საჩრდილობლები დაემატა.

 

Maison La Roche (1923-1925 Paris France)

Villa La Roche, იგივე Maison La Roche კორბუზიემ თავის ბიძაშვილთან,  პიერ ჟანერესთან ერთად დააპროექტა. დამკვეთის, რაულ ლა როშეს სურვილი იყო, რომ სახლთან ერთად დაეპროექტებინათ გალერეა, სადაც თავისი ნახატების კოლექციას შეინახავდა. დღეს აქ სახლ-მუზეუმია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტ, ლე კორბუზიეს 8000 ორიგინალურ  ნაშრომს ინახავს.

Palace of Assembly, chandigarh, India, 1951

1947 წელს პენჯაბის შტატს გაყოფის შემდეგ ახალი დედაქალაქი სჭირდებოდა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ლე კორბუზიეს დაუკვეთა ახალი დედაქალაქის  – შანდიგარის აშენება. შანდიგარში კორბუზიეს და მისი გუნდის დაპროექტებული მრავალი შენობაა, ყველაზე დასამახსოვრებელი – შანდიგარის ასამბლეას სასახლეა, იმ ეპოქისთვის შეუთავსებელი, ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აერთიანებს სამ კორპუსს – საკანონმდებლო ასამბლეას, სამდივნოს და უმაღლეს სასამართლოს.

ამ პროექტში ნათლად ჩანს არქიტექტორის ცნობილი მანიფესტი – ლე კორბუზიეს არქიტექტურის 5 პრინციპი: 1 – The Pilotis – ბეტონის კოლონები; 2 – სახურავის ბაღი; 3 – თავისუფალი გეგმარება, ანუ  სტრუქტურული ელემენტების არარსებობა გეგმარებაში; 4 – ჰორიზონტალური ფანჯრები; 5 – თავისუფალი, ღია ფასადი.

 

The Cité Radieuse, Marseille, France, 1952

კორბუზიეს  პროექტით აშენებული საცხოვრებელი სახლი მარსელში – გასხივოსნებული ქალაქი (The Cité Radieuse) უდავოდ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრუტალისტური შენობაა. სწორედ ამ შენობას ეკუთვნის ავტორის ცნობილი გამონათქვამი – “სახლი არის მანქანა საცხოვრებლად”, რაც იმას ნიშნავდა, რომ სახლის ფუნქცია მხოლოდ საცხოვრებლად საჭირო მექანიზმების მიწოდებაა და სხვა არაფერი. 337 ბინას შეუძლია 1600 ადამიანის დატევა. ამ პროექტში ხშირად გამოყენებული გლუვი თეთრი ფერის მაგივრად, არქიტექტორმა ფასადზე ბეტონის შენარჩუნება გადაწყვიტა. კორბუზიეს სჯეროდა, რომ ამგვარ აპარტამენტების ბლოკებს  მეორე მსოფლიო ომის დროს გადასახლებული უამრავი ადამიანის შეფარება შეეძლო.

1965 წელს,  ექიმის რჩევის მიუხედავად, შარლ ედუარ ჟანერე მაინც  წავიდა საცურაოდ საფრანგეთის რივიერაზე და ცურვისას გულის შეტევით გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას მთელი სამყარო გლოვობდა. ის არქიტექტორებიც, რომლებსაც რადიკალურად განსხვავებული სტილი აქვთ, ხშირად იყენებენ მის დამოკიდებულებას დიზაინის პროცესში. ლე კორბუზიეს შენობები იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. მისი ჰიპოთეზური, უტოპიური ქალაქის გეგმა დღეს უფრო რეალურია, ვიდრე მას ოდესმე წარმოედგინა.

 

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი


რეკომენდებული სტატიები
Jaffe House (Skybreak House) - სახლი სტენლი კუბრიკის ფილმში “მექანიკური ფორთოხალი”

Jaffe House (Skybreak House) - სახლი სტენლი კუბრიკის ფილმში “მექანიკური ფორთოხალი”

Jaffe House (Skybreak House) - სახლი სტენლი კუბრიკის ფილმში “მექანიკური ფორთოხალი”
"Skybreak House" 1965 წელს ბრიტანეთში Team 4-ის პროექტით აშენებული სახლია, რომლის ინტერიერში გადაღებულია ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სცენები სტენლი კუბრიკის ფილმიდან - მექანიკური ფორთოხალი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.