fbpx
გააზიარე სტატია

ინტერვიუ Benext-ის გამარჯვებულ დიზაინერ ლევან შველიძესთან

პირადი ისტორიებით, ბავშვობის მოგონებებითა და ფილმებში ნანახი შთაბეჭდილებებით შექმნილმა  პირველმა კოლექციამ, Benext-ის კონკურსზე დიზაინერ ლევან შველიძეს გამარჯვება მოუტანა. თუმცა სადებიუტო კოლექციამდე პირველი ნამუშევრები ისეთ ხელოვანებთან კოლაბორაციით შექმნა, როგორებიც უტა ბექაია და რია ქებურია არიან.

წარმოგიდგენთ ინტერვიუს ახალგაზრდა დიზაინერ ლევან შველიძესთან, რომელიც ამჟამად “მერსედეს ბენცის” მოდის კვირეულზე მოსახვედრად ემზადება. 

როგორ აღმოჩნდი მოდის სფეროში, საიდან გაგიჩნდა პირველად ინტერესი?

ბავშვობიდან ვხატავდი, მიყვარდა გარდერობში კოსტიუმების დათვალიერება, მორგება, სულ ვეძებდი და ვაკვირდებოდი ტანსაცმელს, შემდეგ ჩემი ინტერესი უკვე პროფესიონალურ მოდაში გადაიზარდა, ხატვაც მაინტერესებდა, მაგრამ მაინც მოდის მიმართულებით წავედი, ამიტომაც სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე.

მომიყევი პირველი ნამუშევრების შესახებ…

პირველი ნამუშევრები რია ქებურიასთან და უტა ბექაიასთან თანამშრომლობით შევქმენი,  ეს უფრო არტ პროექტი იყო. უტა ბექაიას პროექტს “ჩაცმადი სკულპტურა” ერქვა, სადაც დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა მასთან ექსპერიმენტული პერფორმანსი მოვაწყვეთ.

 რა არის შენი შთაგონების მთავარი წყარო?

შთაგონება პერიოდულად მოდის… კონკრეტული ეპოქა, ათწლეული ან  მიმდინარეობა არ მაქვს ბევრი მომწონს და ამიტომ შთაგონების წყაროც ეკლექტიკურია, პროცესში ვხვდები რა მინდა, ამ ყველაფერს ერთმანეთთან  ვაკავშირებ და ვცდილობ ბალანსი დავიჭირო. თუმცა, 2000-იანი წლების ესთეტიკა ბევრ რამეს მახსენებს და ძალიან მომწონს. შტაგონება ასევე ფილმებიდან, ანიმაციებიდან, ჩანახატებიდან და ბავშვობის მოგონებებიდანაც შეიძლება წამოვიდეს,  ზოგჯერ შეიძლება რომელიმე ფერიდან ან ფილმის კადრიდანაც კი, მაგალითად, პირველი კოლექციის შთაგონება, რომელიც Be Next-ზე გავიტანე, „მატრიცა“ იყო. ძალიან მიყვარს ლარს ფონ ტრიერის “მელანქოლია”, დევიდ ლინჩის „ლურჯი ხავერდი”, ასევე ალმოდოვარის კინო და ბავშვობაში ნანახი რაღაც Trash ფილმები,  მაგალითად „white chicks” და „resident evil”.

2018 წლის Benext-ის გამარჯვებული ხარ, რას ნიშნავს ახალბედა დიზაინერისთვის ამ კონკურსში გამარჯვება?

ალბათ უფრო მეტი დაინტერესება და გამოხმაურებაა ამ სფეროში ჩართული ადამიანების მხრიდან, თუნდაც ის რომ მოვხვდი MBFW თბილისის შოუ რუმში და შემდეგ  კი Be Next-ის სახელით საქართველოდან უკრაინაში საერთაშორისო კონკურსზე გამაგზავნეს.

