fbpx
გააზიარე სტატია

ლე კორბუზიეს “ვილა სავოი” – შენობა, როგორც მედერნისტული სტილის კაფსულა

ლე კორბუზიეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი – “ვილა სავოი” იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია. საზაფხულო  რეზიდენცია ფრანგული სააგარაკო სახლის მოდერნისტულ ვერსიას წარმოადგენს.

1931 წელს აშენებული “ვილა სავოი” მე-20 საუკუნის არქიტექტურულ შედევრებს შორისაა.  ის ერთადერთი სახლია საფრანგეთში, რომელიც არქიტექტორის სიცოცხლეშივე აღიარეს ეროვნულ მონუმენტად.

სავოის ოჯახისთვის აშენებული  საზაფხულო რეზიდენცია ლე კორბუზიეს უკანასკნელი პროექტია კერძო სახლების სერიიდან – “თეთრი ვილები”. არქიტექტორმა “ვილა სავოის” პროექტი თავის ბიძაშვილთან – პიერ ჟანრესთან ერთად შექმნა. პიერი და კორბუზიე ხშირად თანამშრომლობდნენ. სახლი პარიზთან ახლოს, პატარა კომუნაში – პუასში მდებარეობს, მინდორზე, რომელიც ტყითაა გარშემორტყმული.

დამკვეთმა არქიტექტორს ფაქტობრივად სრული თავისუფლება მისცა, მხოლოდ მცირედი შეზღუდვები დაუწესა. ლე კორბუზიემ შექმნა სახლი, რომელშიც წარმოდგენილია  მისეული ხუთი არქიტექტურული პოსტულატი. სწორედ ამ პოსტულატებზე დაყრდნობით პროექტში გათვალისწინებულია – შენობის საძირკვლიდან სვეტების დახმარებით აზიდვა,  ფუნქციური ბრტყელი სახურავი ბაღისა და ტერასისთვის, ღია დაგეგმარების ინტერიერი, ვიწრო და გრძელი ფანჯრები სინათლისა და ვენტილაციისთვის და საყრდენი სტრუქტურისგან დამოუკიდებელი ფასადი.

 

მე-20 საუკუნის კიდევ ერთი  ღირსშესანიშნავი ნამუშევარია ლე კორბუზიეს Ronchamp-ის ეკლესია. ამ შენობის მსგავსად “ვილა სავოიც” მკაფიოდ გამოხატავს არქიტექტორის იდეას – სახლი, როგორც “მანქანა, რომელშიც ცხოვრობ”. ამ კონცეფციაში ასახულია კორბუზიეს გატაცება   ავტომობილებით და ტრანსატლანტიკური ორთქლმავალი გემებით.

ეს გატაცება ვილა სავოის  დაგეგმარებაშიც იგრძნობა – მაქსიმალურად ათვისებული სივრცე მინიმალისტური ესთეტიკით.

შენობის ზედა ნაწილი ნატიფი რკინა-ბეტონის სვეტების მწკრივზე დგას, რომელიც თეთრად არის დაფერილი. ქვედა ნაწილი  კი უკანა მხარესაა განთავსებული და მწვანედაა შეღებილი, რაც ქმნის მოცულობის სიმსუბუქის აღქმას და გარშემორტყმულ ტყესთან ერთიანობის ეფექტს.

პირველ სართულზე მოხრილი შუშის “სლაიდინგ” კედლები 1929 წლის გამოშვებული ავტომობილების მოხვევის რადიუსს შეესაბამება, რითაც  მარტივადაა შესაძლებელი ქვედა დონიდან შენობის იმ ნაწილში მოხვედრა, სადაც ავტოფარეხია განთავსებული. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს კორბუზიეს ინტერესს საავტომობილო დიზაინის მიმართ.

შენობის პირველი სართული მისაღები სივრცეა, საცხოვრებელი ოთახები კი განთავსებულია  მეორე დონეზე. ზედა სართულის “სლაიდინგ” ფანჯრები ნაგებობის ფასადის შუაშია მოქცეული.  ასეთი სტილის ფანჯრებს ლე კორბუზიე ხშირად იყენებს ნამუშევრებში.

დახრილი პანდუსები და სკულპტურული, სპირალური კიბის უჯრედი ორ სართულს ერთმანეთთან აკავშირებს და  დონეებს შორის თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას ქმნის.

პირველი სართულის  უზარმაზარი შუშის “სლაიდინგ” კედელი გახსნილი სივრცეა  საცხოვრებელ ოთახსა და გარე ტერასას შორის. აქედან დახრილი პანდუსის საშუალებით შესაძლებელია სახურავის  ბაღში მოხვედრა, რომელიც გარშემორტყმულია მრუდე კედლებით. დიდი, სამკუთხედი ფანჯრებიდან სახლის შიდა ხედი იშლება. ინტერიერში განთავსებული ავეჯის ავტორიც თავად კორბუზიეა.

პროექტი – “ვილა სავოი” შეტანილია ამერიკელი ისტორიკოსის, ჰენრი-რასელ ჰიჩკოკის და არქიტექტორ ფილიპ ჯონსონის 1932 წელს გამოცემულ წიგნში – “საერთაშორისო სტილი: არქიტექტურა 1922 წლიდან.”   მათ პირველებმა უწოდეს “ვილა სავოის” მოდერნიზმის კაფსულა – შენობისთვის დამახასიათებელი თითქოსდა მარტივი, სწორხაზოვანი ფორმების, ბრჯენების, ღია დაგეგმარების საცხოვრებელი სივრცეების, ორნამენტებისა და დეკორის ნაკლებობის გამო.

“ვილა სავოი” მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განადგურდა, მაგრამ 1963-1997 წლებში საფრანგეთის ხელისუფლებამ მთლიანად აღადგინა. 1964 წელს, ჯერ კიდევ ლე კორბუზიეს სიცოცხლეში, შენობა  ისტორიულ მონუმენტად აღიარეს.

საზაფხულო რეზიდენცია ლე კორბუზიეს მე-17 ნამუშევარია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეიტანეს, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე არქიტექტურული პროექტი.  

იუნესკოს სიაში არქიტექტორის სხვა ნამუშევრებს  შორისაა: მუშების ფერადი სახლი – Cité Frugès და არქიტექტორის პატარა დასასვენებელი ქოხი სამხრეთ საფრანგეთში, კოტ დ’აზურის სანაპიროზე.

თარგმანი:  გვანცა ფოცხვერია


რეკომენდებული სტატიები
პეტერ ცუმტორი: ეგზისტენციალური შინაარსის მკაცრი შენობები

პეტერ ცუმტორი: ეგზისტენციალური შინაარსის მკაცრი შენობები

პეტერ ცუმტორი: ეგზისტენციალური შინაარსის მკაცრი შენობები
მისი მოკრძალებული, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანი შენობები მე-20 და 21-ე საუკუნის არქიტექტურულ შედევრებს შორისაა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.