მომიყევი Benext-ზე წარმოდგენილი კოლექციის შესახებ…

ქართველ და შვეიცარიელ თანამედროვე  არტისტებთან ერთად ერთ-ერთ სახელოვნებო პროექტში ვმონაწილეობდი, რომელიც ცხინვალის საზღვართან მდებარე სოფელში იმართებოდა.  10 დღე ვცხოვრობდით იმ სოფელში. გვევალებოდა, რომ დავკვირვებოდით და შეგვესწავლა გარემო და შემდეგ შთაგონების მიხედვით ჩვენ-ჩვენი ნამუშევრები შეგვექმნა.  მე, რადგან მაინც ყოველთვის უფრო მოდის სფეროსკენ ვიხრებოდი, გარდერობებს ვათვალიერებდი და მივხვდი, რომ ყველა ეს ტანსაცმელი და მთლიანად იქ მცხოვრები ადამიანების გარდერობები ძალიან ბევრ  საინტერესო ისტორიას ინახავდა. პირველ კოლექციაში ეს იდეა კონცეპტუალურად გადმოვიტანე და დავარქვი It Wardrobe – ანუ გარდერობი, რომელსაც სქესი არ აქვს. შიგნით თავმოყრილი იყო ჩემი პირადი ისტორიები, ბავშვობის მოგონებები, შთაბეჭდილებები ფილმებიდან და მასკულინურისა ფემინურის შერწყმის იდეა, თუმცა ახლანდელი გადმოსახედიდან ვხვდები, რომ ეს შეცდომა იყო. ახლა ვაანალიზებ, რომ რეალურად, თუ მასკულინურისა და ფემინურის შერწყმას უწოდებ, ესე იგი შენვე არქმევ ამ სახელებს და თუკი გენდერს ეწინააღმდეგები, მაშინ რატომ არქმევ, რომ ერთი ფემინურია და მეორე მასკულინური –  ეს გავიაზრე და შევცვალე.

არის რაიმე სირთულე, რასაც დამწყები დიზაინერი ლოკალურ სივრცეში შეიძლება წააწყდეს? რა არის შენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა?

თუნდაც ის, რომ ყველაფრის კეთება, სტილის შექმნა, კერვა და ა.შ. შენით გიწევს.  მე, მაგალითად, ასე ვარ და ასეა ყველა, ვისაც დასაწყისში არ ჰყავს ისეთი ვინმე, ვინც ეკონომიკურად მხარს დაუჭერს.

როგორ შეგიძლია დაახასიათო ადამიანი, რომელიც შენს ტანსაცმელს ატარებს?

პირველ რიგში უნდა უყვარდეს ის, რასაც მოირგებს, ექსპერიმენტები უნდა უყვარდეს არა მარტო ჩაცმაში, არამედ ზოგადადაც. დინამიკური ადამიანი უნდა იყოს, რომელსაც ახლის მიღების პროცესი ძალიან უნდა აინტერესებდეს.

შენ რა მოგწონს, რა არის შენთვის cool?

ძალიან მომწონს Art school London.

რას ვგულისხმობთ, როცა თანამედროვე მოდის ტენდენციებზე ვსაუბრობთ, როგორ შეიცვალა შენი აზრით?

მე თვითონ მინდა, რომ ასი პროცენტით Eco Fashion-ში ვიყო ჩართული, სამწუხაროდ, ჯერჯერობით  ვერ ვახერხებ ამას, მაგრამ ზოგადად, ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან მინდა, რომ ბუნებრივი ტყავი და ბეწვი მთლიანად ამოვიღოთ მოდიდან. მინდა, რომ ჩემს ნამუშევრებშიც აისახოს ეს ყველაფერი და მოდაც  უფრო ექსპერიმენტული, ინდივიდებზე მორგებული და გულწრფელი იყოს. მგონია, რომ თუ გულწრფელი ხარ, ამას გარშემო ყველა ამჩნევს.

თანამედროვე მოდა გენდერული ნორმებისგან კიდევ უფრო  თავისუფალი გახდა, ეს შენს კოლექციაშიც იგრძნობა, როგორ ფიქრობ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ჩემი აზრით,  სულ იყო, მაგრამ ამის აფიშირება ისე მასობრივად, როგორც ეს დღეს ხდება, არ ხდებოდა. დღეს თუნდაც ჟურნალების და ტელევიზიების მხრიდანაც დიდია დაინტერესება, უფრო ღია და Cool გახდა, ამიტომაც შეიძლება უფრო საინტერესოც იყოს. ჩემთვის ამაზე აქცენტის გაკეთება ჩემი სოციუმიდან და იმ გარემოდან  გამომდინარეა მნიშვნელოვანი, რომელშიც ვცხოვრობ.

სამომავლო გეგმები….

“მერსედეს ბენცის” მოდის კვირეულზე წარმოვადგენ ახალ კოლექციას, მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ რაღაცებზე დავფიქრდი, გავაანალიზე და ახალ ეტაპზე გადავედი. ახლაც მუშაობის პროცესში ვარ, ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ კოლექცია  ირონიულ პოსტმოდერნისტულ ქვიარ სამყაროს ეძღვნება, რომელშიც ხაზი იდენტობას და შინაგან ხასიათს აქვს გასმული, რაც ფიზიკურ სამყაროში ბოლომდეა მატერიალიზებული. ვცდილობ, იმ თემების ირგვლივ ვიტრიალო, რაც ქვეცნობიერში ან სიზმარში ერთხელ მაინც განუცდია ადამიანს.

ავტორი: გვანცა ჩანადირი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.